ბავშვის კვება 1-დან 3 წლამდე
პედიატრები ამბობენ: “მითხარით, რით კვებავთ ბავშვს და გეტყვით, რამდენად ხშირად ავადმყოფობს იგი”. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვის კვება ერთიდან სამ წლამდე. სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ადამიანის ჯანმრთელობას.
მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვის კვების შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით იშვითად მიმართავენ სპეციალისტებს. ამიტომ პატარა ხშირად ჭარბად ან ერთგვაროვნად იკვებება. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ანემია, ჭარბი წონა, იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. არასწორად შერჩეული საკვები მოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, ის ხდება აპათიური, ჭირვეული.
როგორც წესი, მშობლები წლამდე უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ბავშვის კვებას, ერთი წლის შემდეგ კი, უმეტეს შემთხვევაში, საერთო მაგიდასთან კვებაზე გადაჰყავთ და აქცენტი მის ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებზე გადააქვთ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სწორად შერჩეული მენიუს გარეშე გენიოსებს ვერ გაზრდიან.
მშობლების შეცდომები ბავშვის მენიუს შედგენისას:
- არ იციან, რა არის ბალანსირებული საკვები;
- როგორც კი ბავშვს ამოუვა სარძევე კბილები, თანდათან გადაჰყავთ “უფროსების” საკვებზე;
- მზარდი ორგანიზმის მოთხოვნებისთვის შეუსაბამო რაციონით ბავშვი ვერ იღებს კალციუმს, რკინას, მაგრამ ჭარბად მარაგდება ნატრიუმითა და ძნელად მოსანელებელი ცხიმებით.
გაითვალისწინეთ: ბავშვის საკვები უნდა იყოს ახალმომზადებული, მისი მეორე დღისთვის შენახვა არ ღირს.
მეტად მნიშვნელოვანია, არ შეზუღუდოთ სითხის მიღება. ყველაზე უკეთესია - წყალი!
კბილების ამოჭრა დაიწყო
ერთი წლისთვის პატარას პირის ღრუ სავსე აქვს სარძევე კბილებით. მისი საკვების თერმული დამუშავება უნდა შეიცვალოს, მას უნდა შეეძლოს კბილების საშუალებით დააქუცმაცოს, დაღეჭოს საკვები. თუ ერთი წლის ასაკში სტაფილო უნდა გაუხეხოთ წვრილ სახეხზე, წლინახევრის ასაკში - მსხვილ სახეხზე, ხოლო ორი წლისას - უნდა დაუჭრათ მრგვალად ან მისცეთ მთლიანი ხელში, რათა კარგად განუვითარდეს საღეჭი აპარატი.
ეცვლება კვების ჯერადობა. წლინახევრამდე იგი ოთხ საათში ერთხელ ანუ ხუთჯერადად უნდა კვებოთ, წლინახევრიდან - ოთხჯერადზე გადაიყვანეთ.
იზრდება ერთჯერადი ულუფის მოცულობა. იგი უნდა იღებდეს ერთ ჯერზე 340 გ-ს. ეს ნორმა შესაძლოა იცვლებოდეს ბავშვის მდგომარეობის მიხედვით, მაგალითად, ავადმყოფობის დროს პატარა უფრო ნაკლებს ჭამს.
რძის მდინარეები
წლამდე ძირითადი საკვებია - დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. წლის შემდეგ ბავშვი საჭიროებს კვლავინდებურად რძეს. იგი ყოველდღე უნდა შედიოდეს მენიუში. ასევე აუცილებელია რძემჟავა პროდუქტები - ხაჭო, იოგურტი, მაწონი, ნაკლებცხიმიანი არაჟანი.
ყოველდღიურად უნდა იღებდეს 400-600მლ რძესა და რძის პროდუქტს.
დაიმახსოვრეთ, რძე და რძის პროდუქტები საკვებად ითვლება. თუ ბავშვმა 1 ჭიქა რძე დალია, ეს ნიშნავს, რომ მან საკვები მიიღო. რძის პროდუქტები მდიდარია ცილებით, ცხიმებით, კალციუმისა და ფოსფორის მარილებით, B ჯგუფის ვიტამინებით. დღის განმავლობაში ხაჭო უნდა მიიღოს 70გ. ბავშვებს არ უყვართ ეს პროდუქტი, რძისგან განსხვავებით. ამიტომ შეგიძლიათ მისცეთ სხვადასხვა სახით.
ყველი ორ წლამდე უნდა მიიღოს გახეხილი მაკარონთან, კარტოფილის პიურესთან და ა.შ., ნაკლებად მარილიანი, ჭყინტი.
ნაღების კარაქი - დაუმატეთ ფაფაში, ბოსტნეულის პიურეში, წაუსვით პურზე, მისი დღიური ნორმაა 10-15გ.
კატლეტი, გუფთა, სუფლე
ხორცი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 80-100გ. ნაკლებად ცხიმიანი, უპირატესად ძროხის, ხბოს, ქათმის, ინდაურის, კურდღლის. დაუშვებელია ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის - ისინი შეიცავენ ძნელად გადასამუშავებელ ცხიმებს.
ხორცისგან უნდა მოუმზადოთ - ორთქლზე კატლეტი, გუფთა, სუფლე. უფრო მოგვიანებით - რაგუ.
საბავშვო ხორცის კონსერვები მოსახერხებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში. მგზავრობის დროს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, როდესაც ვერ ხერხდება სადილის მომზადება, მათ ბალანსირებული შემაგენლობა აქვთ, შეიცავენ ბავშვისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. შეთბობის მიზნით საკმარისია კონსერვის ქილა ცხელ წყალში დააყოვნოთ რამდენიმე წუთით და ქილიდანვე აჭამოთ.
თევზის დღე
თევზი ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ადვილად გადასამუშავებელი ცილებით, ამინომჟავებით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
თევზი უნდა მისცეთ სიფრთხლით, კვირაში ერთ ან ორჯერ. ისიც - არა უმეტეს 30გ-ისა!
უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან ზღვისა და მდინარის თევზს. ასეთია - კალმახი, კამბალა, ხეკი, ბრტყელშუბლა. მიეცით მოხარშული ან მოუმზადეთ ორთქლზე კატლეტი, გუფთა. სიფრთხილით გაასინჯეთ თევზის წვნიანი - უხა.
პური და ბურღულეული
განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულის ფაფები - წიწიბურას, შვრიის, ბრინჯის (თუ შეკრულობა არ აწუხებს). ფაფა მზადდება წყალზე, რძეზე, წიწიბურასა და შვრიის ფაფები ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს გარნირის სახით, მაკარონი - კვირაში ორჯერ.
ტრაპეზს ამშვენებს პური - ხორბლის, უმჯობესია საფუარის გარეშე, მსხვილად დაფქული ხორბლის. ბლითები, ორცხობილა - მიეცით სამხარზე, მაწონთან ერთად. სახლში გამომცხვარი ფუნთუშებით, კექსებით ძალიან ნუ გაანებივრებთ. საფუარის ცომზე პეროგები - ორი წლის შემდეგ და ისიც ზომიერად.
დაიმახსოვრეთ! სამ წლამდე ბავშვისთვის დღიური ნორმა ტკბილეულის და შაქრის არის 30გ. უმჯობესია მისცეთ - მარმელადი.
ხილი, კენკრა, ბოსტნეული
გაამდიდრეთ და გაამრავალფეროვნეთ ყოვედლღიურად რაციონი ამ პროდუქტებით. ისინი ჯანმრთელობის საწინდარია, შეიცავენ დიდი ოდენობით მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს, უჯრედისს.
დღის განმავლობაში უნდა იღებდეს ხილსა და კენკრას - 200გ-ს ოდენობით, ბოსტნეულს - 300-350გ-ს.
ახალი პროდუქტი მიეცით თანდათან და ზომიერად. ყველაზე ხშირად ალერგიას იძლევა ციტრუსი, მარწყვი, ტროპიკული ხილი. სამ წლამდე ნუ მისცემთ - ყურძენს, ის იწვევს მუცელში დუღილის პროცესების პროვოცირებას, შებერილობასა და ტკივილს.
თამამად აჭამეთ - ვაშლი, მსხალი, ბანანი; ბოსტნეულიდან - კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ჭარხალი, გოგრა - მოუმზადეთ სალათები, უმად ან მოხარშული, ცოტა ოდენობით მცენარეული ზეთით. ეს უკანასკნელიც საჭიროა ორგანიზმისთვის.
რა და როგორ მოვამზადოთ
ბოსტნეულის სუპ-პიურე - რეკომენდებულია 1,5 წლიდან
საჭოროა:
- 1ც კარტოფილი და სტაფილო;
- 50გ ყვავილოვანი კომბოსტო;
- 2-2 ღერი ოხრახუში, ნიახური და კამა;
- 1 კბილი ნიორი;
- 1 ცალი პატარა ხახვი;
- მარილი;
- 1 სადილის კოვზი არაჟანი.
ადუღებულ წყალში ჩაუშვით კუბებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ხარშეთ, როცა ჩარბილდება, გადაწურეთ, ნახარში შეინახეთ, ჩაჭყლიტეთ დარბილებული ბოსტნეული, დაუმატეთ ნახარში იმდენი, რომ მიიღოთ პიურეს მასა, დაუმატეთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ნიახური და ისევ შედგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, გადმოდგით, ჩააჭერით წვრილად კამა.
სუფრასთან მიტანისას ჩადეთ არაჟანი.
სტაფილოს მობრაწულა - რეკომენდებულია 2 წლიდან
საჭიროა:
- 4ც საშუალო ზომის სტაფილო;
- 1 ჩაის კოვზი მანანის ბურღული;
- 100გ ხაჭო;
- 1ც კვერცხი;
- 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი;
- 1 ჩაის კოვზი დაფქული პურის ორცხობილა;
- გემოვნებით მარილი და შაქარი.
სტაფილო დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად, დაასხით რძე და ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში, დარბილების შემდეგ დაუმატეთ მანანის ბურღული და კვლავ ხარშეთ 10 წუთი. მიღებულ მასას გაგრილებამდე ჯამში შეათქვიფეთ ხაჭო, კარაქი, კვერცხი, მარილი და შაქარი, შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს შეურიეთ. ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ორცხობილა და გადაიტანეთ ათქვეფილი მასა, გაასწორეთ კოვზით, წაუსვით ფრთხილად გათქვეფილი კვერცხი და მობრაწეთ ღუმელში 15-20 წუთი.
ხაჭოს დესერტი - რეკომენდებულია 2 წლიდან
საჭიროა:
- 300 გ ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო;
- 30გ ნაღების კარაქი;
- 2 სადილის კოვზი შაქარი;
- 100-100გ გარგრისა და შავი ქლიავის ჩირი;
- 50გ დაჭრილი თხილი და ქიშმიში.
გაადნეთ კარაქი, შეურიეთ ხაჭო, შაქარი და ვანილი. გარგარსა და შავი ქლიავის ჩირს დაასხით ალუბალი, წყალი, გააჩერეთ 10წთ. შემდეგ გადაწურეთ, გაამშრალეთ და დაჭერით წვრილად. ფოლგაზე დაყარეთ თხილი და დაჭრილი ქიშმიში, ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა, გაასწორეთ დანით, ზემოდანვე დაადეთ დაჭრილი გარგარი და შავი ქლიავი. გადაახვიეთ რულეტად და შედგით მაცივარში 1 სთ. სუფრასთან მიტანისას დაჭერით რგოლებად, შეგიძლიათ მორთოთ კენკრით (ჟოლო, მაყვალი, მოცხარი).