მოვემზადოთ სასწავლო პროცესისთვის
ექიმებმა, პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ 5-7 წლის ასაკში ბავშვი გამალებით ვითარდება ფიზიკურად, ემოციურად და ინტელექტუალურად. ამ პერიოდში იხვეწება და მტკიცდება წარმოთქმა, ხარისხობრივად და რაოდენობრივად მდიდრდება ლექსიკონი, ყალიბდება სწორი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციები, მაგრამ ამავე დროს თავს იჩენს აშკარა პრობლემები სკოლამდელ აღზრდაში.
მუდმივი "იქნებ"
მშობლებს ყოველთვის აქვთ იმედი, რომ ყველა პრობლემა თვითონვე მოგვარდება, რომ სკოლაში ბავშვი შეძლებს სწორად მეტყველებას, წერა-კითხვასაც დაუხმარებლად ისწავლის... ჰოდა, ნუღარ გაუკვირდებათ, თუ ხშირად მოისმენენ არასასიამოვნო შეფასებას თავიანთი შვილის ცოდნის შესახებ.
მაინც როგორ გამოვავლინოთ სუსტი რგოლი ბავშვის მომზადებაში? მოდი, ჩამოვთვალოთ კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვის მზადყოფნას სასკოლო ცხოვრებისთვის. ჩამოყალიბებულია თუ არა ბავშვი როგორც პიროვნება? ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სასკოლო ცხოვრების პერიოდში მას მოუწევს, დაისახოს განსაზღვრული მიზნები და გააკეთოს რამე მათ მისაღწევად, საამისოდ კი საჭიროა ურთიერთობა არა მხოლოდ კომპიუტერთან, არამედ უამრავ ადამიანთან. თბილ ოჯახურ ატმოსფეროში გაზრდილი პატარა უხერხულად გრძნობს თავს თანატოლთა ხმაურიან კომპანიაში. ის მაშინვე როდი პოულობს საჭირო ტონს ურთიერთობისთვის, ულმობელი "სკოლის საძმო" კი მაშინვე ამოიცნობს "სუსტს". იზოლაციაში მოხვედრილი ბავშვი თავს მოკვეთილად გრძნობს, თუნდაც ინტელექტუალური განვითარების დონით საგრძნობლად უსწრებდეს თანატოლებს (მით უმეტეს, ეს უპირატესობა დიდხანს არ გასტანს). ადამიანი, როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი არსებაა და კოლექტივში ვითარდება, მისთვის აუცილებელია ურთიერთობები!
სკოლასთან გაცილებით სწრაფად ადაპტირდებიან საბავშვო ბაღში ნასიარულები ბავშვები. ისინი იოლად პოულობენ საერთო ენას თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, თავდაჯერება არ ღალატობთ, შეუძლიათ, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, დაიცვან საკუთარი აზრი. ასეთი პატარები მიჩვეულნი არიან კოლექტივში მუშაობას, კომპრომისს, იციან დათმობა და ითვალისწინებენ სხვის აზრსა და სურვილს. სახლში გაზრდილი ბავშვისთვის 7 წლის ასაკში ასეთი ჩვევების შეძენა რთულია. ასეთი ბავშვების უმრავლესობა ჭირვეული, ეგოცენტრულია. მათ უჭირთ საერთო თამაშში მონაწილეობა, ახალ სიტუაციასა და პირობებთან შეგუება. რა თქმა უნდა, ბავშვის ბებიასთან ან ძიძასთან დატოვება უფრო საიმედოა, მაგრამ წინ არის სასკოლო და სტუდენტობის წლები, როგორ გაივლის ის ამ პერიოდს, თუ არ იცის, როგორ ააგოს ურთიერთობა ადამიანებთან?
ვეძებოთ პრობლემა
როგორ მივაგნოთ სირთულეებს ბავშვის მეტყველების განვითარებაში? საამისოდ უნდა შევაფასოთ:
- ბგერების წარმოთქმის უნარი;
- აქტიური თუ პასიური ლექსიკონის მოცულობა;
- მეტყველების გრამატიკული გამართვა (ფრაზის აგების ცოდნა, სიტყვების შეთანხმება და მართვა);
- დიალოგის წარმართვის უნარი;
- დამოუკიდებელი მოთხრობის შედგენა აღწერის ან მეხსიერების საშუალებით.
თუ თქვენ ვერ შეძლებთ, ობიექტურად შეაფასოთ ყოველივე ეს, მიმართეთ სპეციალისტს (ლოგოპედს, ფსიქოლოგს).
დიალოგის ხელოვნება
დიალოგის წარმართვის უნარი ძალზე მნიშვნელოვანი ჩვევაა. შეამოწმეთ, შეუძლია თუ არა თქვენს შვილს საუბარი სხვა ბავშვებთან და უფროსებთან. უჭირს? რას ვიზამთ, რიტორიკას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ასწავლიდნენ. იმსჯელეთ ბავშვთან ერთად ყველაფერზე - ნანახ ფილმზე, წაკითხულ წიგნზე, ყოფით საკითხებზე, ეცადეთ, ასწავლოთ ფრაზის სწორად აგება, კითხვების დასმა, ასევე მოსმენა და თანამოსაუბრის ნათქვამის გაგება. დიალოგიდან გადადით მონოლოგზე, უფრო ზუსტად, მოთხრობის შედგენაზე. თავდაპირველად ბავშვს წინ დაუდეთ სიუჟეტური სურათი ან ფოტო და მოუსმინეთ, რამეს მოგიყვებათ. თუ უბრალოდ ცალკეულ დეტალებს ჩამოთვლის, ნუ იზეიმებთ გამარჯვებას, იქამდე ჯერ შორსაა. მონათხრობი უნდა შედგებოდეს გრამატიკულად სწორად შედგენილი ფრაზებისგან, ჰქონდეს სიუჟეტი, გამოსახულების არსი ისე უნდა იყოს გახსნილი, რომ სურათის შინაარსის გაგება უნახავადაც შეიძლებოდეს. ერთი სიუჟეტური სურათიდან გადადით სერიებზე. კარგი იქნება კომიქსების გამოყენება.
რთული და განუხორციელებელი არაფერია, ხომ მართალია?