ხელოვნებით თერაპია – შემეცნების, თვითგამოხატვის და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის
– ქალბატონო შორენა, რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას ადამიანის ჩამოყალიბებისთვის?
– ხელოვნება გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, მისი ენა სიმბოლურია. კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნების ნიმუშები ზედა პალეოლითის ხანიდან ფიქსირდება. თავდაპირველად ხელოვნებას გამოყენებითი დანიშნულება ჰქონდა. იყენებდნენ რიტუალებში, რელიგიაში და გამაჯანსაღებლად (კერპები, თილისმა, ამულეტი და სხვა). ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, გამოქვაბულის ნახატებიდან დღემდე, ვიზუალური გამოსახულების, სურათ-ხატის მიღმა, კონცეფციის, იდეის მატარებელია და გარკვეული შინაარსის გადმოცემას გულისხმობს.
ადამიანი ბუნებით შემოქმედია. რაღაცის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც თავისთავად სიამოვნებას გვანიჭებს და თავდაჯერებულობას გვმატებს.
– რა დანიშნულება აქვს ხელოვნებით თერაპიას და როდიდან იღებს სათავეს?
– ხელოვნებას ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ თერაპიად (მუსიკას, მოდელირებას, ხატვას, პოეზიას, თეატრს და ა. შ.). განკურნების ღმერთის, ასკლეპიუსის, ტაძართან ამფითეატრი დღემდეა შემონახული, სადაც სამკურნალოდ ჩასულთათვის სპექტაკლები იმართებოდა.
დღევანდელი ხელოვნებით თერაპია XX საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს. ხელოვნების განმავითარებელი და გამაჯანსაღებელი თვისებებით ფსიქოლოგები, ექიმები და მხატვრები დაინტერესდნენ. ბრიტანელმა მხატვარმა, ადრიან ჰილმა, ტუბერკულიოზის მკურნალობის დროს აღმოაჩინა, რომ ხატვის მერე უკეთესად გრძნობდა თავს და გამოჯანმრთელების შემდეგ, იგივე პანსიონატში პაციენტებს თვითონ ასწავლიდა ხატვას. XX საუკუნის 20-იან წლებში, ედით კრამერი, ომის დროს – ფსიქიკურად და ფიზიკურად ტრამვირებულ ბავშვებს, ხატვის გაკვეთილებს უტარებდა.
იმის გამო, რომ დასაწყისში არ არსებობდა ხელოვნებით თერაპიის სასწავლო კურსები ან პროგრამა, ხატვას დამხმარე საშუალებად იყენებდნენ. დამოუკიდებელი დარგად ხელოვნებით თერაპია მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. მხატვარმა ლიანქოლოდებუამ და მარგარეტ ჰაუშკამ გამოიკვლიეს და შეისწავლეს ადამიანის ხელოვნებასთან კავშირი. შექმნეს დიაგნოსტიკური და თერაპიული სავარჯიშოები.
ხატვის, ფერწერა-მოდელირების დროს, ჩვენი დაფარული, ხშირად აუხსნელი ემოციები და გამოცდილება გარდაიქმნება გამოსახულებად: ხაზებად, ფერებად, ფორმებად, რაც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია ჩვენს შინაგან აღქმასა და გარე სამყაროს შორის. ამ პროცესებს აქვს თვითშემეცნების, თვითრეგულაციის უნარი. ხელოვნებით თერაპიის სესიების დროს, თერაპევტის დახმარებით, ხდება ცვლილებების შეტანა, განვითარება, ახალი პროცესების დაგეგმვა, რაც (ორგანულად) აისახება ჩვენზე.
თერაპევტი ქმნის სივრცეს შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსჯის, შეფასებების გარეშე. ფლობს თერაპიული მიდგომების ცოდნას და მუშაობს ინდივიდუალურად კლიენტის ბიოგრაფიისა და ანამნეზის გათვალისწინებით.
– რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებით თერაპიას ბავშვებისთვის?
– „ყველა ბავშვი მხატვარია! სირთულე ისაა, რომ მხატვრად დარჩე ბავშვობის ასაკიდან გამოსვლისას“ – ,,პაბლო პიკასო“.
ბავშვებს ბუნებრივად აქვთ შემოქმედებისკენ სწრაფვა, ფანტაზია, სპონტანურობა. მათ ზრდასრულებისგან განსხვავებული ხედვა, სამყაროს თავისებური აღქმა აქვთ.
ხელოვნებით თერაპიის პროცესში, მათთვის საყვარელი საქმიანობით – ხატვით, ძერწვით, შესაძლებელია გამოვლინდეს მათი შესაძლებლობები, მოტორული უნარები, სიხარული და წუხილები.
ბავშვებს უჭირთ თავიანთი ემოციების გაცნობიერება, სიტყვებით გადმოცემა, აუხსნელი, შეკავებული ემოციები ბავშვებსა და ზრდასრულებს ხშირად (ფიზიკურად) ფსიქოსომატურად უვლინდებათ (მაგალითად: მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი და სხვა სომატური ჩივილები).
ბავშვის ნახატი არაცნობიერის კვლევის საუკეთესო იარაღია. ნახატში ჩანს როგორ აღიქვამს ბავშვი სოციუმში თავის თავს, ოჯახს, გარემოს.
დღეს ძალიან ხშირია ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის დაქვეითება, კომუნიკაციის პრობლემები და შფოთვები ბავშვთა შორის. თანამედროვე ტექნოლოგიები, ელექტრონული მოწყობილობები გვთავაზობს გამზადებულ სურათ-ხატებს. სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა და შეცვალა ცოცხალი ურთიერთობები. საკუთარი ხელით შექმნის პროცესები მნიშვნელოვანია ბავშვის ფანტაზიისა და შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად.
ხელოვნებით თერაპიის სესიების დროს ბავშვს ეძლევა თვითგამოხატვის საშუალება. სასურველი აქტივობის შესასრულებლად ისახავს მიზნებს და კონცენტრირდება მოცემულ ამოცანაზე იძულების, ძალდატანების გარეშე. ხატვის, ძერწვისა და ქვიშაში თამაშის დროს ვითარდება მოტორული უნარები, რომლებიც უკავშირდება მეტყველების და ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. თერაპევტი პროცესის სწორად წარმართვით ეხმარება ბავშვს: დაძლიოს სირთულეები, გაიუმჯობესოს კომუნიკაცია, გახდეს თვითკმარი და თავდაჯერებული.
ხელოვნებით თერაპია ყველაზე უსაფრთხო და ბავშვის პირობებზე მორგებული პროცესია.
– რას მოიცავს ხელოვნებით თერაპია?
– ხელოვნებით თერაპია მოიცავს ხატვას, ძერწვას, ქვიშის თერაპიას, როლურ თამაშებს, ზღაპარს და ა. შ. სესიები ტარდება ჯგუფურად და ინდივიდუალურად ბავშვის საჭიროებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
ხელოვნებით თერაპია პროცესზეა ორიენტირებული და არა მხატვრული, ესთეტიკური ღირებულების მქონე ნამუშევრის შექმნაზე.
„ხელოვნება და ხელოვნებით თერაპია ეს ორი განსხვავებული სფეროა, რომელთაც ჭეშმარიტების ძიება აერთიანებს“ – „ედით კრამერი“.