როგორ გავართოთ პატარა
როგორც კი პატარა ცოცვას დაიწყებს, მისთვის თვალყურის დევნება ძალიან ძნელი გახდება. თუ ერთი წუთის წინ ის თავის სათამაშოებს ეპოტინებოდა, წუთის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ დერეფანშია და მამის ფეხსაცმლის თასმას პირისკენ მიაქანებს ან მეორე ოთახში გასულა და რომელიღაც ელექტროხელსაწყოს ჩართვას ცდილობს... ბავშვი გამომგონებლობის უნარით არის დაჯილდოებული, ამიტომ აუცილებელია, წინასწარ იზრუნოთ ბინის უსაფრთხოებაზე. კარგი იქნება, თუ ოთხზე დადგებით და შეეცდებით, ოთახს ბავშვის თვალით შეხედოთ. ყველაფერი, რაც წვეტიანი, მსხვრევადი ან ფასეულია, უნდა დამალოთ, ხოლო სადენები და ჩამრთველები მიუწვდომელი გახადოთ. ამიერიდან ოთახიც უფრო ხშირად უნდა დაალაგოთ და პატარასაც ხშირად დაბანოთ ხელები საპნით. რა აინტერესებს ბავშვს? რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც დედა აკეთებს, სწორედ ამ ინტერესის გამო ისწრაფვიან ბავ¬შვები სამზარეულოსკენ და ცდილობენ, კარგად შეისწავლონ კარადების შიგთავსი. როგორც უნდა ვეცადოთ, პატარას სათამაშოებთან ამ დროს ვეღარ დავაბრუნებთ. რა ვიღონოთ, რომ ბავშვიც დასაქმებული იყოს და დედაც არ მოცდეს? საამისოდ საუკეთესო საშუალება სამზარეულოში თამაშია. სათამაშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- ჭურჭელი, რომელიც არ ტყდება, მაგრამ სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემს. მაგალითი ბავშვს თავად უნდა მისცეთ, შედეგს კი უმალვე მიიღებთ - ვიდრე პატარა თავისი მუსიკალური შედევრებით მეზობლებს ახარებს და თქვენს სმენას ატკბობს, თქვენ შეგიძლიათ, სადილის მომზადებაზე იზრუნოთ.
- ხის ჭურჭელი. ცნობილია, რომ პატარები ყველაფერს პირისკენ მიაქანებენ, მით უფრო, რომ კბილების ამოჭრისა და ცოცვის დაწყების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ხის ჭურჭელი, რომელიც არც ლაქით არის დაფარული და არც წვეტიანია, მარტო სათამაშოდ და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი არა, არამედ ღრძილების მოსაქავებლადაც შესანიშნავია.
- ერთჯერადი ჭურჭელი. ისინი ბავშვის განვითარებასაც უწყობენ ხელს - შეიძლება, ერთმანეთში ჩავაწყოთ, გადმოვაპირქვაოთ, პირამიდასავით ავაწყოთ და კუბებსა და პატარა სათამაშოებს დავაფაროთ. თუ სხვადასხვა ფერისა იქნება, ეს ხომ საერთოდ საოცრებაა! პატარა ფერების გარჩევასაც ისწავლის.
- შევიგრძნოთ განსხვავება. სამზარეულოში ადვილია, ბავშვი მიახვედროთ, რა არის ცივი, თბილი, გლუვი, ხორკლიანი. ამაში კი ყინული, მოხარშული კვერცხი, პურის ნაჭერი და ბევრი სხვა რამ დაგეხმარებათ.
- ბგერები. თუ ხილფაფის პატარა ქილებში სხვადასხვა მარცვლეულს ჩავ¬ყრით, სრულიად განსხვავებულ ბგერებს მივიღებთ. ეს პატარას ძალიან გაართობს.
- სამზარეულოს კარადა. მის ქვედა უჯრაში ის საგნები ჩააწყვეთ, რომლებით თამაშიც ბავშვისთვის უსაფრთხოა, შესაფერის დროს კი უჯრა გამოაღეთ, რათა პატარა გააოცოთ.
- ძველი სურათებიანი ჟურნალები. ისინი აუცილებლად მიიპყრობენ ბავშვის ყურადღებას. მას შეუძლია ჟურნალები ფურცლოს, დახიოს, ოღონდ თვალი ადევნეთ, რომ ქაღალდი პირში არ ჩაიდოს.
ერთად ვიმხიარულოთ!
ერთი შეხედვით მოსაწყენი ყოველდღიური საზრუნავი, ბავშვის მოვლა, შეგვიძლია საინტერესო და შემეცნებით საქმიანობად გადავაქციოთ. ეს სულაც არ არის რთული, მთავარია მონდომება.
1. მივუსხდეთ მაგიდას
დღის განმავლობაში ბავშვს რამდენჯერმე აჭმევთ. რა თქმა უნდა, ყველა დედისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა პატარა საკვებზე უარს ამბობს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? ბავშვი საერთო მაგიდასთან დასვით. ჯობს მან სხვებთან ერთად მიირთვას. თუ შინ მარტო ხართ, სადილზე თქვენი პატარას საყვარელი სათამაშო "დაპატიჟეთ".
ესაუბრეთ ბავშვს მორიგი კერძის შესახებ, მოუყევით, როგორ მოამზადეთ ის.
მოილოკეთ ტუჩები, უთხარით ბავშვს, რომ საჭმელი გემრიელია, მცირე ნაწილი თქვენს თეფშზე გადაიღეთ და შეჭამეთ.
უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება თამაში შესთავაზოთ - მაგიდაზე ქაღალდი და ფანქრები დააწყოთ და ყოველი მირთმეული კოვზის ფასად ნახატის თითო დეტალი შექმნათ.
არასოდეს დატუქსოთ ბავშვი ჭამის დროს.
2. ბანაობა
როცა ბავშვს აბაზანაში ჩასვამთ, ასწავლეთ წყალზე ხელის დარტყმა და ერთად იცინეთ შხეფების გაჩენისას. ეს ყველაფერი თამაშად აქციეთ და პატარასაც გაუხარდება, როცა ბანაობას შესთავაზებთ.
იყიდეთ რეზინის სათამაშოები, ერთად აცურავეთ ისინი. გოგონები დიდი სიამოვნებით აბანავებენ თოჯინას, ხოლო ბიჭუნები - ჯარისკაცებს.
3. ვიცეკვოთ
თუ სტუმრები გეწვიათ ან უბრალოდ რიტმული მუსიკის მოსმენისას მოძრაობის სურვილი გაგიჩნდათ, აუცილებლად "გაიწვიეთ" საცეკვაოდ თქვენი შვილი. მამის ხელებში ყველა პატარა გოგონა სიამოვნებით ცეკვავს, ხოლო პატარა ბიჭი სიამოვნებით უწევს პარტნიორობას დედას. თუ ბავშვი პატარაა, გაახალისებს რიტმული მოძრაობები მუსიკის ფონზე. ცეკვა მარტო ბავშვისთვის კი არა, თქვენთვისაც სასარგებლოა - ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ოღონდ არ უნდა დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები - თუ ბინა პატარაა, ბევრ რამეს შეიძლება შეეჯახოთ.
4. სეირნობა
ჰაერზე სეირნობა ბავშვისათვის სასარგებლოა. კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაასეირნებთ. ამასთანავე, ეცადეთ, მარშრუტი ხშირად ცვალოთ, რომ ბავშვმა არ მოიწყინოს.
წადით მაღაზიაში. ბავშვი შესანიშნავად გაერთობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნებას მისცემთ, საყიდლების არჩევაში დაგეხმაროთ ან ესა თუ ის პროდუქტი მოგაწოდოთ. თუ შვილს ხელში პატარა პარკს მისცემთ და შიგ მსუბუქ შენაძენს ჩადებთ, ის თქვენი საქმიანობის სრულფასოვან წევრად იგრძნობს თავს. ეცადეთ, საინტერესო გახადოთ თქვენი მარშრუტი. მოუყევით ბავშვს იმ მცენარეების შესახებ, რომელთაც ხედავთ, აჩვენეთ ლამაზი ფოთლები, ყვავილები. ეცადეთ, ასწავლოთ პატარას, ყველაფერში მშვენიერება დაინახოს, დატკბეს უბრალო საგნების სილამაზით. თუ გზად ისტორიული მნიშვნელობის შენობები გხვდებათ, შეგიძლიათ მათ შესახებაც მოუთხროთ.