პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიის ცნობარი

გენერალიზებული ალერგიული რეაქცია უმეტესად ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წამის ან წუთის შემდეგ იჩენს თავს, იშვიათად - ოდნავ მოგვიანებით (ორი საათის ფარგლებში).

ძლიერ სენსიბილიზებული (ანუ მეტისმეტად მაღალი მგრძნობელობის მქონე) პირებისთვის ალერგენის არც დოზა და არც ორგანიზმში შეყვანის გზა არ არის გადამწყვეტი - ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებისთვის უმნიშვნელო ოდენობაც საკმარისია, თუმცა დიდი დოზა შოკს რამდენადმე ამძიმებს და ახანგრძლივებს.

ბოლო ხანს გახშირდა ანაფილაქსიური შოკი სხვადასხვა სახის თერაპიული და დიაგნოსტიკური ჩარევის დროს. მას იწვევს ანტიბიოტიკები, პენიცილინი და მისი ანალოგები, სტრეპტომიცინი, B1 ვიტამინი, ამიდოპირინი, ანალგინი, ნოვოკაინი, იმუნური შრატები, ვაქცინები, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები, სისხლი და მისი შემცვლელები, კანზედა ტესტები, ჰიპომადესენსიბილიზებელი (ანუ მგრძნობელობის დაქვეითებისკენ მიმართული) თერაპია ამა თუ იმ ალერგენით და სხვა.

რაც უფრო სწრაფად ვითარდება შოკი, მით უფრო უარესია პროგნოზი.

როგორ ვლინდება

ანაფილაქსიური შოკის ხარისხი და სიმძიმე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სისხლძარღვოვანი კოლაფსის განვითარების სისწრაფეზე და, აქედან გამომდინარე, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.

  • მსუბუქი ფორმა (განვითარების ხანგრძლივობა - რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე) ვლინდება კანის ჰიპერემიით (სიწითლით), ქავილით, ცხვირცემინებით, რინორეით (ცხვირიდან უხვი გამონადენით), თავბრუხვევით, თავის ტკივილით, ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით), ტაქიკარდიით, სიმხურვალისა და ძლიერი სისუსტის შეგრძნებით, უსიამოვნო შეგრძნებებით სხეულის სხვადასხვა უბანში.
  • საშუალო სიმძიმის ფორმას ახასიათებს შედარებით მკვეთრად გამოხატული სიმპტომები - ტოქსიდერმია (კანის დაზიანება ალერგენის ზემოქმედებით), კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ცირკულარული დარღვევები - ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში, არითმია, არტერიული წნევის საგრძნობი დაქვეითება, მკვეთრად გამოხატული სისუსტე, ძლიერი თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება, მოუსვენრობა და აგზნება, სიკვდილის შიში. ადამიანს ამ დროს კანკალი უვარდება, ცივი წებოვანი ოფლი ასხამს, თავში ძლიერ ხმაურსა და რეკვას შეიგრძნობს, მისდის გული. ამ ფონზე შესაძლოა განვითარდეს ობსტრუქციული სინდრომი ბრონქული ასთმის ტიპის შეტევით, ციანოზით, შესაძლოა, გამოიკვეთოს კუჭნაწლავისეული სინდრომი (ღებინება, გულისრევა, მუცლის შებერვა, ენის შეშუპება, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი სისხლის მინარევით) ან თირკმლისეული სიმპტომები (პოლიურია - გახშირებული შარდვა).
  • მძიმე ფორმის დროს ელვის სისწრაფით ვითარდება კოლაფსი (ციანოზი, სიფითრე, ძაფისებრი პულსი, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა), კომური მდგომარეობა (გონების დაკარგვა, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია). გუგები ამ დროს გაფართოებულია, სინათლეზე რეაქციას არ ამჟღავნებს. არტერიული წნევის დაცემისდაკვალად მაჯისცემა და წნევა არ ისინჯება, გული ჩერდება და სუნთქვა წყდება.

არსებობს ანაფილაქსიური შოკის სხვადასხვა ვარიანტი. სახელდობრ, გენერალიზებული ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს უპირატესად:

  • კანის დაზიანებით - დამახასიათებელია ჰიპერემია და მწველი ქავილი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება;
  • ნერვული სისტემის დაზიანებით (ცერებრული ვარიანტი) - ამ დროს ადამიანს უვარდება თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ემართება პარესთეზია - ჩხვლეტის, წვის, ჭიანჭველების ცოცვის, სიმხურვალისა და სხვა ცრუ შეგრძნებები, ჰიპერესთეზია - გაძლიერებული მგრძნობელობა, კრუნჩხვა, მოსალოდნელია გონების დაკარგვა ეპილეფსიის ტიპის კლინიკური სიმპტომებით.
  • სასუნთქი სისტემის ორგანოთა დაზიანებით (ასთმური ვარიანტი), როდესაც დომინირებს სულხუთვა, ვითარდება ასფიქსია (გაგუდვა). ამ უკანასკნელის მიზეზია ზედა სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა ხორხის შეშუპების გამო, აგრეთვე - წვრილი და საშუალო ბრონქების გამავლობის დარღვევა.
  • გულის დაზიანებით (კარდიოგენული ვარიანტი), რომელსაც მწვავე მიოკარდიტის (გულის კუნთოვანი გარსის ანთების) ან მიოკარდიუმის ინფარქტის კლინიკური სურათის განვითარება ახასიათებს.

ანაფილაქსიური შოკის დროს სიკვდილი შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმით ან ფილტვების შეშუპებით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობის, ასევე - გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ან ტვინის შეშუპების გამო.

მოითხოვს თუ არა ანაფილაქსიური შოკი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას?

ანაფილაქსიური შოკის დროს სამედიცინო ჩარევა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ამ დროს თითოეული წუთი გადამწყვეტია, ამიტომ ანაფილაქსიური შოკის თაობაზე მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება. ექიმის მოსვლამდე კი, თუ ავადმყოფი გონზეა და სუნთქვა უჭირს, ეცადეთ, რაც შეიძლება უკეთ უზრუნველყოთ ჟანგბადით: წამოსვით, ფანჯარა გამოაღეთ და გულშემატკივრები მოაცილეთ. ასევე შეეცადოთ აღკვეთოთ ორგანიზმში ალერგენის გაფანტვა. ამისთვის ალერგენის შეჭრის ადგილის (შოკის გამომწვევი მედიკამენტის ინექციის ადგილის, მწერის ნაკბენის) ზემოთ შეძლებისდაგვარად გადაუჭირეთ ღვედი.

თუ ავადმყოფს გონება ებინდება, პულსი უსუსტდება, წნევა უქვეითდება, წამოაწვინეთ და ფეხები მაღლა ააწევინეთ.

თუ ავადმყოფმა გონება დაკარგა, უნდა დავაწვინოთ, თავი გვერდზე მივუბრუნოთ (თუ კბილების პროთეზს იყენებს, ამოვუღოთ, რათა თავი დავიზღვიოთ ასფიქსიისგან), ხოლო თუ პულსი აღარ ესინჯება, ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი.

ანაფილაქსიური შოკის დროს ადამიანს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ათავსებენ და გართულებათა თავიდან ასაცილებლად კომპლექსურ მკურნალობას უტარებენ.

ანაფილაქსიური შოკის გადატანის შემდეგ ადამიანი ალერგოლოგს უნდა ესტუმროს, რათა დაადგინოს მომხდარის მიზეზი და მომავალში თავი არიდოს ანაფილაქსიის გამომწვევ ფაქტორს.

ანაფილაქსიური რეაქცია

როგორ ვითარდება

ანაფილაქსიური რეაქცია ანტიგენთან ორგანიზმის განმეორებითი კონტაქტისას ვითარდება. ამ დროისთვის ღრუბლისებრი უჯრედების ზედაპირზე უკვე არის რეაგინები (E კლასის იმუნოგლობულინების ჯგუფის ანტისხეულები - IgE), რომლებიც მოცემული ალერგენის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ყალიბდება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი, რაც უჯრედის გარსში ფერმენტულ ცვლილებათა წყებას იწვევს.

ალერგიის გამოვლენა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მედიატორების მოქმედებაზე. ისინი იწვევენ ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმს, ლორწოს ჭარბ გამოყოფას, ლორწოვანი გარსიდან სისხლდენას და შეშუპებას (ასთმა), არტერიული წნევის დაქვეითებას (შოკი), ქავილს (ჭინჭრის ციება), ქსოვილის გავსებას მჟავას მშთანთქმელი და სხვა უჯრედებით.

ანაფილაქსიური რეაქციის ორ ფაზას გამოყოფენ. პირველი აღმოცენდება ანტიგენთან (ალერგენთან) კონტაქტიდან რამდენიმე წუთში. მეორე (გვიანი) ფაზა დგება 4-6 საათის შემდეგ და დიდხანს გრძელდება. მისი მკურნალობა რთულია. ზოგი ადამიანი ალერგენზე ორფაზოვნად რეაგირებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მჟავას მშთანთქმელ უჯრედებს. დადგენილია, რომ ისინი გამოათავისუფლებენ სუბსტანციებს, რომლებიც წამწამოვანი ეპითელიუმის უჯრედებს აზიანებს და ბრონქების ანთებას იწვევს.

ღრუბლისებრი უჯრედებიდან მედიატორების გამოთავისუფლების სხვა მექანიზმებიც არსებობს. ალერგიის მკურნალობა და ეფექტურობა ამ მექანიზმების დროულ დადგენაზეა დამოკიდებული.

II თავი

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები

1. აკროდერმატიტი

2. ასფიქსია (ახალშობილთა)

3. ლორენს-მუნ-ბარდე-ბიდლის სინდრომი

4. მადელუნგის დაავადება

5. მემკვიდრეობითი ნეიტროპენია

6. ნეკროზული ფლეგმონა (ახალშობილთა)

7. პერინატალური პათოლოგია

8. პიგმენტის შეუკავებლობა

9. სამშობიარო ტრავმა

10. სკლერემა (ახალშობილთა)

11. სკლეროდერმია (ახალშობილთა)

12. ტერფმრუდობა

13. ტოქსიკური ერითემა (ახალშობილთა)

14. შვახმანის სინდრომი

15. ჰიპერბილირუბინემია

1. აკროდერმატიტი

აკროდერმატიტი წარმოადგენს კანის ანთებით დაავადებათა ჯგუფს, რომელსაც კიდურების დისტალური ნაწილების დაზიანება ახასიათებს. ის მოიცავს სხვადასხვა ეტიოლოგიისა და კლინიკური ნიშნების მქონე ისეთ დერმატოზებს, როგორებიცაა ატროფიული ქრონიკული აკროდერმატიტი, ენტეროპათიური აკროდერმატიტი და პუსტულოზური აკროდერმატიტი.

ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი

ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი (იგივე კანის იდიოპათიური ატროფია) კანის ქრონიკული ინფექციური დიფუზური ატროფიაა. მისი გამომწვევია ტრეპონემა (Bორრელია-ს ოჯახისა), ხოლო გადამტანი - ტკიპა იხოდეს რიცინუს. გვხვდება უმთავრესად ჩრდილოეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. დაავადება ვითარდება შეუმჩნევლად, ჩვეულებისამებრ, ცხელებისა და საერთო მდგომარეობის ცვლილებათა გარეშე. მთავარი კლინიკური სიმპტომია ერითემა მკვეთრი შეშუპებით, მეტწილად - ერთ-ერთ კიდურზე. ზოგ ავადმყოფს ის ზოლებად უჩნდება. ატროფიული ცვლილებები თავს იჩენს რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ამ დროს კიდურზე კანი მკვეთრად განილევა და გაცრეცილ პაპიროსის ქაღალდს ემსგავსება. ატროფირებულ უბნებში შესაძლოა გაჩნდეს ზოლოვანი ან კეროვანი სკლეროდერმისებური გამკვრივება. პროცესის ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია კანის კიბოს, ლიმფოციტომებისა და სხვა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების განვითარება.

ქრონიკულ ატროფიულ აკროდერმატიტს მკურნალობენ დერმატოლოგიურ სტაციონარში. იყენებენ პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს (ტეტრაციკლინს და სხვა). პროფილაქტიკა გულისხმობს ტკიპის ნაკბენის საგულდაგულო დამუშავებას სადენზიფექციო საშუალებებით.

ენტეროპათიური აკროდერმატიტი

ენტეროპათიური აკროდერმატიტი (იგივე დანბოლტ-კლოსის სინდრომი) იშვიათი აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში თუთიის ნაკლებობითაა გამოწვეული. წესისამებრ, ემართებათ ორ წლამდე ასაკის ბავშვებს. მისთვის დამახასიათებელია ბუშტუკოვანი გამონაყარი თვალების გარშემო, პირთან, ანუსთან, იდაყვთან, მუხლთან, საზარდულ-ბარძაყის ნაოჭთან, თეძოსთან, დუნდულასთან, სადაც შემდეგ აქერცვლადი გამონაყარი ყალიბდება. ამას თან სდევს თმის ცვენა, ონიქოპათია, ფოტოფობია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა.

მკურნალობა ტარდება საავადმყოფოში და გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად. მკურნალობის გარეშე პროგნოზი ცუდია: ავადმყოფი ბავშვობაშივე კვდება დაავადების გართულებით - სეფსისით.

პუსტულოზური აკროდერმატიტი

პუსტულოზური აკროდერმატიტი გაურკვეველი წარმოშობის დაავადებაა. ზოგი მკვლევარი მას დამოუკიდებელ სნეულებად მიიჩნევს, ზოგი - პუსტულოზური ფსორიაზის ვარიანტად. თითების უკანასკნელ ფალანგებზე ჩნდება ერითემულ-სკვამოზური (მოწითალო აქერცლილი) პუსტულოზური (ბუშტუკოვანი) გამონაყარი. ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში თითებზე ვითარდება კანისა და კუნთების ატროფიული ცვლილებები. მკვეთრადაა გამოხატული ფრჩხილების დისტროფია: ფრჩხილები უფერული, გასქელებული და მტვრევადია.

პუსტულოზურ აკროდერმატიტს მეტწილად ამბულატორიულად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებისა და ანტიბიოტიკების შემცველი კრემებით, ფოტოქიმიოთერაპიით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით. შინაგანად მისაღები ანტიბიოტიკის დანიშვნა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან შესაძლოა, პროცესის გენერალიზებას შეუწყოს ხელი. უნდა ჩატარდეს ინფექციის კერის სანაცია.

მომდევნო ნომერში:

  • ასფიქსია (ახალშობილთა)
  • ლორენს-მუნ-ბარდე-ბიდლის სინდრომი