რაიტთერაპია
ცხენის დახმარებით ამა თუ იმ დაავადების მკურნალობას, მისი ქართული სკოლა ათეულობით წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და უცხოეთშიც კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ოთხმოცდაათიანი წლების ნგრევამ და კრიზისმა მასაც დააჩნია კვალი, თუმცა დღეს რაიტთერაპია იბრუნებს წარსულ დიდებას.
რაიტთერაპიის, მედიცინის ამ მეტად საინტერესო დარგის, შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საცხენოსნო ცენტრ "რაიდმედის" ხელმძღვანელი, საქართველოს რაიტთერაპიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სამედიცინო აკადემიის დიპლომისშედგომი განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა საგანელიძე.
- ქალბატონო ხათუნა, იქნებ ორიოდე სიტყვით მოგვითხროთ რაიტთერაპიის შესახებ: საიდან იღებს სათავეს ეს მეთოდი, როგორია მისი არსი?
- რაიტთერაპია, მკურნალობის ეს უნიკალური მეთოდი, რომელიც მეტად საინტერესო პრინციპებზეა აგებული, ახალი არ არის. მას, თუმცაღა გაუცნობიერებლად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. მოგვიანებით დაიწყო იმის მეცნიერულად შესწავლა, რა გავლენას ახდენდა ცხენოსნობა ადამიანის ორგანიზმზე - აღმოჩნდა, რომ იგი აყალიბებდა არა მარტო ჯანსაღ სხეულს, არამედ ჯანსაღ სულსაც.
საქართველოში რაიტთერაპიის ისტორია უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. მას დღემდე სათავეში უდგას ბატონი დიმიტრი წვერავა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი რაიტთერაპიის მსოფლიოში ცნობილ ქართულ სკოლას. განსაკუთრებულ აღიარებას ამ სკოლამ საბჭოთა კავშირის პერიოდში მიაღწია, სადაც წარმატებით მკურნალობდნენ ამ მეთოდით და ძალზე პოპულარულიც გახლდათ. ამჟამად არანაკლები წარმატებით იყენებენ რაიტთერაპიას უკრაინაში, თურქმენეთში და ეს მეთოდი თანდათან იბრუნებს თავის ძველ, კარგა ხნის წინ აღიარებულ სტატუსს.
- მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ იპოდრომი ფაქტობრივად აღარ გვაქვს, რაიტთერაპია მაინც იბრუნებს ძველ დიდებას...
- სამწუხაროდ, იპოდრომზე, რომლის ბაზაზეც ფუნქციობდა რაიტთერაპიის სკოლა, რეფორმები გატარდა; იპოდრომმა შეიძინა სრულიად სპორტული ხასიათი; მოყვარულებისთვის, ასევე - მათთვის, ვინც იქ სამკურნალოდ დადიოდა, იგი დაიხურა. სწორედ ამან შთაგვაგონა, აგვეშენებინა კომპლექსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა როგორც პაციენტებისთვის, ასევე მოყვარულთათვისაც, რომლებსაც უბრალოდ სიჯანსაღისა და სიამოვნებისთვის სურთ დაეუფლონ ჯირითის ტექნიკას. ეს ცენტრი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
- მოდი, ისევ რაიტთერაპიას დავუბრუნდეთ. რატომ მაინცდამაინც ცხენი? განა სხვა ცხოველის დახმარებით არ შეიძლება მკურნალობა?
- სხვათა შორის, მსოფლიოში ამ მეთოდის არსს უფრო ფართოდ მოიაზრებენ და სწორედ "ცხოველებით თერაპიას" (ინგლისურად - ანიმალთერაპია) უწოდებენ. მაგალითად, პოპულარულია თერაპია კატებისა თუ დელფინების დახმარებით, რომლის არსიც გახლავთ ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ამასთან, ჯერ კიდევ შეისწავლიან იმ ბგერებსა თუ ულტრაბგერებს, რომლებსაც ეს ცხოველები გამოსცემენ და რომელიც ასევე სამკურნალო მიზნით გამოიყენება.
რაც შეეხება ცხენს, იგი ადამიანზე ორგვარ ზემოქმედებას ახდენს: ფსიქოლოგიურსა და ფიზიკურს. ცხენზე ჯდომისას წარმოიშობა სამგანზომილებიანი რხევა, რომელიც ადამიანის სხეულს გადაეცემა. როცა მხედარი სწორად ზის (ჩვენ კი პაციენტებს, უწინარეს ყოვლისა, სწორად ჯდომას ვასწავლით), მისი სხეული ამ რხევებს იმეორებს, რაც, თავისთავად, დადებით გავლენას ახდენს ნერვკუნთოვანი სისტემის განვითარებაზე.
მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რხევებით აღიძვრება ნერვული იმპულსაცია, რომელიც ხერხემლის სვეტის დახმარებით გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის სწორედ იმ მიდამოებს აღაგზნებს, რომლებიც მიძინებულია. სხვათა შორის, სწორედ ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას.
- არაფერი გითქვამთ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე...
- ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ცხოველებთან ურთიერთობა, მათი მოვლა, მათზე ზრუნვა. გარდა ამისა, საოცრად დადებითი აურა აქვს თავად ცხენს. ის ძალზე კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და არ ერჩის მას.
- თუმცა ზოგიერთი მათგანი იკბინება და წიხლებსაც ისვრის...
- (იცინის) დიახ, ასეც ხდება, თუმცა რაიტთერაპიისთვის შედარებით მშვიდ, თვინიერ ცხენებს ვარჩევთ. არის შემთხვევებიც, როცა უფრო მკვირცხლი ცხენი გვჭირდება... მოკლედ, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა ბუნების ცხენია საჭირო. მაგალითად, ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებს ვურჩევთ ტანმორჩილ, მოხუც, მშვიდ ცხენებს, რომლებიც არც ერთ გამღიზიანებელზე არ რეაგირებენ - არც ხელის აქნევაზე, არც უნებლიე მოძრაობაზე, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებთან მუშაობისას უფრო მკვირცხლ ცხენებს ვამჯობინებთ, რათა ბავშვი გრძნობდეს, რომ ზედმეტი მოძრაობა ან ყურადღების მოდუნება ცხენის დაფრთხობას გამოიწვევს.
ხერხემლის პრობლემების, მაგალითად, სკოლიოზის დროს უნდა შეირჩეს საშუალო ტანის ცხენი. ცხენს სხვადასხვა ტიპის სვლა აქვს: ნაბიჯი, ჩორთი და სხვა. სკოლიოზის სამკურნალოდ გვჭირდება ჩორთი, ანუ რხევები, რომლებიც წესრიგში მოიყვანს ხერხემლის სვეტს. საშუალო ტანის ცხენი, რომელსაც სწორი ჩორთი აქვს, ამ დაავადების სამკურნალოდ საუკეთესოა.
- მოდი, ჩამოვთვალოთ, რომელი დაავადებების მკურნალობა შეიძლება რაიტთერაპიით.
- ძალზე შედეგიანია რაიტთერაპიით მკურნალობა ხერხემლის დაავადებების, სახელდობრ, სკოლიოზის დროს. სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ყოველგვარი ტიპის სკოლიოზის დროს არის ნაჩვენები; რაიტთერაპია გამოიყენება მხოლოდ პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის მკურნალობისთვის. მესამე და მეოთხე ხარისხის სკოლიოზის დროს რაიტთერაპია უკუნაჩვენებია. ასე რომ, ამ დაავადების თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. აუცილებელია ექიმის ზედამხედველობა და კონსულტაცია.
რაიტთერაპიის საშუალებით წარმატებით მკურნალობენ ოსტეოქონდროზსაც. ამ შემთხვევაშიც მკურნალობა, რომელშიც მეთოდისტების ჯგუფია ჩართული, ექიმის ზედამხედველობით ხორციელდება. არსებობს ოსტეოქონდროზის რამდენიმე ტიპი. რაიტთერაპიის საშუალებით მკურნალობენ მის საწყის ეტაპს - ეტაპს, ვიდრე ჩამოყალიბდება თიაქარი, დამატებით განვითარდება ოსტეოპოროზი. მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, მკურნალობის საშუალებას უნდა გვაძლევდეს ძვლის სტრუქტურაც.
ცხენზე ჯდომა საკმაოდ დიდი დატვირთვაა როგორც კუნთებისთვის, ისე ძვალსახსროვანი სისტემისთვისაც, ამიტომ მესამე ხარისხის და უფრო ღრმა ოსტეოპოროზის დროს, როდესაც ძვალი მყიფეა და დიდია მოტეხილობის განვითარების ალბათობა, რაიტთერაპიას არ მიმართავენ. ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
- შეიძლება ითქვას, რომ რაიტთერაპია მკურნალობის კომპლექსურ ტიპებს მიეკუთვნება? მასში ხომ რაიტსპეციალისტთან ერთად, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, ჩართული არიან სხვა სპეციალობის ექიმებიც...
- დიახ, ასეა. პაციენტთან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს. პაციენტი მოედანზე, ცხენთან, არასოდეს რჩება მარტო, მას თან ახლავს ექიმი და სამი მეთოდისტი, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ იმ ვარჯიშებისა და კონკრეტული დავალებების სწორად შესრულებას, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ.
- გარდა ხერხემლის პათოლოგიებისა, რამდენადაც მახსოვს, ცხენის საშუალებით შეიძლება ნევროზებისა და სხვა ნერვული დაავადებების მკურნალობაც...
- ეს ის დააავადებებია, სადაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა საჭირო. მათ რიცხვს მიეკუთვნება აუტიზმი, ჰიპერაქტივობის სინდრომი, ნევროზი, ყურადღების დეფიციტი. ეს უკანასკნელი ზემოთაც ვახსენე, მაგრამ მინდა, ახლაც შევჩერდე მასზე: ცხენზე ჯდომისას, რაც ერთგვარ შიშს ბადებს, აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრირება, რათა, უბრალოდ, არ გადმოვარდე. ეს გონებისა და ყურადღების მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვს, ჩვენ კი სწორედ ასეთი ეფექტი გვჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რაც შეეხება ცერებრულ დამბლას, ამ შემთხვევაში, რაიტთერაპიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ფაქტორიც. სამწუხაროდ, უნარშეზღუდული ბავშვი დღეს საქართველოში სოციალურადაც იჩაგრება. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ბავშვი ცხენზეა ამხედრებული, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს, უსიტყვოდ ემორჩილება მას. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მართლაც საოცარ შედეგს იძლევა. ფიზიკური თვალსაზრისით კი ის სამგანზომილებიანი რხევა, რომელიც თავის ტვინს გადაეცემა, აღაგზნებს იმ ცენტრებს, რომლებიც მამოძრავებელ აპარატზეა პასუხისმგებელი და ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვი ცხენიდან გადმოსვლისთანავე მშობლების თვალწინ პირველ ნაბიჯებს დგამს. იმისთვის, რომ შედეგი ხანგრძლივი, მეტიც - მუდმივი იყოს, საჭიროა რეგულარული მკურნალობა, ასეთ ბავშვებზე განუწყვეტლივ ზრუნვა.
- ხათუნა, ზემოთ უკუჩვენებებიც ახსენეთ: III-IV ხარისხის სკოლიოზი, ძვლის სიმყიფე... კიდევ როდის არის უკუნაჩვენები რაიტთერაპია?
-უკუჩვენებაა მაღალი არტერიული წნევა. სხვათა შორის, რაიტთერაპია კარდიოლოგიური დაავადებების დროსაც გამოიყენება, მაგრამ ეს არტერიული წნევის კონტროლით უნდა მოხდეს. ასაკობრივი შეზღუდვა რაიტთერაპიაში არ არის. პაციენტების მიღებას სამი წლიდან ვიწყებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მოხუცებიც სიამოვნებით ჯირითობენ. არც სეზონს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან გვაქვს დახურული მანეჟიც.
უკუჩვენებაა ონკოლოგიური დაავადებები, იმიტომ, რომ რაიტთერაპია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სისტემების სტიმულაციას იწვევს.
- რას გვეტყვით მამაკაცურ პრობლემებზე?
- ამ მხრივ რაიტთერაპია პროფილაქტიკის იდეალური მეთოდია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცხენოსნებს ძალზე იშვიათად ემართებათ პროსტატისა და უროგენიტალური პათოლოგიები, რაც პირდაპირი მაჩვენებელია იმის, რომ მენჯის მიდამოში სისხლის მიმოქცევის გააქტიურება ხელს უწყობს მამაკაცური პრობლემების პრევენციას. რა თქმა უნდა, მწვავე პერიოდში რაიტთერაპია არ გამოიყენება, უროლოგებიც და სხვა პროფესიის ექიმებიც გაფრთხილებულები არიან, რომ დაავადების მწვავე პერიოდში პაციენტს მკურნალობის ეს მეთოდი არ დაუნიშნონ.
რაიტთერაპია ქალური პრობლემების სამკურნალოდ თუ საპროფილაქტიკოდაც არაჩვეულებრივი მეთოდია - ჯირითი ავითარებს კუნთოვან სისტემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეაბილიტაცია-რეგენერაციას გინეკოლოგიური თუ ანდროლოგიური პრობლემების დროს.
სამწუხარო ის გახლავთ, რომ დღეს ქართული საზოგადოება ამ სფეროებში მსგავსი თერაპიის გამოყენებისთვის მზად არ არის. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, დაბრკოლებას ისიც ქმნის, რომ ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას ჯერჯერობით კარგად არ აქვს გაცნობიერებული რაიტთერაპიის მნიშვნელობა. თუმცა ეს დაუძლეველ პრობლემად არ მიმაჩნია, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება.