ბავშვი და არტერიული ჰიპერტენზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და არტერიული ჰიპერტენზია

- არსებობს რისკფაქტორების წყება, რომლებმაც ბოლო დროს მოიცვა ახალგაზრდებიც და ბავშვებიც. ამას დღევანდელმა სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი. რისკფაქტორები შეიძლება ასე დავაჯგუფოთ:

  • გენეტიკური - ოჯახის წევრებს, უახლოეს ნათესავებს (დედ-მამას, ბებია-ბაბუას) აღენიშნებათ ჰიპერტონიული დაავადება;
  • ალიმენტური (კვებითი) - არასრულფასოვანი, ურეჟიმო კვება;
  • ჭარბი წონა;
  • მცირე მასით დაბადება;
  • ხანგრძლივი ფსიქოსომატური გადაძაბვა და სტრესი (ამ უკანასკნელთ ეგზოგენურ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავთ);
  • მავნე ჩვევები - ნიკოტინი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი. მოზარდ თაობაში მათი მოხმარება ძალიან არის გახშირებული. ვფიქრობ, მშობლებთან ერთად საზოგადოებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს მათთან ბრძოლაში. ახლგაზრდების მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მათი გამოყენება ნებადართულია;
  • ცხოვრების არაჯანსაღი სტილი - უმოძრაობა, ჰიპოდინამია, კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა მოზარდი თაობის ცხოვრების წესად იქცა.

არტერიული ჰიპერტენზია არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემასაც წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ის არის ყველაზე ხშირად გულის იშემიის, ინფარქტისა და თავის ტვინის დაავადებების მიზეზი. არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები ხშირად ლეტალურად სრულდება. სამწუხაროდ, ეს პრობლემები მოზარდი თაობისთვისაც აღარ არის უცხო. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება ჩამოყალიბებული ჰიპერტონიული დაავადება, თუმცა ამ ასაკში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბავშვთა და მოზარდთა მასობრივმა გამოკვლევამ გამოავლინა ტრანზისტორული (გარდამავალი) არტერიული წნევის - ჰიპერტონიის წინარე მდგომარეობის - მქონე კონტინგენტი. საჭიროა, ასეთი ბავშვები და მოზარდები აყვანილ იქნენ აღრიცხვაზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჩასატარებლად.

- როგორ უნდა გამოვლინდეს ჰიპერტონიის წინარე მდგომარეობა?

- ამისთვის საჭიროა მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვების ჩატარება სკოლებში. არტერიული წნევის გაზომვა ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს. სანდო ინფორმაციის მისაღებად საჭიროა შემდეგი მითითებების დაცვა: მანჟეტი უნდა დამაგრდეს მარჯვენა მკლავზე, გულის დონეზე. სტეტოსკოპი მოთავსდეს მხრის კიდესთან. არტერიული წნევა უნდა გაიზომოს მშვიდ მდგომარეობაში, სამჯერ 2-3-წუთიანი ინტერვალებით. გარდა ამისა, ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად საჭიროა, კვლევამდე ერთი საათის განმავლობაში ბავშვი მოვარიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, არ მივცეთ კოფეინის შემცველი საკვები (შოკოლადი, კოკა-კოლა) და სიგარეტის მოწევის ნება. მანჟეტში ჰაერი მანამდე უნდა ჩავტუმბოთ, ვიდრე მხრის არტერიაზე პულსი მთლიანად გაქრება. შემდეგ ნელ-ნელა ვიწყებთ ჰაერის გამოშვებას. სისტოლური წნევა აღირიცხება იმ წერტილზე, სადაც გავიგონებთ პირველ აშკარა, ხმამაღალ ტონს, რომლის ინტენსივობა ნელ-ნელა იზრდება, ხოლო დიასტოლური წნევა ფასდება ხმიანობის უეცარი შემცირებით. აორტის კოარქტაციის გამოსარიცხად წნევის გაზომვა აუცილებელია ქვედა კიდურებზეც. ამ დროს ბავშვი უნდა დავაწვინოთ. მანჟეტი მაგრდება ბარძაყის შუა მესამედზე.

- არტერიული წნევის როგორი მაჩვენებლები ითვლება ნორმად ბავშვთა ასაკში?

- სისტოლური და დიასტოლური წნევის მაჩვენებლები, ისევე, როგორც მოზრდილებისთვის, ბავშვებისთვისაც ინდივიდუალურია. ახალშობილებს მაჩვენებლები ყველაზე დაბალი აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად ნორმები მოზრდილისას უახლოვდება.

- რა ნიშნები ავლენს არტერიული წნევის მომატებას ბავშვებში?

- ჰიპერტონიული დაავადება თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა უბნების ფუნქციის დარღვევის შედეგად წარმოიშობა. განასხვავებენ მის სამ სტადიას. პირველი სტადია ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს. მშობლებმა და პედიატრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ნიშნებს:

ჩვილ ბავშვებში - წონაში ჩამორჩენას; გულყრებს; აგზნებას ან დათრგუნულობას; რესპირატორულ დისტრესს; გულის უკმარისობას; მოზრდილებში - ტკივილს კეფისა და თხემის არეში; დაღლილობის შეგრძნებას; მხედველობის დარღვევას; ცხვირიდან ხშირ სისხლდენას; ყურებში შუილს; უსიამოვნო შეგრძნებას გულის არეში; მოუსვენრობას.

- ვიცით, რომ არტერიული წნევის მომატება ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უკავშირდება. ბავშვებში რომელი დაავადებები იწვევს წნევის მომატებას?

- წნევის მომატება შეიძლება გამოიწვიოს:

  • თირკმლისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დაავადებებმა - აორტის კოარტაციამ, აორტის სარქვლის ნაკლოვანებამ, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტმა, სრულმა ატრიოვენტრიკულურმა ბლოკადამ - წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევამ;

  • ენდოკრინულმა დარღვევებმა - ტვინის დანამატების, სასქესო, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა, შაქრიანმა დიაბეტმა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებამ - სიმსივნემ, ტრავმამ, ენცეფალიტმა, პოლიომიელიტმა, პუბერტული პერიოდის ჰორმონულმა კრიზმა;
  • მეტაბოლურმა დარღვევებმა - ჰიპერკალციემიამ;
  • მედიკამენტებმა - D ვიტამინის ზედოზირებამ, ჰორმონულმა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა;
  • ტყვიის ოქსიდით, წყალში ხსნადი ბარიუმით, ქლოროფილით მოწამვლამ;
  • იშვიათმა დაავადებებმა და სინდრომებმა.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ჰიპერტონიულ დაავადებას, მით უმეტეს, როცა იგი ფარულად მიმდინარეობს და მკურნალობა გვიანდება?

- ჰიპერტონიული დაავადების გართულებებიდან აღსანიშნავია ჰიპერტონიული კრიზი, ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.

კრიზის დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • სისხლის მოწოლა სახის არეში;
  • მოდუნება;
  • გულისრევა;
  • პირღებინება;
  • ტკივილი გულის არეში;
  • კიდურების ტრემორი (კანკალი).

კრიზი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, თუმცა უმეტესად მისი ხანგრძლივობა ერთ საათს არ აღემატება. ამ დროს ირღვევა მხედველობა და სმენა, იმატებს სხეულის ტემპერატურა.

კრიზი, თავის მხრივ, შეიძლება გართულდეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, მიოკარდიუმის ინფარქტით, ფილტვების შეშუპებით, ჰიპერტონიული ენცეფალოპათიით.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც შვილს  ჰიპერტონიული კრიზისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეამჩნევენ?

- პირველ რიგში, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ დაიბნენ და ექიმი გამოიძახონ. მის მოსვლამდე კი:

  • ბავშვი წყნარ ოთახში დააწვინონ;
  • თავი დაადებინონ შემაღლებულ სასთუმალზე;
  • გაუთავისუფლონ გულმკერდი, გაუხსნან მჭიდროდ შეკრული ტანსაცმელი.

- შესაძლებელია თუ არა ჰიპერტონიული დაავადების თავიდან აცილება?

- ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ჰიპერტონიული დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, შევამციროთ იმ მავნე ფაქტორების ზემოქმედება, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპერტონიის წარმოშობას. განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ ისეთი მავნე ფაქტორების თავიდან აცილებასა და შესუსტებაზე, როგორიც არის ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, მავნე ჩვევები. არანაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ფიზიკურ კულტურას. აქაც სიფრთხილე გვმართებს, რადგან ბავშვობასა და მოზარდთა ასაკში მეტისმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ორგანიზმის გადაძაბვა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, არტერიული წნევის მომატების მიზეზად იქცევა.

არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც ვურჩევთ, იკვებონ სწორად - მიიღონ მრავალფეროვანი, სრულფასოვანი საკვები. რაციონი მდიდარი უნდა იყოს კალიუმის შემცველი პროდუქტებით (კარტოფილით, ბანანით, გარგარითა და მისი ჩირით, ქიშმიშით), ერიდონ ცხოველური წარმოშობის ცხიმოვან მჟავებს (მსუქან ხორცს) და სუფრის მარილს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჰიპერტონიის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დიდი ოდენობის სუფრის მარილის მიღებაა. კავშირი იმდენად აშკარაა, რომ შეიძლება, დაავადებას ჰიპერტონიის მარილოვანი ფორმაც კი ვუწოდოთ.

ყურადღება მიაქციეთ კვების ჯერადობას: ბავშვმა საკვები დღეში 4-ჯერ უნდა მიიღოს. არ არის სასურველი ძილის  წინ ჭამა. თუ ბავშვს წონასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ყოველ საღამოს ძილის წინ რამდენიმე ხანს ფეხით გაისეირნეთ.

კვლევის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზევე სრულყოფილად გამოვიკვლიოთ დაავადება და დავიწყოთ მკურნალობა, რაც სრული განკურნების საწინდარია.