როგორ მივიღოთ უპირობოდ ბავშვი და საკუთარი თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მივიღოთ უპირობოდ ბავშვი და საკუთარი თავი

რასაკვირველია, ყველა ნორმალური მშობელი ცდილობს, არ დაუშვას შეცდომა, რომელიც თავის დროზე მის მიმართ იქნა დაშვებული და საკუთარი შვილი მყარი ფსიქიკის პიროვნებად აღზარდოს. “ჩემს შვილსაც იგივე რომ გადახდეს, რაც მე თავის დროზე?” - ეს კითხვა ბევრ მშობელს აწუხებს, ამიტომაც ისინი ხშირად უფრთხიან შვილისთვის საზღვრების დაწესებას და ისევ თავად მიდიან დათმობაზე. იქმნება საპირისპირო სიტუაცია - შვილის ტრავმირების შიშით დედა თავად ხდება მსხვერპლი, ხოლო მისი ფსიქიკური მდგომარეობა დაფიქრებას მოითხოვს. ყველაფერი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, უკვე ბევრჯერ დაწერილა და თქმულა ჩვენს ფურცლებზე. მიუხედავად ამისა, საუბარი თემის აქტუალობის გამო მაინც მიგვაჩნია მიზანშეწონილად. მოდი, გავარკვიოთ ერთი რამ: რას ელის ბავშვი დედისგან? რასაკვირველია, უპირობო გაგებას. უფრო კონკრეტულად, ღრმა, ურყევ, ფუნდამენტურ ცოდნას იმისა, რომ ბავშვი კარგი და მართალია. არავისგან ისე არ ველით ამის აღიარებას, როგორც საკუთარი მშობლებისგან. მართლაც, თუ დედა უპირობოდ გვიღებს საკუთარი სიმართლის ფარგლებში, ჩვენც ვცდილობთ, საკუთარ თავს და სხვებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც ღირსეული ადამიანები ვართ. დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულს, ყურადღებას, სიუხვეს. თუ ანალოგიური შეგრძნება ბავშობისას არ დაგვეუფლა, ზრდასრულ ასაკში ვცდილობთ დანაკლისის ანაზღაურებას. ბავშვის შიში, დედის თვალში ცუდი არ გამოჩნდეს, სიკვდილის შიშის ტოლფასია. ფაქტობრივად, დედა არა მარტო აჩენს შვილს, არამედ სიცოცხლის უფლებას აძლევს მას. დედამ უნდა აგრძნობინის პატარას, რომ ის პიროვნებაა. თუ ცხოველი სუსტია, ანომალია აქვს, ბიოლოგიის კანონების თანახმად, მისი გაზრდისთვის შეიძლება არც კი შეწუხდნენ, ის, დიდი ალბათობით, დაიღუპება. ბავშვი იმდენადაა დამოკიდებული უფროსებზე, რომ სათანადო მოვლის გარეშე ვერ გადარჩება. როცა მას უპირობოდ არ იღებენ, პატარას შფოთვა ეუფლება, ზოგჯერ მისთვის აუცილებელია, თავისი უკეთესი მხარე აჩვენოს დედას, მისი კეთილგანწყობა დაიბრუნოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგებია. “ყველა მშობელს უყვარს შვილი და ზრუნავს მასზე, სხვაგვარად წარმოუდგენელია!” - შესაძლოა შემეკამათონ ოპონენტები. მართალია, მაგრამ ხშირად მშობლები უკიდურესობაში ვარდებიან, მოქმედებენ პრინციპით “რასაც ბავშვი აკეთებს, ყველაფერი კარგია!” ზოგჯერ ამ პრინციპით გატაცებული დედა აწყდება შვილის არაადეკვატურ ქცევას, მაგრამ მაინც პასიურობს და საზღვრებს ვერ უდებს მის ქმედებას. დედას ჰგონია, თუ უარყოფითად შეაფასა ბავშვი, ეს თავად ბავშვის უარყოფა იქნება. უმალვე ამოქმედდება შვილის (ამ პატარა, სუსტი, უსუსური არსების) ტრავმირების შიში და მორიგი აკრძალვის გასამართლებლად იწყება უთავბოლო ცეკვა-თამაში. რეალურად კი საუბარია ბავშვის მიღებაზე, სადაც ფსიქოლოგიური ტრავმირების შიში უბრალოდ არ არსებობს, რადგან ჩვენ ბავშვს ვუყურებთ და ვესაუბრებით როგორც ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანსაღსა და ძლიერს. როგორც სრულფასოვან ადამიანს, მართალია, პატარასა და ჩვენზე დამოკიდებულს, მაგრამ უკვე ძლიერსა და ჭკვიანს, რომელიც დაინტერესებულია, ჩვენთან ითანამშრომლოს და შეხმატკბილებულად იცხოვროს. რასაკვირველია, აქ საუბარი არ არის იმ მშობლებზე, რომლებიც შვილებს სცემენ ან უყვირიან (რასაკვირველია, ცუდია, რომ ასე იქცევიან). გვერწმუნეთ, მშობელთა ამ კატეგორიას აზრადაც არ მოსდის, რომ ბავშვს შეიძლება ტრავმა მიაყენოს. ჩვენ იმ მშობლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ცდილობენ საკუთარ თავში გაერკვიონ და გაიგონ, როგორ უნდა აღზარდონ შვილები ისე, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.


თუ ამ კონტექსტში ვისაუბრებთ, ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ. შვილის უპირობო მიღება საკუთარი თავის უპირობო მიღებით იწყება. თუ საკუთარ თავს არ აღვიქვამთ სრულფასოვან ადამიანად, ბავშვისთვის ამ შეგრძნების განვითარება ნამდვილად გაგვიჭირდება. მოდი, დავფიქრდეთ, რატომ არიან მშობლები ტრავმირებულნი? რეალურ ძალადობას მხოლოდ ცალკეული ადამიანები განიცდიდნენ, მშობელთა უმრავლესობა კი მეტ-ნაკლებად ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ისინი ტრავმირებულნი არიან იმიტომ, რომ მათ გამუდმებით “ზრდიდნენ” და ზრდასრულ ასაკშიც “ზრდიან”, რათა “ადამიანს დაამსგავსონ”. გარშემო მყოფი ადამიანები შანსს არ უშვებენ, ჩვენს ნაკლზე მიგვითითონ. ასევე ვიქცევით ჩვენც. ასე “ვმუშაობთ” საკუთარ თავზე, ვესწრაფვით სრულყოფილებას, რომელსაც საზღვრები არ აქვს. არსებობს ორგვარი წარმოდგენა საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე (მათ შორის - ბავშვებზეც). პირველი - მე არა ვარ საკმარისად კარგი, ესე იგი რაღაც უნდა გავაკეთო, რათა უკეთესი გავხდე. წესდება თამასა, რომელსაც აღწევ, ნორმა, რომელსაც ესწრაფვი, მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ცდილობ. ასე გრძელდება დაუსრულებლად. ეს არის მუდმივი რბოლა - განვითარება განვითარებისთვის. რასაკვირველია, ასეთი ადამიანები უზომოდ შფოთავენ. ისინი ისე არიან მიჩვეულნი აღწერილი პრინციპით ცხოვრებას, რომ შფოთვას ვერც ამჩნევენ. სამაგიეროდ, კარგად ხედავენ ნაკლს, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია, რათა ბოლოს “ადამიანს” დაემსგავსონ. ასეთი ადამიანებისგან შეიძლება მრავალი თვითდამამცირებელი ფრაზა გაიგონოთ: სულელი ვარ; მსუქანი ვარ; მოუხეშავი ვარ... სრულყოფილებისკენ სწრაფვის გაქრობა მათთვის დეგრადაციისა და სიკვდილის ტოლფასია. არც არავინ დაფიქრებულა, რომ ეს ყველაფერი არის ბავშვური თვისება - დავუმტკიცოთ დედას ჩვენი არსებობის უფლება. უბრალოდ, ახლა ეს დედა კი არა, მთელი სამყაროა. წარმოდგენა მეორე - მე უკვე კარგი ვარ, სწორად ვარ ჩამოყალიბებული, მიუხედავად ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეებისა, შეზღუდვებისა და ტალანტებისა. რაც მთავარია, გამუდმებით ვიზრდები და ვვითარდები. ეს იმიტომ, რომ ადამიანი განუწყვეტლივ განიცდის სრულყოფას. სრულყოფის გზა კი ყველას ინდივიდუალური აქვს, თავისი ტემპით, ციკლით, ამოცანებით, მიზნებით. მე ახლა ყველაფერი მაქვს სრულყოფილი ცხოვრებისთვის; თუ რაიმე ჯერ არ მაქვს, მექნება. როცა ამას მივაღწევ, სწორედ ეს იქნება მდგომარეობა, როცა საკუთარ თავს პოულობ. ახლა დაფიქრდით, ამ ორი წარმოდგენიდან რომელია თქვენი, როგორ უყურებთ საკუთარ თავს და საკუთარ შვილს? პირველ შემთხვევაში შაბლონები მეტ-ნაკლებად სტანდარტულია და გარედან მოდის - ადამიანები ეძებენ მასწავლებლებს, რომლებიც მათ ასწავლიან, როგორ მოიქცნენ სწორად, საკუთარ თავს კი არ უჯერებენ. მართლაც, როგორ შეიძლება, საკუთარ თავს დაუჯერო? თავად ხომ არც “იდეალური” ხარ და არც “ამ ცხოვრებისა გესმის რამე”. მეორე შემთხვევაში ადამიანი თავს ინდივიდად აღიქვამს. ასევე ინდივიდს ხედავს საკუთარ შვილში, აძლევს მას უფლებას, იყოს პიროვნება მაშინაც კი, როცა მისგან განსხვავდება. ეს ბუნებრივია - თუ ბავშვი კარგი პიროვნებაა, ის შეიძლება განსხვავებული იყოს. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა შვილზე, მის ინდივიდუალობაზე დაკვირვება. ეს არის უპირობო მიღების საფუძველი, მთავარი ბაზისი. მსგავსი წარმოდგენა უმალვე აფხიზლებს მშობლებს, მათ შიშს და თავიანთი ამბიციების მიღმა ისინი უცებ ხედავენ საკუთარ შვილს, მის შესაძლებლობებს, მის მოთხოვნებს. საზღვრებისა და აკრძალვების დაწესება კი მხოლოდ ურთიერთობათა აგებაა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანთან.  ასეთი ურთიერთობისას ბავშვს მაშინ ვეხმარებით, როცა საჭიროა და არა მაშინ, როცა ჩვენ გვგონია, რომ უნდა ჩავერიოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენთვის პირველი წარმოდგენაა მისაღები. რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს მიზანი, რბოლა, აქტიური საქმიანობის ილუზია. ბავშვის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი საკმაოდ ფართო ასპარეზს გვიშლის მოქმედებისთვის. ჩვენ, წესისამებრ, ძალიან კარგად ვიცით, როგორ “ვიზრუნოთ” სუსტებსა და არასრულფასოვნებზე - ჩვენი საზოგადოებაც ასეთია. თუკი დავინახეთ, რომ ვინმე ბავშვივით ქმედობაუუნაროა, მაშინვე ვუპოვით საკუთარ თავს “ფუნქციას”. მოდი, დაბადებიდანვე შევხედოთ შვილებს როგორც ჭკვიანებს, ფიზიკურად და ფსიქიკურად ძლიერებს. მართალია, ისინი პატარები არიან, არ შეუძლიათ საკუთარი თავის მომსახურება, აქვთ პირადი თავისებურებები, მაგრამ ისინი სავსებით სრულყოფილები არიან იმ ცხოვრებისთვის, რომელიც წინ ელით. ჩვენ ვეხმარებით ბავშვს ზრდაში და ამისთვის მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, ვუვლით მათ, რჩევებს ვაძლევთ, ვუწესებთ საზღვრებსა და აკრძალვებს, მაგრამ არ ვუყურებთ თვალებში სისუსტისა და ნაკლის საპოვნელად. ჩვენ თანავუგრძნობთ შვილს, როცა ეცემა, როცა პირველ ნაბიჯებს დგამს, როცა ბიჭები ქუდს ართმევენ, როცა მოზარდ ასაკში სისულელეებს სჩადის, მაგრამ ვიცით, რომ მას ჰყოფნის ძალა ამ ყველაფრის დასაძლევად, ის იზრდება და ვითარდება. ჩვენ ბავშვს თანავუგრძნობთ, მაგრამ არ ვიცოდებთ. იმედია, ამჩნევთ განსხვავებას. ხშირად სწორედ თანაგრძნობაა აუცილებელი. აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ ადამიანის გრძნობებს, მაგრამ ისე, რომ არ დავამციროთ სისუსტის გამო. თანაგრძნობაა აუცილებელი, რათა ადამიანი წაბორძიკების შემდეგ წამოდგეს და გზა განაგრძოს. პატარა უნდა წამოდგეს, რადგან დედას სჯერა მისი, ბავშვს კი სჯერა დედის. როცა ბავშვს ასეთი საფუძველი აქვს, გარე სამყაროდან მიღებული ტრავმა მისთვის უბრალოდ მოვლენა იქნება, ფასდაუდებელი გამოცდილება, ხოლო დედა - ის ნავსაყუდელი, საითაც ბავშვი იმისთვის მიემართება, რომ გაიხსენოს - თავად ძალიან კარგია და ყველაფერი გამოუვა!