კენკრის დესერტი
- ხენდრო ტყის წვრილი კენკრაა, ხოლო მარწყვი - ბაღისა და უფრო მსხვილი. ველური ხენდრო ეკოლოგიურად სუფთაა და ვიტამინებით უფრო მდიდარი, უფრო არომატული და ტკბილი. ფარმაკოლოგიაში იგი ცნობილია როგორც მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებელი საშუალება შარდმდენი და თირკმელების მუშაობის ხელშემწყობი ეფექტით. ლაქტაციის პერიოდში ხენდრო აძლიერებს რძის წარმოქმნას. ხენდროსა და მარწყვში ბევრია C ვიტამინი, რომლის ნაკლებობასაც განიცდის გაზაფხულის ბოლოს ორგანიზმის ყველა უჯრედი და ქსოვილი. 100 გრამი შეიცავს 38-42 მგ-ს, 40 მგ კი ბავშვის დღიური მოთხოვნილების ნახევარია. პატარების უმრავლესობას არ მოსწონს ხენდროს მომჟავო გემო, ამიტომ გირჩევთ, თავდაპირველად ოდნავ დაუტკბოთ, მერე და მერე კი თანდათან შეაჩვიოთ დაუტკბობლად ჭამას. ხენდროსა და მარწყვში, გარდა C ვიტამინისა, მოიპოვება: ბეტა კაროტინი (პროვიტამინი A), PP და B ჯგუფის ვიტამინები. ასევე - მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის საჭირო ფლავონოიდები. ეს განსაკუთრებული, ვიტამინების მსგავსი ნივთიერება დადებითად მოქმედებს კაპილარების განვლადობაზე და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას. სწორედ კაპილარებია საბოლოო გზა მკვებავი ნივთიერებისა და ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მისატანად, ასევე - ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებისგან გასათავისუფლებლად. მარწყვის ყველაზე ფასეული თვისებაა, დააგროვოს არომატულ რბილობში ფოლაცინი (ვიტამინი B9, ფოლიუმის მჟავა). ეს ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მომავალი დედებისთვის.
- მაღაზიის დახლებზე თავს იწონებს ქარხნული წესით დამზადებული კენკროვანი დესერტები. სასარგებლოა თუ არა ისინი ბავშვისთვის?
- ლამაზად შეფუთული დესერტი მიმზიდველია, მაგრამ არცთუ სასარგებლო. ის შეიცავს არომატიზატორებს და საღებავებს, რომ ნამდვილი კენკრის გემო და ფერი ჰქონდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტაციაა. სამი წლიდან ასეთი დესერტი საშიში არ არის. მან შეიძლება ავნოს მხოლოდ ალერგიულად განწყობილ ბავშვს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ არც ნატურალური მარწყვის მიღებისას ვართ დაზღვეული ალერგიული რეაქციებისგან. მარწყვი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს - ანტოციანებს, რომლებიც მას წითელ ფერს აძლევს. სწორედ ეს ნივთიერებები იწვევს ალერგიული რეაქციებს.
- მოცვი ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ ძალიან სასარგებლო. კერძოდ, რით?
- მოცვი შიგნით ალისფერია. ასეთ ფერს მას აძლევს ნივთიერებათა კომპლექსი - მირტილინი, რომელსაც შესწევს უნარი, შეამციროს სისხლში შაქრის დონე, თუმცა უმნიშვნელოდ. თავად მოცვში შაქრის შემცველობა 9 პროცენტია, თუმცა იგი ტკბილი არ არის. გარდა ამისა, მოცვი ხელს უწყობს როდოფსინის (თვალის სინათლის მგრძნობიარე პიგმენტის) რეგენერაციას, რის შედეგადაც იზრდება სინათლისადმი მგრძნობელობა და მხედველობის სიმახვილე სუსტი განათებისას. მოცვის ფერადი ნივთიერებები ბუნებრივი საღებავებია. მათ უფერული პროდუქტების შესაფერავად იყენებენ. მოცვი მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავის აშლილობას ბავშვებში. კარგად დამწიფებული მოცვისგან მზადდება ძალიან გემრიელი კისელი. მოცვი ვიტამინებით მდიდარი არ არის. მასში უმნიშვნელო ოდენობითაა C და PP ვიტამინები, ბეტა-კაროტინი კი საერთოდ არ მოიპოვება. შეიძლება მოცვის საზამთროდ შენახვა ისე, რომ სამკურნალო თვისებები არ დაეკარგოს. მას ატარებენ ან ხეხავენ, ურევენ შაქარს და ასე ინახავენ.
- ალუბალს სიამოვნებით მიირთმევენ პატარები. რა სასარგებლო თვისებები აქვს მას?
- ალუბალი უმთავრესად ვიტამინების შემცველობით ფასობს. არსებობს მისი უფრო მსხვილი, ე.წ. ნამყენი, და უფრო წვრილი, მაგრამ გაცილებით არომატული ჯიშები. ალუბალი შეიცავს C ვიტამინს, ასევე - მის უკთ ასათვისებლად საჭირო გესპერიდონსა და რუტინს (P ვიტამინს). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ნივთიერებები ალუბლის რბილობშია და არა კანში. კანგაცლილი რბილობისგან უფრო უკეთესი ხილფაფა მზადდება. რუტინი, P ვიტამინი, ალუბლის მთავარ ღირსებად მიიჩნევა. იგი ამცირებს ექსუდაციური დიათეზისადმი (ატოპიური დერმატიტისადმი) ორგანიზმის მიდრეკილებას და კატარულ მოვლენებს მწვავე სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს, ასევე - თვალების სიწითლეს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს. რკინის შემცველობით ალუბალი ვაშლსაც კი სჯობნის. რკინასთან ერთად, მისი რბილობი მდიდარია ფოლიუმის მჟავათიც, რაც მეტად მნიშვნელოვანია სისხლის წარმოქმნის სტიმულაციისთვის. ამრიგად, საფუძველს მოკლებული არ არის ხალხში გავრცელებული წარმოდგენა, რომ ალუბალი კარგია ანემიის დროს.
- ჟოლო კენკრა-მკურნალია. როგორ გამოვიყენოთ იგი ბავშვის კვებაში?
- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაციებას ძალიან უხდება ჟოლოსმურაბიანი ჩაი. მას აქვს ოფლმდენი და შარდმდენი ეფექტი, წმენდს დაავადებულ ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამცირებს ცხელებას. გარდა ამისა, ჟოლო შეიცავს მიკრობებზე მომაკვდინებლად მოქმედ ნივთიერებას და სალიცილის მჟავას, რომელიც მოქმედებს ასპირინის მსგავსად. ჟოლო არსებობს წითელი, მუქი წითელი, ყვითელი, თითქმის თეთრი და მოიასამნისფრო. რაც უფრო მუქია ეს კენკრა, მით მეტია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს. სამაგიეროდ, ბაცი ჟოლო ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო უფრო სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ცოცხალი ჟოლო ჟოლოს მურაბაზე სასარგებლოა, ამიტომ უმჯობესია დავშაქროთ და საზამთროდ ასე შევინახოთ. ჟოლოს სამკურნალო თვისებებს აძლიერებს ჩ, P, B9 ვიტამინების შემცველობა.
- რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა მოცხარი?
- მოცხარი C ვიტამინის უმდიდრესი წყაროა. 40-50 გრამი ეს კენკრა სავსებით აკმაყოფილებს C ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. მოცხარი სხვადასხვა ფერისაა - წითელი, შავი, თეთრი. წითელი მოცხარი ფორთოხალსა და ლიმონზე გაცილებით მეტ C ვიტამინს შეიცავს. ასევე მდიდარია იგი კაროტინით (A ვიტამინით). წითელი მოცხარი ნაკლებად ალერგიულია. იგი უხვად შეიცავს პექტინს, რომელიც სასარგებლოა ნაწლავური დისბიოზის მქონე ბავშვებისთვის, ვინაიდან აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და სასარგებლო ბაქტერიების კარგი საკვები ნიადაგია. 100 გრამი შავი მოცხარიც 40 მგ C ვიტამინს შეიცავს, მაშინ როდესაც წითელში მისი შემცველობა არ აღემატება 25 მგ-ს. PP და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ყველა ჯიშის მოცხარში ერთნაირია. ასევე - კალციუმის მარაგიც. რაც შეეხება ბეტა კაროტინს, რომელიც გაციებისა და ონკოლოგიური დაავადებებისგან გვიცავს, მისი შემცველობით წითელი მოცხარი ორჯერ სჯობნის შავს. წითელი და თეთრი მოცხარი შეგიძლიათ გაყინოთ და საზამთროდ ასე შეინახოთ. მინუს ჩვიდმეტ გრადუსზე ის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს მთელი ზამთარი ინარჩუნებს.