რა არის რაიტთერაპია და რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება
საცხენოსნო ცენტრ "რაიდმედის" ხელმძღვანელი, საქართველოს რაიტთერაპიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სამედიცინო აკადემიის დიპლომისშედგომი განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა საგანელიძე.
- ქალბატონო ხათუნა, იქნებ ორიოდე სიტყვით მოგვითხროთ რაიტთერაპიის შესახებ: საიდან იღებს სათავეს ეს მეთოდი, როგორია მისი არსი?
- რაიტთერაპია, მკურნალობის ეს უნიკალური მეთოდი, რომელიც მეტად საინტერესო პრინციპებზეა აგებული, ახალი არ არის.
მას, თუმცაღა გაუცნობიერებლად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. მოგვიანებით დაიწყო იმის მეცნიერულად შესწავლა, რაგავლენას ახდენდა ცხენოსნობა ადამიანის ორგანიზმზე - აღმოჩნდა, რომ იგი აყალიბებდა არა მარტო ჯანსაღ სხეულს, არამედ ჯანსაღ სულსაც.
საქართველოში რაიტთერაპიის ისტორია უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. მას დღემდე სათავეში უდგას ბატონი დიმიტრი წვერავა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი რაიტთერაპიის მსოფლიოში ცნობილ ქართულ სკოლას. განსაკუთრებულ აღიარებას ამ სკოლამ საბჭოთა კავშირის პერიოდში მიაღწია, სადაც წარმატებით მკურნალობდნენ ამ მეთოდით და ძალზე პოპულარულიც გახლდათ.
ამჟამად არანაკლები წარმატებით იყენებენ რაიტთერაპიას უკრაინაში, თურქმენეთში და ეს მეთოდი თანდათან იბრუნებს თავის ძველ, კარგა ხნის წინ აღიარებულ სტატუსს.
- მოდი, ისევ რაიტთერაპიას დავუბრუნდეთ. რატომ მაინცდამაინც ცხენი? განა სხვა ცხოველის დახმარებით არ შეიძლება მკურნალობა?
- სხვათა შორის, მსოფლიოში ამ მეთოდის არსს უფრო ფართოდ მოიაზრებენ და სწორედ "ცხოველებით თერაპიას" (ინგლისურად - ანიმალთერაპია) უწოდებენ.
მაგალითად, პოპულარულია თერაპია კატებისა თუ დელფინების დახმარებით, რომლის არსიც გახლავთ ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
ამასთან, ჯერ კიდევ შეისწავლიან იმ ბგერებსა თუ ულტრაბგერებს, რომლებსაც ეს ცხოველები გამოსცემენ და რომელიც ასევე სამკურნალო მიზნით გამოიყენება. რაც შეეხება ცხენს, იგი ადამიანზე ორგვარ ზემოქმედებას ახდენს: ფსიქოლოგიურსა და ფიზიკურს.
ცხენზე ჯდომისას წარმოიშობა სამგანზომილებიანი რხევა, რომელიც ადამიანის სხეულს გადაეცემა. როცა მხედარი სწორად ზის (ჩვენ კი პაციენტებს, უწინარეს ყოვლისა, სწორად ჯდომას ვასწავლით), მისი სხეული ამ რხევებს იმეორებს, რაც, თავისთავად, დადებით გავლენას ახდენს ნერვკუნთოვანი სისტემის განვითარებაზე. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რხევებით აღიძვრება ნერვული იმპულსაცია, რომელიც ხერხემლის სვეტის დახმარებით გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის სწორედ იმ მიდამოებს აღაგზნებს, რომლებიც მიძინებულია.
სხვათა შორის, სწორედ ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას.
- არაფერი გითქვამთ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე...
- ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ცხოველებთან ურთიერთობა, მათი მოვლა, მათზე ზრუნვა. გარდა ამისა, საოცრად დადებითი აურა აქვს თავად ცხენს. ის ძალზე კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და არ ერჩის მას.
მოდი, ჩამოვთვალოთ, რომელი დაავადებების მკურნალობა შეიძლება რაიტთერაპიით.
- - ძალზე შედეგიანია რაიტთერაპიით მკურნალობა ხერხემლის დაავადებების, სახელდობრ, სკოლიოზის დროს.სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ყოველგვარი ტიპის სკოლიოზის დროს არის ნაჩვენები; რაიტთერაპია გამოიყენება მხოლოდ პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის მკურნალობისთვის. მესამე და მეოთხე ხარისხის სკოლიოზის დროს რაიტთერაპია უკუნაჩვენებია. ასე რომ, ამ დაავადების თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. აუცილებელია ექიმის ზედამხედველობა და კონსულტაცია.
- რაიტთერაპიის საშუალებით წარმატებით მკურნალობენ ოსტეოქონდროზსაც. ამ შემთხვევაშიც მკურნალობა, რომელშიც მეთოდისტების ჯგუფია ჩართული, ექიმის ზედამხედველობით ხორციელდება. არსებობს ოსტეოქონდროზის რამდენიმე ტიპი. რაიტთერაპიის საშუალებით მკურნალობენ მის საწყის ეტაპს - ეტაპს, ვიდრე ჩამოყალიბდება თიაქარი, დამატებით განვითარდება ოსტეოპოროზი. მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, მკურნალობის საშუალებას უნდა გვაძლევდეს ძვლის სტრუქტურაც. ცხენზე ჯდომა საკმაოდ დიდი დატვირთვაა როგორც კუნთებისთვის, ისე ძვალსახსროვანი სისტემისთვისაც, ამიტომ მესამე ხარისხის და უფრო ღრმა ოსტეოპოროზის დროს, როდესაც ძვალი მყიფეა და დიდია მოტეხილობის განვითარების ალბათობა, რაიტთერაპიას არ მიმართავენ. ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
- ეს ის დააავადებებია, სადაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა საჭირო. მათ რიცხვს მიეკუთვნება აუტიზმი, ჰიპერაქტივობის სინდრომი, ნევროზი, ყურადღების დეფიციტი.
- რაც შეეხება ცერებრულ დამბლას, ამ შემთხვევაში, რაიტთერაპიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ფაქტორიც.
- გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცხენოსნებს ძალზე იშვიათად ემართებათ პროსტატისა და უროგენიტალური პათოლოგიები, რაც პირდაპირი მაჩვენებელია იმის, რომ მენჯის მიდამოში სისხლის მიმოქცევის გააქტიურება ხელს უწყობს მამაკაცური პრობლემების პრევენციას. რა თქმა უნდა, მწვავე პერიოდში რაიტთერაპია არ გამოიყენება, უროლოგებიც და სხვა პროფესიის ექიმებიც გაფრთხილებულები არიან, რომ დაავადების მწვავე პერიოდში პაციენტს მკურნალობის ეს მეთოდი არ დაუნიშნონ.
- რაიტთერაპია ქალური პრობლემების სამკურნალოდ თუ საპროფილაქტიკოდაც არაჩვეულებრივი მეთოდია - ჯირითი ავითარებს კუნთოვან სისტემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეაბილიტაცია-რეგენერაციას გინეკოლოგიური თუ ანდროლოგიური პრობლემების დროს.