ჭამოს ის, რაც სურს!
იმდენი რომ ჭამოს, რამდენსაც ადრე სანსლავდა და წონაშიც ისევე სწრაფად მოიმატოს, როგორც წლამდე, რამხელა გახდება?! პატარას უკვე შეუძლია, ყურადღებით შეისწავლოს თავისი მენიუ და განსაზღვროს, რა მოსწონს და რა - არა.
კბილების ამოსვლის პერიოდში ბავშვს მადა ხშირად უფუჭდება, შესაძლოა, ულუფის მხოლოდ ნახევარი მიირთვას ან საერთოდ უარი თქვას კერძზე. საზოგადოდ, მადა კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე ეცვლება და ეს ბუნებრივია. შესაძლოა, ზედიზედ რამდენიმე დღე მწვანილი ჭამოს, მერე უცებ სახამებლის შემცველ პროდუქტებს - კარტოფილს, მაკარონს მიეძალოს...
ზოგჯერ სადილად მხოლოდ სტაფილოს შეჭამს, თანაც ოთხჯერ მეტს, ვიდრე ეკუთვნის, არც ღებინება შეაწუხებს, არც ფაღარათი და არც მუცლის ტკივილი. მშობელს, ბუნებრივია, უჭირს ასეთ რეჟიმთან შეგუება. მაშ, როგორ მოიქცეს? გამოსავალი მარტივია: არჩევანი ბავშვს მიანდოს. დაე, ჭამოს ის, რაც სურს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი პატარა რომელიმე პროდუქტს ჩვეულებრივზე მეტად მიეძალა ან რომელიმე შესძულდა, - ბავშვი თვითონვე ხვდება, რა სჭირდება მის ორგანიზმს. მას, ასე ვთქვათ, ინტუიციური ცოდნა აქვს. თუ ბავშვმა უცებ აიკრძალა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ - გავა ხანი და ისევ შეიყვარებს. ძალდატანებით კი მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი გულგრილობა მუდმივ სიძულვილად გადაექცევა.
თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი რომელიმე კერძზე, ორიოდე კვირას ნუღარ აჭმევთ. თუ ზოგიერთი ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს (წლიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ასეთი რამ დამახასიათებელია), მიეცით ის, რომელიც უყვარს. თუ ბოსტნეულს საერთოდ არ ეკარება, უფრო მეტი ხილი აჭამეთ. თუ საკმაო რაოდენობით მიიღო რძე, ხილი და ვიტამინები, ბოსტნეულში არსებული ნივთიერებების დანაკლისს იოლად აინაზღაურებს.
როცა ფაფა ბეზრდება
ზოგიერთ ბავშვს სიცოცხლის მეორე წელს ფაფა ბეზრდება. თუ ჭამას აიძულებთ, შესაძლოა, აღებინოს კიდეც. არსებობს ფაფის შემცვლელი უამრავი პროდუქტი: პური, მაკარონი, კარტოფილი, ნამცხვარი... რამდენიმე კვირის განმავლობაში სახამებლის შემცველი სურსათი სულაც რომ არ მიიღოს, არც ამით დაშავდება რამე, მით უმეტეს, თუ ასაკთან შედარებით კუთვნილზე მეტს იწონის. ჩავთვალოთ, რომ ეს პერიოდი მისი ორგანიზმისთვის განტვირთვის ტოლფასია. თუ, პირიქით, ბავშვი კუთვნილზე ნაკლებს იწონის, სცადეთ, ფაფას დაამატოთ ხილი, მაგალითად, გახეხილი ვაშლი ან ბანანი. ეს ფაფას გემოს შეუცვლის, პატარები კი, ნუ გაგიკვირდებათ და, საოცარი გურმანები არიან.
რძე არ გინდა?
რძე ძალზე ფასეული პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ის აუცილებელ ნივთიერებათა უმრავლესობას შეიცავს. ერთიდან სამ წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, თუ მისი რაციონი მრავალფეროვანია, დღე-ღამეში 750მლ რძე სავსებით საკმარისია. თუ ამაზე ნაკლებს იღებს, ცუდია, მაგრამ ძალას ნუ დაატანთ. შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლები დალიოს, აცადეთ, ვიდრე თვითონ მოითხოვს, დანაკლისის ასანაზღაურებლად კი რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, მაწონი) მიეცით.
ყველი ძალიან სასარგებლოა. 30 გრამი იმდენსავე კალციუმს შეიცავს, რამდენსაც 230გ რძე. ბავშვისთვის ნაკლებად ცხიმიანი და ნაკლებად მარილიანი ყველი ჯობს.
ხაჭოში ცოტა ცხიმია, ამიტომ ორგანიზმი მას ბევრს და ადვილად ითვისებს. 300გ ხაჭო 1 ჭიქა რძეს უდრის. ოღონდ ეცადეთ, არ დაუტკბოთ.
კარაქს ბავშვი თანდათან შეაჩვიეთ: შეურიეთ ბოსტნეულის პიურეში, თხლად წაუსვით პურზე ან ყველიანი ბოსტნეული მოუმზადეთ. კარგი იქნება, კარაქიან პურს სათამაშოს ან ცხოველის ფორმა მისცეთ, რომ პატარას მისთვის გემოს გასინჯვის სურვილი გაუჩნდეს. კარაქისგან დროებით თავის შეკავებას გირჩევთ კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს, მწვავე პერიოდში. პროცესის ნორმალიზების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ კარაქის მიცემა ულუფის თანდათან მომატებით. დღიური ულუფა 1 ჩაის კოვზს არ უნდა აღემატებოდეს.
თუ ბავშვმა მთელი თვის მანძილზე არ მიიღო რძის ნაწარმი, სასურველია, პირად პედიატრს მიმართოთ. ის პატარას კალციუმს დაუნიშნავს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ნუ დააძალებთ პატარას ჭამას, როცა თავად არ სურს. უმჯობესია, მრავალფეროვანი და სრულფასოვანი რაციონით უზრუნველყოთ და არ გაგიკვირდეთ, როცა შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს გემოვნება ეცვლება. დაე, პატარამ თვითონ შეარჩიოს მენიუ.