ერთი კოვზი დედის ხათრით! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთი კოვზი დედის ხათრით!

რას ნიშნავს ცუდად ჭამა?

მოდი, ჯერ ის გავარკვიოთ, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ პატარა ცუდად ჭამს:

  • პატარა ეწინააღმდეგება კვების ყოველ მცდელობას, ჭირვეულობს, ყვირის, ცდილობს, თეფშს ხელი გაჰკრას.
  • არასოდეს ათავებს ულუფას, დროდადრო საერთოდ უარს ამბობს ჭამაზე, სამაგიეროდ, შუალედებში გამუდმებით ისუსნება.
  • კატეგორიულად ამბობს უარს ჭამაზე.
  • ყოველთვის ძალდატანებით, ზიზღით ჭამს. იძულებითი ჭამა ზოგჯერ ღებინებას ან მუცლის ტკივილს იწვევს.

ახლა კი გავარჩიოთ, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში.

შემთხვევა პირველი - ძლიერი პიროვნება

ჩვეულებრივ, კვების პრობლემები ერთი წლის ასაკისთვის იჩენს თავს. პატარა, რომელიც გუშინ გახარებული სწევდა ხელებს ფაფის დანახვისას, დღეს რატომღაც ბრაზობს, იფურთხება და სკამიდან ამოძვრომას ლამობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვფიქროთ, რომ ეს თვითიდენტიფიკაციის კრიზისის ერთ-ერთი გამოვლინებაა. თვითიდენტიფიკაციის კრიზისი ერთი წლის ასაკის კრიზისია. აქამდე პატარა საკუთარ თავს დედის გარეშე არ აღიქვამდა, ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც დედას უნდოდა, ახლა კი დამოუკიდებელ ქმედებაზე გადადის. აღარ მოსწონს, რომ დედა სპეციალურ სკამში მოიმწყვდევს და კოვზით აჭმევს, ამიტომ შფოთავს და ჭამაზე უარს ამბობს. თუ დედა ზეწოლას განაგრძობს, კონფლიქტი მალე გარდაიქმნება ქრონიკულ პრობლემად და ბავშვის ყველა სადილ-ვახშამი მთელი ოჯახისთვის კოშმარად იქცევა. რეალურად კი ამ სირთულის გადალახვა სულაც არ არის შეუძლებელი. აქციეთ ბავშვი მდგომარეობის ბატონ-პატრონად, შესთავაზეთ, თავისი ხელით ჭამოს. კი მაგრამ, როგორ ვანდოთ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ერთი წლის პატარას? ის ხომ ყველაფერს დასვრის და თავადაც მოისვრება, უფრო მეტს დაღვრის, ვიდრე პირთან მიიტანს? რა თქმა უნდა, თავდაპირველად მართლაც ასე იქნება, მაგრამ აღზრდის პროცესი კომპრომისების გარეშე წარმოუდგენელია. დანაკარგი და ზარალი მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ, საბავშვო სკამის ქვეშ მუშამბა ან ცელოფანი დააფინეთ, ბავშვს სპეციალური წინსაფარი ააფარეთ, დაუდგით მისაწოვრიანი თეფში, რომელსაც მაგიდიდან ვერ გადააგდებს. არ დაგავიწყდეთ ლამაზი კოვზის შეძენაც. თუ ბავშვს სპეციალურ მაღალ სკამში ჩაჯდომა აღარ სიამოვნებს, პატარა მაგიდისკენ გადაინაცვლეთ - მას თქვენი შვილი ხალისით მიუჯდება. მოუმზადეთ ისეთი საჭმელი, რომლის ჭამას ხელითაც შეძლებს: ჩვეული სუპის ნაცვლად - მოხარშული ბოსტნეული, კატლეტი, ფაფის ნაცვლად - ნამცხვარი. ბულიონი იოლად რომ დალიოს, ფინჯანში ჩაუსხით. საჭმელი ლამაზ თეფშზე დაუწყვეთ და არჩევანის საშუალება მიეცით, რათა ჭამოს ის და იმდენი, რა და რამდენიც სურს. ასე გადაიქცევა პატარა ბავშვი მშობლის მანიპულირების ობიექტიდან დამოუკიდებელ პიროვნებად და ხალისით ჩაერთვება ახალ და საინტერესო თამაშში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები, რომელთაც ერთი წლის შემდეგ მშობლები დამოუკიდებელი ჭამის საშუალებას აძლევდნენ, ადვილად სწავლობენ კოვზისა და ჩანგლის გამოყენებას.

შემთხვევა მეორე - "უჭმელი ბავშვი"

ბავშვი, ერთი შეხედვით, ჭამს, მაგრამ ძალიან ცოტას, ზოგჯერ ნახევარ ულუფას თეფშზე ტოვებს. ეს უმეტესად სულაც არ არის უმადობის ბრალი, უბრალოდ, ულუფაა მეტისმეტად დიდი. შესაძლოა, მშობელი მკაცრად მისდევდეს პედიატრის რჩევებს, მაგრამ ისინი ხომ საშუალოსტატისტიკური ბავშვისთვის არის შემუშავებული და არა კონკრეტულად თქვენი შვილისთვის. ულუფა, რომელსაც სულმოუთქმელად ჭამს მსუქანი მადიანი ბავშვი, შესაძლოა მეტისმეტად დიდი იყოს გამხდარი და კაფანდარა პატარასთვის. თავდაპირველად ულუფის შემცირება სცადეთ. თუ ხედავთ, რომ ბავშვი რამდენიმე თავ კერძს ვერ ჭამს, მხოლოდ ერთი შესთავაზეთ, მაგალითად, სადილად სუპი, ვახშმად კი ხორცი და სალათა. ყველაზე გონივრულია, ბავშვს ჰკითხოთ, რა სურს და რამდენი. თუნდაც ულუფა მეტისმეტად პატარა მოგეჩვენოთ - ნუ დაამატებთ. ჯობს, პატარამ ბოლომდე მიირთვას და თავად გთხოვოთ დამატება. თუ თქვენმა შვილმა, რომელიც "ცუდი მჭამელია", ულუფის ნახევარი თეფშზე დატოვა, ნუ აიძულებთ, ბოლომდე შეჭამოს, მით უმეტეს, ნუ აჭმევთ ძალით. ეს არაფერს მოგცემთ, გარდა ერთისა - პატარას კვების პროცესი შეეზიზღება. ჰკითხეთ, ხომ ნამდვილად დანაყრდა და მშვიდად აალაგეთ დარჩენილი საჭმელი, თან შვილი გააფრთხილეთ, რომ მომდევნო კვებამდე აღარაფერს აჭმევთ და სიტყვა აუცილებლად შეასრულეთ.


ცნობილია, რომ მადას ისე არაფერი აქვეითებს, როგორც კანფეტები, ბუტერბროდები, ტკბილი წვენები და გაზიანი სასმელები. ოღონდ ამ დროსაც ლავირების უნარი უნდა გამოვიჩინოთ. არ ღირს პატარას საათობით წვალება - თუ ჭამას ითხოვს, აჭამეთ, ოღონდ ეს ნამდვილი, სრულფასოვანი ჭამა უნდა იყოს, სიტუაციის სრული დაცვით. არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდეთ, რომ თქვენს შვილს სჭირდება კვება მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად. ცნობილია, რომ ბიოლოგიური საათი ინდივიდუალური რეჟიმით მუშაობს. ბევრ ბავშვს არ შეუძლია დილით ნოყივრად საუზმობა, რადგან მათ ორგანიზმს ამ დროს ჯერ კიდევ სძინავს, ზოგიერთი პატარა კი დღის განმავლობაში ისე იღლება, რომ სრულფასოვან ვახშამს ვეღარ მიირთმევს. დედამაც მენიუში შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს.

შემთხვევა მესამე - ზიზღიანი

ბავშვი სუპს არ ჭამს - ზედაპირზე აპკი აქვსო, პომიდორი წითელიაო, ფაფა იზილებაო... მისთვის სულ ხუთიოდე კერძია მისაღები, ხოლო იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც არ მოსწონს, ალბათ ერთ ფურცელს გაავსებს. როგორ გამოვკვებოთ ჭირვეული? უპირველეს ყოვლისა, არჩევანის უფლება უნდა მივცეთ. აბა, გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რამდენ პროდუქტს ვერ იტანთ თავად. ზოგიერთ მათგანს ალბათ არაფრის გულისთვის არ გაუსინჯავთ გემოს. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა არ უყვარს ბავშვს. პატარების უმრავლესობას არ უყვარს ფაფისებრი და სრიალა საკვები, ხახვი, რძის ქაფი. ზოგიერთი ვერ იტანს მრავალკომპონენტიან საკვებს - წვნიანებს, სალათებს, რადგან უბრალოდ ვერ ხვდება, რისგან შედგება ეს კერძები. ზოგჯერ ბავშვი იმიტომ ამბობს უარს ხორცზე, რომ მისი წარმოშობის ისტორიას იგებს. სცადეთ, რაციონიდან ამოიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც პატარას არ უყვარს. შიშობთ, რომ მშიერი დარჩება და ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს ვერ მიიღებს? სრულიადაც არა. საამისოდ საკვების "აგრეგატული მდგომარეობა" უნდა შეცვალოთ - კიტრისა და პომიდვრის სალათის ნაცვლად მთლიანი ბოსტნეული მიართვათ, სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი მთელ-მთელი მოუხარშოთ, ხაჭო კი ნამცხვრად აქციოთ. თუ ბავშვი მიგიხვდათ ეშმაკობას და ჭამაზე უარი განაცხადა, ეცადეთ, იპოვოთ პროდუქტების ალტერნატივა. მაგალითად, ცნობილია, რომ ბანანი კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობით ჭარხალსა და ისპანახს აღემატება. გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვს დაავიწყდება, რომ ამა თუ იმ პროდუქტს ვერ იტანდა და ნელ-ნელა მათაც გაუსინჯავს გემოს. არის შემთხვევები, როცა პატარა ბავშვი სკანდალისა და ჭირვეულობის გარეშე მხოლოდ გარკვეული ფორმის მაკარონს ან ერთი სახის იოგურტს მიირთმევს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ არც ეს არის საგანგაშო. დროებით უნდა შევეგუოთ მისი გემოვნების თავისებურებებს.

შემთხვევა მეოთხე - საგანგაშო ნიშანი

მიუხედავად ყველაფრისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის შემთხვევები, როდესაც უმადობა დაავადების სიმპტომია. მადას აქვეითებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, პარაზიტული ინვაზია, ანემია, ტუბერკულოზი. უმადობის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესიც - ერთჯერადი (შიშის დროს) ან ქრონიკული (მშობლების კონფლიქტით, სკოლაში ან ბაღში წარუმატებლობით გამოწვეული). როგორც არ უნდა იყოს, თუ ბავშვს უმადობასთან ერთად აქვს გულისრევა, მუცლის ტკივილი, სიფითრე, სისუსტე, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, - პედიატრის კონსულტაცია აუცილებელია. მადის უეცარი დაქვეითებით იწყება თითქმის ყველა მწვავე ინფექცია. თუ პატარა ავად გახდა, არ არის მიზანშეწონილი მისი ძალით კვება. სანამ ტემპერატურა არ დაიწევს, ბავშვი, წესისამებრ, მხოლოდ სასმელს ითხოვს, გამოჯანმრთელების პერიოდში კი უნდა მივცეთ საშუალება, საყვარელი კერძები მიირთვას.