„ნუ ენდობით მწერების ბადეს და ნუ გამოიწვევთ ღებინებას ქიმიის გადაყლაპვისას“ - როგორ ვიხსნათ ბავშვი კრიტიკულ სიტუაციაში, პედიატრ სალომე ახვლედიანის რჩევები
საყოფაცხოვრებო გარემო, რომელიც ზრდასრულებისთვის სრულიად უსაფრთხო ჩანს, პატარა ბავშვისთვის, შესაძლოა, ათასგვარი ფარული საფრთხის წყაროდ იქცეს. ჩაკეტილი უჯრები, სწორად მომზადებული საკვები და დაცული ფანჯრები მხოლოდ პრევენციის ნაწილია - მთავარი გამოწვევა კრიტიკულ სიტუაციაში სწორი, ალგორითმული მოქმედებაა.
რა იწვევს საყლაპავის მძიმე დამწვრობას სულ რაღაც ორ საათში, რატომ არის დაუშვებელი ღებინების გამოწვევა ქიმიური ნივთიერების გადაყლაპვისას და როგორ განვასხვაოთ ჩვილისა და მოზრდილი ბავშვის სასუნთქი გზების დახშობა? უსაფრთხოების ოქროს წესებსა და პირველადი დახმარების პრაქტიკულ ნაბიჯებზე პედიატრი სალომე ახვლედიანი საუბრობს.
- ქალბატონო სალომე, რა ძირითადი ცვლილებები უნდა შეიტანონ მშობლებმა სახლის ინტერიერსა და განლაგებაში ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე?
- პირველ რიგში, ბინას უნდა შეხედონ არა ზრდასრული ადამიანის, არამედ ბავშვის სიმაღლიდან. ყველაფერი, რასაც ბავშვი შეიძლება მისწვდეს, მოქაჩოს, გახსნას, გადააყირაოს ან პირში ჩაიდოს, მისთვის საშიშია.
ბავშვის დაბადებამდე აუცილებელია უსაფრთხო საძინებელი ადგილის მომზადება. საწოლი უნდა იყოს მყარი ლეიბით და ცარიელი - ბალიშების, სათამაშოებისა და მძიმე საბნების გარეშე. ასევე საჭიროა მაღალი ავეჯისა და ტელევიზორის კედელზე დამაგრება, სადენების დამალვა, და მედიკამენტებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას შენახვა.
როზეტების, კარადების, ფანჯრების, მაგიდების, კარებისა და კიბეების დაცვა შეიძლება მოგვიანებით, ოღონდ სანამ ბავშვი ცოცვას დაიწყებს.
- რა ტიპის დამცავი მექანიზმებია აუცილებელი ფანჯრებსა და აივნებზე, და რატომ არის მწერების ბადე მხოლოდ ილუზია, რომ ბავშვს გადავარდნისგან დაიცავს?
- ფანჯრებზე აუცილებელია სპეციალური ბლოკატორების ან დამცავი გისოსების დამონტაჟება, რომლებიც სწორედ ბავშვის ფანჯრიდან გადავარდნის პრევენციისთვის არის განკუთვნილი. სასურველია, ფანჯარა ათ სანტიმეტრზე მეტად არ იღებოდეს, ხოლო საკეტი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას იყოს განთავსებული. აივანზეც უნდა იყოს საიმედო დამცავი მოაჯირი, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია დამატებითი დამცავი ბადის დამონტაჟება. ფანჯრებთან და აივანთან ახლოს არ უნდა დადგათ სკამები, მაგიდები, ყუთები და სხვა ნივთები, რომლებზეც ბავშვს შეუძლია აძვრეს.

რაც შეეხება მწერებისგან დამცავ ბადეს, ის მცირე ზეწოლის შემთხვევაშიც კი შეიძლება ჩარჩოდან ამოვარდეს. ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც პატარა ბავშვი მწერებისგან დამცავ ბადეს დაეყრდნო და ფანჯრიდან გადავარდა.
- რომელი საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები თუ ქიმიური საშუალებები წარმოადგენს ბავშვისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს და როგორ შევინახოთ ისინი სწორად?
- განსაკუთრებით საშიშია პატარა საგნები: ღილაკის ტიპის ელემენტები, ძლიერი მაგნიტები, მონეტები, მძივები, კონსტრუქტორის დეტალები, ღილები და გატეხილი სათამაშოების ნაწილები. რისკის ცალკე ჯგუფს მიეკუთვნება მედიკამენტები, საწმენდი საშუალებები, სარეცხი კაფსულები, ელექტრონული სიგარეტის სითხე, ბასრი ხელსაწყოები, ასანთი და სანთებელები.
ყველა ეს ნივთი უნდა ინახებოდეს არა უბრალოდ მაღლა, არამედ ჩაკეტილ კარადაში. ბავშვს შეუძლია სკამი მიაჩოჩოს და მისწვდეს იმას, რაც ერთი შეხედვით მიუწვდომელია. ქიმიური საშუალებები და მედიკამენტები უნდა დარჩეს საკუთარ, ორიგინალურ შეფუთვაში - მათი წყლის ან სხვა სასმლის ბოთლებში გადასხმა დაუშვებელია.
სათამაშოებსა და პულტებზე რეგულარულად უნდა შემოწმდეს ელემენტების განყოფილებები: ისინი ხრახნით უნდა იკეტებოდეს. ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ დაზიანებული სათამაშოები, საიდანაც შეიძლება პატარა დეტალები ან მაგნიტები ამოვარდეს.
- როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა ან ჩაისუნთქა?
- თუ უცხო სხეული სასუნთქ გზებში მოხვდა, ჩვეულებრივ უეცრად იწყება ძლიერი ხველის შეტევა, დახუთვა, ხმაურიანი ან მსტვინავი სუნთქვა. ბავშვს უჭირს ლაპარაკი, ტირილი ან საერთოდ ხმის ამოღება. შესაძლოა ტუჩები გაულურჯდეს. ზოგჯერ პირველი ძლიერი ხველის შემდეგ მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება, თუმცა ეს არ გამორიცხავს ბრონქში უცხო სხეულის არსებობას.
თუ უცხო სხეული საყლაპავშია, დამახასიათებელია უხვი ნერწყვდენა, ყლაპვის გაძნელება, გულისრევა, ტკივილი კისრის ან მკერდის ძვლის უკან, საკვებისა და წყლის მიღებაზე უარის თქმა. ამასთან, ელემენტის ან მაგნიტის გადაყლაპვა თავდაპირველად შეიძლება საერთოდ უსიმპტომო იყოს. ამიტომ ეჭვის შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ.

- რატომ არის ელემენტის ან წყვილი მაგნიტის გადაყლაპვა სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში და რამდენი დრო გვაქვს მოქმედებისთვის?
- ელემენტის გადაყლაპვის შემთხვევაში მძიმე ტუტოვან დამწვრობას იწვევს. საყლაპავის მძიმე დამწვრობა შეიძლება უკვე 2 საათში განვითარდეს.
თუ ბავშვმა ორი ან მეტი მაგნიტი გადაყლაპა, ისინი შეიძლება ნაწლავების სხვადასხვა ნაწილში ერთმანეთს მიეკრას და გამოიწვიოს მისი მძიმე დაზიანება. ნაწლავის დაზიანება შესაძლოა უკვე პირველივე 24 საათში.
ორივე შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კლინიკას, მაშინაც კი, თუ ბავშვი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება.
- რა ასაკამდე და რა ფორმით უნდა მოარიდოთ ბავშვს ისეთი მყარი საკვები (თხილეული, ყურძენი, კანფეტები), რომელიც დიდი რისკია რომ გადაცდეთ?
- მინიმუმ ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მისცეთ მთლიანი თხილეული, ყურძნის მარცვლები, პოპკორნი, ასევე მყარი და წებოვანი კანფეტები.
ყურძნის მარცვლები, ჩერი პომიდორი და დიდი ზომის მრგვალი კენკრა სიგრძეზე ოთხ ნაწილად უნდა გაჭრათ. მყარი ხილი და ბოსტნეული, მაგალითად ვაშლი ან სტაფილო, წინასწარ უნდა მოამზადოთ დარბილებამდე, გახეხოთ ან ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრათ.
თხილეული ბავშვს შეიძლება მისცეთ დაქუცმაცებული (დაუმატოთ ფაფაში ან ცომეულში) ან თხილის პასტის სახით. პასტა თხელ ფენად უნდა წაუსვათ რბილ პურს ან ბლინს შეგიძლიათ დაამატოთ ფაფაში. ბავშვისთვის თხილის პასტის პირდაპირ კოვზით მიცემა არ შეიძლება.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვს საკვები გადასცდა? რა განსხვავებაა ჩვილისა და შედარებით მოზრდილი ბავშვის პირველად დახმარებას შორის?
- თუ ბავშვი ახველებს, შეუძლია ტირილი, საუბარი და სუნთქვა, უნდა აცადოთ ამოხველება და დააკვირდეთ მის მდგომარეობას.
თუ ბავშვი ხმას ვერ იღებს, თეთრდება ან ლურჯდება, ეს ნიშნავს, რომ სასუნთქი გზები დახშული აქვს. დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ 112 და დაიწყოთ პირველადი დახმარების გაწევა.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვი პირქვე უნდა დააწვინოთ, წინამხარზე, თავი დაუჭიროთ და გულმკერდის დონეზე დაბლა მოათავსოთ. ხელისგულით ბეჭებს შორის ხუთჯერ უნდა დაარტყათ. თუ უცხო სხეული არ ამოვიდა, ბავშვი ზურგზე უნდა გადააბრუნოთ და ორი თითით გულმკერდის ცენტრში ხუთჯერ დააჭიროთ. მოქმედების ალგორითმი უნდა გაიმეოროთ სუნთქვის აღდგენამდე.
ერთ წელზე უფროსი ბავშვი წინ უნდა გადახაროთ და ბეჭებს შორის ხუთჯერ დაარტყათ. თუ ეს არ დაეხმარა, უნდა ჩაატაროთ ჰაიმლიხის მანევრი: დადგეთ ბავშვის უკან, მუშტი მოათავსოთ ჭიპის ზემოთ, მაგრამ მკერდის ძვლის ქვემოთ და შეასრულოთ ხუთი ბიძგი შიგნით და მიმართულებით ზემოთ. ზურგზე დარტყმები და მუცელზე ბიძგები მონაცვლეობით უნდა გააგრძელოთ უცხო სხეულის ამოსვლამდე.
- რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვმა ცხვირში ან ყურში უცხო სხეული (მაგ. ბურთულა, კონსტრუქტორის დეტალი) შეიტენა, თუ თავად ვერ ამბობს?
ცხვირში უცხო სხეულის არსებობისას ხშირად მხოლოდ ერთი ნესტო არის გაჭედილი. შესაძლოა აღინიშნებოდეს ცალმხრივი ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენი უსიამოვნო სუნით, განმეორებითი სისხლდენა ცხვირიდან, ტკივილი ან ბავშვი მუდმივად ისრესდეს ცხვირს ხელით.
ყურში უცხო სხეულის არსებობისას ბავშვი შეიძლება ხშირად ისრესდეს ან ექაჩებოდეს ყურს. ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს გამონადენი, უსიამოვნო სუნი ან სისხლდენა სასმენი არხიდან. თუმცა პატარა და გლუვმა საგანმა ზოგჯერ შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ გამოიწვიოს რაიმე სიმპტომი.
- რატომ არ შეიძლება პინცეტით ან ბამბის ჩხირით ნივთის ამოღების მცდელობა სახლის პირობებში?
- უცხო სხეულის დამოუკიდებლად ამოღების მცდელობა ხშირად იმით სრულდება, რომ საგანი კიდევ უფრო ღრმად გადაადგილდება. მისი სასუნთქ გზებში მოხვედრის რისკიც არსებობს.
პინცეტის გამოყენებისას შესაძლებელია ლორწოვანი გარსის დაზიანება, სისხლდენისა და შეშუპების გამოწვევა, რის შემდეგაც უცხო სხეულის პროფესიული ამოღება უფრო რთული ხდება.
ბამბის ჩხირი კი თითქმის ყოველთვის უფრო ღრმად უბიძგებს საგანს სასმენ არხში და შესაძლოა დააზიანოს მისი კედლები ან დაფის აპკი.
ამიტომ ცხვირში ან ყურში უცხო სხეულის არსებობის ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგს მიმართოთ.

- რისი გაკეთება შეუძლია მშობელს იმ შემთხვევაში როცა ბავშვმა შემთხვევით საყოფაცხოვრებო ქიმია დალია?
- თუ ნივთიერება ბავშვს პირში აქვს დარჩენილი, გადმოაფურთხებინეთ და შესაძლებლობის შემთხვევაში პირი სუფთა წყლით გამოავლებინეთ. თუ ბავშვი გონზეა და თავისუფლად ყლაპავს, მიეცით რამდენიმე ყლუპი წყალი, რათა პირის ღრუ ჩამოირეცხოს. თუ ნივთიერება კანზე ან თვალში მოხვდა, დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით ჩამობანეთ.
სანამ სხვა რამეს მოიმოქმედებთ, დაუკავშირდით სასწრაფოს და იმის მიხედვით, თუ რა ნივთიერებასთან ჰქონდა ბავშვს კონტაქტი, მიიღეთ ინსტრუქცია კონკრეტული შემთხვევისთვის.
მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ: თუ ბავშვმა საყოფაცხოვრებო ქიმია გადაყლაპა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოთ ღებინება.როდესაც აგრესიული ქიმიური ნივთიერება მეორედ ხდება საყლაპავში, ის უფრო აღრმავებს დაზიანებას. ასევე არ სცადოთ ნივთიერების „ნეიტრალიზება“ ძმრით, სოდით, რძით ან სხვა საშუალებებით და ექიმის მითითების გარეშე არ მისცეთ ბავშვს არანაირი წამალი.
- რა არის ის მთავარი ოქროს წესი, რომელიც ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს, რათა კრიტიკულ სიტუაციაში პანიკის გარეშე, სწრაფად და ცივი გონებით იმოქმედოს?
- მთავარი ოქროს წესი არის "არა იმპროვიზაციას". სწრაფად უნდა შეაფასოთ სამი რამ: არის თუ არა ბავშვი გონზე, როგორ სუნთქავს და შეუძლია თუ არა ხმის ამოღება. შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ 112-ზე და იმოქმედოთ მკაფიო ალგორითმის მიხედვით, ოპერატორის მითითებების შესაბამისად.
კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი თავისით არ ჩნდება, ამას წინასწარი მომზადება სჭირდება. ამიტომ მშობლებისთვის სასარგებლოა პირველადი დახმარების პრაქტიკული კურსების წინასწარ გავლა. როდესაც მოქმედების ალგორითმი კარგად გაქვთ დამუშავებული, გაცილებით მარტივია არ დაიბნეთ და შეასრულოთ რამდენიმე სწორი მოქმედება, რომლის საშუალებით შეძლებთ ბავშვს დაეხმაროთ.