რჩევები მშობლებს

როცა მოზარდი დაუმორჩილებელი ხდება

როცა მოზარდი დაუმორჩილებელი ხდება
მშობელთა უმრავლესობა ძალიან წუხს, ჩივის და შფოთავს იმის გამო, რომ გარდატეხის ასაკში სრულად კარგავენ კონტროლს თავიანთ შვილებზე, ბავშვები მათ არ ემორჩილებიან. 12-13-დან 17-18 წლამდე ასაკს სქესობრივი მომწიფების ანუ ჰუბერტატულ პერიოდს უწოდებენ. ეს ცხოვრების ის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, როცა ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება.

მკვეთრად გამოხატული ფიზიკური განვითარების პარალელურად, ადამიანი დამოუკიდებელ პიროვნებად ყალიბდება, იკვეთება მისი სუბიექტური შეხედულებები, ინტელექტუალური შესაძლებლობები, პრინციპები და თვისებები. მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, მისი ინტენსიური ფიზიკური თუ გონებრივი განვითარება ამ ასაკში ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციით არის განპირობებული. ამ პერიოდში უხვად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი,
ინსულინი, ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონები. პუბერტატულ პერიოდში მოზარდებს განსაკუთრებული ჰიგიენა, კვებისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი, გამორჩეული მიდგომა სჭირდებათ. რაც მთავარია, გოგონებსა და ბიჭუნებს განსაკუთრებით სათუთად უნდა მოვეპყროთ. მათდამი დამოკიდებულება რაც შეიძლება ფრთხილი, თბილი და თანაგრძნობით გამსჭვალული
უნდა იყოს.


მაინც როგორ მივუდგეთ მოზარდს?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სქესობრივ მომწიფებასთან ერთად მწიფდება და გარდატეხას განიცდის მათი ფსიქიკაც, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნული „მე“. ამიტომ, რამდენად მიუღებლადაც უნდა გვეჩვენებოდეს მათი საქციელი, მკაცრად არ უნდა გავაკრიტიკოთ.


„თავისუფლება მინდა!“


როგორც წესი, ეს მოზარდთა მთავარი სატკივარია. მშობლებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ მოზარდი მათი დანამატი არ არის - ის დამოუკიდებელი აზროვნებისა და შეხედულებების მქონე სუბიექტია; ყურადღებას არ აქცევენ მის აზრს და მისგან კვლავ ბავშვურ მორჩილებას მოითხოვენ იმ საკითხებშიც კი, რომლებიც მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად, სწავლა, შრომა, მუშაობა, სპორტის ან ხელოვნების რომელიმე სფეროთი გატაცება). როცა მოზარდი განუწყველივ აწყდება წინააღმდეგობას, საშუალება არ აქვს, რაიმე თვითონ, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როცა მისგან მუდამ მორჩილებასა და თანხმობას მოითხოვენ, ეს მის არსებაში კონფლიქტსა და სტრესს იწვევს. იძაბება და განხეთქილებამდე მიდის ურთიერთობები, თავისუფლების წყურვილი იმდენად მძაფრდება, რომ მოზარდებს შინიდან გაქცევის სურვილიც კი უჩნდებათ.


გაუთავებელი შენიშვნები

გარდატეხის ასაკში იცვლება გემოვნება, შეხედულებები, აზროვნება, ზოგჯერ მოზარდს თავადაც ვერ გაურკვევია, რა მოსწონს, რა ურჩევნია. ისეც ხდება, რომ ჩაცმულობითა და მანერებით უარყოფით პერსონაჟებს ბაძავს. ამის გამო ნუ დასცინებთ, ნუ გააკრიტიკებთ, ირონიულად ნუ უგულებელყოფთ მას. მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ, მაინცდამაინც ისე ჩაიცვან და მოიქცნენ, თქვენ რომ მოგწონთ და გსიამოვნებთ. უფროსების კატეგორიული ტონი და მკაცრი მოთხოვნები მხოლოდ უკურეაქციასა და პროტესტს გამოიწვევს. გახსოვდეთ: ალერსიანი, ტბილი და კომპრომისული დამოკიდებულებით, ურთიერთგაგებით მოზარდს უფრო ადვილად მიიმხრობთ და გადაარწმუნებთ.


დღის რეჟიმი

პუბერტატულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს კვებისა და დასვენების რეჟიმს. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ეს კომპონენტები აუცილებელია მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებისთვის, იმუნური სისტემის სრულყოფისა და განმტკიცებისთვის. ზოგჯერ ბავშვობიდან გამოყოლილი რომელიმე დაავადება ამ ასაკში მწვავდება. ასეთ მოზარდებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. ამ ასაკის გოგონები გადაჭარბებული ყურადღებით ეკიდებიან თავიანთ გარეგნობას, ზედმეტად კრიტიკულები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ, ეჩვენებათ, რომ არც ლამაზები არიან და არც მომხიბვლელები, იცავენ დიეტებს წონის დასაკლებად. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რათა ამ ყველაზე რთულ პერიოდში აუცილებელი საკვები ნივთიერებები არ დააკლდეთ და ზიანი არ მიაყენონ ორგანიზმს. არაფრით არ შეიძლება გადაღლა, გადაძაბვა. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა რაციონალურად უნდა იყოს შერწყმული დასვენებასა და განტვირთვასთან.

ღამით მოზარდს 8-9 საათი მაინც უნდა ეძინოს. დაუშვებელია ამ ასაკში კომპიუტერთან გვიანობამდე ჯდომა. მოზარდმა აუცილებლად უნდა მისდიოს სპორტის რომელიმე სახეობას. კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე ხელოვნება. სპორტი და ხელოვნება, გარდა იმისა, რომ ავითარებს სულსა და სხეულს, შესანიშნავი განტვირთვაც არის. კვების არასწორი რეჟიმი, ცხოვრების უწესრიგო რიტმი, მუდმივი კონფლიქტი და სტრესი მოზარდთა უამრავ ფსიქო-სომატურ დაავადებას იწვევს, ამ უკანასკნელთა პროფილაქტიკის სადავეები კი თქვენს ხელთაა. ასე რომ, ეცადეთ, გაუგოთ, თანაუგრძნოთ და სწორად მიუდგეთ მოზარდს.