დედა მუდამ შენთანაა
არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ყველა დედა თავიდან იწყებს სწავლას, როცა შვილი სკოლაში მიჰყავს. თუ დედა მთელი დღე მუშაობს, ამ ფუნქციას ბებია ან აღმზრდელი კისრულობს, თუმცა საშინაო დავალებების შემოწმება მაინც დედას ევალება, შვილის სასწავლო პროცესის "მთავარსარდალი" მაინც ის არის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში დიასახლისი დედის როლი სულაც არ არის უფრო მარტივი, "პედაგოგიური ვალის" მოხდა მისგანაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ზოგი იმასაც კი აღნიშნავს, რომ, პირიქით, დედა-დიასახლისის შინაგანი დაძაბულობა სასკოლო რეჟიმის შეჩვევის პროცესში გაცილებით ძლიერია. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიჭირავთ ხელში ძალიან ვიწროყუნწიანი ნემსი და ცდილობთ, შიგ ძაფი გაუყაროთ. არაფერი გამოგდით. სუნთქვას იკავებთ, იძაბებით, ძაფს ნემსის ყუნწს უსწორებთ, ცდილობთ, მაგრამ უშედეგოდ... ეს მეორდება ერთხელ, მეორედ, მესამედ... ახლა გაიხსენეთ, რას გრძნობთ მსგავს სიტუაციაში. სწორედ ასეთი განცდა ეუფლება დედების უმრავლესობას, როცა შვილისთვის ახალი შესაძლებლობებისა და უნარების გამომუშავებას ცდილობს. ამ თვისებების გარეშე კი სწავლა უშედეგო და ძნელი იქნება. როგორი მარტივიც უნდა იყოს გაკვეთილი ერთი შეხედვით, ყოველდღიურად მისი დასწავლა და დავალებების შესრულების კონტროლი სულაც არ არის ადვილი. ეს პროცესი დედას ხშირად ღლის და აღიზიანებს. საოცარია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის დედები ღელავენ, რომლებიც თავად ორგანიზებულნი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსენი არიან.
გაუმარჯოს თავისუფლებას!
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ყველა ადამიანისთვის საოცრად დამთრგუნველია რუტინა - ერთისა და იმავეს ყოველდღიური გამეორება. როგორ დავიხსნათ თავი რუტინისგან, როგორ გავუადვილოთ საკუთარ თავს ყოველდღიური შრომა? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია. მრავალი დედისთვის კარგად არის ნაცნობი გრძნობა, როცა ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი ან თავი ბორბალში ჩასმული ციყვი გგონია. შეცდომა იქნება ფიქრი, რომ 6-7 წლის ბავშვი უკვე დიდი და დამოუკიდებელია. სწორედ ამ პერიოდში უნდა ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლობა. საკმარისია ამ თვისების გამომუშავება, რომ დედამ თავისუფლად ამოისუნთქოს, სწავლასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ იკლოს და დედას ცოტაოდენი თავისუფალი დროც გაუჩნდეს. ალბათ არასოდეს გინახავთ პატარა ბავშვი, რომელიც უამრავ შეკითხვას არ სვამს. მარადიული "რატომ" დედას ისევე ღლის, როგორც სადილის მომზადება ან სახლის დალაგება. ასე რომ, თუ თქვენი შვილი მალე სკოლაში უნდა მივიდეს, ეცადეთ გაითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ნორმალური ურთიერთობა დაამყაროთ მასწავლებელთან. სამწუხაროდ, ეს რჩევა ბევრს არასწორად ესმის. მათ ჰგონიათ, კარგი ურთიერთობა საჩუქრები და ყვავილებია. სინამდვილეში ჭეშმარიტ პედაგოგს ყველაზე მეტად ის სიამოვნებს, როდესაც საკუთარი შრომის შედეგს ხედავს. პედაგოგთან კარგი ურთიერთობაც, შესაბამისად, გულისხმობს მშობლის თანადგომას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს. მასწავლებელს ხომ უყვარს თავისი საქმე, სკოლა და მოსწავლეები. ის ნამდვილად არ დარჩება გულგრილი, თუ დაინახავს, რომ მშობელი რეგულარულად ესწრება კრებებს, ეცნობა შვილის მიღწევებს, მონაწილეობს ზეიმის სამზადისში...
თავად გამოთქვით სკოლასთან ურთიერთობის სურვილი, ყურადღებით მოისმინეთ პედაგოგის აზრი, ანგარიში გაუწიეთ მას, გულახდილად მოუყევით მასწავლებელს, რა სირთულეები გაქვთ შინ, მეცადინეობის დროს, ჰკითხეთ რჩევა. თქვენი და პედაგოგის კონტაქტი აუცილებლად გაუადვილებს პატარას სწავლის პროცესს. თქვენც გაგიიოლდებათ შრომა. გაითვალისწინეთ, რომ გულისხმიერი მშობელი ყველა მასწავლებელს უყვარს. ბევრ დედას ძალიან უჭირს ადრე ადგომა. ეს განსაკუთრებით ძნელია, როცა მეორე ბავშვი ჩვილია. ეცადეთ, დაძლიოთ საკუთარი სირთულეები და ბავშვს გამოუმუშაოთ ჩვევა, შეიგრძნოს დრო. ამაში მაღვიძარა დაგეხმარებათ. მისი პირველი დარეკვისას პატარა გააღვიძეთ და საათი ისე დააყენეთ, რომ ნახევარ საათში ზარი ისევ გაისმას. ბავშვმა უნდა ჩაიცვას, ხელ-პირი დაიბანოს, სამზარეულოსკენ გაემართოს და საუზმეს შეუდგეს. ნახევარი საათის შემდეგ, როცა ზარი კვლავ დარეკავს, საუზმე დამთავრებული უნდა იყოს. ეს იმის ნიშანია, რომ პატარა სასკოლო ტანსაცმელში უნდა გამოეწყოს. მომდევნო ზარი 15 წუთის შემდეგ აწკრიალდება. ახლა უკვე ლოგინის დალაგების დროა. 10 წუთის შემდეგ გამაფრთხილებელი ზარი გაიჟღერებს - ამ დროს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. 5 წუთი კი მარაგად გრჩებათ, რათა დარჩენილი საქმეები სწრაფად მოაგვაროთ. თავდაპირველად პატარას გაუჭირდება ამ რეჟიმის შეგუება, მაგრამ ერთი თვე საკმარისი იქნება, რომ ბავშვმა ზარების გარეშე იგრძნოს დრო.
ზოგიერთი მშობელი და პედაგოგი გვირჩევს, მეცადინეობა შინ იმ საგნებით დავიწყოთ, რომელთა გაკვეთილებიც იმ დღეს ჩატარდა. ამ წესის მომხრენი ამბობენ, რომ სწავლა "ცხელ კვალზე" ძალიან ეფექტურია, მსგავსი პრინციპით მუშაობისას დავალება არასოდეს რჩება შეუსრულებელი. მომდევნო "ოქროს წესი", რომელიც ბავშვს ქრონიკული დაღლილობისგან დაიცავს, არის დამოუკიდებლობა საშინაო დავალების შესრულებისას. პირველ კლასში, მიუხედავად პროგრამისა, ბავშვს დავალება საკმაოდ დიდი ჰგონია. არ არის საჭირო მთელი მეცადინეობის განმავლობაში ბავშვის გვერდით ყოფნა. საკმარისია აქტიური მონაწილეობა წერილობითი დავალებების შესრულებისას. დანარჩენ დროს ჯობს, ბავშვი ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ და ხანდახან ვკითხოთ, ხომ არ უჭირს დავალების შესრულება. სწავლის დაწყებისას არ ღირს ბავშვის გადატვირთვა ზედმეტი მეცადინეობით, დამატებითი მაგალითების ამოხსნით და ლექსების ზუთხვით. ის აუცილებელი სასკოლო დავალებაც კი, რომელიც თქვენ უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, ბავშვისთვის უზარმაზარი დატვირთვაა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთი პატარა სკოლაში ისე იღლება, რომ შინ ტირილს იწყებს, როცა დედა სამეცადინოდ ეძახის. ნურასოდეს მოითხოვთ ბავშვისაგან შეუძლებელს. ყველა დავალების მთლიანად შესრულების ჩვევა მხოლოდ მოგვიანებით ჩამოუყალიბდება.
დაიმახსოვრეთ, არ შეიძლება ყველა გაკვეთილის ერთბაშად სწავლა, თანაც დედის უწყვეტი, აქტიური მეთვალყურეობით. ცოტა ხნით ბავშვს აუცილებლად უნდა მოსცილდეთ. დიდხანს მეცადინეობა დიდისთვისაც საკმაოდ ძნელია. ამ დროს მშობელი ემოციურად საოცრად იტვირთება, რადგან კარნახი ან გაბრაზება არ შეიძლება და დედაც იძულებულია, თავი მოთოკოს. წიგნიერი პედაგოგების უმრავლესობა კრძალავს საშინაო დავალებების "შავად" შესრულებას - ეს ფაქტობრივად ორმაგი შრომაა, რაც ბავშვს ღლის, თრგუნავს, აუარესებს წერის ხარისხს, ახანგრძლივებს დავალებების შესრულების პროცესს. ამასთანავე, პედაგოგი ვეღარ აფასებს პროგრამის ათვისების დინამიკას. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ხედავდეს მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს, მათი შესწორების მანერას, კალიგრაფიის თავისებურებებს. სხვათა შორის, ბავშვმა ამ ასაკშივე უნდა ისწავლოს საკუთარი შეცდომების შესწორება. პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ შეცდომის დაშვება სულაც არ არის ცუდი. შეცდომები ნებისმიერი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, მათი არ უნდა შეგვეშინდეს. უფრო მეტიც - ბავშვს უნდა ვასწავლოთ, ნორმალურად აღიქვას ისინი - არც შეშინდეს, მაგრამ არც გულგრილი დარჩეს. ჯობს, მათი შემჩნევისას დედამ შვილს წყნარად უთხრას: "არაფერია, მოდი ლამაზად გადავაკეთოთ ეს ასო".
მოსწავლეთა უმრავლესობა მტკივნეულად განიცდის რვეულში დაშვებულ შეცდომებს. ასეთი დამოკიდებულება, ერთი მხრივ, სასარგებლოა. ეს ისეთი თვისებების ჩამოყალიბების საფუძველია, როგორიც არის კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, სწორი თვითშეფასება. შეაჩვიეთ შვილი, საშინაო დავალებების ბოლომდე შესრულებამდე არ გაფანტოს ყურადღება, სხვა საქმიანობას არ მიჰყოს ხელი. ალბათ კარგად იცით, როგორ ეშმაკობენ პატარა მოსწავლეები - ხან სწყურიათ, ხან ტუალეტში გარბიან, ხან დიდხანს ეძებენ სასწავლო ნივთებს... ამიტომ დედა ძალიან მტკიცედ უნდა იქცეოდეს. პატარას წყალი უნდა? - მოუტანეთ, ტუალეტში მეცადინეობის დაწყებამდე გაუშვით. ერთი სიტყვით, შვილმა უნდა იგრძნოს, რომ ვერ მოგატყუებთ. ზედმეტად ნუ გაახანგრძლივებთ მეცადინეობას, დროზე მორჩით საქმეს. პირველი სასწავლო წლის სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ ერთად სეირნობა. თუნდაც ოჯახში დამხმარე გყავდეთ, ნუ იფიქრებთ, რომ შვილთან ერთად სეირნობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. სეირნობა ყოველდღიური უნდა იყოს. ხანგრძლივობას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა - ნახევარი საათიც საკმარისია. ეცადეთ, თქვენც დაინტერესდეთ იმ საგნებით, რომლებსაც შვილი სწავლობს. არ არის გამორიცხული, ამ პროცესში თავად დაიწყოთ ენის შესწავლა ან, თუ ჰუმანიტარი ბრძანდებით, მოწიფულ ასაკში აღმოაჩინოთ, რომ მათემატიკა, რომელიც თავის დროზე გიჭირდათ, სულაც არ ყოფილა რთული.
ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელიც პირველი სასწავლო წლის სირთულეთა დაძლევაში დაგეხმარებათ, თქვენი განწყობაა. ეცადეთ, გონივრული დამოკიდებულება გამოიმუშაოთ ბავშვის წარუმატებლობისა და მასწავლებლის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების მიმართ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დედების უმრავლესობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ბავშვის სწავლის პროცესს. გაცილებით იშვიათია შემთხვევები, როცა დედას საერთოდ არ აინტერესებს შვილის წარმატებები პირველ სასწავლო წელს. წესისამებრ, დედა საკუთარ თავს შვილთან აიგივებს და მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებსაც, როგორც პირადს ისე აღიქვამს. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია, მით უფრო მაშინ, როცა პედაგოგი არ გამოირჩევა ტაქტითა და დელიკატურობით. დედა შვილის წარუმატებლობაში თავს დამნაშავედ გრძნობს და უჩნდება განცდა, რომ თავად არის ცუდი და უყურადღებო. აუცილებელია, მშობელმა საკუთარი თავი შვილისგან გამიჯნოს და გააცნობიეროს, რომ მისი ბრალი არ არის, თუ შვილმა მხატვრული კითხვის კონკურსში ვერ გაიმარჯვა ან მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურში ვერ მოხვდა. სწორად უნდა აღიქვათ ის ფაქტიც, რომ ბავშვების დიდი ნაწილი თქვენს შვილზე უკეთ სწავლობს. დაეხმარეთ შვილს, განაწყვეთ ისიც და საკუთარი თავიც პოზიტიურად და ბოლოს და ბოლოს გაიხსენეთ, რომ კარგად სწავლა სულაც არ არის ბედნიერების საწინდარი.
აუცილებელი მინიმუმი
ყველა პირველკლასელის დედამ აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს ჩვევების მინიმუმი:
- მოგწონთ თუ არა, აუცილებლად მოგიწევთ დილით ადრე ადგომა.
- უნდა მოამზადოთ ისეთი საუზმე, რომელიც ბავშვს შესვენებამდე დაანაყრებს.
- მაქსიმალურად ეცადეთ, შვილს გაკვეთილების შემდეგ შეხვდეთ.
- დაიმახსოვრეთ გაკვეთილების ცხრილი.
- თუ ბავშვს სკოლაში უნდა მიაკითხოთ, არასოდეს დაიგვიანოთ.
- ასწავლეთ შვილს, შინ დაბრუნებისას დროზე გაიხადოს ფორმა, ადგილზე დადოს ჩანთა.
- სადილისა და ხანმოკლე დასვენების შემდეგ უნდა დავიწყოთ მზადება დავალებების შესასრულებლად. პირველ რიგში მოვამზადოთ მაგიდა. ეს ჩვევა პატარას აუცილებლად უნდა გამოუმუშავდეს.
- მეცადინეობისას არ დაივიწყოთ მასწავლებლის მითითებები. არ გამოტოვოთ არც ერთი წვრილმანი, არც ერთი ნიუანსი.
- დავალებების შესრულებისას ნურასოდეს ააჩქარებთ შვილს, ნუ გაღიზიანდებით, ნუ იბუზღუნებთ შეცდომების გამო, თვალყური ადევნეთ დავალებების შესრულების ხარისხს.
- დაეხმარეთ ბავშვს სამუშაო მაგიდის მოწესრიგებაში, ჩანთის ჩალაგებაში. ასწავლეთ გაკვეთილების ცხრილით სარგებლობა, პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. შეამოწმეთ, ჩასმულია თუ არა ყდაში წიგნები და რვეულები, არ დართოთ ნება, სასკოლო ჩანთით ისეთი საგნები ატაროს, რომლებსაც სწავლასთან არავითარი კავშირი არ აქვს.