კიდევ ერთი ნებიერა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთი ნებიერა

ბავშვები სწავლობენ იმ ცოცხალ არსებებზე ზრუნვას, რომელთაც მათი ყურადღება სჭირდებათ, უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოთმინება. ასეთი ბავშვები იშვიათად იქცევიან ეგოისტებად. ეს არც არის გასაკვირი - ცოცხალ არსებებზე ზრუნვის ცოცხალი მაგალითი გაცილებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი შეგონება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მშობელზეა დამოკიდებული. არც ის არის იშვიათი, როცა პატარა მშობლებს ძაღლის ან კატის შეძენას სთხოვს და სიტყვას აძლევს, რომ ცხოველს კიდეც გაასეირნებს, კიდეც მოუვლის, მაგრამ შემდეგ დანაპირები ავიწყდება. პატარა ბავშვს მართლაც შეიძლება ვასწავლოთ შინაური ცხოველის მოვლა, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა, ტაქტი და გულმოდგინებაა საჭირო. მიუხედავად ყველაფრისა, რომელი ცხოველიც არ უნდა დაბინავდეს ოჯახში - ჩიტი, ზაზუნა, ძაღლი, კატა თუ კუ, საბოლოო ჯამში ნებისმიერი მათგანი დიდ დახმარებას გაგვიწევს.

 

ფარული საფრთხეები

ვერ უარვყოფთ, რომ მედალს აქვს მეორე მხარეც - ცხოველს სახლში პრობლემებიც მოაქვს. უმთავრესი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჯანმრთელ ბავშვსაც შეიძლება აღმოაჩნდეს ალერგია. ბავშვისთვის ამ თვალსაზრისით თანაბრად საშიშია არა მარტო თავად ცხოველი, არამედ მისი საკვები, დაცვენილი ბეწვი, ქერტლი. ასე რომ, თუ იცით, რომ ბავშვს ალერგია აქვს, ჯობს ცხოველის შეძენისგან თავი შეიკავოთ. ცხოველის შეძენამდე პედიატრს გაესაუბრეთ და დააზუსტეთ, ხომ არ აქვს თქვენს შვილს ალერგიის რისკი. როგორია საფრთხის პოტენციური წყარო? თუ ბავშვს ალერგია ბეწვზე აქვს, იქნებ ჯობს, კუ შევიძინოთ? განიხილეთ ცხოველის მოვლის საკითხიც. ცხოველის საკვები შესაძლოა ბრონქული ასთმის გამწვავების მიზეზად იქცეს. ალერგია მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო გართულებაა. ყველა პატარა ბავშვი ყველაფერს პირისკენ მიაქანებს. ალერგიის რისკის შესამცირებლად, დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბინაში სისუფთავის დაცვა და ყოველდღიური დალაგება სველი წესით, მით უმეტეს, როდესაც ოჯახში ცხოველი ან ფრინველი გვყავს. თუთიყუშის მიკროსკოპულად პატარა ბუმბულიც კი, თუ ბავშვის პირის ღრუში მოხვდა, შესაძლოა დაავადების მიზეზად იქცეს. შინაური ცხოველები და ფრინველები ზოგჯერ მძიმე დაავადებების მატარებლები არიან. თუმცა ზედმეტი მღელვარება არ არის საჭირო. უბრალოდ, წესები უნდა დაიცვათ:

  • არ დაანებოთ ბავშვს, კოცნოს ძაღლი თუ კატა;
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ პატარამ ცხოველებთან თამაშის შემდეგ ხელები დაიბანოს;
  • თუ ბავშვი პატარაა და დაცოცავს, იატაკი სველი წესით უნდა მოიწმინდოს, უმჯობესია, სადეზინფექციო ხსნარით;
  • დროდადრო სათამაშოებიც უნდა დამუშავდეს ასეთი ხსნარით და შემდეგ კარგად გაირეცხოს.

რეგულარული დალაგება ყოველგვარ დაავადებას ყველაზე უკეთ აგაცილებთ თავიდან. თუ ფრინველი შეიძინეთ, ყოველდღე უნდა ცვალოთ გალიის ქვემოთ არსებული სადგამი, მასში ჩაფენილი ქაღალდი, დროულად მოაცილოთ გალიის მიმდებარე არეს ბუმბული, მარცვლეულის ნარჩენები. უნდა იცოდეთ, რომ ბუმბულში, სკორესა და მარცვლეულში სწრაფად ვითარდება მიკროორგანიზმები, რომლებმაც შემდგომში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. თუ ოჯახის ახალი წევრი მღრღნელია, ასევე აუცილებელია ქაღალდის ხშირი ცვლა. გაითვალისწინეთ, რომ მცირე ხნის განმავლობაში მაინც უნდა მისცეთ ოთახში თავისუფლად სეირნობის საშუალება. ეს ცხოველისთვისაც საჭიროა და ბავშვსაც გაახარებს. მართლაც, სულაც არ არის სასიამოვნო, საყვარელ ცხოველს მხოლოდ გალიის გისოსებიდან ვუყუროთ! ოღონდ ამ შემთხვევაშიც მშობელს მოუწევს გარჯა - როგორც კი ცხოველი გალიას დაუბრუნდება, მისი "სეირნობის" კვალი გულმოდგინედ უნდა გაიწმინდოს.

კატა სახლში მიყვანის დღიდანვე უნდა მივაჩვიოთ მყუდრო კუთხეში მდგარ სადგამს. ეს ადგილი მაქსიმალურად უნდა იყოს მოშორებული ბინის იმ ნაწილს, სადაც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს. ექსკრემენტების სახლიდან გატანა ყოველდღეა საჭირო, სადგამი კი კვირაში ერთხელ კარგად უნდა გაირეცხოს სადეზინფექციო ხსნარით. სადგამს შეიძლება იმ ჯიშის ძაღლებიც მივაჩვიოთ, რომელთაც ყოველდღიური სეირნობა არ სჭირდებათ (მაგალითად, იორკშირული ტერიერი, ჩიხუახუა). ცხოველი მაინც ცხოველია და ვერავინ მოგცემთ პირობას, რომ ის დროდადრო შუა ოთახში არ მოისაქმებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია იატაკის მორეცხვა და დეზინფექცია. ინცინდენტი რომ არ განმეორდეს, ცხოველის მიერ არჩეულ ადგილზე ფოლგა დააფარეთ და ზედ მისთვის არასასიამოვნო სუნის ხსნარი (მაგალითად, მელისა და ლიმონის ესენცია) დაასხით, თანაც დაფიქრდით, რისი ბრალია, რომ ცხოველი ოთახს სვრის - იქნებ ამ საქმისთვის შერჩეული ადგილი მისთვის მოუხერხებელია? სეირნობის შემდეგ ძაღლს აუცილებლად უნდა დავბანოთ თათები თბილი წყლით. როცა ცხოველი ბეწვიანია, მისი ბეწვი მთელ ოთახში ვრცელდება. ეს ცხოველთა მფლობელებისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. ამ შემთხვევაში მტვერსასრუტი თქვენს განუყრელ მეგობრად უნდა იქცეს. ის ბეწვსაც ეფექტურად აცილებს და ალერგიის რისკსაც ამცირებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ხშირად დაგჭირდებათ. მისი მეშვეობით პერიოდულად უნდა დამუშავდეს აბაზანა, სადაც ცხოველს ბანთ, ტილო, რომლითაც ცხოველს ამშრალებთ, ოთახის ის ადგილი, სადაც ცხოველი გყავთ დაბინავებული. ყველაფერთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარი არასასიამოვნო სუნსაც აქრობს.

 

სისუფთავის გაკვეთილები

ვეტერინარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ცხოველს სათანადო მოვლა სჭირდება. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მას დააწვება მხრებზე, თუმცა უნდა ვეცადოთ, ბავშვმაც აითვისოს ჰიგიენის ელემენტარული წესები. შეახსენეთ ბავშვს, რომ ხშირად დაიბანოს ხელები, განსაკუთრებით - ცხოველთან თამაშის შემდეგ, თანაც გაითვალისწინეთ: ბავშვისთვის მაგალითი მშობელია, ამიტომ თავადაც დაიცავით ჰიგიენის წესები. როცა ცხოველის ადგილსამყოფელს ალაგებთ, ბავშვს აუხსენით, რატომ აკეთებთ ამას. უთხარით, რომ როცა ბინაში მიკრობების რაოდენობა შემცირდება, ოჯახის წევრებიც ნაკლებად იავადმყოფებენ. ცხოველი ყოველთვის სუფთა, მოვლილი, დანაყრებული, ჯანმრთელი და აცრილი უნდა იყოს. შესაძლოა იფიქროთ, ამდენ შრომას სჯობს, ცხოველზე საერთოდ უარი ვთქვაო. ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ცხოველებს ოჯახში საზრუნავთან ერთად სიხარულიც მოაქვთ. მათი მოვლა სიამოვნებაა, ხოლო სისუფთავის დაცვა - საწინდარი იმისა, რომ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე შემცირდება.

 

ავირჩიოთ ჯიში

არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოველის ჯიშის არჩევა. დღეს ძაღლის არჩევანზე ვისაუბრებთ.

ძაღლის ჯიშებს პირობითად რამდენიმე ჯგუფად ყოფენ: განასხვავებენ ეგრეთ წოდებულ მუშა ძაღლებს (მათ რიცხვს ეკუთვნის მოდარაჯე, მწყემსი და სამგზავრო ძაღლები), მონადირე ძაღლებს და ბოლოს - კომპანიონებს, დეკორატიულ და ოთახის ძაღლებს. ვიდრე ბავშვი პატარაა, ჯობს, მუშა ძაღლზე უარი ვთქვათ - ასეთი ჯიშის ძაღლებს უყვართ სირბილი, თამაში, რომელიც ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ამიტომ საკუთარ ეზოში ან აგარაკზე სეირნობაც კი შეიძლება კოპებითა და ნაკაწრებით დასრულდეს. საერთოდ უნდა დაივიწყოთ ზოგიერთი მოდარაჯე ჯიში, მაგალითად, გერმანული ნაგაზი და როტვეილერი. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ასეთი ჯიშები მოზარდსაც არ უნდა ანდოთ, მით უფრო მაშინ, თუ აქამდე ძაღლი არ გყოლიათ. აქ მხოლოდ ბავშვის უსაფრთხოებაზე როდია საუბარი - აღნიშნული ჯიშის ძაღლებს აღზრდის პროცესში კვალიფიციური მიდგომა სჭირდებათ, აუცილებელია პრაქტიკა, მშობლების დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი ცუდად დამთავრდეს.

პირველი ძაღლი რაღაცით პირველ ველოსიპედს ჰგავს. ასეთი შედარება ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ მასში არის რაციონალური მარცვალი - ძაღლი, რომელიც ოჯახისთვის პირველია, უწყინარი, კეთილგანწყობილი და ადვილი გასაწვრთნელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შესაფერისია კომპანიონი და დეკორატიული ძაღლები. თუმცა არა ყველა მათგანი. მეტისმეტად პატარა ძაღლების ყოლას არ გირჩევთ - წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ბავშვმა შემთხვევით ფეხი რომ დააბიჯოს თათზე! მოტეხილობა გარანტირებულია. გარდა ამისა, ძალიან პატარა ძაღლებს მუდმივი მოვლა და მზრუნველობა სჭირდებათ, სეირნობისას ხშირად მოგიწევთ მათი ხელით ტარება, ცუდ ამინდში კი მათი შინიდან გაყვანა საერთოდ არ არის რეკომენდებული - შესაძლოა,  გაცივდნენ. ბავშვისთვის კი ძაღლის ყოლის მთელი ხიბლი მისი საყელურით ტარება, მასთან ერთად სირბილია. ცნობილი ჯიში ჩაუ-ჩაუ, ერთი შეხედვით სასაცილო, მომხიბლავი, დათუნიას მსგავსი არსება, ასევე შეუფერებელია. ის გამოირჩევა სიჯიუტით და ცუდად იწვრთნება. მის აღმზრდელს მოთმინებასთან ერთად გამოცდილებაც სჭირდება.

 

რამხელა ძაღლი შევიძინოთ?

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ძაღლის მომავალ მფლობელებს აწუხებთ, ზომაა. როგორი ძაღლები მოსწონს ბავშვს, მშობლებს, რომელია თქვენთვის შესაფერისი? აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბინის ფართობიც. ძაღლები სიმაღლის მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფიან - დიდები (65 სმ და მეტი), საშუალო ზომისები (50-65 სმ), პატარები (35-50 სმ) და ჯუჯები (35 სმ-ზე დაბლები). როგორც უკვე ვთქვით, ჯუჯა ძაღლი შეუფერებელია. არც დიდი გამოგვადგება, მით უფრო, როცა ბინა პატარაა. არჩევანს ალბათ პატარა ძაღლებზე შევაჩერებთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობენ პატარა ჯიშის ძაღლებიც, რომელთაც საერთოდ არ უყვართ ბავშვები. არც სირბილი, ხტომა და თამაში იტაცებთ. არ გაგიკვირდეთ - ზოგიერთ ძაღლს მხოლოდ მფლობელთან ურთიერთობა სიამოვნებს და უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ. ასეთმა ძაღლმა შესაძლოა პატარა ბავშვი მეტოქედ აღიქვას და საკბენად გაიწიოს. მაგალითად, ტაქსათა მფლობელები ხშირად უჩივიან ცუგას ბასრ კბილებსა და გასაოცარ სიჯიუტეს. ასე რომ, გაითვალისწინეთ - პატარა ძაღლი სულაც არ არის უმწეო და უსუსური.

 

ვენდოთ გულისთქმას

არჩევანის გაკეთებისას გარკვეულწილად მართლაც გულისთქმას უნდა ვენდოთ. ძაღლების სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. რომელი ჯიშისკენ მიგიწევთ გული? დაფიქრდით, გაესაუბრეთ ძაღლების სხვა მფლობელებს, წაიკითხეთ ლიტერატურა, ეწვიეთ ინტერნეტს. არ დაგავიწყდეთ საკუთარი მოთხოვნებიც - ძაღლი ადვილად გასაწვრთნელი, ბავშვების, სეირნობის, თამაშის მოყვარული, ალერსიანი უნდა იყოს. აქვე ერთი გაფრთხილებაც: თუ ძაღლს მუდმივად ვაწვალებთ და გავანერვიულებთ, ნებისმიერი მათგანი შეიძლება აგრესიული გახდეს. ნუ დახუჭავთ თვალს, თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი ძაღლს ცხვირსა და თვალში ტენის სათამაშოს ან ჯოხს, ექაჩება კუდზე...

 

სახლიდან სახლში

როცა გინდათ, ძაღლი ბავშვისთვის მოიყვანოთ, ის თავად უნდა აღზარდოთ. არ არის რეკომენდებული სხვა ოჯახში წამოზრდილი ლეკვის მოყვანა. მართალია, 6 თვის ასაკში ცუგა მიჩვეულია ტუალეტს, ჩამოყალიბებული აქვს მადა, მაგრამ ძაღლი თქვენთვის ახლობელი რომ იყოს და თავადაც მიგეჩვიოთ, აუცილებელია, ერთად გადალახოთ პირველი თვეების სირთულეები. თქვენ "ჩვილი" გჭირდებათ, რომელსაც დედის მაგივრობას გაუწევთ. ასეთ შემთხვევაში ცუგას მხოლოდ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ეყვარებით. ჯობს, ახალშობილი ლეკვი ვეტერინარის დახმარებით მოძებნოთ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ლეკვი მართლაც ჯანსაღი მშობლების შთამომავალია.

 

კიდევ ერთხელ

ვეცადეთ, აგვეწონ-დაგვეწონა ყველა პლიუსი და მინუსი, რაც კი ოჯახში ცხოველის მოყვანას სდევს თან. როდესაც ამ ყველაფერს შეაჯამებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით - შეგიძლიათ თუ არა, ოჯახში ოთხფეხის მოყვანასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გაართვათ თავი? სულ მალე ცუგა ზედმეტი ხომ არ აღმოჩნდება? ფუნქციები ძაღლის მოყვანისთანავე უნდა გაინაწილოთ: დაადგინოთ, ვინ იქნება პასუხისმგებელი კვებაზე, სეირნობაზე, აცრებზე. იდეალურ შემთხვევაში ყველა ფუნქცია ერთმა ადამიანმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ძაღლი იმ ადამიანს მიეჯაჭვება, რომელიც მასთან უფრო მეტ დროს ატარებს. თავად ის ფაქტი, რომ მის გვერდით ცხოვრობს ფუმფულა, თბილი, საყვარელი არსება, რომელიც მოვლასა და მზრუნველობას მოითხოვს, ბავშვს უვითარებს სიყვარულის უნარს, ხოლო ეგოიზმს ანადგურებს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, სხვა ცხოველიც მოვიყვანოთ, მაგრამ ძაღლი ყველაზე შესაფერისია. აკვარიუმში მოცურავე თევზებთან პატარა ბავშვი კარგა ხანს ვერ დაამყარებს კონტაქტს, მათი მოვლაც გაუჭირდება, ვერც თუთიყუშებს ჩაეხუტება, კატა კი დამოუკიდებელი არსებაა და ბავშვთან ისე ვერასოდეს იმეგობრებს, როგორც ძაღლი.