უფროსების აგრესიული ქცევის 4 მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უფროსების აგრესიული ქცევის 4 მიზეზი

  • ქალმა ბავშვი იმისთვის გააჩინა, რომ კაცს ცოლად გაჰყოლოდა ან პირიქით, მხოლოდ იმისთვის გათხოვდა, რომ ბავშვი ჰყოლოდა, რეალურად ბავშვის მამა არ უყვარს და მისი თვისებების მქონე პატარაც აღიზიანებს;
  • მშობლები ფსიქოპათიური პიროვნებები არიან, აქვთ სადისტური გამოვლინებები ან ძალიან სუსტი აქვთ თანაგანცდის უნარი, ბავშვს კი თავიანთ საკუთრებად, მართვის ობიექტად თვლიან;
  • მშობლები აგრესიას ძალიან იშვიათად, ექსტრემალურ სიტუაციაში ავლენენ, მაგალითად, ძლიერი შიშის დროს ან როცა სადმე მნიშვნელოვან შეხვერდაზე იგვიანებენ.

პირველ ორ შემთხვევაში სიტუაცია იმდენად რთულია, რომ მშობლის მხრიდან ბავშვზე თავდასხმა ზოგადი მდგომარეობის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა და მისი ცალკე განხილვა აზრს მოკლებულია. ბოლო შემთხვევაში კი განსახილველი არაფერია და ქვეყანა არ დაიქცევა, ხანდახან მშობელი თუ გაბრაზდება. რასაკვირველია, უმჯობესია ეს არ მოხდეს, მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ ადამიანი ზოგჯერ წონასწორობას კარგავს და ის იდეალური არსება არ არის.

როდის ავლენენ მშობლები აგრესიას

მოდი, მშობლების აგრესიული ქცევის უმთავრესი მიზეზები განვიხილოთ.

1. ზოგადი ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვა, რაც განპირობებულია დაღლილობით, მატერიალური პრობლემებით, მუდმივი სტრესით, ბავშვის ხანგრძლივი ავადმყოფობით ან თავად მშობლის ჯანმრთელობის პრობლემებით. ამ კატეგორიაში ზოგჯერ ის მშობლებიც ხვდებიან, რომლებმაც ბავშვი იშვილეს და ადაპტაციის რთული და შრომატევადი პროცესი აქვთ.

2. საკუთარი მშობლების ქცევის მოდელის ავტომატური კოპირება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანს საკუთარი მშობლების ქცევის მოდელი არ მოსწონს, ალტერნატიული ქცევა მათ ძნელად გამოსდით, რადგანაც გონების მიერ მუდმივ კონტროლს საჭიროებს.

3. შფოთვა, ეჭვი, მუდმივი შიში, რომ ბავშვს რაღაც დაემართება, სურვილი, რომ შვილს თავიდან ავაცილოთ ნებისმიერი საფრთხე და უსიამოვნება, რაც ხშირად ბავშვის ტირილის აუტანლობას იწვევს.

4. დანაშაულის ძლიერი შეგრძნება, თუმცა უცნობია, ვის მიმართ, ფანტაზია იმის თაობაზე, რომ მის საქციელს დაგმობენ, დასჯიან, ხოლო ბავშვს სხვაზე ნაკლებად ჩათვლიან.

ამ ოთხი სიტუაციის განსხვავებული ხასიათის მიუხედავად მათში არის ერთი საერთო რამ - ყოველ მათგანში მშობელი თითქოს დიდი, ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანი არ არის. ის ვერ უმკლავდება ცხოვრებას (გამოფიტვა და შფოთვა), არ არის საკუთარი თავის მფლობელი (ავტომატური კოპირება, დანაშაულის შეგრძნება). ის იძულებულია, შეასრულოს მშობლის, უფროსის, პასუხისმგებლის, ძლიერის როლი, თუმცა მისი შინაგანი მდგომარეობა აღნიშნულს არ შეესაბამება, მას არ ჰყოფნის რესურსი ამ მოვალეობის შესასრულებლად.

მშობლობა იოლი არ არის

ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბდა საკმაოდ უცნაური შეხედულება, რომ ბავშვების გაზრდა უაღრესად მძიმე რამაა. ამასთან ერთად ოჯახში მხოლოდ ერთი-ორი ბავშვია, ძალიან ბევრ მშობელს ჰყავს ძიძა, ბავშვები დადიან საკმაოდ კარგ საბავშვო ბაღებში. მიუხედავად ამისა, არ წყდება საუბარი მშობლის მძიმე ხვედრისა და მისი კატორღული შრომის შესახებ. არსებული სიტუაციის ასეთი არაადეკვატური აღქმა მხოლოდ ერთ რამეს მოწმობს - ადამიანებს ძალიან უჭირთ მშობლის როლის შესრულება. დამკვიდრებულია შეხედულება, რომ დედა არის ტანჯული, უმწეო, გადაღლილი ადამიანი, რომელიც თავის “სიცოცხლეს წირავს”, მისი ეს პოზა სცენარითაა გათვალისწინებული - თუ არ დაიტანჯა, ისე რა დედაა?! საბედნიეროდ, ასეთი შეხედულება ახალგაზრდათა შორის უფრო და უფრო ნაკლებად გვხვდება და მათი მშობლების თაობას შემორჩა. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი კავშირი მძიმე მატერიალურ თუ ყოფით სიტუაციასა და მშობლის გადაღლას შორის არ არსებობს. ვიღაცას ბავშვების აღზრდა კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ ბატარა ბინაში ცხოვრობს და არც დიდი შემოსავალი აქვს, სხვანი კი მსგავსი პრობლემების არასებობის მიუხედავად ფეხზე ვერ დგანან... ისინი არ ტყუიან, მართლაც ასე გრძნობენ თავს, მათი ორგანიზმი გამოფიტულია, მიუხედავად იმისა, რომ ფეშენებელურ კურორტზე ისვენებენ ძიძასთან ერთად. ასეთი არაადეკვატური დაღლილობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მშობლის როლი “თავში” ყალიბდება, მას ბავშვობისას კი არ ვითვისებთ, არამედ მოზრდილ ასაკში ვირგებთ საკუთარი მშობლების საქციელის კრიტიკული ანალიზის, წიგნების კითხვის, ფანტაზიის, ოცნებების, რწმენის, გადაწყვეტილებების და სხვათა საფუძველზე. ასეთი როლი შეიძლება მშვენიერი იყოს თავისი ჩანაფიქრითა და შინაარსით, თუმცა ის ძალზე განსხვავდება რეალურისაგან, ბუნებრივისაგან. ეს განსხვავება შეიძლება ოთახის ნაზი მცენარისა და ბუნებაში არსებული ბუჩქის სხვაობას შევადაროთ. პირველს ხომ პატარა პრობლემისთანავე აღარ ჰყოფნის რესურსი. ასევეა ადამიანიც - ზოგიერთ მათგანს პირველი წინააღმდეგობისთანავე აღარ ჰყოფნის მოთმინება, თმობს პოზიციებს და უმალვე წამოტივტივდება ბავშვობისას ხშირად გაგონილი სიტყვები - “ახლა მოგცხებ!”, “შენ რა, გასულელდი?”, “ვერ გადამირჩები!” საზოგადოდ, მშობლის ჩამოუყალიბებლობა თვალში ხვდება ყველას, ვინც მშობლებს აკვირდება ქუჩაში, ბაღში თუ სხვაგან. მშობლის ამ ჩამოუყალიბებელ მდგომარეობას ძალაუფლების მოყვარე ზრუნვას უწოდებენ. მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიის თანახმად ეს არის “მზრუნველი ალფა”. როცა შემადგენელი “ზრუნვა” მოიკოჭლებს, ბავშვისათვის არცთუ უსაფრთხო სიტუაციაში უფროსს არ აქვს დამცველის, დამხმარეს, პრობლემის გადამწყვეტის პოზიცია; ხოლო როცა “ძალაუფლებაა” სუსტი, პასუხისმგებლობა არსებულზე ბავშვს გადაეცემა, ხოლო უფროსი უმწეობის დემონსტრირებას ახდენს. ზოგჯერ ორივე მომენტი ერთდროულად შეინიშნება, რაც განსაკუთრებით არასასურველია.


როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?

მოდი, ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. ოთხი წლის ბიჭი დედას არ უჯერებს - მას არ უნდა ზღვის ნაპირზე პირსახოცშემოხვეული იჯდეს ქოლგის ქვეშ, რასაც დედა სთხოვს და კენჭებზე დარბის... დედა არც წამომდგარა, ისე იწყებს საყვედურებით სავსე საუბარს: “არა, მითხარი რა ვქნა, ქამარი წამოვიღო და ჯოხი და გცემო ამდენ ხალხში? რატომ არ მიჯერებ?” შემდეგ დედა თავის ნაცნობებს მიმართავს (რა თქმა უნდა, ბავშვის გასაგონად): “აღარ ვიცი რა ვუყო, ისეთი ჯიუტია, კიდეც ვცემ, კუთხეშიც ვაყენებ, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის! აღარ წამოვიყვან ზღვაზე, დავიღალე, იჯდეს შინ!” ამას დედა ისე აცხადებს, რომ მის ხმაში წყენა კი არა, გარკვეულწილად თავმოწონება იგრძნობა. რას ვხედავთ ამ შემთხვევაში? მშობელი, ერთი მხრივ, სრულ უმწეობას ავლენს, ის ბავშვს, საკმაოდ პატარა ასაკის არსებას, აძლევს უფლებას, გააკეთოს არჩევანი, უსმინოს თუ არა, დაუჯეროს თუ არა და უფრო მეტიც, დასჯის ფორმაც აირჩიოს. დედა პირდაპირ ადასტურებს საკუთარ უმწეობას და არსებული რთული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს პოულობს - ის ბავშვისგან განცალკევებას ცდილობს (“არ წამოვიყვან”). ამ შემთხვევაში არსად ვლინდება ბავშვზე ზრუნვა. რასაკვირველია, დედა ფიქრობს, რომ ის ზრუნავს, მაგრამ ამ ზრუნვის გამოხატულებაა პატარა მოუსვენარი და ენერგიით სავსე ბიჭის პირსახოცში შეხვევის და ქოლგის ქვეშ დასმის მცდელობა. დედას არ აინტერესებს ბავშვის სურვილი, ის მზადაა მკაცრი ზომები გამოიყენოს, მაგრამ სულაც არ აინტერესებს პარატას ემოციური უსაფრთხოება, არ აღელვებს, რომ შვილი მთელი დამსვენებლების წინაშე დაამცირა, ამაყად გამოაცხადა, რომ ბავშვს სცემს, მაგრამ უშედეგოდ. შვილი, როგორც ჩანს, ამ მდგომარეობას მიჩვეულია, თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერაფერი გაიგო, დედის მუქარაზე აღარც რეაგირებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ წარმოვიდგენთ დედა-შვილის ურთიერთობას, როცა ბიჭი თოთხმეტი წლის იქნება, დედა, რასაკვირველია, შეგვებრალება. ბიჭი დედას არც დაუჯერებს და არც დახმარებისათვის მიმართავს. ამქვეყნად დედაც მარტოა და შვილიც. მიუხედავად ამისა, საკუთარი თვალთახედვით დედა თვლის, რომ კარგია - შვილს ზრდის, მას ყურადღებას აქცევს, არ უნდა, რომ გაცივდეს, ზღვაზეც დაჰყავს და “ყოველთვის უხსნის ყველაფერს”. ეჭვი არავის გვეპარება, რომ დედას შვილი უყვარს, თუ საჭირო გახდება, მისთვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად გაწირავს. ეს დედა არც ფსიქოპათია, არც სადისტია და არც სტრესს განიცდის. უბრალოდ, ამ ქალს წარუმატებელი დედის მოდელი აქვს მორგებული.

მზრუნველობისა და მბრძანებლობის გარეშე

ზრუნვის დეფიციტის მაგალითი მრავალია. შვილები, რომელთაც აქვთ სიძნელეები, განცდები და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი, ასეთ მშობლებს დახმარებისათვის არ მიმართავენ, რადგანაც კარგად იციან, რომ დიდი ალბათობით მას ვერ მიიღებენ. მათთვის მშობელი არ ასოცირდება ზრუნვასთან. უკეთეს შემთხვევაში მშობელი დაკავშირებულია განურჩევლობასთან, უარეს შემთხვევაში კი მუქარასთან. ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, თავად მშობელი თვლის, რომ შვილისათვის ყველაფერს აკეთებს. რეალობა კი ისაა, რომ შვილისათვის უნდა გააკეთო არა ის, რაც შენ მიგაჩნია საჭიროდ, არამედ ის, რაც შენს შვილს მართლაც სჭირდება. ეს ორი რამ მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამით არის გამოწვეული, რომ გარეშე თვალისათვის ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები მიტოვებულებისა და არავისათვის საჭირო პიროვნების შეგრძნებით იზრდებიან. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შვილებისათვის დედა სიცოცხლეს “წირავს”. ძალაუფლების სისუსტის მაგალითიც, სამწუხაროდ, მრავალია. ამის დასტურად შემდეგი სახის შეკითხვებიც კმარა: “ბოლოს და ბოლოს, ისწავლი?”, “როდის მიხვდები, რომ კარგად უნდა მოიქცე?”, “გცემო?” საიდან უნდა ჰქონდეს ბავშვს პასუხი ამ კითხვებზე? უმწეობის გამოხატულებაა ფრაზები: “არ ვიცი, ამ ბავშვს რა მოვუხერხო”, “მეტი აღარ შემიძლია”, “არსად წაგიყვან!” უმწეობის დემონსტრირება უსიტყვოდაც შეიძლება - ოხვრით, კვნესით, თვალების გამომეტყველებით... ცალკე მსჯელობის საგანია ბავშვისათვის დასმული შეკითხვები: “გიყვარვარ?”, “რატომ არ ხარ ალერსიანი?”, თხოვნა, რომ ბავშვს დედა “ეცოდებოდეს”, “მშობლებს პატივს სცემდეს”, “აფასებდეს ყველაფერს, რასაც მისთვის აკეთებენ”. ასეთი ფრაზები ნიშნავს, რომ ბავშვი ინიშნება პასუხისმგებლად უფროსებისადმი დამოკიდებულებაზე, მათთან ურთიერთობაზე, მათ მომავალზე. სამწუხაროდ, არიან მშობლები, რომლების ბავშვებს საკუთარი პირადი ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში მონაწილეობასაც კი აიძულებენ, თუმცა ეს სულ სხვა კოშმარული სიტუაციაა. ბავშვებისათვის განსაკუთრებით მტკივნეულია სიტუაცია, როცა მათი საქციელის გარჩევა მესამე პირის თანდასწრებით ხდება. ამის მაგალითია შემთხვევა, როცა ექიმის თანდასწრებით ვიწყებთ საუბარს, რომ ჩვენს შვილს ეშინია ნემსის გაკეთების ან არ უყვარს კბილების გამოხეხვა ან სკოლის მასწავლებელს ვეუბნებით, რომ ცუდად იქცევა და ისიც ბავშვის ტუქსვაში “გვეხმარება”. ამ დროს ბავშვს ერთი განცდა ეუფლება - ის დააბეზღეს. მშობელს თავადაც უჭირს, არ იცის, რა ქნას, ამიტომ მასზე სუსტი არსება - შვილი გაწირა. ამ დროს ბავშვს აქვს განცდა, რომ ის ნაკლებად ღირებული პერსონაა და აკეთებს დასკვნას - ამქვეყნად არავის, მათ შორის არც მშობელს არ უნდა ენდო. რეალურად ხშირად სწორედ ასეთი ზრუნვის დეფიციტი აღიქმება “სიმკაცრედ”, ხოლო ძალაუფლების დეფიციტი - “ლიბერალურ აღზრდად”.