აუტიზმის ადრეული ნიშნები – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს
– ქალბატონო ნინო, რა მდგომარეობაა აუტიზმი?
– აუტიზმი – ეს არის თავის ტვინის ნეიროფსიქოლოგიური განვითარების დარღვევა, რომელსაც თან ახლავს სირთულეები სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, შეზღუდულ ინტერესებსა და განმეორებით/სტერეოტიპულ ქცევებში, სიახლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში. აღნიშნული სირთულეები შეიძლება იყოს მსუბუქიდან ძლიერ გამოხატულებამდე.
– როდის შეიძლება გამოვლინდეს აუტიზმის სიმპტომები?
– აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. რთულია ადრეულ ასაკში აუტიზმის ნიშნების აღმოჩენა, თუმცა თუ ყურადღებით ვიქნებით ჩვილობის ასაკიდანვე, შესაძლებელია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს გარკვეულ ნიშნებს და ამ ნიშნების უქონლობის შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს.
– როგორია ნორმის დროს ბავშვის განვითარების ეტაპები ასაკის მიხედვით?
– ნორმოტიპური ბავშვის განვითარების ეტაპებია:
- 1 თვის ასაკში მცირე ხნით აფიქსირებს და თვალს აყოლებს მბრწყინავ საგნებს, კრთება და თვალებს ახამხამებს.
- 2 თვის ასაკიდან დიდხანს ადევნებს თვალს მოძრავ საგნებს, უსმენს ბგერებს და ხმაურს, მასთან მოსაუბრეს სწრაფად პასუხობს ღიმილით და წარმოთქვამს გარკვეულ ბგერებს, იწყებს ღუღუნს.
- 3 თვის ასაკიდან აჩერებს მზერას უძრავ საგნებზე, გულისყურით უსმენს ხმაურს. სიხარულს ღიმილითა და აქტიური მოძრაობით გამოხატავს. ცდილობს შეეხოს ჩამოკიდებულ სათამაშოს. ღუღუნებს.
- 4 თვის ასაკიდან ცნობს დედას, თავს იქით აბრუნებს, საიდანაც ბგერა ესმის. იცინის ხმამაღლა, ღუღუნებს ხანგრძლივად. ეპოტინება და იტაცებს ჩამოკიდებულ სათამაშოს.
- 5 თვის ასაკიდან არჩევს უცხო პირებს ახლობლებისგან. ცნობს დედის ხმას, განასხვავებს ალერსიან და მკაცრ კილოს. ღუღუნებს დიდხანს, იწყებს მარცვლების წარმოთქმას. იღებს სათამაშოს უფროსის ხელიდან.
- 6 თვის ასაკიდან მიცოცავს სათამაშოსკენ, იღებს და ცდილობს, პირში ჩაიდოს. ინტერესდება სურათით, რომელიც არის წიგნში, რათა გაარკვიოს, შეიძლება თუ არა „ჭამა“; იწყებს მარცვლების წარმოთქმას.
- 7 თვის ასაკიდან იმეორებს მარცვლებს და ტიტინებს. გადააქვს სათამაშო ხელიდან ხელში, კითხვაზე „სად არის?“ პოულობს ნაცნობ საგანს. თავისუფლად სვამს ფინჯნიდან.
- 8 თვის ასაკიდან დამოუკიდებლად ზის; დგება ხელმოკიდებით, აწვება საყრდენზე. ცდილობს გადადგას ნაბიჯი უფროსის დახმარებით. დიდხანს ერთობა სათამაშოებით. უკრავს ტაშს მოზრდილის თხოვნაზე. წარმოთქვამს მარცვლებს.
- 9 თვის ასაკიდან თავისუფლად თამაშობს სხვადასხვა სათამაშოთი. უკეთესად უჭირავს ნივთები და ცდილობს რაიმე პატარა „მოკბიჩოს“; მშვიდად ზის ღამის ქოთანზე. იცის თავისი სახელი. კითხვაზე „სად არის?“ პოულობს და იღებს საგანს. იწყებს ხმოვანი ბგერების გამეორებას (იმეორებს „ბა-ბა“ და ა.შ.); თამაშობს დახუჭობანას.
- 10 თვის ასაკიდან დამოუკიდებლად ახერხებს მცირე სიმაღლეზე აცოცებას და ჩამოცოცებას. ერთმანეთში აწყობს სათამაშოებს. იცის სხეულის ნაწილების სახელები. უფროსის თხოვნაზე: „მომეცი“ – აძლევს ნაცნობ საგანს.
- 11 თვის ასაკიდან ბავშვი ერთმანეთზე აწყობს კუბიკებს და აგებს პირამიდას; წარმოთქვამს პირველ სიტყვებს („დედა“, „მამა“); არჩევს ცხოველებს; ასრულებს მოზრდილთა მარტივ მოთხოვნებს.
- 12 თვის ასაკიდან უკვე ესმის აკრძალვა; წარმოთქვამს 8-10 სიტყვას; ივსებს გასაგები სიტყვების მარაგს; ცდილობს დამოუკიდებლად ჭამას; უჭირავს წიგნი, გეხმიანება, აბრუნებს გვერდებს, წიგნს ხელში ატრიალებს.
- 15 თვის ასაკიდან სწავლობს გრძნობების გამოხატვას მშობლების მიმართ, რათა გამოსცადოს მისი დაკვირვების შედეგები; იმეორებს გრძნობების გამოხატვას (უარყოფას, გაკვირვებას).
- 18 თვის ასაკიდან აშენებს კოშკს სამი ან მეტი ელემენტით; აჩვენებს საგნებს საჭიროების მიხედვით; აქვს სიტყვათა მარაგში სხვა განსხვავებული სიტყვებიც; იმიტირებს ენით, ფეხების ბაკუნით, ინტონაციით.
- 24 თვის ასაკიდან აჩვენებს სხეულის ნაწილებს; აქვს მარაგში სხვადასხვა სიტყვა, იწყებს ორი სიტყვის გადაბმას და პატარა ფრაზების გამართულად წარმოთქმას.
- 30 თვის ასაკიდან სიტყვათა მარაგი აქვს გაფართოებული; აქვს კომუნიკაციის უნარი და იგებს უფრო მეტს, ვიდრე შეუძლია გამოხატვა; იწყებს რაიმე აქტის წარმოდგენას, რომელიც ან უკვე გააკეთა, ან უნდა გააკეთოს.
– როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს მშობელმა?
– როდესაც მშობელი ამჩნევს, რომ მათი შვილის განვითარება თვეების მიხედვით არ მიჰყვება განვითარების ამ ეტაპებს, ბავშვი იგნორირებას უკეთებს მის გარშემო მშობლის და სხვა ადამიანების ყოფნას, არ რეაგირებს სახელზე, გაურბის კომუნიკაციას, არ ამყარებს ან მხოლოდ მცირე ხნით ამყარებს თვალით კონტაქტს, არ რეაგირებს მშობლის ღიმილზე ან სახის სხვა გამომეტყველებაზე, არ შეუძლია გამოიცნოს, რას შეიძლება ფიქრობდნენ ან გრძნობდნენ სხვები, მათი სახის გამომეტყველების შესაბამისად. არ გამოხატავენ თანაგრძნობას სხვების მიმართ. არ მოითხოვს საგნებს და არ უზიარებს მათ სხვებს. იმეორებს ზუსტად სხვების მიერ წარმოქმნილ სიტყვებს, მნიშვნელობის გაგების გარეშე. საკუთარ თავს მოიხსენიებს როგორც „შენ“ და სხვას როგორც „მე“. ურევს ნაცვალსახელებს ერთმანეთში. აქვს კარგი ზეპირი მეხსიერება, განსაკუთრებით კარგად იმახსოვრებს რიცხვებს, ასოებს, სიმღერებს, ტელევიზორის ხმას. ქანაობს, ბრუნავს, ატრიალებს თითებს, დადის ფეხის თითებზე დიდი ხნის განმავლობაში, ან ნერვიულად აქნევს ხელებს ჰაერში. მოსწონს მუდმივად განმეორებადი ჩვეულებები, რთულად ეგუება ცვლილებებს, არ იყენებს სათამაშოებს ფუნქციურად, თამაშობს სათამაშოს რომელიმე ნაწილით, მთელი სათამაშოს ნაცვლად (მაგ. მანქანის ნაცვლად, მანქანის საბურავით), სათამაშოებს/საგნებს აწყობს მწკრივში, ვერ გრძნობს ტკივილს, შესაძლოა იყოს ან ძალიან მგრძნობიარე, ან სრულად უგრძნობი სუნების, ხმაურის, შუქის ან შეხების საპასუხოდ, აქვს უჩვეულო ხედვა – უყურებს საგნებს უჩვეულო კუთხით.
მშობელმა უნდა დააფიქსიროს ისეთი ფაქტებიც, როგორებიცაა ხმაურის დროს ყურებზე ხელების აფარება, ტირილი ან გაქცევა; უჩვეულო და ასაკის შეუსაბამო ინტერესები, სასურველის მიუღებლობის შემთხვევაში გადამეტებულად ტირილი, ყვირილი, კივილი, ტანტრუმის მოწყობა. ამ ნიშნების შემჩნევისას მშობელს უკვე შეუძლია ეჭვი მიიტანოს აუტიზმზე და მიმართოს სპეციალისტს შეფასებისთვის.
– როგორ ხდება ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება?
– დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებას. დიაგნოზის დასმის შემდეგ გუნდის მიერ იგეგმება ინტერვენციის პროცესი (სხვადასხვა თერაპია – ქცევითი თერაპია, სენსორული, მეტყველების, ფიზიკური და სხვა ტიპის თერაპიები).
– როგორი შეიძლება იყოს სამკურნალო თერაპიის შედეგები?
– თერაპიული ჩარევის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ადრეულ ასაკშივე მოხდეს შეფასება და შესაბამის თერაპიებში ჩართვა. რაც უფრო მცირე ასაკში მოხდება სწორად შერჩეული თერაპიების დაწყება, შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება, რადგან ბავშვები მცირე ასაკში გაცილებით უკეთ სწავლობენ.