მაღალი სიცხის დროს
მათ ტკივილგამაყუჩებელთან ერთად ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებაც აქვთ, ამიტომ ბავშვებს, მათ შორის ჩვილებსაც, ხშირად აძლევენ ტკივილის, ტემპერატურისა და ანთების სიმპტომატიკის მოსახსნელად ამა თუ იმ დაავადების დროს. მედიკამენტის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის უვნებლობას. მშობლები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, ექიმის დანიშნულების გარეშე კი პატარასთვის ნებისმიერი მედიკამენტის, თუნდაც ტკივილგამაყუჩებლის მიცემას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, ნებადართულია ბავშვებისთვის ამ მიზნით პარაცეტამოლისა და იბუპრენის მიცემა. ამჟამად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში ბავშვებისთვის ურეცეპტოდ მხოლოდ ეს ორი პრეპარატი გაიცემა. სხვა ანალგეტიკების (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების) გამოყენება მიზეზთა გამო (მათ შორის - მძიმე გვერდითი მოვლენების გამოც) შეზღუდულია.
რა გვემუქრება?
ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონულ პრეპარატს ასპირინს, აცეტილსალიცილის მჟავას, პედიატრი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნავს. საქმე ის არის, რომ ვირუსული დაავადებების დროს მან შეიძლება გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ ძალზე მძიმე გართულება - რეას სინდრომი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით (მწვავე ენცეფალოპათიით) და ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარებით მიმდინარეობს. რეას სინდრომის პირველი კლინიკური ნიშნებია შეუჩერებელი პირღებინება და ნევროლოგიური დარღვევები, მომატებული გაღიზიანებადობიდან კომამდე. ეს სინდრომი პირველად 1963 წელს აღწერეს, შემდგომ კი დამტკიცებულ იქნა, რომ მისი განვითარება ასპირინის მიღებას უკავშირდებოდა. ასპირინის გამოყენების შეზღუდვის მეორე მიზეზი როგორც ბავშვებში, ასევე მოზრილებში არის მისი აშკარა ტოქსიკური ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რომელიც პრეპარატის მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი ვლინდება. გარდა ამისა, ასპირინმა შესაძლოა დაარღვიოს სისხლის შედედება, გაზარდოს სისხლძარღვთა კედლის განვლადობა, რაც სისხლდენებითა და სისხლჩაქცევებით გამოიხატება, ახალშობილებში კი გამოიწვიოს ე. წ. ბილირუბინული ენცეფალოპათია და მძიმე სიყვითლის მიზეზად იქცეს. ამ პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ცხვირის ღრუში ადენოიდების არსებობისა და ანგიონევროზული შეშუპების დროს ასპირინმა შესაძლოა ბრონქოსპაზმის პროვოცირება მოახდინოს. მაღალი ტოქსიკურობა ახასიათებს ტკივილგამაყუჩებლების მეორე ჯგუფსაც, რომლის წარმომადგენელია ცნობილი ანალგინი. ეს პრეპარატი თრგუნავს სისხლწარმოქმნის პროცესს, რასაც ზოგ შემთხვევაში სიკვდილის პროვოცირებაც კი შეუძლია. მისი კიდევ ერთი მძიმე გვერდითი ეფექტია ანაფილაქსიური შოკი. სისხლძარღვთა კედლების მძიმე დაზიანების გამო არტერიული წნევის ნორმალიზება ხშირად ვერც სისხლის შემცვლელებით და ვერც სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებებით ვერ ხერხდება. ანალგინმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს სხვა არასასურველ მოვლენებსაც, რომლებიც იმუნოლოგიურ დარღვევებთან არის დაკავშირებული (ჰეპატიტი, ნეფრიტი, პნევმონია, კანისმხრივი ცვლილებები). სამწუხაროდ, ანალგინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ტკივილგამაყუჩებელია, რომელსაც მშობლები მხოლოდ თვითონ კი არ მოიხმარენ, არამედ ბავშვების სამკურნალოდაც იყენებენ.
ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელი
ამჟამად ბავშვებისთვის ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებად პარაცეტამოლი მიიჩნევა, თუმცა მასაც შეუძლია, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. გვერდითი მოვლენები თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა:
- მივცეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული, ასაკის შესაბამისი დოზით;
- თავი შევიკავოთ მისი გამოყენებისგან ისეთ მედიკამენტებთან ერთად, როგორიც არის რიფამპიცინი, იზონაიზიტი, ლუმინალი.
პრეპარატის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების (ღვიძლის დაზიანების) რისკი იზრდება არასაკმარისი კვების, რაციონში ცილების დეფიციტის, სიმსუქნის, ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის დროს. ბავშვებს პარაცეტამოლის მიმართ ტოქსიკური რეაქციების განვითარების ალბათობა მოზრდილებთან შედარებით ნაკლები აქვთ. ასეთი რამ მხოლოდ დოზის გადაჭარბების დროს ხდება. თუმცა არის შემთხვევები, როცა მშობლები შეცდომით ან განზრახ, ტემპერატურის სწრაფი დაქვეითების მიზნით, ბავშვს ზედმეტ დოზას აძლევენ. ბოლო ხანს პედიატრიაში ფართო გამოყენება პოვა იბუპროფენმა (ნუროფენი, იბუპრენი). მას მკვეთრად გამოხატული სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მისი ეფექტი მაღალი (38,5 გრადუსზე მეტი) ტემპერატურის შემთხვევაში პარაცეტამოლისასაც კი აღემატება. ამ წამლის უპირატესობაა ისიც, რომ უფრო ხანგრძლივი სიცხის დამწევი მოქმედება აქვს და მისი მიღება ისე ხშირად არ არის საჭირო, როგორც პარაცეტამოლისა, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. იბუპრენი პარაცეტამოლს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებითაც სჯობს.
ის როგორც ანალგეტიკი შეიძლება გამოვიყენოთ ტონზილიტის, შუა ყურის ანთებისა და კბილის ტკივილის დროს. არასტეროიდულ საშუალებებთან შედარებით იბუპროფენს კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, უსაფრთხოება. მეორე - კარგი ასატანობა. მას 6 თვემდე ასაკის პატარებიც კი იტანენ. ამ ასაკისთვის, როგორც მისაღებად, ისე დოზირების თვალსაზრისით, საკმაოდ მოხერხებულია სუსპენზია (სიროფი). დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იბუპროფენი პარაცეტამოლზე ნაკლებად ტოქსიკურია. მძიმე სიმპტომატიკა თავს იჩენს მხოლოდ მაქსიმალური სადღეღამისო დოზის ათჯერ გადაჭარბებისას. ხშირად მაღალი ტემპერატურა იბუპროფენს არ ემორჩილება. ამ შემთხვევაში შედეგიანია პარაცეტამოლისა და იბუპროფენის კომბინირება. ექიმი შეგირჩევთ ოპტიმალურ დოზას და ინტერვალს ამ ორი პრეპარატის მიღებათა შორის. ჩვილებისთვის პარაცეტამოლის სანთელი უფრო მოხერხებულია, ვიდრე სიროფი, მით უმეტეს, როცა ტემპერატურას თან სდევს პირღებინებაც, ეს კი ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია. სანთელი მაცივარში უნდა ინახებოდეს. გამოყენებამდე რამდენიმე წამით ხელში უნდა დავიჭიროთ, რომ თავი დაურბილდეს და პატარას უკანა ტანის ლორწოვანი არ დაუზიანოს.