„გამოუძინებელი ბავშვი შეიძლება ზარმაცი ან ჰიპერაქტიური გვეგონოს“ - ფსიქოლოგი თამარ გვენცაძე ბავშვის ძილის ყველაზე მნიშვნელოვან წესებზე
რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს, როდის უნდა გადადოს ტელეფონი და რა ნიშნებია საგანგაშო - თამარ გვენცაძის რჩევები მშობლებს
ბავშვისთვის ძილი მხოლოდ დასვენება არ არის - ეს არის დრო, როდესაც ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, მეხსიერებას აძლიერებს და ორგანიზმი აღდგენას აგრძელებს. თუმცა თანამედროვე ბავშვების ყოველდღიურობაში გვიანი დაძინება, დილით ადრე ადგომა, მეცადინეობა და განსაკუთრებით ტელეფონი, ხშირად ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს ამცირებს.
არასაკმარისი ძილი კი მხოლოდ დაღლილობას არ იწვევს. როგორც ფსიქოლოგი თამარ გვენცაძე ამბობს, გამოუძინებელ ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და ნასწავლის გახსენება, გახდეს გაღიზიანებული, იმპულსური და მოუსვენარი. სწორედ ამიტომ მშობელმა ზოგჯერ ბავშვის „სიზარმაცის“, ცუდი ხასიათის ან ქცევის მიზეზი იქ უნდა ეძებოს, სადაც ნაკლებად ელოდება - მის ძილის რეჟიმში.
რამდენი საათი უნდა ეძინოს სკოლის მოსწავლეს, შეიძლება თუ არა ძილის ნაკლებობა აკადემიურ შედეგებზე აისახოს, რატომ ჰგავს გამოუძინებელი ბავშვი ზოგჯერ ჰიპერაქტიურს, რამდენად საშიშია ტელეფონი საწოლთან და როგორ უნდა დავაბრუნოთ ზაფხულის შემდეგ ბავშვის ძილის რეჟიმი - ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოლოგი თამარ გვენცაძე გვესაუბრება
- რა დროს უნდა იძინებდეს სკოლის მოსწავლე და რამდენი საათის ძილი სჭირდება სხვადასხვა ასაკის ბავშვს? არსებობს თუ არა ასაკისთვის კონკრეტული „სწორი საათი“?
- ბავშვის ძილის პერიოდი ასაკის მიხედვით განსხვავებულია და მნიშვნელოვანია, მშობელმა პირველ რიგში სწორედ ასაკისთვის რეკომენდებული ძილის ხანგრძლივობა გაითვალისწინოს. სკოლამდელი ასაკის ბავშვს, როგორც წესი, 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 10-13 საათი ძილი სჭირდება, 6-12 წლის ასაკში - 9-12 საათი, ხოლო მოზარდებს - დაახლოებით 8-10 საათი.
რაც შეეხება კონკრეტულ საათს, რომელზეც ბავშვი აუცილებლად უნდა დაიძინოს, ერთი უნივერსალური „სწორი საათი“ არ არსებობს. თუმცა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური რეჟიმი - დაძინებისა და გაღვიძების დრო ყოველდღიურად დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს.თუ ბავშვს დილით ადრე უწევს სკოლაში წასვლა, შესაბამისად, უნდა ვეცადოთ საკმარისი იყოს ძილი, ღრმა, უშფოთველი, მშვიდი.
ამიტომ მხოლოდ საათს კი არ უნდა დავაკვირდეთ, არამედ იმას, რამდენად საკმარისი და ხარისხიანია ბავშვის ძილი.
- რა ემართება ბავშვის ტვინს, როდესაც მას რეგულარულად არ სძინავს საკმარისად? პირველ რიგში რაზე აისახება - მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, აზროვნებაზე თუ ემოციებზე?
- ძილის ნაკლებობა ბავშვის ტვინის მუშაობაზე კომპლექსურად აისახება. განსაკუთრებით ყურადღების კონცენტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და მეხსიერების პროცესების გაუარესება, უხასიათობა, დაღლილობა, ეს ყველაფერი უძილობის, ან არასაკმარისი ძილის შედეგია. ძილის დროს ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, ფილტრავს, ახარისხებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური სფერო. გამოუძინებელი ბავშვი გაღიზიანებულია, მგრძნობიარე, იმპულსური, ჭირვეული, ადვილად ეტირება, უჭირს ემოციების კონტროლი.ამიტომ ძილის დეფიციტის პირველი ნიშნები შეიძლება ერთდროულად გამოჩნდეს როგორც სწავლაში, ისე ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაში.
- შეიძლება თუ არა გამოუძინებელი ბავშვი მშობელმა შეცდომით „ზარმაც“, „გაფანტულ“ ან „ჰიპერაქტიურ“ ბავშვად აღიქვას?
- დიახ, ეს შესაძლებელია. ბავშვებში დაღლილობა ყოველთვის არ ვლინდება აშკარა ძილიანობით. ზოგჯერ გამოუძინებელი ბავშვი პირიქით, ხდება მოუსვენარი, იმპულსური, ხშირად იცვლის საქმიანობას, უჭირს ინსტრუქციის მოსმენა და დავალების ბოლომდე შესრულება.
ამიტომ მშობელმა ან მასწავლებელმა შეიძლება ბავშვის ასეთი ქცევა შეცდომით მიაწეროს სიზარმაცეს, უპასუხისმგებლობას, ყურადღების დეფიციტს ან უბრალოდ „ცუდ ხასიათს“.
რა თქმა უნდა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის პრობლემები მხოლოდ ძილის ნაკლებობით არ აიხსნება და მათი დიაგნოსტიკა სპეციალისტის კომპეტენციაა. თუმცა ბავშვის შეფასებისას ძილის რეჟიმი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

- უკავშირდება ბავშვის ძილის ხანგრძლივობა მის სასკოლო შედეგებს? შეიძლება ბავშვი ბევრს მეცადინეობდეს, მაგრამ არასაკმარისი ძილის გამო მიღებული ინფორმაცია სათანადოდ ვერ აითვისოს?
- რა თქმა უნდა. სწავლაში მხოლოდ მეცადინეობისთვის დახარჯული საათების რაოდენობა არ განსაზღვრავს შედეგს.წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც საღამოს დამატებით ერთ ან ორ საათს მეცადინეობს, მაგრამ ამის გამო მნიშვნელოვნად ამცირებს ძილის ხანგრძლივობას. მეორე დღეს მას შესაძლოა გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია, ახალი ინფორმაციის ათვისება და უკვე ნასწავლის გახსენება.
ძილი სწავლის პროცესის გაგრძელებაა, თუმცა სხვა ფორმით. დღის განმავლობაში ბავშვი ინფორმაციას იღებს, ხოლო ძილის დროს ტვინი ამ ინფორმაციასთან მუშაობას აგრძელებს.
ამიტომ მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ ბავშვის ძილის ხარჯზე დამატებითი მეცადინეობა ყოველთვის მეტ აკადემიურ სარგებელს მოიტანს. ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი ერთი საათი ძილი უფრო სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე დამატებითი ერთი საათი მეცადინეობა.
- ბავშვი, რომელიც ღამით გვიან იძინებს, მაგრამ დილით სკოლაში მაინც დგება - რეალურად რამდენად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე? შეუძლია თუ არა ორგანიზმს მუდმივ უძილობასთან „შეჩვევა“?
- ორგანიზმი გარკვეულ რეჟიმს შეიძლება შეეგუოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასაკმარისი ძილის საჭიროება ქრება. თუ ბავშვს ყოველდღიურად იმაზე ნაკლები სძინავს, ვიდრე მისი ასაკისთვის არის საჭირო, შესაძლოა შეიქმნას ქრონიკული ძილის დეფიციტი.
განსაკუთრებით საყურადღებოა სიტუაცია, როდესაც ბავშვი გვიან იძინებს და დილით ადრე დგება. ასეთ დროს ის შესაძლოა დღის განმავლობაში ფუნქციონირებდეს, მაგრამ მისი კოგნიტიური და ემოციური შესაძლებლობები მაინც სრულად არ იყოს აღდგენილი.ზოგჯერ ბავშვი თავადაც ამბობს: „მე კარგად მძინავს, დაღლილი არ ვარ“. თუმცა სუბიექტური შეგრძნება ყოველთვის არ ასახავს ძილის რეალურ საკმარისობას.
ამიტომ ბავშვის რეჟიმი მხოლოდ მისი ჩივილების მიხედვით არ უნდა შევაფასოთ - მნიშვნელოვანია ასაკი, ძილის ხანგრძლივობა, ხარისხი და დღის განმავლობაში მისი ფუნქციონირება.
- ტელეფონი და სოციალური ქსელები რამდენად არის დღეს ბავშვების ძილის მთავარი მტერი? პრობლემა ეკრანის სინათლეა თუ ის, რომ ბავშვი ტელეფონს დაძინებამდე ვერ ელევა?
- დღეს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ტელეფონის გამოყენება ბავშვის ტვინს აქტიურ მდგომარეობაში ტოვებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი უყურებს ემოციურად დატვირთულ ვიდეოებს, თამაშობს, ესაუბრება მეგობრებს ან სოციალურ ქსელებში ახალი ინფორმაციის მიღებას აგრძელებს.
ამასთან, საღამოს ეკრანთან ყოფნა შეიძლება გავლენას ახდენდეს ძილისთვის ორგანიზმის მომზადების ბუნებრივ პროცესებზეც.
ამიტომ პრობლემა ორმაგია: ერთი მხრივ, ეკრანის ფიზიოლოგიური გავლენა, ხოლო მეორე მხრივ - ბავშვის ფსიქოლოგიური ჩართულობა.
თუ ბავშვი დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე იღებს ახალ შეტყობინებას ან საინტერესო ვიდეოს ნახვას იწყებს, მისთვის ტელეფონის უბრალოდ გადადება რთული ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ტელეფონი აღარ გამოიყენო“, არამედ წინასწარ შექმნილი საღამოს რუტინა.
- რამდენი ხნით ადრე უნდა გადადოს ბავშვმა ტელეფონი დაძინებამდე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონი საერთოდ არ იყოს საძინებელში?
- სასურველია, ეკრანების გამოყენება დაძინებამდე დაახლოებით 1-2 საათით ადრე დასრულდეს. ეს პერიოდი ბავშვისთვის შეიძლება გახდეს გარდამავალი დრო აქტიურობიდან დასვენებაზე.
რაც შეეხება ტელეფონის საძინებელში დატოვებას, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის საწოლთან არ იყოს. როდესაც ტელეფონი ბავშვის გვერდით დევს, ჩნდება ცდუნება, შეამოწმოს შეტყობინებები, სოციალური ქსელები ან უბრალოდ „კიდევ ერთი ვიდეო“ ნახოს.
მშობლებს ვურჩევდი, ოჯახში წინასწარ შეთანხმებული წესი არსებობდეს - ღამით ტელეფონები არა საწოლთან, არამედ საწოლი ოთახის მიღმა, ერთ კონკრეტულ ადგილას იყოს. ამ შემთხვევაში წესი ბავშვისთვის სასჯელი აღარ არის; ის ოჯახის საერთო ცხოვრების წესად იქცევა.

- ზაფხულის შემდეგ ბავშვის სასკოლო რეჟიმზე გადაყვანა ბევრ ოჯახში პრობლემაა. როგორ დავაბრუნოთ ძილის რეჟიმი ისე, რომ ბავშვისთვის ეს ყოველდღიურ ბრძოლად არ იქცეს?
- რეჟიმის დაბრუნება უმჯობესია ეტაპობრივად. ზაფხულის განმავლობაში ბავშვს ხშირად გვიან ეძინება და გვიან იღვიძებს, ამიტომ სასწავლო წლის დაწყების წინ ერთ დღეში რადიკალური ცვლილება ბავშვისთვის საკმაოდ რთულია.უმჯობესია დაძინებისა და გაღვიძების დრო რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან გადავწიოთ სასკოლო რეჟიმისკენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის გაღვიძების სტაბილური დრო. დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა და ბუნებრივი სინათლე, საღამოს კი ნაკლები სტიმულაცია და მშვიდი გარემო ასევე ეხმარება ბავშვს რეჟიმის დაბრუნებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის დამოკიდებულებაც. ძილის რეჟიმის მოწესრიგება არ უნდა იქცეს ყოველდღიურ ბრძოლად. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რატომ არის ძილი მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ვუბრძანოთ: „დაწექი, რადგან მე ასე გეუბნები“.
- რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად ბავშვის ძილის რეჟიმის მოწესრიგებისას?
- ყველაზე ხშირი შეცდომაა პრობლემის მხოლოდ აკრძალვითა და დასჯით მოგვარების მცდელობა. მაგალითად, „თუ არ დაიძინებ, ტელეფონს წაგართმევ“. ასეთი მიდგომა შეიძლება დროებით ეფექტური იყოს, მაგრამ ბავშვს თვითრეგულაციის უნარს არ უვითარებს.
ასევე არ არის სასურველი ბავშვის ძალით დაწვენა მაშინ, როდესაც მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონია შესაბამისი რეჟიმი და საღამოს მისი ტვინი ჯერ კიდევ აქტიურ მდგომარეობაშია.
უფრო ეფექტურია წინასწარ განსაზღვრული და თანმიმდევრული რუტინა - ეკრანების გამორთვა, ჰიგიენური პროცედურები, ოთახის მომზადება, მშვიდი საუბარი ან წიგნის კითხვა და შემდეგ ძილი.და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მშობლის მაგალითი. ბავშვისგან ვერ მოვითხოვთ იმას, რასაც თავად მუდმივად არ ვიცავთ. თუ გვინდა, რომ ბავშვს ჯანსაღი ძილის ჩვევა ჩამოუყალიბდეს, ეს ოჯახის კულტურის ნაწილიც უნდა გახდეს.
- რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს უკვე ქრონიკული ძილის დეფიციტი აქვს?
- საყურადღებო ნიშნებია დილით გაღვიძების მუდმივი სირთულე, დღის განმავლობაში დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა, გაღიზიანება, ემოციური აფეთქებები, სწავლის გაუარესება, მოტივაციის შემცირება და ქცევის ცვლილება.
ზოგჯერ მშობელი ამბობს: „ჩემი შვილი შეიცვალა - ადრე ასეთი არ იყო“. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი კითხვა აუცილებლად უნდა იყოს: შეიცვალა თუ არა მისი ძილის რეჟიმი?
ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ძილის ხარისხს. თუ ბავშვს საკმარისი დრო სძინავს, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებს, ხშირად იღვიძებს ღამით, ძლიერ ხვრინავს ან ძილის დროს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მხოლოდ ფსიქოლოგიურ მიზეზს არ უნდა მივაწეროთ.ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია, რადგან ბავშვის ძილის დარღვევას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
- შეიძლება თუ არა ძილის ნაკლებობამ გავლენა მოახდინოს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, იმუნიტეტზე, მადაზე და ზრდაზე? სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ გვიან დაძინებასა და პრობლემურ რეჟიმს შორის?
- ძილი ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხარისხიანი ძილი დაკავშირებულია ორგანიზმის აღდგენის პროცესებთან, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასთან, მადისა და ენერგიის რეგულაციასთან და ზოგადად განვითარებასთან.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ერთი გვიანი ღამე ან პერიოდული რეჟიმის დარღვევა ქრონიკულ პრობლემად არ მივიჩნიოთ. პრობლემური ხდება მდგომარეობა მაშინ, როდესაც არასაკმარისი ან უხარისხო ძილი სისტემატურ ხასიათს იღებს.
თუ ბავშვი მუდმივად დაღლილია, უჭირს გაღვიძება, დღის განმავლობაში ყურადღებას ვერ ინარჩუნებს ან ღამით ძილი ხშირად ერღვევა, ეს უკვე სიგნალია, რომ საკითხს მეტი ყურადღება სჭირდება.

- თუ ერთი რამ უნდა შევცვალოთ ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმში მისი ძილის გასაუმჯობესებლად, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი - კონკრეტულ საათზე დაძინება, დილით ერთსა და იმავე დროს გაღვიძება, ეკრანების შეზღუდვა თუ საღამოს რუტინის შექმნა?
- თუ მხოლოდ ერთ ცვლილებას ავირჩევთ, მე ყველაზე მნიშვნელოვან საფუძვლად სტაბილურ რეჟიმს დავასახელებდი - განსაკუთრებით დილით დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გაღვიძებას.
თუმცა რეალურად ეს ოთხივე ფაქტორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სტაბილური გაღვიძების დრო ეხმარება ბავშვის ბიოლოგიურ საათს, საღამოს ეკრანების შეზღუდვა ამცირებს ზედმეტ სტიმულაციას, ხოლო ძილისწინა რუტინა ბავშვის ტვინს თანდათან ამზადებს დასვენებისთვის.და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მშობლებისთვის არის ის, რომ ძილი არ უნდა განვიხილოთ, როგორც დრო, რომელსაც ბავშვი სწავლას ან სხვა აქტივობებს „აკლებს“.
ძილის დროს ბავშვის ორგანიზმი და ტვინი აქტიურად აღდგება. ამიტომ კარგი ძილი ბავშვის სწავლის, მეხსიერების, ემოციური რეგულაციისა და ზოგადად ჯანმრთელი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.ზოგჯერ ბავშვისთვის საუკეთესო დახმარება კიდევ ერთი საათით მეტი მეცადინეობა კი არა, სწორედ დროულად დაძინებაა.
სწორედ, რომ დიაგნოსტირებისას უმნიშვნელოვანესი კითხვაა, როგორია ბავშვის ძილი, - ძალიან ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. ძილი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესია სრულფასოვანი ფიზიკური, ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის.