სამკურნალო ჩაი
არ შველის. ბავშვი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა.
ძველად, როგორც კი პაწიას მუცელი წამოსტკივდებოდა, ბებია კამის თესლის ნახარშს მოუმზადებდა. აფთიაქებშიც შეგეძლოთ შეგეძინათ კამის წყალი, რომელსაც იქვე დაგიმზადებდნენ. დღეს კი ყველაფერი უფრო იოლია - მაღაზიებსა თუ აფთიაქებში იყიდება ქარხნული წესით დამზადებული უამრავი სახის საბავშვო ჩაი, რომელსაც საბავშვო საკვების მწარმოებელი ცნობილი კომპანიები ამზადებენ. ადრეული ასაკის პატარებისთვის მზადდება სპეციალიზებული საბავშვო ჩაი.
ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით ისინი ორ ჯგუფად იყოფა: პროფილაქტიკურად და სამკურნალო-პროფილაქტიკურად.
- პროფილაქტიკური მოქმედებისაა ვიტამინოვანი ნაყენი. მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედი კომპონენტები - C ვიტამინი, ასკილის, ანისის, ტყის კენკრის ექსტრაქტები.
- სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის სპექტრი უფრო ფართოა. ამ ჯგუფის უდიდეს ნაწილს შეადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გამაუმჯობესებელი ჩაი. ის შეიცავს კამას, გვირილას, პიტნას, ბარამბოს. რეკომენდებულია მუცლის კოლიკის (მეტეორიზმის), დიარეის, უმადობის დროს.
სამკურნალო-პროფილაქტიკურია დამამშვიდებელი ჩაიც. მას მომატებული ნერვული აგზნების, ცუდი ძილის მქონე ბავშვებს ასმევენ. მის შემადგენლობაში ძირითადად პიტნა შედის.
არსებობს ასევე ხველების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი ნაყენებიც. ჩაი, მომზადებული მხოლოდ ხილისა და კენკრის ექსტრაქტებისგან, რეკომენდებულია ბავშვებისთვის როგორც სითხის დამატებითი წყარო. ზოგიერთი მათგანი კარგად კლავს წყურვილს და აქვს გამაგრილებელი ეფექტი, ამიტომ შეგიძლიათ, პატარას ზაფხულის ცხელ დღეებში მისცეთ.
საბავშვო ჩაი გამოდის ორგვარი - პაკეტებისა და გრანულების - ფორმით. პაკეტები განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის, დოზირებულია და იხსნება პაკეტზე მითითებული ოდენობის სითხეში. გრანულები კოლოფშია დაფასოებული და მოჰყვება დოზირებული კოვზი.
ჩაი რამდენიმე კომპონენტიანიც შეიძლება იყოს და ერთკომპონენტიანიც. ალერგიულ ბავშვებს პირველ მიცემაზე სჯობს ერთკომპონენტიანი ჩაი მივცეთ. ჩაის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურება და ასაკი, ხოლო ის, რა ასაკიდან დავიწყოთ ჩაის მიცემა, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვების ტიპზეა დამოკიდებული.
ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში დამატებითი სითხის მიღება წლის ცხელ პერიოდშიც კი არ არის რეკომენდებული. დედის რძე სავსებით აკმაყოფილებს სითხეზე პატარას ორგანიზმის მოთხოვნილებას. ჩაი შეგიძლიათ მისცეთ ხუთი-ექვსი თვიდან. სამაგიეროდ, თვით დედამ უნდა მიიღოს ზაფხულში დიდი ოდენობის სითხე, რათა ლაქტაცია არ შეუმცირდეს.
ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის რეკომენდებულია ჩაის მიცემა სამი-ოთხი თვიდან, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში პედიატრთან შეთანხმებით შეიძლება უფრო ადრეც დავიწყოთ.
ჩაის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს - მასზე მითითებული უნდა იყოს, ექვს თვემდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი თუ უფროსებისთვის, რადგან მათი შემადგენლობა სხვადასხვაა.
ჩაის პირველი ულუფები ფრთხილად უნდა მივცეთ, თავდაპირველად - დღე-ღამეში 100-150 მლ. ყოველგვარი ჩაი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ამიტომ მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს კარიესი, ალერგიული რეაქციები, ნაწლავებში დუღილის პროცესების გაძლიერება (აირების დაგროვება, მუცლის შებერვა, ტკივილი, ჭირვეულობა).
გირჩევთ, ჩაის შეძენამდე მიიღოთ კონსულტაცია პირადი პედიატრისგან. სიცოცხლის პირველი თვიდან ნებადართულია მხოლოდ ორი სახის პროფილაქტიკური ჩაის გამოყენება - კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულაციისთვის განკუთვნილი გვირილისა და კამის ჩაისა. ისინი ნაკლებად იწვევენ ალერგიას.
საბავშვო ჩაის ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, როდის მიიღებს მას ბავშვი - ჭამამდე, ჭამის შემდეგ თუ ჭამათა შორის შუალედში. კერძოდ, ჩაი, რომელიც ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და გამოყოფას, აუმჯობესებს მადას - ჭამამდე უნდა მივცეთ, ხველების საწინააღმდეგო - ჭამის შემდეგ.
თუ პატარა ავადაა, ჯობს, მივცეთ შესატყვისი დანიშნულების სამკურნალო ჩაი. ის უფრო საიმედო და უსაფრთხოა, ვიდრე შინ მომზადებული სამკურნალო ნაყენი თუ ნახარში. ასეთი ნაყენის გამოყენება სამ წლამდე არ არის რეკომენდებული - შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, კენჭების წარმოქმნა, ავნოს თირკმელების მუშაობას და ა.შ.
აქედან გამომდინარე, სამ წლამდე ასაკის პატარებისთვის პედიატრები რეკომენდაციას უწევენ საბავშვო ჩაის, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა ბალახებითა თუ მცენარეული ნაყენებით აუცილებლად ექიმთან უნდა შევათანხმოთ.