უცნობი წარმოშობის ცხელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცნობი წარმოშობის ცხელება

- თითქმის ყველა ინფექციური დაავადება ტემპერატურის მომატებით მიმდინარეობს. თუ ასე არ მოხდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ორგანიზმი დასუსტებულია, იმუნიტეტდაქვეითებული. გამონაკლისია ჩვილობისა და ახალშობილობის პერიოდი, როდესაც დაავადების მძიმე ფორმები ტემპერატურის მკვეთრი მომატების გარეშე და უსიცხოდაც კი მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმუნიტეტის დაქვეითებით კი არ აიხსნება, არამედ ახალშობილის ორგანიზმის თერმომარეგულირებელი მექანიზმების მოუმწიფებლობის შედეგია. ყველაზე დამახასიათებელი ტემპერატურული მრუდი აქვს მუცლის ტიფს, A და B ჰეპატიტებს, მალარიას, ლეიშმანიოზს, ბრუცელოზს. ეს ის დაავადებებია, რომლებიც არცთუ იშვიათად გვხვდება ჩვენს სინამდვილეში.

- ყველაზე ხანგრძლივი ტემპერატურული რეაქცია ლეიშმანიოზს ახასიათებს. სამწუხაროდ, ეს დაავადება ბავშვთა ასაკშიმართლაც საკმაოდ არის გავრცელებული. გარდა მაღალი ცხელებისა, რა ნიშნებით შეიძლება მისი ამოცნობა?

- ლეიშმანიოზი ადამიანისა და ცხოველის პარაზიტული დაავადებაა. მისი გადამტანია მწერი, მოსკიტი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების დაზიანება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცხელება, ანემია (ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლები), ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, კანის ფორმას - კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანება, დაწყლულება და ნაწიბურების წარმოქმნა. პარაზიტის გადამტანის, მდედრი მოსკიტის, ნაკბენ ადგილას კანზე ჩნდება პირველადი პაპულა, რომელსაც იშვიათად ამჩნევენ. კბენიდან ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის დაწყებამდე კარგა ხანი გაივლის. საინკუბაციო პერიოდი 20 დღიდან ერთ წლამდე და მეტხანსაც გრძელდება, თუმცა უმეტესად 3-6 თვეს შეადგენს. დაავადება თანდათანობით იწყება. პირველი ნიშნებია  უმადობა, სუბფებრილიტეტი (მუდმივი დაბალი სიცხე), მერე და მერე ჩივილები ძლიერდება, სხეულის ტემპერატურა იმატებს, ცხელება ტალღისებური ხდება. დაავადების სრული გაშლის დროს სიცხე მაღალია, იმატებს ხანგრძლივი, 2-3-საათიანი შუალედებით, დღე-ღამეში შესაძლოა 2-3-ჯერაც კი მიაღწიოს პიკს (38-40 გრადუსს), რასაც თან სდევს ძლიერი შემცივნება და ოფლდენა. თუმცაღა ასეთი ცხელება ლეიშმანიოზის მთავარი სიმპტომი არ არის. ცხელება ორი კვირიდან 1-2 თვემდე გრძელდება და სხვადასხვა ხანგრძლივობის უსიცხო პერიოდებით იცვლება. თანდათან გამოიკვეთება დაავადებისთვის დამახასიათებელი დანარჩენი ნიშნებიც: ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანემია (მკვეთრად დაქვეითებული ერითროციტები და ჰემოგლობინი), თმის შეთხელება და მსხვრევადობა.

- მალარია საქართველოში უხსოვარი დროიდან იყო გავრცელებული, ამჟამად მხოლოდ ერთეული, შემოტანილი, შემთხვევები გვხვდება. მიუხედავად ამისა, ამ დაავადების უგულებელყოფა არ შეიძლება. როგორი ტემპერატურა ახასიათებს მას?

- მალარია ჭაობის ცხელების სახელითაც არის ცნობილი. ახასიათებს ციკლური მიმდინარეობა - ცხელებისა და უსიცხო პერიოდების (ნორმალური ტემპერატურის) მონაცვლეობა, ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ, თირკმელებისა და სხვა ორგანოების დაზიანება. მალარიის მიმართ მგრძნობიარეა ყველა ასაკის ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვები. ცხელების შეტევა მოიცავს სამ სტადიას: შემცივნებას, სიცხესა და ოფლიანობას. მალარია იწყება მწვავედ. მისი მთავარი ნიშანია ცხელება, რომელიც შეტევების სახით, სიცხისა და უსიცხო პერიოდების კანონზომიერი მონაცვლეობით მიმდინარეობს. ეს კანონზომიერება დაავადების დასაწყისიდანვე არ არის გამოხატული, ის დაახლოებით ერთ კვირაში იჩენს თავს. სამდღიანი და ტროპიკული მალარიის დროს ასეთი ეპიზოდები დღეგამოშვებით მეორდება, ოთხდღიანი მალარიის დროს - 72-საათიანი ინტერვალებით. სამდღიანი მალარიის დროს, სხვა კლინიკური ფორმებისგან განსხვავებით, ცხელების შეტევები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, დილით ან დღის საათებში იწყება. თითოეული შეტევა 6-12 საათს გასტანს. შემცივნების ფაზა 15 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდება. ცხელების ფაზაში ავადმყოფის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება, ცხელება 39-40 გრადუსამდე აღწევს, თავის, წელისა და ელენთის ტკივილი ძლიერდება. ავადმყოფი გაბრუებულია, სწყურია, აღებინებს, ზოგჯერ ემართება კრუნჩხვა, ცნობიერება ებინდება, ბოდავს, უვარდება ქოშინი, მაჯა აჩქარებულია, არტერიული წნევა - დაცემული, ენა დაფარულია სქელი ნადებით, კანი შეწითლებულია. ცხელების პერიოდი 2-დან 6 საათამდე გრძელდება და ოფლის დენის  სტადიით იცვლება. ამ ფაზაში ტემპერატურა 1-2 საათის შემდეგ იწევს დაბლა და იწყება უხვი ოფლდენა. ავადმყოფი უმალვე შვებას გრძნობს და იძინებს. შეტევისგან თავისუფალ დღეებში ავადმყოფს აწუხებს საერთო სისუსტე. რამდენიმე შეტევის შემდეგ თავს იჩენს ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ცხვირ-ტუჩის მიდამოში ჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი. ოთხდღიანი მალარიის დროს ცხელების შეტევა 72 საათში ერთხელ, ჩვეულებრივ, შუადღისას მეორდება. შემცივნების პერიოდი ხანგრძლივი და მძაფრია. ანემია ნაკლებად არის გამოხატული. დამახასიათებელია ელენთის შესამჩნევი გადიდება. დაავადება დიდხანს მიმდინარეობს. 8-14 შეტევის შემდეგ ცხელების პერიოდი (მკურნალობის გარეშეც) წყდება, მაგრამ დაავადების გამომწვევი პარაზიტი, მალარიის პლაზმოდიუმი, ორგანიზმში რჩება. ოთხდღიანი მალარიის დროს ხშირია მძიმე ნეფრიტული სინდრომი.


- გახანგრძლივებული ტემპერატურული რეაქცია თითქმის გადამწყვეტი სადიაგნოზო კრიტერიუმია სეფსისის დროს. საკმარისია თუ არა ტემპერატურული რეაქციის არსებობა სეფსისის დიაგნოსტიკისთვის?

- სეფსისის ცენტრის დამაარსებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის განმარტებით, ყოველგვარი მწვავედ მიმდინარე ცხელება, რომელიც გრძელდება 5-6 დღეს და მეტხანს, განურჩევლად ადგილობრივი კერებისა თუ თავის ტკივილის არსებობა-არარსებობისა და უსიცხო პერიოდში შედარებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, სეფსისის თვალსაზრისით საეჭვო მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა (89,9%) სტაფილოკოკური მწვავე სეფსისია. დაავადების პირველი ნიშანია ტემპერატურული რეაქცია. არსებობს მისი სამი ვარიანტი:

  • ტემპერატურული ტალღები სხვადასხვა ხანგრძლივობის რემისიით (უსიცხო პერიოდებით);
  • რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი სუბფებრილიტეტი;
  • ტემპერატურული ტალღები 5-10-დღიანი უსიცხო პერიოდებით.

პირველი და მესამე ვარიანტები განსაკუთრებით ხშირია. ძლიერი შემცივნების შემდეგ სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს და მეტსაც აღწევს. გრძელდება 2-4 საათს, შემდეგ კი იკლებს. ტემპერატურის კლებას ერთვის ძლიერი ოფლიანობა. მეორე დღეს ავადმყოფი უჩივის უმნიშვნელო სისუსტეს, ხოლო მომდევნო უსიცხო დღეებში თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობს. უსიცხო პერიოდი არცთუ იშვიათად 1-2 თვეს და მეტხანსაც გასტანს, თუმცა თანდათან იკლებს და 1-2 კვირამდე, ზოგჯერ 10-14 დღემდეც კი ჩამოდის.

- რედაქციაში მოვიდა წერილი, რომლის ავტორი, 11 წლის ბიჭუნას დედა, შეწუხებული გვეკითხება, რატომ აქვს, უკვე მე-7 თვეა, მის შვილს 10-14-დღიანი შუალედებით მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა.

- მხოლოდ ტემპერატურის საფუძველზე ზუსტ დიაგნოზს ვერავინ დაუსვამს. ბავშვი უნდა გასინჯოს ინფექციონისტმა, შეაფასოს მისი საერთო მდგომარეობა, ჩაუტაროს სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევები და შეაფასოს მათი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ინფექციურ დაავადებას დამახასიათებელი ტემპერატურული მრუდი აქვს, მხოლოდ ამ ნიშნის საფუძველზე დიაგნოზის დასმა წარმოუდგენელია. ცხელებითა და ინტოქსიკაციით მიმდინარე დაავადების საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროა კომპლექსური ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება, სისხლის საერთო ანალიზის დინამიკა ამ დროს დამახასიათებელ ცვლილებებს ავლენს, პარაზიტული დაავადებების დროს კი შესაძლებელია გამომწვევის გამოყოფა სისხლის კულტურიდან, ძვლის ტვინის პუნქცია (ლეიშმანიოზის დროს) და ასე შემდეგ.