ბებია პირველი ქორწინებიდან
და მაინც, უნდა ვეცადოთ, სიტუაცია პოზიტიურად აღვიქვათ, არ დავივიწყოთ, რომ ბებიასა და ბაბუას ძალიან უყვართ შვილიშვილი, გულღიად მივიღოთ მათი რჩევები და დახმარება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ხოლო თავჩენილი პრობლემები რადიკალიზმის გარეშე მოვაგვაროთ.
ბრძანებითი კილო
ბებია და ბაბუა ყოფილი რძლის ახალ ქმარს, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად უყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ რაკი ბავშვი მისი ღვიძლი შვილი არ არის, ვერც შეიყვარებს და, აქედან გამომდინარე, არც მისი აღზრდის უფლება აქვს. ბებია და ბაბუა შვილიშვილის მამინაცვლის თითოეულ სიტყვას წნეხში ატარებენ, მის ყოველ მოქმედებაში ნეგატივს ეძებენ, ყველანაირად ცდილობენ, "უმწეო და უსუსური პატარა" ამ "მონსტრისგან" დაიცვან. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ბავშვის დედა? მან ხშირად უნდა გამოიყენოს ნაცვალსახელი "ჩვენ", როცა ბავშვის შესახებ რამეს ჰყვება: "ჩვენ ბავშვი თეატრში წავიყვანეთ" ან "დღეს მთელი ოჯახი ერთად ვიყავით ზოოპარკში". არის იმედი, რომ ამგვარი ტაქტიკის წყალობით ყოფილი დედამთილი შვილიშვილის მამინაცვალს უფრო ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა არც საპირისპირო რეაქციაა გამორიცხული. პირველი ქორწინების დროს დედამთილი გამუდმებით გაძლევდათ რჩევებსა და შენიშვნებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. მისი მბრძანებლური ტონი ადრეც გაღიზიანებდათ, ახლა კი უბრალოდ აუტანელი გახდა:
"მოამზადე ბავშვი, ჩვენ აგარაკზე წასავლელად ვემზადებით და ისიც თან მიგვყავს" ან "მომავალ კვირას ბავშვი ცირკში უნდა წაიყვანო, ჩვენ ბილეთები შევიძინეთ". რა თქმა უნდა, ბებიას სურს, შვილიშვილის ცხოვრება უფრო სიანტერესო გახადოს და მასში აქტიურად ჩაერიოს, მაგრამ ამ დროს სრულიად არ ითვალისწინებს თქვენს პირად ცხოვრებას. ახლა წარმოვიდგინოთ თქვენი ქმრის მდგომარეობა. ყოველივე ეს არც მისთვის არის ადვილი ასატანი. მისი როგორც მშობლის პოზიცია უბრალოდ იგნორირებულია. ის რჩება "მამის მოვალეობის შემსრულებლად". მოგიწევთ, თავი დაიცვათ: როცა თქვენი ექს-დედამთილი შეეცდება, რაიმე თქვენს ნაცვლად გადაწყვიტოს, თავაზიანად გადაუხადეთ მადლობა, მაგრამ მტკიცედ უპასუხეთ, რომ საკითხი ქმართან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ყოფილი დედამთილი მიხვდება, რომ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში უცერემონიოდ შემოჭრის უფლება არ აქვს, თუნდაც ეს ბავშვს - მის შვილიშვილს ეხებოდეს. მისი საქმეა, იყოს ბებია და არა ზედამხედველი და ხელმძღვანელი.
"შენ ჩემი მამა არ ხარ!"
არის შემთხვევები, როცა ბებია (უფრო იშვიათად - ბაბუა) ბავშვს მამინაცვლის წინააღმდეგ ამხედრებს. ბავშვისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. მას ისედაც რთული ურთიერთობა აქვს მამასთან, მამინაცვალთან, ბებია-ბაბუებთან... რა საჭიროა მისი ზედმეტად დაძაბვა და გაორება? განსაკუთრებით საშიშია ბავშვისა და მამინაცვლის ურთიერთობაში ჩარევა, როცა მოზარდი გარდატეხის ასაკს უახლოვდება - ამ პერიოდში მას ისედაც უჭირს მშობლებთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში ყველაზე გონივრული იქნება, დედამ რამდენადმე შეზღუდოს ბავშვის ურთიერთობა ბებია-ბაბუასთან. თუ ქალს სურს, მის შვილს მამინაცვალთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, ახალი ოჯახის ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა: დედამ, მამამ, ბებიამ, ბაბუამ, მამინაცვალმა... ბავშვის ინტერესები ყოველი მათგანის ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს.