ზაფხული ბავშვებთან ერთად: პედიატრ თაკო ძაგანიას რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ემართებათ ბავშვებს დიარეა ზღვაზე და როგორ დავიცვათ ისინი მზის დაკვრისგან – პედიატრის გზამკვლევი

ზაფხული ბავშვებისთვის ახალი აღმოჩენების, თავგადასავლებისა და თავისუფალი დროის სეზონია, თუმცა მშობლებისთვის ის ხშირად განსაკუთრებული ზრუნვისა და მღელვარების პერიოდად იქცევა. კლიმატის ცვლილება, მზის მწველი სხივები, მწერები და კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი - ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ყოველი მეორე ოჯახი აწყდება.

როგორ დავგეგმოთ დასვენება ისე, რომ ბავშვმა სარგებელი მიიღოს და მშობლებმაც შეძლონ განტვირთვა? რა უნდა იდოს „სამოგზაურო აფთიაქში“ და რაც მთავარია, როგორ დავიცვათ ბავშვის მგრძნობიარე კანი მზისგან? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პედიატრი თაკო ძაგანია გვპასუხობს

- არსებობს თუ არა „ოქროს წესი“ ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით, როდიდანაა უსაფრთხო ბავშვისთვის კლიმატის შეცვლა?

- ბავშვის მგზავრობასა და დასვენებაზე ახლა ბევრი პაციენტი მეკითხება და სიამოვნებით გაგესაუბრებით ამ თემაზე. რაც უფრო ინფორმირებული იქნება მშობელი, მით უფრო უკეთეს ზაფხულს გაატარებს მთელი ოჯახი.

zafxuli-dasveneba-1780683680.jpg

ზუსტი, ციფრებში გამოხატული „ოქროს წესი“ არ არსებობს. მგზავრობა პრინციპში ნებისმიერ ასაკში შეიძლება. თუმცა პედიატრები რეკომენდაციას ვუწევთ, რომ 3 თვემდე ასაკის ჩვილებთან ერთად ძალიან შორი მგზავრობისგან (მაგალითად, სხვა კონტინენტზე გადაფრენა, ეგზოტიკური ქვეყნები) თავი შეიკავოთ. პატარასაც და მშობლებსაც შეიძლება გაუჭირდეთ უცხო გარემოსთან ადაპტაცია. თანაც ამ ასაკში ბავშვის იმუნური სისტემა ძალიან მოწყვლადია. თუ მაინც მოგზაურობთ, უმჯობესია აირჩიოთ ისეთივე კლიმატური ზონა, სადაც ბავშვი დაიბადა და იზრდება.

- რა დრო სჭირდება ბავშვის ორგანიზმს ახალ გარემოსთან შესაჩვევად და რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მშობლები მოგზაურობისას უშვებენ?

- ხშირად მშობლებს ჰქონიათ, რომ ის კურორტები სადაც ადრე დადიოდნენ და კარგ დროს ატარებდნენ, ახლაც ისეთივე კარგი იქნება მათთვის. სინამდვილეში, ბავშვთან ერთად დასვენებისას მთავარია გარკვეული კომფორტი, ოპტიმალური ტემპერატურული გარემო და სიმშვიდე, იმისთვის რომ ბავშვს რუტინა არ დაერღვეს და ადვილად შეეგუოს ახალ ადგილს.

ბავშვების უმრავლესობა ახალ გარემოს რამდენიმე დღეში ეგუება. ზოგჯერ პირველ 2–3 დღეში შეიძლება შეიცვალოს ძილის რეჟიმი, მადა ან განწყობა. ამიტომ 1-2 დღიანი „დასვენება“ უფრო „დაღლა“ გამოდის ხოლმე მთელი ოჯახისთვის.

ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:

  • ბავშვის გადატვირთვა აქტივობებით ჩამოსვლის პირველსავე დღეებში;
  • მზეზე ხანგრძლივი ყოფნა;
  • არასაკმარისი სითხის მიღება;
  • ახალი და უცნობი საკვების დიდი რაოდენობით შეთავაზება;
  • დღის რეჟიმის სრულად დარღვევა.

უმჯობესია პირველ დღეებში შედარებით მშვიდი აქტივობები. ეცადეთ შეინარჩუნოთ ჩვეული რუტინა ანუ ისევე ჭამოს, იბანაოს, დაიძინოს, როგორც ადრე.

zafxuli-nabvsvebi-1780683751.webp

- როდის არის ნაჩვენები მთის ჰაერი და როდის - ზღვის? არსებობს თუ არა სამედიცინო ჩვენებები, როდესაც რომელიმე მათგანი კატეგორიულად იკრძალება?

- მტკიცებულებების მიხედვით რაიმე დაავადების მკურნალობა მხოლოდ კურორტზე წასვლით არ ხდება. თუმცა არის მდგომარეობები, რომლებიც უმჯობესდება სწორი კურორტის შერჩევით:

მთა (ზომიერი სიმაღლე): ხშირად უფრო სუფთა ჰაერია. კარგად მოქმედებს სასუნთქი სისტემის ალერგიის (ასთმა, ბრონქიტი) მქონე ბავშვებზე.

ზღვა: საზღვაო კურორტებზე ბავშვები უფრო მეტს მოძრაობენ, რაც კარგია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვის. კარგად მოქმედებს ატოპური დერმატიტის მქონე ბავშვების კანზე.

გაფრთხილება: მაღალ მთაში (2500 მეტრზე ზემოთ) ასვლა საშიშია გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგიის და ფილტვის მძიმე დაავადების დროს რადგან იქ ჟანგბადის წნევა დაბალია. ზღვაზე წასვლა არ არის რეკომენდებული თუ ბავშვს აქვს მზის ძლიერი ალერგია ან ინფიცირებული ჭრილობა.

- რა ასაკიდანაა რეკომენდებული მზისგან დამცავი კრემების გამოყენება და როგორ დავიცვათ 6 თვემდე პატარები მზის პირდაპირი სხივებისგან?

- მზისგან დამცავი კრემების გამოყენება რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან.

6 თვემდე ასაკის ჩვილების კანზე დამცავი კრემის წასმა არ არის ოფიციალურად რეკომენდებული, რადგან მათი კანი ძალიან თხელია და ქიმიურ ნივთიერებებს ადვილად იწოვს. როგორ დავიცვათ?

  • მოარიდეთ ბავშვი მზის პირდაპირ სხივებს.
  • ისეირნეთ ჩრდილში ან გამოიყენეთ ეტლის დამცავი ქოლგები/ბადეები.
  • ჩააცვით ღია ფერის, ნატურალური ქსოვილის (ბამბის) თხელი, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი და აუცილებლად დაახურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი.
  • თუ იცით რომ მზეში მოუწევს რაღაც ხნით ყოფნა, დამცავი კრემი მაინც გამოიყენეთ სხეულის ღია ადგილებზე (მცირე ფართობზე).

mzisgan-damcavi-1780683836.jpg

- რა კომპონენტები უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე და, რაც მთავარია, რას არ უნდა შეიცავდეს დამცავი კრემი, რათა ბავშვის კანი არ გავაღიზიანოთ?

- ბავშვისთვის უნდა შევარჩიოთ კრემი წარწერით "Baby" ან "Pediatric".

რა უნდა ეწეროს: ეძებეთ მინერალური (ფიზიკური) ფილტრები - Zinc Oxide (თუთიის ოქსიდი) ან Titanium Dioxide (ტიტანის დიოქსიდი). ისინი კანში კი არ შედიან, არამედ ზედაპირზე ქმნიან დამცავ ფარს და ირეკლავენ მზეს. ასევე მნიშვნელოვანია ეწეროს Broad Spectrum (იცავს როგორც UVA, ისე UVB სხივებისგან) და SPF 30 ან SPF 50.

რას არ უნდა შეიცავდეს: მოერიდეთ ქიმიურ ფილტრებს, როგორიცაა Oxybenzone, Avobenzone, Octinoxate. კრემი არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს, პარფიუმს (სურნელოვან დანამატებს) და ალკოჰოლს.

- მიუხედავად კრემებისა, რა არის „წითელი ხაზი“ მშობლისთვის, როდესაც ბავშვი მზეზე ყოფნას კატეგორიულად უნდა მოარიდოს?

- „წითელი ხაზი“ არის დროის ინტერვალი: დღის 10:00-დან 16:00-17:00 საათამდე. ამ დროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე აგრესიულია და არანაირი კრემი არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. ბავშვი ამ საათებში უნდა იყოს შენობაში ან ჩრდილში. ასევე, თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვის კანი ოდნავ მაინც შეწითლდა ან გახურდა, ის სასწრაფოდ უნდა გაიყვანოთ მზიდან.

- მზის დაკვრა - რა არის პირველი ნიშნები, რომლებსაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და როგორ მოვიქცეთ სიმპტომების გამოვლენისთანავე?

- პირველი ნიშნებია: კანის მკვეთრი შეწითლება, უჩვეულო სისუსტე და მივარდნილობა ან პირიქით - ზედმეტი ჭირვეულობა, თავის ტკივილი (უფროს ბავშვებში), გულისრევა, პირღებინება და ტემპერატურის სწრაფი მატება (ხშირად 39-40 გრადუსამდე).

პირველი დახმარება:

  • სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ, ჩრდილიან ადგილას ან კონდიცირებულ ოთახში.
  • გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი.
  • დაადეთ გრილი (და არა ყინულიანი!) სველი ტილოები შუბლზე, კისერზე, იღლიებსა და საზარდულის არეში.
  • თუ ბავშვი გონზეა, დაალევინეთ გრილი წყალი ან ელექტროლიტების ხსნარი მცირე ყლუპებით.

ყურადღება: თუ ბავშვი გონებას კარგავს ან აღებინებს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს ზაფხულის აფთიაქი. გთხოვთ, გვითხრათ რა არის „აუცილებელი მინიმუმი“?

- სამოგზაურო აფთიაქის აუცილებელი მინიმუმი ასე გამოიყურება:

  • სიცხის დამწევი/ტკივილგამაყუჩებელი: პარაცეტამოლი ან იბუპროფენი - სიროფი ან სანთელი (ასაკის შესაბამისი დოზირება შეათანხმეთ პედიატრთან)
  • რეჰიდრატაციის საშუალებები (ელექტროლიტები): - პირღებინების და დიარეის დროს სითხის აღსადგენად.
  • ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატი: სიროფი ან ტაბლეტი ასაკის შესაბამისად.
  • მზისგან დამცავი კრემი.
  • ჰიდროკონტიზონი 1% კრემი ან მალამო: კანის გაღიზიანების (დერმატიტის) დროს შესაძლოა დაგჭირდეთ.
  • ანტისეპტიკი და სახვევები: ბეტადინი ან ქლორჰექსიდინი, ბამბა, პლასტირები, ბინტი (ნაკაწრებისა და ტრავმებისთვის).
  • მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი. კანზე შესასხურებელი სპრეი.

aftiaqis-yuti-1780683945.jpg

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვს კანზე ტკიპა აღმოუჩინა? რომელია ის მთავარი შეცდომა, რაც ამ დროს არ უნდა დავუშვათ?

- თუ ტკიპა აღმოაჩინეთ, ეცადეთ მალე მოაშოროთ. ამისთვის გამოიყენეთ წვრილწვერიანი პინცეტი. შეგიძლიათ ხელითაც ამოიღოთ, ჩაიცვით ერთჯერადი ხელთათმანი. მოჭიდეთ პინცეტი (ან თითები) ტკიპას კანთან ახლოს და მოქაჩეთ ზემოთ, ნელა, მაგრამ მტკიცედ. ეცადეთ არ მოუჭიროთ ტკიპას მუცელზე.

მთავარი შეცდომა: არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ ტკიპას ზეთი, სპირტი, ნავთი ან ლაქის მოსაშორებელი სითხე! ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ასე ტკიპა „გაიგუდება“ და თავად გამოვა. სინამდვილეში, ასეთ დროს ტკიპა სტრესში ვარდება და მთელ თავის ინფიცირებულ ნერწყვსა და კუჭის შიგთავსს ბავშვის სისხლში აფრქვევს, რაც ზრდის ბორელიოზის (ლაიმის დაავადების) რისკს. თუ ტკიპის პირის ნაწილები ჩარჩა კანში, ძალით არ ამოიღოთ, რამდენიმე დღეში თავისთავად მოძვრება.

ტკიპის მოცილების ამბავი დისტანციურად (ტელეფონით) შეატყობინეთ პედიატრს.

- როგორ გავაკონტროლოთ ბავშვის წყლის ბალანსი ზაფხულში? რა რაოდენობის სითხეა საკმარისი სხვადასხვა ასაკისთვის?

- წყლის ბალანსის საუკეთესო ინდიკატორი არის შარდვის სიხშირე და შარდის ფერი. თუ ბავშვი 3-4 საათზე მეტია არ შარდავს და შარდი მუქი ყვითელია, სპეციფიკური სუნი აქვს - ის გაუწყლოებულია. შარდი უნდა იყოს ღია ფერის, თითქმის გამჭვირვალე.

- რა უნდა მოვარიდოთ ბავშვს კვების რაციონში ზაფხულის პერიოდში, როდესაც გარეთ მაღალი ტემპერატურაა?

- ზაფხული რაიმე ტიპის საკვები აკრძალული არ არის, მთავარია იყოს კარგი ხარისხის, სწორად მომზადებული და შენახული. მაღალ ტემპერატურაში საკვები სწრაფად ფუჭდება, ამიტომ მოერიდეთ ქუჩაში ან არასანდო საკვებ ობიექტებში ასეთ საკვებს:

  • მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მაცივრის გარეშე დარჩა (მაიონეზიანი სალათები, კრემიანი ნამცხვრები, რძის ნაწარმი).
  • ქუჩაში ნაყიდი სწრაფი კვების პროდუქტები (შაურმა, ღვეზელები).
  • ნახევრად უმი ხორცი, თევზი და კვერცხი.
  • ტკბილი, გაზიანი სასმელები და შეფუთული წვენები (ისინი წყურვილს კი არ კლავენ, არამედ პირიქით - აძლიერებენ გაუწყლოებას და ტვირთავენ კუჭ-ნაწლავს).

little-boy-holding-dragonfly-in-nature-1280x853-1-1780684098.webp

- რატომ ხდება რომ ბავშვის განსაკუთრებულად ზღვაზე წაყვანა ორ დღეში დიარეით გრძელდება და დასვენება ხშირად ადგილობრივ საავადმყოფოში სრულდება. სად უშვებენ შეცდომას მშობლები?

- ეს არის ალბათ ყველაზე ხშირი პრობლემა, რომელსაც მშობლები ზაფხულში, კერძოდ კი ზღვის კურორტებზე აწყდებიან. სამედიცინო ენაზე ამას მწვავე გასტროენტერიტს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას) ვეძახით, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზებია ვირუსები (განსაკუთრებით როტავირუსი და ენტეროვირუსი) და ბაქტერიები. ამას შემდეგი მიზეზები აქვს:

ზღვის წყლის გადაყლაპვა: ეს არის ნომერ პირველი მიზეზი. ბავშვები ტალღებში თამაშისას ყლაპავენ წყალს, რომელიც სანაპირო ზოლში ვირუსებითა და ბაქტერიებითაა გაჯერებული.

ჰიგიენის დარღვევა სანაპიროზე: ბავშვი თამაშობს სველ ქვიშაში (სადაც უამრავი მიკრობია), შემდეგ კი იმავე დასვრილი ხელებით ჭამს მშობლის მიერ მიწოდებულ სიმინდს, ხილს ან ფუნთუშას.

პროდუქტების არასწორი შენახვა: პლაჟზე წაღებული საკვები სიცხეში რამდენიმე საათში ხდება ბაქტერიების ბუდე.

აკლიმატიზაციის იგნორირება: პირველივე დღეს ბავშვის წყალში ხანგრძლივად დატოვება, მზეზე დიდხანს ყოფნა იწვევს სტრესს, რაც იმუნიტეტს აქვეითებს და ინფიცირება შეიძლება უფრო ადვილად მოხდეს.

რეკომენდაცია: ასწავლეთ ბავშვს, რომ წყალი არ ჩაიგუბოს პირში; პლაჟზე გქონდეთ ხელის ანტისეპტიკები და საკვების მიცემამდე ხელები კარგად დაუმუშავეთ; შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხმრავალ პლაჟებს და ეცადეთ ბავშვმა წყალში და მზეზე პირველ დღეებში ცოტა დრო გაატაროს.

მე, როგორც პედიატრი და როგორც „სტაჟიანი“ დედა გირჩევთ, საუკეთესო კურორტი არის ის ადგილი სადაც თქვენი პატარა თავს კარგად გრძნობს, ხშირად თამაშობს სუფთა ჰაერზე ბუნებაში, აგროვებს ახალ შთაბეჭდილებებს, მეტ დროს ატარებს თქვენთან და ბედნიერია.