როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს? - ფსიქოლოგის რჩევები
ამით საგანგაშო არაფერი მოხდება. ამ დროს მშობელმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები და არ დასაჯოს ბავშვი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად.
ამ დროს ქცევის დადებითად ან უარყოფითად შეფასება საკმარისია, რომ ბავშვი სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს - ეს არის ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომა, რომელიც წინა თაობის ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არც ისე მარტივი გასააზრებელი და განსახორციელებლია. ბავშვის აღზრდისა და მისი დასჯის მეთოდებზე ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი საუბრობს:
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს?
- ასეთ დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, როცა მშობელი საჯარო სივრცეში იწყებს ბავშვის აღზრდას და ცუდ საქციელს საჯარო სივრცეში აკრიტიკებს. ამ დროს უმჯობესია, მშვიდი წყნარი ტონით აღნიშნოს ცუდი ქცევა. შეიძლება ეს კონკრეტული ქმედება არ იყოს შედეგიანი და მშობელმა ვერ მიიღოს მოსალოდნელი რეზულტატი, ანუ ბავშვმა ნათქვამი არ გაითვალისწინოს. ამ დროს, არავითარ შემთხვევაში, მშობელმა ყვირილი არ უნდა დაიწყოს. ისტერიკა და ტრაგიზმი საჭირო არაა, რადგან ქცევის ეს მოდელი სამუდამოდ იბეჭდება ბავშვის ფსიქიკაში. ის ვერასდროს მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე, რასაც ბავშვის ქცევის მართვა ქვია. სასურველი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება.
დასჯას არ უნდა ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ჩქმეტა ან თმის მოქაჩვა, რაც ერთი შეხედვით მსუბუქი დასჯაა, არაა გამართლებული. ფსიქოლოგიური ძალადაობაა ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვის, მათ შორის უზრდელოს, თქმა. ეს ყველაფერი სამომავლოდ ადამიანის პიროვნულ სირთულეებს იწვევს. მშობელმა აგრესია არ უნდა გამოავლინოს და ის საკუთარი უარყოფითი ენერგიის მართვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. აგრესია ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რომ შემდგომში ბავშვმა უფროსს დაუჯეროს. დამორჩილების ყველაზე სწრაფი ფორმა არის შიში, მაგრამ შიშში გაზრდილი ბავშვი ვერ იზრდება სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად.
- როგორ უნდა მოახრეხოს მშობელმა, რომ ბავშვი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბოს?
- ერთადერთი მიღებული ქცევა, რომელიც სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს, ისე რომ ბავშვის პიროვნული "მე" ჯანსაღი რჩება, ეს არის ქცევის შეფასება. ბავშვის ყველა ქცევა უნდა შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად. ქცევის ჩამოყალიბება არის წლებში გაწელილი პროცესი. მშობელი მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს ბევრს და სწორს. ნებისმიერი პატარა ფაქტის სწორი შეფასება უნდა ხდებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. მხოლოდ ამ დისოცირების დროს, რომ ბავშვი კარგია და ქცევა არის ცუდი, ბავშვი აღარ იმეორებს ცუდ საქციელს. როცა მშობელი ამბობს, რომ ცუდი ქცევის დროს ბავშვიც ცუდი ხდება, ის პიროვნულად ჯდება ამ მოდელში და იჯერებს, რომ ცუდია. შესაბამისად, ვეღარ მართავს ცუდ ქცევას და მუდმივად ცუდი საქციელი გამოსდის.
- სწორი პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ეს ცუდი საქციელია?
- კი, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად. უნდა შევუქმნათ მას მოტივატორები. კარგი მოტივაციაა, რომ გავახარო მამა, დედა, ახლობლები. მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ შენ არ დამიჯერე და ეს ცუდი ქცევა შენნაირ დამჯერ შვილს არ უხდება. უნდა გამოკვეთოს, რომ თვითონ პიროვნება არის დამჯერი, მაგრამ შეცდომა მოუვიდა. ბავშვი თვითონ მიღებულია მშობლისთვის, მაგრამ ის ქცევა არ გამოუვიდა. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს ვუყვარვარ, ვუნდივარ და ასეთ შემთხვევაში მშობლისთვის გაიმეორებს იმ კარგ საქციელს, რასაც მისგან ელიან.
ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს, რომ მშობლის მისდამი სიყვარული კონკრეტულ ქცევაზეა დამოკიდებული. ეს იწვევს დაბალ თვითშეფასებას
და ბავშვთა დეპრესიას. მან უნდა იცოდეს, რომ მშობლისთვის ყოველთვის მიღებული იქნება. შეიძლება უფროსმა აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ მას გაუხარდება, ბედნიერი იქნება თუ დაუჯერებს. დადებითი ემოციებით მანიპულირება არის ქცევის მართვის სწორი ფორმა. ამ დროს სწორი ფასეულობათა სისტემით და კარგი თვითშეფასებით იზრდება ბავშვი. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს.
- და თუ ამ ყველაფრის შედეგად, მაინც არ უჯერებს ბავშვი მშობელს?
- მაინც არ უნდა დააძალო. მშობელს უნდა ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი. ამ ერთი მომენტით ხომ არ სრულდება აღზრდის პროცესი? ერთ საათში შეუძლია მიუბრუნდეს, იგივე საკითხს, ან მეორე დღეს. უფროსი წყობიდან არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყოველთვის ის არის პასუხისმგებელი. ბავშვს თავის არასწორ ქცევაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მშობელი უნდა მიეხმაროს, რომ მან ეტაპობრივად შეძლოს თავისი ქცევის მართვა. აღზრდის პროცესი წლებზე უნდა ჰქონდეს გათვლილი. თუ ერთხელ ან თუნდაც რამდენჯერმე ბავშვმა არ დაუჯერა, პიროვნულ ტრაგიზამმდე არ უნდა დაიყვანოს.
უარყოფოთი ემოციებით მანიპულირებაც არასწორი ფორმაა. მაგალითად, ხშირად მსმენია, რომ გული მატკინე, ცუდად გავხდი, ან შენი დედა აღარ ვიქნები. ასეთი ფაქტები ბავშვებში დეპრესიულ განწყობას ქმნის, რასაც საბოლოოდ, ფსიქოემოციურ სირთულეებამდე მივყვარათ. ქცევის მშვიდი შეფასება საკმარისია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. რასაც დღეს ეუბნები, ხვალაც იგივე უნდა უთხრა. ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, რას ითხოვს მისგან მშობელი და ეს სურვილები უფროსის ხასიათის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს.
სრულად წაიკითხეთ: