დაბადებიდანვე ჯანმრთელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბადებიდანვე ჯანმრთელი

პატარა დღითი დღე სწავლობს საკუთარი სხეულის მართვას.

  • 2 თვის ასაკისთვის თავი უკვე უჭირავს;
  • 4-5 თვისთვის კი საწოლში ტრიალდება;
  • 5 თვის ბავშვი 2-ჯერ მეტს იწონის, ვიდრე დაბადებისას. მისი მოძრაობები უფრო კოორდინირებული ხდება - შეუძლია, მისწვდეს სათამაშოს და ხელშიც აიღოს;
  • 6-7 თვისთვის ბავშვი ჯდომას სწავლობს, შემდეგ კი ცოცვას და მცირე ზომის საგნების აღებას იწყებს.
  • 7-10 თვისთვის პატარა ფეხზე დგება;
  • ერთი წლისა კი დამოუკიდებლად დადის და მარტივ თხოვნებსაც ასრულებს.

  • ნუ დაიზარებთ ვარჯიშს

შესაძლოა, ამ სიტყვების გაგონებისას გაიფიქროთ, რას ჰქვია ვარჯიში, ნამცეცას შეხებაც კი საფრთხილოაო. ექიმები კი მიიჩნევენ, რომ ვარჯიში აუცილებელია. შესაძლოა, ის მაინცდამაინც ენერგიული არ იყოს, მაგრამ ელემენტარული ფიზიკური აქტიურობა და მასაჟი ყველა ახალშობილს სჭირდება.

სიცოცხლის პირველ თვეებში პატარა ჯერ კიდევ იმ პოზას იღებს, რომელიც მუცლადყოფნისას ჰქონდა - ხელებსა და ფეხებს ხრის. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ცალ მხარეს ხელი და ფეხი უფრო მეტად აქვს მოხრილი. ამ მოვლენას აქვს მიზეზიც - თავის ტვინის სხვადასხვა უბანი ერთმანეთთან შეუთანხმებლად მუშაობს. რომელიმე ზონის აგზნება კუნთების შეკუმშვას იწვევს. ძილის დროს კუნთების მოულოდნელმა შეკუმშვამ შესაძლოა თვითონ პაწიაც დააფრთხოს. ბუნებრივია, გსურთ, პირმშოს ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმაროთ. ეს არც ისე რთულია - საჭიროა მხოლოდ რეგულარული მასაჟი და ვარჯიში.

ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა პატარას კუნთების ტონუსის კორქციისთვის. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას. პატარა ორგანიზმი ადაპტაციას განიცდის დატვირთვისა და გარემოს ცვალებადობის სტრესული ზემოქმედების მიმართ. ყოველივე ამასთან ერთად, ვარჯიში დედისა და შვილის ძალიან სასიამოვნო ურთიერთობის კიდევ ერთი ფორმაა. ის საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ პაწიას ღიმილი, მისი თვალები, რომლებშიც ჩვენი ანარეკლი ჩანს, გავიგონოთ ბავშვის ხმა, შევიგრძნოთ ნამცეცა ხელების შეხება. როცა პატარა სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე მზრუნველობითა და სინაზით არის გარემოცული, მას სამყაროს მიმართ რწმენა უყალიბდება, რაც მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს.

ამავე დროს, დედას ვურჩევთ გაითვალისწინოს, რომ ფიზიკურ ვარჯიშს ბავშვი თანდათან, ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს.

  • პაწია კეისრები

ბავშვი, რომელიც საკეისრო კვეთის შედეგად იბადება, ოპერაციის დაწყებიდან 3-5 წუთის შემდეგ ევლინება ქვეყანას. ასე რომ, განსხვავებულ გარემოსთან ადაპტაციის ფაზას, ფაქტობრივად, არ გაივლის და ჩვეულებრივი, რამდენიმესაათიანი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვებისგან განსხვავებით, შეგუების უნარი სუსტი აქვს. პატარა ისე იბადება, რომ ვერ ასწრებს მომზადებას განსხვავებული სენსორული დატვირთვების პირობებში ცხოვრებისთვის. ექიმების აზრით, მსგავს სიტუაციაში სწორედ ვარჯიშია უებარი საშუალება. ის წვრთნის პატარას სხეულსა და ფსიქიკას, ასწავლის ძლიერი, ზღურბლოვანი დატვირთვის აიტანას, ადაპტაციური მდგრადობის გამომუშავებას. ბავშვი უფრო ენერგიული, მოძრავი, აქტიური იქნება, ნაკლებად იავადმყოფებს, ჩამოუყალიბდება კარგი კოორდინაცია, სწრაფი რეაქცია, გაუუმჯობესდება მადა და ძილი.

  • დედის ხელების სითბო

იდეალურია ვარჯიშისა და მასაჟის შერწყმა. მასაჟის წყალობით ვძლევთ ნებისმიერ ტკივილს და შევამცირებთ დაძაბულობას კუნთებსა და სახსრებში. გარდა ამისა, მასაჟი სისხლის მიმოქცევასა და ლიმფის დინებას ასტიმულირებს, ხელს უწყობს სწორი ზურგის ჩამოყალიბებას, ხერხემლის განმტკიცებას. ვარჯიში და ზოგადი დამამშვიდებელი ან მატონიზებელი მასაჟი 2 კვირის ასაკიდან რეკომენდებულია ნევროლოგიური დაავადებების დროსაც.

  • როგორ შევარჩიოთ ვარჯიში

არსებობს ახალშობილთათვის რეკომენდებულ ვარჯიშთა მრავალი კომპლექსი. ზოგიერთი ექიმის აზრით, პასუხისმგებლობა მათ შერჩევასა და შესრულებაზე მშობლებსაც ეკისრება, ამიტომ ვარჯიშთან დაკავშირებული ელემენტარული საკითხები დედამაც უნდა იცოდეს. თუ ბავშვს ნორმიდან გადახრა აქვს, ვარჯიშისა თუ მასაჟის დაწყებამდე აუცილებელია ორთოპედისა და ნევროლოგის კონსულტაცია. უმჯობესია, ასეთ ბავშვებს მასაჟი თავდაპირველად პროფესიონალმა ჩაუტაროს, შემდეგ კი, პატარას მდგომარეობის გათვალისწინებით, ვარჯიში და მასაჟი შეიძლება დედასაც მივანდოთ.

ჯანმრთელი ბავშვის ყოველდღიური პროფილაქტიკური ვარჯიში და მასაჟი განსაკუთრებულ ცოდნასა და ოსტატობას არ მოითხოვს. მათ შესრულებაში ქვემოთ მოყვანილი ელემენტარული რეკომენდაციები დაგვეხმარება. ვარჯიში სრულდება დღეში 2-3-ჯერ, 30-40 წუთიანი ინტერვალით, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ვარჯიშისა და მასაჟის დროს ბავშვს ტანსაცმელი უნდა გავხადოთ, ამიტომ ოთახში ტემპერატურა 22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ვარჯიშის ხანგრძლივობა 6-8-დან 10-15 წუთამდეა. პროცედურისას პატარას ალერსიანად ესაუბრეთ. მასაჟი მსუბუქად და ნაზად უნდა ჩატარდეს. ერთ წლამდე ბავშვებს არ უნდა ჩაუტარდეთ მასაჟი მარჯვენა ფერდქვეშა არეში (ეს ღვიძლის საპროექციო არეა) და სახსრების მიდამოში. სიფრთხილე გვმართებს თირკმელებისა და ელენთის საპროექციო არესთან შეხების დროსაც. პროცედურა ბავშვს სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს. კარგია, როდესაც პატარა ვარჯიშსა და მასაჟს თამაშად აღიქვამს. თუ ბავშვი ტირის, დატვირთვის ინტენსივობა უნდა შემცირდეს, პაწია უნდა დავამშვიდოთ, სათამაშოებით გავართოთ. გახსოვდეთ: ბავშვი წყენას იოლად ივიწყებს.

3-4 თვემდე უნდა შევარჩიოთ ვარჯიშები, რომლებიც ბავშვის თანდაყოლილ რეფლექსებს ემყარება. ეს დაგვეხმარება, პატარას მოძრაობის უნარი განვუვითაროთ.

რეფლექსებზე დამყარებული ვარჯიშების შესრულება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ბავშვს ეს რეფლექსები უკვე აქვს. მაგალითად, თუ პატარას ტერფებს ხელისგულით მივაწვებით, ის გაცოცდება. ხელისგულებზე ზეწოლისას ვლინდება ტაცების რეფლექსი: პასუხად ბავშვი ისე ძლიერ ეჭიდება უფროსის თითებს, რომ მისი წამოყენებაც კია შესაძლებელი. ხერხემლის ახლოს თითი მენჯიდან კისრისკენ გაატარეთ. პატარა, რომელიც გვერდზე წევს, სხეულს გამართავს. წუთითაც არ დატოვოთ ბავშვი მარტო მასაჟის მაგიდაზე. ვარჯიშისა და მასაჟის თაობაზე აუცილებლად მიიღეთ რეკომენდაცია პედიატრისგან, ხოლო თუ ბავშვს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა აქვს - მისი მკურნალი ექიმისგან. გახსოვდეთ, ავადმყოფ ბავშვს განსხვავებული ვარჯიში სჭირდება.

  • ვარჯიშების კომპლექსი პატარასთვის 2-დან 6 კვირამდე

ვარჯიშების ხანგრძლივობაა 6-8 წუთი. თითოეული ვარჯიში 3-5-ჯერ გაიმეორეთ.

სუნთქვითი ვარჯიშები

  1. აიყვანეთ ბავშვი ხელში, მისი სახე თქვენსას მიუახლოვეთ, თავი დაუჭირეთ, ზურგზე რიტმულად დააწექით ხელებით.
  2. პატარა ზურგზე დააწვინეთ. მსუბუქად დააწექით გულმკერდზე (ზეწოლა არ არის საჭირო მკერდის ძვლის არეში).

ტერფების ვარჯიში

  1. ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. მსუბუქად დააწექით ტერფებს თითებთან, თითები ოდნავ მოუხარეთ.
  2. ხელით განზიდეთ თითები.

ტერფების მასაჟი

ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. ცერა თითები გაუსვით ტერფს, ხოლო საჩვენებელი თითით გეჭიროთ ტერფი.

მუცელზე წოლა

ბავშვი დააწვინეთ მუცელზე. მსუბუქად დაუსვით ხელები ზურგზე თავიდან დუნდულებამდე.

ხელების ვარჯიში

პატარა დააწვინეთ ზურგზე. მსუბუქად დააწექით ორივე ხელისგულს, ხელებს მოეფერეთ.

გულმკერდის მასაჟი

ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. მსუბუქად დაუსვით მკერდის ძვლის შუა ნაწილიდან გვერდებისკენ. არ არის საჭირო ზეწოლა მკერდის ძვალზე. ყველა მოძრაობა ნაზი და ალერსიანი უნდა იყოს.

ფეხების ვარჯიში

ბავშვს ხელები იღლიებში მოჰკიდეთ და ფეხებით ოდნავ შეახეთ მაგიდას (ოღონდ ფეხზე არ დააყენოთ!). პატარა რეფლექსურად გამართავს მუხლებს. თავი ამ დროს საჩვენებელი და შუა თითებით უნდა გეჭიროთ.

  • 1,5-დან 3 თვემდე

ვარჯიშის ხანგრძლივობა დაახლოებით 8-10 წუთია. თითოეული ვარჯიში 4-6-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

სუნთქვითი ვარჯიში

ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. ხელები აქეთ-იქით გადააშლევინეთ, შემდეგ კი გულმკერდს შემოარტყით ისე, რომ გულმკერდზე მსუბუქი ზეწოლა განახორციელოთ.

ხელებისა და ფეხების მასაჟი

ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. მსუბუქი შეხებით გააკეთეთ ხელებისა და ფეხების მასაჟი.

ზურგის მასაჟი

ბავშვი დააწვინეთ მუცელზე. ხელები დაუსვით თავიდან დუნდულებისკენ და პირიქით.

უცლის მასაჟი

ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. მუცელზე ხელი უსვით საათის ისრის მიმართულებით.

ზურგის გაშლა

ბავშვი დააწვინეთ ზურგზე. ხერხემლის გასწვრივ (მის აქეთ-იქით და არა თვით ხერხემალზე) დაუსვით საჩვენებელი და ცერა თითები.

სიარული

ბავშვს მოჰკიდეთ ხელი იღლიებში და მისი ფეხები ოდნავ შეახეთ მაგიდას, ოღონდ ფეხზე არ დააყენოთ! პატარა რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.

ცეკვა

ბავშვი ფეხებით ოდნავ ეხება მაგიდას, შემდეგ თითქოს ზემოთ ახტება. მერე კი ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. პატარა მუცელზე დააწვინეთ, შემდეგ "მუხლებზე წამოაყენეთ" და "ფეხზეც დააყენეთ" (ეს ყველაფერი იმიტაციაა, კიდურებზე ზეწოლა დაუშვებელია).

თამაში

ბავშვი ჯერ ზურგზე დააწვინეთ, შემდეგ მუცელზე გადააბრუნეთ. 10-35 სმ მანძილზე მოთავსებული სათამაშოთი მიიქციეთ მისი ყურადღება, რათა პატარამ თავი ატრიალოს.