ორგანული საკვები აუცილებელია
ძალიან კარგია, როცა ბავშვი ძუძუს წოვს, მაგრამ დამატებითი კვება მას ამ შემთხვევაშიც დასჭირდება. სწორედ აქ იჩენს თავს საკვების სწორად შერჩევის საკითხი. მაღაზიებსა და აფთიაქებში ბავშვის ათასგვარი საკვები იყიდება, მაგრამ საუკეთესო მათ შორის ორგანული პროდუქტებია. რით განსხვავდება ისინი ჩვეულებრივი ხილისა თუ ბოსტნეულისგან? ადამიანმა უხსოვარ დროს ისწავლა მიწის დამუშავება და ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის მოყვანა. მოგვიანებით გამოიგონეს ქიმიური საშუალებები მავნე მწერებისგან ჭირნახულის დასაცავად, მერე კი, უბრალოდ, მისი ოდენობის გასაზრდელადაც. ამან გაამართლა - მეურნეობებმა მეტი და მეტი მოსავლის აღება დაიწყეს. უხვი მოსავლის შესანახად, მისი გარეგნული იერსახის შესანარჩუნებლად (ბაზარზე გატანილი პროდუქტი ხომ მიმზიდველი უნდა ყოფილიყო მყიდველისთვის) შექმნეს სპეციალური კონსერვანტები. საბოლოოდ კი გამოვიდა ის, რაც ხშირად ხდება: ცხოვრება გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა და დღესდღეობით ყველაზე ბუნებრივ პროდუქტებშიც კი, ხილსა და ბოსტნეულში, კატასტროფულად მცირეა სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა. მაგალითად, სათბურში მოწეული პომიდორი გაცილებით ნაკლებ ლიკოპენს შეიცავს, ვიდრე გლეხის ბაღჩაში მოწეული, ხოლო ვაშლში თითქმის აღარ დარჩა რკინა დაC ვიტამინი... აი, არასასურველი ნაერთების ოდენობამ კი ხილსა თუ ბოსტნეულში, პირიქით, მოიმატა. ეს იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობაში უშურველად იყენებენ ქიმიკატებს: სასუქებს, პესტიციდებს, ზრდის აქტივატორებს... საბედნიეროდ, ბოლო ხანს აღდგა ორგანული ფერმენტული მეურნეობები, რომლებსაც საფუძვლად უდევს მიწისა და ყოველივე იმისადმი, რაც მასზე სახლობს და მოჰყავთ, მზრუნველი დამოკიდებულება. ასეთი მეურნეობები პრინციპულად არ იყენებენ ქიმიურ სასუქს, არ წამლავენ მოსავალს ქიმიური საშუალებებით და არ ამუშავებენ მას უფრო დიდხანს შენახვის მიზნით.
გემრიელი და სასარგელო
ორგანული წარმოების შედეგია ორგანული პროდუქტები, რომლებსაც ბიოპროდუქტებსაც უწოდებენ. ორგანული მიწათმოქმედების ნაყოფი შეიცავს ნაკლებ წყალს, აქვს უკეთესი გემო და არომატი, ხოლო ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა მასში გაცილებით მეტია. გასაკვირი არ არის, რომ, მიუხედავად სიძვირისა, ასეთი პროდუქტის პოპულარობა იზრდება და მოთხოვნა მასზე უფრო და უფრო იმატებს. თუ ზრდასრული მოსახლეობისთვის ორგანული საკვების შეძენა გემოვნებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნიშანია, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ადრეული ბავშვობის ასაკი - ეს აქტიური ზრდის პერიოდია, როდესაც საფუძველი ეყრება ჯანმრთელობას. ორგანიზმი საკვებიდან აქტიურად არჩევს როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ნივთიერებებსაც; უმნიშვნელო ოდენობის მავნე მინარევსაც კი შეუძლია, ბავშვის განვითარებას ხელი შეუშალოს, სწავლის უნარის დაქვეითება, ალერგიული რეაქციებისადმი განწყობა გამოიწვიოს, გაზარდოს დაავადების რისკი. ამიტომაც სწორად იქცევა მშობელი, რომელიც თავისი შვილისთვის ორგანულ საკვებს ირჩევს.
როგორ ამოვიცნოთ ორგანული საკვები
მისი ამოცნობა რთული არ არის. ასეთი საკვების მწარმოებლები ეტიკეტზე სპეციალურ სიმბოლოებს გამოსახავენ. ამ სიმბოლოებით აღნიშნული პროდუქტი ელიტურ კლასს მიეკუთვნება. ასე რომ, ყურადღებით შეისწავლეთ ნაწარმის ეტიკეტი. ორგანული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელსაც აქვს ოფიციალური სერტიფიკატი. ასეთი პროდუქტების მწარმოებელ ქარხნებს ყველა ინგრედიენტი მიეწოდება შემოწმებული ორგანული ფერმებიდან, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა რაიონებშია განლაგებული.
რა უნდა იცოდეს მშობელმა
პროდუქციას, რომელსაც აქვს ორგანულის სერტიფიკატი, მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ: მოწეული უნდა იყოს ისეთ ნიადაგზე, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეუტანიათ სინთეზური ქიმიკატები, მინერალური სასუქები, ზრდის სასტიმულაციო ქიმიური საშუალებები, გენმოდიფიცირებული თესლი. მზა პროდუქცია არ შეიცავს საკვებდანამატებს, საღებავებს, არომატიზატორებს. სერტფიცირებული ბიოპროდუქტი უმაღლესი ხარისხის საწინდარია.