დღენაკლული ჩვილის კვება
ნაადრევად დაბადებულ ბავშვს ათავსებენ კიუვეზში, სადაც მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა და ტენიანობაა. ასეთი რეჟიმის წყალობით ბავშვის ორგანიზმი მინიმალური ოდენობით კარგავს სითბოსა და წყალს. ზოგიერთ დღენაკლულს დაბადებისთანავე სჭირდება რეანიმაციული ჩარევა, ამიტომ ძუძუსთან მისი მაშინვე მიყვანა გაუმართლებელია. ძუძუ მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგაც დიდი სიფრთხილით უნდა მივცეთ. თუ წოვის ან ყლაპვის რეფლექსი სუსტია, ბავშვს საკვებს აძლევენ ზონდით, რომელსაც 2-3 დღე ტოვებენ კუჭში. რძე ზონდში შპრიცით შეჰყავთ. დღენაკლული ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ბუნებრივი კვება ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მის ნორმალურ განვითარებას.
რამდენი სჭირდება
პირველ დღეებში ბავშვს თითო ჯერზე 5-დან 10 მლ-მდე რძეს აძლევენ, შემდეგ ულუფას თანდათან ზრდიან. აუცილებელი ულუფის გამოსათვლელად გამოიყენება ფორმულა, რომლის თანახმად, სხეულის მასის ყოველ 100 გრამზე საჭიროა იმდენი რძე, რამდენი დღისაც არის ახალშობილი, პლუს 10. დღენაკლული ბავშვის სადღეღამისო ულუფას გამოიანგარიშებენ კალორიების ოდენობით სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, იმის გათვალისწინებით, რომ 100 მლ ქალის რძე 70 კილოკალორიას შეიცავს. უკეთ რომ გავიგოთ, მოვიყვანთ მაგალითს: 10 დღემდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილს, რომელიც 2000 გრამი (2კგ) წონისა დაიბადა, სჭირდება 100 კკალ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, ე.ი. 200 კკალ დღე-ღამეში. 100 მლ დედის რძე 70 კკალ-ს შეიცავს; აქედან გამომდინარე, 200 კკალ 285 მლ-ია. ეს ულუფა ახალშობილმა 7 ჯერზე უნდა მიიღოს, მაშასადამე, თითო ჯერზე - 40მლ (285მ:7=40).
კვების რაციონი
ნაადრევი მშობიარობის დროს დედას ხშირად უვითარდება ჰიპოგალაქტია ან გალაქტია (რძის წარმოქმნა მცირდება ან წყდება). როცა ახალშობილს საკვები არ ჰყოფნის, იგი ძნელად იმატებს ან საერთოდ არ იმატებს წონას, ჭირვეულობს, ტირის, ერღვევა ძილის რეჟიმი. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვის გადაყვანა შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე - ადაპტირებულ რძემჟავა ნარევებზე. მე-4 თვიდან დღენაკლულ ჩვილს დამატებით საკვებს აძლევენ (ესე იგი უფრო ადრე, ვიდრე დროულებს). იწყებენ ფრთხილად, ძალიან მცირე ულუფებით. პირველი დამატებითი საკვები, ჩვეულებრივ, ბოსტნეულის პიურე ან შვრიის ფაფაა, რომელსაც ნახევრად რძეზე ამზადებენ. დღენაკლული ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონში ვიტამინების დროულ ჩართვას. პატარას პირველსავე დღეებში უნიშნავენ 0,05 გ ჩ ვიტამინს და 0,001 გ B6 ვიტამინს. 2 თვიდან ბავშვს აძლევენ ხილისა და ბოსტნეულის წვენს, ოღონდ ძალიან ცოტას, 2-3 წვეთს, 3 თვიდან შეიძლება ულუფა 15-20 მლ-მდე გავზარდოთ, 6 თვიდან - 40-50 მლ-მდე. დღენაკლული ბავშვის სითხის მოთხოვნილება პირველ თვეებში სხეულის ყოველ კილოგრამზე 200 მლ-ია. ამ ოდენობაში შედის რძეც. გაითვალისწინეთ, რომ 100 მლ რძეში 87 მლ-მდე წყალია. იმის დასადგენად, რამდენი სითხე მივცეთ ბავშვს დამატებით, უნდა განისაზღვროს იმ სითხის ოდენობა, რომელსაც იღებს იგი დედის რძის სახით და ეს რიცხვი გამოაკლდეს სასურველს. დანაკლისის ასანაზღაურებლად შეიძლება მივცეთ ჩაი. 1 თვის ბავშვს, რომლის წონა 2000 გრამია, დღე-ღამეში 400 მლ წყალი სჭირდება. რძესთან ერთად იგი 350 მლ-ს იღებს. ესე იგი, დამატებით 50 მლ უნდა მივცეთ. დამატებით სითხეს ვაძლევთ უმთავრესად კვებათა შორის არსებულ შუალედში ან ღამით, გაღვიძებისას. დღენაკლული ბავშვის რაციონში უნდა ჩავრთოთ ცილა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატარას სამი კვირა შეუსრულდება. დამატებითი ცილის მიცემა რეკომენდებულია მაწვნის სახით, რომელსაც ამატებენ დედის რძეს - 5 მლ-ს დღეში 2-3-ჯერ. შეიძლება, თანდათანობით მისი ოდენობა 10 მლ-მდე გავზარდოთ და ბავშვს დღეში 4-5-ჯერ მივცეთ. ერთი თვიდან პატარას შეიძლება მივცეთ ხაჭოც. თავდაპირველად - 2-5 გ (1/2-1 ჩაის კოვზი), მერე კი 10-15 გ დღეში. ხაჭო უნდა შევურიოთ დედის რძეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ: რაციონში ნებისმიერი პროდუქტის შეტანამდე პედიატრს უნდა შეუთანხმდეთ. ამით თავიდან აიცილებთ არასასურველ გართულებებს, რომლებთან გამკლავებაც უმწიფარ ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს.