ვაჭამოთ თუ არა პატარას ანანასი?
შეიძლება თუ არა ჩემს 2 წლის შვილს ვაჭამო ანანასი? ერთგული მკითხველი
ანანასითა და სხვა ეგზოტიკური ხილით მორთული მარკეტებისა თუ ბაზრის დახლები ნამდვილად იქცევს ჩვენს ყურადღებას. მაგრამ რამდენად სასარგებლოა იგი ორგანიზმისთვის და მით უფრო ბავშვისთვის, მოდით, ერთად გავარკვიოთ.
რა უცხო ხილია ანანასი?
ამ ეგზოტიკური ხილის სამშობლო ტროპიკული ამერიკაა. სტუმართმოყვარე ინდიელებმა პატივისცემის ნიშნად იგი ცნობილ მოგზაურ ქრისტეფორე კოლუმბს მიართვეს. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მდიდარია სიცოცხლისთვის საჭირო ისეთი ვიტამინებით, როგრიცაა A, C და B. განსაკუთრებით დიდია მათში ნიკოტინის მჟავას შემცველობა. ამ ვიტამინის წყალობით კანს აქვს ჯანმრთელი შესახედაობა, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის კარგ მუშაობას და დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. 100 გრამი ანანასის რბილობი შეიცავს 40 მგ C ვიტამინს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების მესამედს.
ანანასი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით საჭირო მიკროელემენტს - კალიუმს, მაგნიუმს, ქლორს, იოდს. რეკომენდებულია ეს ტროპიკული ხილი ნევროზებისა და დეპრესიების დროს. შესაძლოა მისი სამკურნალო ეფექტი აიხსნას გამორჩეული გემოთი და არომატით. ანანასს განუმორებელ არომატს აძლევს ის 60-მდე ნატურალური არომატული ნივთიერება, რომელსაც კანიც კი შეიცავს.
ანანასი და სხვადასხვა დაავადება
ანანასი სასარგებლოა ბრონქიტებისა და შეკრულობის დროს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, თირკმელების მუშაობას. იგი შეიცავს ბაქტერიციდულ ნივთიერებებს, ხოლო ეთერზეთები არა მხოლოდ მსუბუქად აღიზიანებს, არამედ ასუფთავებს ლორწოვან გარსს. ამიტომ ანანასის წვენის ყელში გამოვლება შეიძლება ანთებითი დაავადების დროს. თუმცა შესაძლებელია ეთერზეთებმა გააღიზიანოს საყლაპავის და კუჭის ლორწოვანი გარსები. ეს უნდა გაითვალისწინონ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებმა. გამოვლება უნდა მოხდეს სიფრთხილით, შეეცადეთ არ გადაგეყლაპოთ წვენი ყელში გამოვლების დროს. ბავშვებში შესაძლებელია გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება. გირჩევთ, თუ გადაწყვეტთ, რომ პატარას გამოავლოთ პირში ანანასის წვენი, თქვენს პედიატრთან შეათანხმეთ.
ანანასი წონის დასაკლებად?
ანანასის მიმართ ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმა წონის დასაკლებად მისი გამოყენების შესახებ. მოგეხსენებათ, წონაში დაკლების მსურველი მოზარდებშიც ბევრია. მეცნიერებმა გამოარჩიეს ანანასისგან ფერმენტი ბრომელინი, რომელიც შლის ცხიმებს. გამოირკვა ისიც, რომ ანანასი ცხიმების დაშლის თვისებებს ავლენს მხოლოდ უზმოზე, მშიერ კუჭზე მიღების დროს და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა საჭირო მისი მიღება. ასე რომ, წონის კლების სასწაულმოქმედი ეფექტი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც სარეკლამო რგოლებიდან გვამცნობენ. ის კი უდავოა, რომ ანანასს აქვს ძალზე მცირე კალორიულობა. კერძოდ, 100 გ ნაყოფის მირთმევით ორგანიზმი მხოლოდ 48 კალორიას იღებს.
ანანასი და იმუნიტეტი
დადგენილია, რომ ანანასს აქვს არაჩვეულებრივი თვისება, რაც გაცილებით უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე წონის კლება. ბოჭავს რა თავისუფალ რადიკალებს, ამით აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობას, მათ შორის, კიბოსა და უცხო წარმონაქმნების საწინააღმდეგოდ. მისი რეგულარული გამოყენება საკვებთან ერთად სასარგებლოა თრომბოფლებიტის პროფილაქტიკისთვის, აქვეითებს სისხლის შესქელების ფაქტორებს. აქვს ასევე ზომიერად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.
როგორ ამოვარჩიოთ მწიფე ანანასი?
ანანასის ამორჩევა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით გვგონია. საზამთრო ხომ არ არის, ხელის შემორტყმით ან გულის ამოჭრით გავიგოთ გემო და არომატი. ამიტომ ტკბილი და მწიფე ანანასი რომ ვიყიდოთ, უნდა შევარჩიოთ ის, რომელიც თავზე ხასხასა მწვანე ფოთლებით არის დამშვენებული. კანი მკვრივი უნდა ჰქონდეს, თითებით მსუბუქად ზეწოლისას ოდნავ იდრიკებოდეს. კანის ქერცლები მოყვითალო-ქარვისფერი შეფერილობის უნდა ჰქონდეს, ხოლო სუნი - სასიამოვნო, არომატული, ტყის ხენდროს მსგავსი.
დაიმახსოვრეთ! თუ ანანასს მორუხო ან მოყავისფრო ფერი გადაჰკრავს, ეს მიგვანიშნებს, რომ იგი გაყინული და შემდეგ გამლღვალია. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ასეთი ნაყოფის ყიდვისგან, მას არც გემო, არც არომატი და არც სასარგებლო თვისებები არ ექნება შენარჩუნებული.
რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს?
მიუხედავად იმისა, რომ ანანასი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა, უმჯობესია ჩვენი რეგიონის ბავშვებმა თავი შეიკავონ მისი დაგემოვნებისგან 3 წლამდე. სამი წლის შემდეგ კი შეგიძლიათ გაასინჯოთ, ისიც მცირე ულუფის სახით და თანაც კენკრისა და ხილის ასორტის დამატებული. ხოლო თუ ბავშვი ალერგიულია, ანანასის დესერტის მიცემისგან თავის შეკავებას გირჩევთ პედიატრთან შეთანხმების გარეშე. იგივე ეხება არა მხოლოდ ანანასის ნაყოფს, არამედ მის წვენსაც, რომელიც იყიდება მზა წვენებისა თუ კომპოტის სახით.