მკურნალობა

სისხლდენა ბავშვებში ტრავმების დროს

სისხლდენა ბავშვებში ტრავმების დროს
სისხლდენა, ჩვეულებრივ, ვითარდება ჭრილობის ან დაბეჟილობის შედეგად. როდესაც ჭრილობიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სისხლი მოდის, ეს მის ბუნებრივ გასუფთავებას უწყობს ხელს და დაბინძურებას აცილებს. მცირე სისხლდენა, ძლიერი სისხლდენისგან განსხვავებით, საშიში არ არის. თუმცა, ხელიდან ან ფეხიდან სისხლდენის სწრაფად გასაჩერებლად დაზიანებული კიდური უნდა ავწიოთ ზევით, ჭრილობა წინასწარ დავბანოთ. დაწოლილ ბავშვს კიდურის ქვეშ რამდენიმე ბალიში უნდა დავუდოთ. თუ სისხლდენა არ ჩერდება, ჭრილობაზე სტერილური დოლბანდი მოათავსეთ და დამწოლი ნახვევი დაადეთ.

ჭრილობა უნდა დაბანოთ სუფთა წყლითა და საპნით, ან დაამუშაოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით, ან უბრალოდ
დაზიანებული ადგილი ცივი წყლის ნაკადის ქვეშ მოათავსებინოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც ჭრილობის გასუფთავებასა და სისხლდენის შეჩერებაში დაგვეხმარება. არაა რეკომენდებული ჭრილობის იოდით დამუშავება.

ძლიერი სისხლდენისას აუცილებელია კიდურის ზევით აწევა და მასზე რამდენიმე ფენად დაკეცილი სუფთა ნაჭრის ან დოლბანდის მოთავსება, რომელიც არ უნდა მოაშოროთ ჭრილობას მაშინაც კი,
როდესაც საფენი სისხლით გაიჟღინთება. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი დოლბანდის ტამპონი ან ნაჭერი უნდა დაადოთ. განსაკუთრებით ეს ეხება მუცელზე ან ბარძაყზე არსებულ ჭრილობას. სისხლდენის შეჩერების შემდეგ უნდა გავასუფთაოთ ჭრილობა და დამწოლი ნახვევი გავაკეთოთ, რომელიც მჭიდროდ დაეჭირება მას და გააჩერებს სისხლდენას. თუ ასეთი ნახვევის დადების შემდეგაც არ შეჩერდება სისხლდენა, დავაჭიროთ ტამპონი, მით უფრო, რომ სისხლდენათა უმეტესობა შეიძლება შევაჩეროთ ჭრილობაზე ხელის უბრალო დადებით. თუ სისხლი ძლიერი ნაკადით მოედინება, დაადეთ ლახტი დაზიანებულ კიდურზე, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ მისი მოხსნა აუცილებელია.

ლახტის ფუნქციით შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი პირსახოცი, თოკი, თასმა და ა.შ. ლახტი ედება ჭრილობის ზევით. თუ სისხლი ღია ფერისაა, ის არტერიულია, მუქი სისხლი კი ვენური სისხლია და ლახტი ჭრილობის ქვევით უნდა დავადოთ.


ბრონქიტის შინ მკურნალობის შესახებ

ბრონქიტი შეიძლება გაციების გართულება იყოს. ძლიერი გაციებისას ყელიდან ინფექცია შეიძლება სხვა სასუნთქ ორგანოებზე გადავიდეს და დაავადებამ განსხვავებული ფორმა მიიღოს. ამ დაავადებას ახლავს ძლიერი ხველა, ზოგჯერ ხმაურიანი. სუნთქვისას ბავშვს აღენიშნება მკერდის არეში შინაგანი ვიბრაციაც, რაც ადვილად შესამჩნევია, თუ მას მკერდზე ხელს დავადებთ.

ბრონქიტი შეიძლება სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდეს. შესაძლებელია პატარას აეწიოს ტემპერატურა, დაეკარგოს მადა, ჰქონდეს მტანჯველი, ძლიერი ხველა. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა, რომელიც შესაბამის მკურნალობასა და პროცედურებს დანიშნავს.

ბრონქიტის შინ მკურნალობისას აუცილებელია ბავშვს ფეხები ყოველთვის თბილად ჰქონდეს, რადგანაც ის რეფლექსურად დაკავშირებულია ყელთან და შეიძლება შეამსუბუქოს ხველა. ამისათვის ბავშვისთვის გასაძლებ ტემპერატურამდე გაათბეთ წყალი და 10-15 წუთის განმავლობაში ფეხებზე ცხელი აბაზანა მიაღებინეთ, პერიოდულად დაამატეთ ცხელი წყალი, ტემპერატურის დიდხანს შესანარჩუნებლად. ფეხების დათბილვა შეამსუბუქებს სუნთქვას და დააჩქარებს ბრონქებიდან ნახველის გამოყოფას.

შინ შესაძლებელია თბილი ამოსახველებელი სასმლის ხშირად მიცემაც, მაგალითად, მცენარეთა ნახარშის თაფლით ან რძით. მკერდზე შეიძლება რამდენიმე წუთით თბილი სათბურის დადებაც, რის შემდეგაც ბავშვი უნდა შეახვიოთ თბილი ხაოიანი პირსახოცით ან შარფით. ღამით, ფეხების გასათბობად, უნდა ჩააცვათ წინდები. ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს ხერხემლის გულმკერდის ნაწილისა და გულმკერდის მასაჟიც, ის ათბობს აღნიშნულ სივრცეს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.