ქალბატონი გოგრა
- ოქროსფერი გოგრა შემოდგომაზე და ზამთარში ზაფხულის მზიან დღეებს გვაგონებს. ის არა მხოლოდ ზღაპრებსა და მათ გმირებთან, არამედ გემრიელ და ჯანსაღ კვებასთანაც ასოცირდება. იშვიათია, ბოსტნეული ამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავდეს.
გოგრა კარგად ინახება. მისი მაგარი ქერქი, განსაკუთრებული შემადგენლობის რბილობი და თესლი ადვილად ძლებს გაზაფხულამდე.
გოგრის უჯრედისი ადვილად იხარშება და რბილდება. მოხარშულ გოგრას ბავშვის ორგანიზმი კარგად ითვისებს, ამიტომ შეიძლება, ყოველდღიურ რაციონშიც ჩავრთოთ. უმი გოგრით მოუმზადეთ სალათები შებერილობისადმი (აირების დაგროვებისადმი) მიდრეკილ ბავშვებს.
სასარგებლოა გოგრის არა მხოლოდ რბილობი, არამედ თესლიც. მასში უხვადაა მიკროელემენტები - კალიუმი (K), კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), ნატრიუმი (Na), ფოსფორი (P), თუთია (Zn), რკინა (Fe), ვიტამინები (A, C, B, B12, PP, E, K; ეს უკანასკნელი მოქმედებს სისხლის შემდედებელ სისტემაზე და მას არც ერთი სხვა ბოსტნეული არ შეიცავს).
გემრიელი აფთიაქი
გოგრის თესლის ფაფა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. თესლი რძესთან ერთად უნდა ათქვიფოთ, გემოვნებისამებრ დაამატოთ თაფლი, ხილის წვენი და უზმოზე მისცეთ პატარას როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება - თითო სუფრის კოვზი ორჯერ, ნახევარსაათიანი ინტერვალით.
გოგრას დამამშვიდებელი და უძილობის საწინააღმდეგო თვისებაც აქვს. მიეცით ბავშვს თაფლით დამტკბარი 50-70 მლ გოგრის ნახარში ძილის წინ.
ჩვეულებრივი გოგრის წვენიც კი, თუ ძილის წინ დალევთ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას.
რა შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს გოგრისგან?
შემოდგომის სალათა
საჭიროა:
- 200 გ მოხარშული გოგრა;
- 200 გ ვაშლი;
- 200 გ სტაფილო;
- 2 ჩაის კოვზი თაფლი;
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მოხარშული გოგრა დაჭერით კუბებად, დაახეხეთ ვაშლი და სტაფილო, მოასხით თაფლი და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მიირთვით.
ბოსტნეულის სუპი
საჭიროა:
- 200 გ მოხარშული გოგრა;
- 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო;
- 2 სადილის კოვზი ბრინჯი;
- 100 გ ყვავილოვანი კომბოსტო;
- 1 კვერცხი;
- 1 ჩაის კოვზი არაჟანი.
გოგრა და სტაფილო დაჭერით კუბებად და 10 წუთი ხარშეთ 1 ლ წყალში, დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ყვავილოვანი კომბოსტო და ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი. ათქვიფეთ კვერცხი და ნელ-ნელა, რევით შეურიეთ მოხარშულ ბოსტნეულს. რომ წამოდუღდება, შეაზავეთ მარილით და წვრილად დაჭრილი კამით. გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით არაჟანი და მიირთვით.
გოგრის დესერტი
საჭიროა:
- 300 გ გოგრის რბილობი;
- 1 ცალი ვაშლი;
- 3 სადილის კოვზი თაფლი;
- 2 ფორთოხლის ცედრა და წვენი;
- გემოვნებისამებრ - დარიჩინი და გახეხილი ნიგოზი და ნაღები.
ქვაბში ფენა-ფენა ჩაალაგეთ თხლად დაჭრილი გოგრა და ვაშლი, მოასხით თაფლი, ფორთოხლის წვენი, მოაყარეთ დარიჩინი, თავზე დაახურეთ და 7-10 წუთი ნელ ცეცხლზე შუშეთ. როცა გაცივდება, გადაიღეთ ბლენდერში, ათქვიფეთ და პატარა ფიალებში გაანაწილეთ. მოაყარეთ გახეხილი ნიგოზი და მორთეთ ნაღებით.