ცეკვის გაკვეთილი
5-6 წლის ასაკში სავსებით დასაშვებია, ბავშვმა ცეკვის შესწავლა დაიწყოს. ამ ასაკის ბავშვი უკვე ხვდება, რას მოითხოვენ მისგან, მზად არის ფიზიკური დავალებების შესასრულებლად. სასურველია სკოლა ან სტუდია სახლთან ახლოს იყოს, რათა გზამ ზედმეტად არ დაღალოს ბავშვი - რეპეტიცია ხომ კვირაში 2-3-ჯერ მაინც ტარდება.სარეპეტიციო დარბაზშიკარგმა ქორეოგრაფმა და პედაგოგმა კარგად იცის, როგორ დააინტერესოს ბავშვი ცეკვის ხელოვნებით, მისთვის გასაგებ ენაზე უხსნის საჭირო ილეთსა და ცეკვის შინაარსს. ბავშვები ნელ-ნელა, ეტაპობრივად ითვისებენ ახალ-ახალ მოძრაობებს და თანდათან ყოველივე ამას უფრო და უფრო დიდი სიყვარულით ეკიდებიან. მოგვიანებით ბავშვი თვითონვე აირჩევს ამა თუ იმ მიმდინარეობას და სრულყოფილად დაეუფლება. ცეკვისთვის საჭიროა სპეციალური სარეპეტიციო ფორმა, მოგვიანებით კი - საცეკვაო კოსტიუმი უამრავი აქსესუარით, რომელიც სპეციალურ სახელოსნოში იკერება და, რა დასამალია, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი შვილის გაბრწყინებული თვალები პირველი საკონცერტო გამოსვლისას, როცა ლამაზ საცეკვაო კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები მონდომებით ასრულებენ ხანგრძლივ რეპეტიციებზე ათვისებულ საცეკვაო ილეთებს და მაყურებელთა ოვაციებს იმსახურებენ. ბავშვს თავდაჯერება ემატება, როცა თავისი შრომის ნაყოფს ხედავს და ამისთვის მაყურებლისა და ახლობლების ქებას იმსახურებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი პედაგოგის, ქორეოგრაფის შეფასებაა.
რაც შეეხება პედაგოგს: როცა 5-6 წლის ბავშვი ცეკვის სტუდიაში მიგვყავს, ის იქ უნდა ჩავაბაროთ ადამიანს, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ როცა ვარჩევთ სტუდიას, წინასწარ უნდა გავარკვიოთ, რამდენად გამოცდილია სპეციალისტი. ეს კარგად იციან მშობლებმა, რომელთა შვილები დიდხანს დადიოდნენ ამა თუ იმ პედაგოგთან. პედაგოგი პროფესიონალი უნდა იყოს. თუ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ძალიან კარგია, რადგან პატარები ძალიან მგრძნობიარენი არიან. კარგი ქორეოგრაფი ბავშვებს ასწავლის არა მხოლოდ ილეთებსა და მოძრაობებს, არამედ უვითარებს დადებით პიროვნულ თვისებებს. ქართული ცეკვის მასწავლებლებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მათ აღზრდილებს იშვიათად ჩაუდენიათ უღირსი საქციელი, არასოდეს უხმარიათ იარაღი, არ გაკარებიან ნარკოტიკს. ეს იმიტომ, რომ ბავშვი თავიდანვე ითვისებს: ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი უნდა იყოს ვაჟკაცი, რაინდი, ქალების პატივისმცემელი და ბევრი სხვა ღირსების მატარებელი პიროვნება, ქართული კაბითა და მანდილით შემოსილი ქალი კი ნაზი, კდემამოსილი, მშვენიერი ქალური თვისებებით შემკული მანდილოსანი.
რას აძლევს ცეკვა ბავშვს:
- მოხდენილობას, მოქნილობას, ამტანობას;
- ურთიერთობის, პარტნიორობის, მეგობრობის უნარს;
- პლასტიკას, გრაციოზულობას;
- საკუთარი თავის რწმენას;
- პასუხისმგებლობის გრძნობას.
ეს თვისებები კი მას მომავალ ცხოვრებაში უთუოდ გამოადგება.