მშობელი - მეტყველების თერაპევტის ნაცვლად - ეპიდემიის პირობებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

მშობელი - მეტყველების თერაპევტის ნაცვლად - ეპიდემიის პირობებში

მშობელი - მეტყველების თერაპევტის ნაცვლად - ეპიდემიის პირობებში
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში არდადეგები გამოცხადდა. შესაბამისად, საკმაოდ ბევრ ბავშვს შეუწყდა მიზნობრივი თერაპია.

მშობლები ამის გამო ღელავენ და ხშირად გვეკითხებიან, რა ვაკეთოთ სახლში, რათა თერაპიისას მიღებული შედეგი განვამტკიცოთ და ამგვარად შევუშალოთ ხელი დაწყებული პროცესის რეგრესს.

"მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრი - ლოგომედის" მეტყველების ფუნქციურ დარღვევათა მიმართულების ხელმძღვანელი: მაია ჭავჭავაძე გვთავაზობს რეკომენდაციებს, თუ როგორ შევითავსოთ მშობლებმა არდადეგებისას მეტყველების თერაპევტის ფუნქციები, რადგან საკმაოდ ბევრი უნარის წარმატებული განვითარება სწორედ რეგულარული და სისტემატური თერაპიის შედეგია.

არდადეგების პერიოდში
მშობელმა რეკომენდებულია ბავშვთან რამდენიმე სტრატეგიული მიმართულების სავარჯიშოები ატაროს, ისეთები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს:
1. ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
2. ბგერებისა და სიტყვების სწორად წარმოთქმა;
3. ფრაზების გრამატიკულ-სინტაქსური გამართვა;
4. თხრობა.

ბავშვთან ვარჯიშისას აუცილებელია სწორად დაიგეგმოს დატვირთვა და უპირატესობა თამაშ
თერაპიას მივანიჭოთ.

ვამდიდრებთ ლექსიკურ მარაგს:

2-3 წლის ბავშვებში, რომელთაც თერაპია ლექსიკური მარაგის (ძირითადად საგნის აღმნიშვნელი სიტყვებით) გამდიდრების მიზნით უტარდებოდათ, აუცილებელია გავუგრძელოთ ეს პროცესი.
დახმარება ითვალისწინებს შემდეგ ნაბიჯებს: გაუხმოვანეთ და დაასახელეთ ირგვლივ მდებარე საგნები, შეივსეთ მარაგი ილუსტრირებული ფერადი წიგნების დახმარებით და ხმამაღლა გაამეორებინეთ ახალი საგნების დასახელებები.
დაუსვით მარტივი კითხვები: ეს ვინ არის? სად არის კნუტი? ოთახში ვინ არიან? ასევე დაეხმარეთ მათ პასუხის გაცემაში.
უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ და მოკლე სიტყვებს, აგრეთვე გაამეორებინეთ მაქსიმალურად მარტივი, კონკრეტული წინადადებები.

3-4 წლის ბავშვებში, როდესაც საგნის აღმნიშვნელი სიტყვების მარაგი, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელია, გადადით მეორე ეტაპზე და მარაგი მეტყველების სხვა ნაწილებით შეუვსეთ მარტივი თამაშის ფორმატით.
მაგალითად, დაახასიათეთ მისი საყვარელი სათამაშო და მოაწყვეთ შეჯიბრი, ვინ უფრო მეტი სიტყვით შეძლებს ამას.

5-6 წლის ბავშვებისთვის ძალზედ საინტერესოა გამოცანებით მეცადინეობა, როდესაც საჭიროა რომელიმე საგნის მოძებნა, მისი გამოცნობა და ა.შ. გამოცნობა შესაძლოა მოხდეს რაიმე ნიშნით, მოქმედებით და ადგილმდებარეობის მიხედვით.
ასევე რეკომენდებულია ყველასთვის კარგად ნაცნობი თამაში "კი-არა", როდესაც ერთი მონაწილე მეორეს უსვამს კითხვას ჩაფიქრებული ან დამალული საგნის შესახებ, მეორე კი მას პასუხობს "კი-არა"-თი.

ვმუშაობთ მართლმეტყველებაზე:

ჩვეულებრივ, ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს ბავშვები უშვებენ ფრაზების აგებისას, დროში, ბრუნვის, პირისა და რიცხვის კონსტრუქციებში.
ამ კონსტრუქციათა აგების დასახვეწად შეგიძლიათ შეთავაზოთ მათ თამაში "უცხოელი", იგი წარმოადგენს დეფორმირებული ფრაზის შეთავაზებას, რომლის გასწორებაცაა საჭირო.
მაგალითად, ბავშვს ვეუბნებით: ჩვენ გვესტუმრა ცხენი, სპილო, ჟირაფი, თოჯინა, მისი საყვარელი არსება და იგი უცხოელია, ვერ საუბრობს ქართულად გამართულად, მოდი, დავეხმაროთ მას.
აი, სპილო კითხულობს: უკაცრავად, სად დავიბანე უნდა ხელი? ეს სახლი ჩემთვის წასასვლელია? გუშინ უნდა წავიდე მთაში? და ა.შ. შეგვიძლია თანდათან გავართულოთ დეფორმირებული წინადადებები, სადაც სიტყვების არასწორ თანმიმდევრობას შევთავაზებთ, მაგალითად: დედა პური კარაქი წაუსვა, ფისუნია ახტა კატა მაგიდაზე, ნინომ წყალი ჩააგდო სათამაშო და ა.შ.
თამაშისას აუცილებელია ბავშვის ყურადღება გადავიტანოთ სიტყვების გრამატიკულ დაბოლოებებზე, გამოვყოთ ისინი ინტონაციით.

ვეხმარებით თხრობაში:

სამეტყველო თამაშები ამ შემთხვევაში ნაკლებად გამოგვადგება, რამდენადაც თხრობა, პირველ ყოვლისა, მიღებული ინფორმაციის სწრაფი გადამუშავების და მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობის დაცვის უნარს წარმოადგენს.
შეეცადეთ რაიმეს კეთებას ბავშვის ინსტრუქციებით, მაგალითად, ააშენეთ კუბებისგან სახლი, დახატეთ, გამოძერწეთ, მოამზადეთ სალათი - ფანტაზია შეუზღუდავია. მთავარი პირობაა - მეთაური ბავშვია! იგი გკარნახობთ რითი დაიწყოთ, როგორი მიმართულებით განალაგოთ, დაინახოს, რომ შედეგი მიღწეულია, შეამჩნიოს მის მიერ მოცემული წარმატებული და წარუმატებელი ინსტრუქციები, ისწავლოს მათი შესწორება და ამ ყველაფერზე იაზროვნოს ხმამაღლა - ფრაზებით.
ამავე მიზნისთვის გამოგადგებათ ნაცნობი ზღაპრებისა და მოთხრობების მოყოლა. ამისთვის უმჯობესია ფერადი, ილუსტრირებული წიგნები, სურათები, რომლებიც ბავშვისთვის თხრობისას ძირითად საყრდენს წარმოადგენს.
მეტყველებით მეხსიერებას კარგად ანვითარებს თამაში "ჯადოსნური ჯაჭვი". დასაწყისში ბავშვი წარმოთქვამს ორსიტყვიან წინადადებას, შემდეგ მშობელი ამატებს მას ახალ სიტყვას, შემდეგ ისევ ბავშვი აგრძელებს ესტაფეტას და ა.შ. მთავარია, ყოველმა მომდევნომ ზუსტად გაიმეოროს უკვე თქმული, მაგალითად: "წვიმა მოდის; ძლიერ წვიმა მოდის; დღეს ძლიერი წვიმა მოდის; მთელი დღეა ძლიერი წვიმა მოდის; მთელი დღეა, ძლიერი, ცივი წვიმა მოდის; და ა.შ. თამაშში შესაძლებელია რამდენიმე ბავშვის მონაწილეობაც.


მშობლებო, თერაპიისთვის შეარჩიეთ მაქსიმალურად ხელსაყრელი დრო, ირწმუნეთ, ყველაფერი გამოგივათ და ნახავთ, შედეგიც არ დააყოვნებს!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდი ორგანიზმისთვის. ამის შესახებ პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.
ინფორმაციის დამახსოვრებისა და შემდგომ მისი გახსენების უნარი სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა აჩენს რძიანას და როგორ მოვუაროთ პატარას პირის ღრუს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლალი ქორიძე გვიპასუხებს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, თუ ბავშვს მუდმივად უბრაზდებიან, უყვირიან, ცემენ, მოზარდობის ასაკში
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად