უძილობა, მუცლის ტკივილი და გაღიზიანება ბავშვებში, შეცდომა, რომელსაც მშობლები სექტემბერში უშვებენ - ფსიქოთერაპევტის რჩევები
რა იმალება ფრაზის უკან - „სკოლაში დაბრუნება არ მინდა“ - ფსიქოთერაპევტის გაფრთხილება მშობლებს
სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, ოჯახების უმეტესობაში ჩვეული რიტმი იცვლება: ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ხშირად არა მხოლოდ წიგნების, საკანცელარიო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენასთან, არამედ მალულ შფოთვასთან, დარღვეულ ძილსა და ემოციურ დაძაბულობასთან ასოცირდება. რეჟიმის მკვეთრი ცვლილება, აკადემიური მოთხოვნები და სოციალურ გარემოში დაბრუნება თანაბრად დიდ გამოწვევად იქცევა როგორც პირველკლასელებისთვის, ისე მოზარდებისა და თავად მშობლებისთვის.
როგორ ამოვიცნოთ ბავშვის შფოთვის ფარული ნიშნები, როდის ხდება სტრესი საყურადღებო და რა პრაქტიკული ნაბიჯებით არის შესაძლებელი სასწავლო წლის დაწყება პოზიტიურ რიტუალად ვაქციოთ?
სკოლის დაწყებასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვებს ფსიქოთერაპევტი და „კრიტიკული აზროვნების სკოლის“ დამფუძნებელი ნინი ჭაჭია პასუხობს
- ქალბატონო ნინი, რა არის ის მთავარი ნიშნები, რომლებიც გვაუწყებს, რომ ბავშვი სკოლაში დაბრუნების გამო სტრესს ან შფოთვას განიცდის?
- სასწავლო წლის დაწყება ბავშვისთვის მხოლოდ ახალი წიგნების, ტანსაცმლისა და გაკვეთილების დაბრუნებას არ ნიშნავს. ეს არის რეჟიმის, სოციალური გარემოს, პასუხისმგებლობებისა და მოლოდინების ერთდროული ცვლილება. ამიტომ ზომიერი მღელვარება ბუნებრივია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ შეხვდება ოჯახი ამ ცვლილებას - როგორც საფრთხესა და გამოცდას თუ როგორც ეტაპს, რომელსაც ბავშვი მხარდაჭერით, თანდათანობით გაივლის.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული შფოთვა ყოველთვის სიტყვებით არ გამოიხატება, განსაკუთრებით მცირე ასაკში. ბავშვი შეიძლება არ ამბობდეს - „მეშინია“, მაგრამ უჭირდეს დაძინება, ხშირად სტკიოდეს მუცელი ან თავი, შეეცვალოს მადა, გახდეს გაღიზიანებული, ტირილისკენ მიდრეკილი ან მშობელზე მეტად მიჯაჭვული.
საყურადღებო ნიშნები სამ ძირითად სფეროში ვლინდება:
სხეულებრივი ნიშნები - ძილისა და მადის ცვლილება, მუცლის ან თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება;
ემოციური ნიშნები - შფოთვითი კითხვების გამეორება, ტირილი, უარყოფითი სცენარების წარმოდგენა;
ქცევითი ნიშნები - გაღიზიანება, აგრესიულობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სკოლის თემისთვის თავის არიდება ან ასაკით უფრო პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელ ქცევებთან დროებითი დაბრუნება.
თუმცა ერთი ცალკეული სიმპტომი ავტომატურად შფოთვით პრობლემას არ ნიშნავს. ზომიერი მღელვარება ცვლილების წინ ბუნებრივი ადაპტაციური რეაქციაა. მნიშვნელოვანია სიმპტომების ინტენსივობა, ხანგრძლივობა და ის, რამდენად უშლის ისინი ხელს ბავშვს ძილში, კვებაში, სწავლასა და ურთიერთობებში.
კრიტიკული აზროვნების სკოლაში ბავშვებთან საუბრისას ხშირად ვხედავთ, რომ ერთი შეხედვით ერთნაირი ფრაზის - „სკოლაში დაბრუნება არ მინდა“ - უკან სრულიად განსხვავებული მიზეზები დგას: ერთს აკადემიური მოთხოვნების ეშინია, მეორეს - მასწავლებლის შეფასების, მესამეს კი - თანაკლასელებთან ურთიერთობის. ამიტომ ქცევის შეფასებამდე უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რას განიცდის ბავშვი.
„რატომ ნერვიულობ?“ ზოგჯერ ზედმეტად ზოგადი კითხვაა, რადგან ბავშვს თავადაც უჭირს მიზეზის დასახელება. უკეთესია ვკითხოთ: „სკოლაში დაბრუნებისას ყველაზე მეტად რა გაწუხებს/გაღელვებს - გაკვეთილები, მასწავლებელი, თანაკლასელები თუ სხვა რამ?“

როდესაც ბავშვის განცდას ვაღიარებთ და არ ვპასუხობთ ფრაზებით - „რა გაქვს სანერვიულო“ ან „ყველა ბავშვი დადის სკოლაში“ - მას ემოციის გააზრება და მართვა უადვილდება.
თუ შფოთვა ძლიერია, ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად აფერხებს ან დროთა განმავლობაში არ მცირდება, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.
- რით განსხვავდება პირველკლასელისა და მოზარდის სკოლის წინა შფოთვა და როგორ უნდა მივუდგეთ თითოეულ მათგანს?
- პირველკლასელის შფოთვა ძირითადად მშობელთან განშორებას, უცნობ გარემოსა და პროგნოზირებადობის ნაკლებობას უკავშირდება. მას აინტერესებს: ვინ მიიყვანს, ვინ წამოიყვანს, სად უნდა შევიდეს, ვის მიმართოს დახმარებისთვის და რა მოხდება, თუ დედა ან მამა მის გვერდით არ იქნება.
ამ ასაკში ეფექტურია კონკრეტულობა: წინასწარ ვაჩვენოთ სკოლის შენობა და გზა, მარტივად აღვუწეროთ დღის თანმიმდევრობა და მკაფიოდ ვუთხრათ, ვინ და როდის წამოიყვანს. შეგვიძლია თამაშითაც გავათამაშოთ სასკოლო დღე ან მივცეთ პატარა ნივთი, რომელიც სახლსა და უსაფრთხოებას შეახსენებს.
მოზარდის შფოთვა უფრო ხშირად უკავშირდება სოციალურ შეფასებას, თანატოლებთან შედარებას, გარეგნობას, ჯგუფში საკუთარ ადგილს, აკადემიურ მოთხოვნებსა და ავტონომიის დაცვას. ამ ასაკში მნიშვნელოვანი ხდება სოციალური ქსელების გავლენაც, სადაც მოზარდი საკუთარ გარეგნობას, მიღწევებსა და ცხოვრების წესს სხვებს ადარებს.
მოზარდი შეიძლება პირდაპირ არ ამბობდეს, რომ ღელავს. ზოგჯერ თემას თავს არიდებს, ირონიით უპასუხებს ან გაღიზიანებით რეაგირებს. ეს ყოველთვის გულგრილობა არ არის - შესაძლოა საკუთარი მოწყვლადობის დაცვის მცდელობა იყოს.
მოზარდთან საჭიროა პარტნიორული საუბარი, დაკითხვისა და ჭკუის სწავლების გარეშე. ფრაზის - „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება“ - ნაცვლად უკეთესია ვუთხრათ: „ვხედავ, რომ ეს გაწუხებს. გინდა, უბრალოდ მოგისმინო თუ ერთად ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება?“
ორივე ასაკში მიზანი შფოთვის სრულად გაქრობა არ არის. ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს განცდა: „შეიძლება ვინერვიულო და მაინც გავუმკლავდე“.
- ზაფხულის შემდეგ სოციალურ გარემოში დაბრუნება ზოგ ბავშვში უხერხულობას ან შიშს იწვევს. როგორ დავეხმაროთ ბავშვს კლასელებთან კონტაქტის აღდგენაში?
- ზაფხულის განმავლობაში მეგობრული კავშირები შეიძლება შეიცვალოს. ბავშვს შესაძლოა ეშინოდეს, რომ კლასში ძველი ადგილი აღარ დახვდება, მეგობრები სხვა ჯგუფში გაერთიანდნენ ან მასთან ურთიერთობა აღარ მოუნდებათ.
სოციალური კონტაქტის აღდგენა მცირე ნაბიჯებით ჯობს. შეგვიძლია ბავშვს ვკითხოთ, რომელ თანაკლასელთან გაუხარდებოდა შეხვედრა და, მისი თანხმობის შემთხვევაში, სასწავლო წლის დაწყებამდე მოვაწყოთ ერთი ან ორი ბავშვის არაფორმალური შეხვედრა. დიდი შეკრების ნაცვლად მშვიდი და ნაკლებად დამძაბველი გარემო ხშირად უფრო კომფორტულია.
ამავე დროს, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა მართოს მისი სოციალური ცხოვრება. არც მეგობრების რაოდენობაა წარმატების საზომი - ზოგ ბავშვს ერთი სანდო მეგობარი სჭირდება, სხვას კი უფრო ფართო ჯგუფი.

არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვს: „ხვალვე ყველას დაუმეგობრდი“. მცირე ნაბიჯიც წარმატებაა. თუ სოციალური შიში ინტენსიურია და ბავშვს კლასში შესვლაში, საუბარსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში მნიშვნელოვნად უშლის ხელს, სასურველია სპეციალისტის დახმარება.
- ბევრ ბავშვს ეშინია, რომ „არაფერი ახსოვს“ ან ნიშნებს ვერ გაუმკლავდება. როგორ შევუმსუბუქოთ ეს აკადემიური წნეხი სასწავლო წლის დაწყებამდე?
- ზაფხულის შემდეგ სასწავლო მასალის გახსენების დროებითი გაძნელება ბუნებრივია. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყველაფერი დაავიწყდა ან სწავლის უნარი დაკარგა. ცოდნის გააქტიურებას ხშირად რამდენიმე გამეორება და სასწავლო გარემოში დაბრუნება სჭირდება.
არდადეგების ბოლო დღეების ინტენსიურ გამოცდად გადაქცევა საჭირო არ არის. გაცილებით სასარგებლოა მსუბუქი რუტინა: ყოველდღიურად მცირე დროით კითხვა, თამაშის ფორმით გამეორება, სამაგიდო თამაშები, საუბარი წაკითხულზე ან მათემატიკის ყოველდღიურ სიტუაციებში გამოყენება.
მნიშვნელოვანია ბავშვის სიტყვებსაც დავაკვირდეთ. ფრაზა - „არაფერი მახსოვს“ - ხშირად მხოლოდ ცოდნას არ ეხება. ამის უკან შეიძლება იდგეს შეცდომის, დაბალი ნიშნის ან მშობლის იმედგაცრუების შიში.
ბავშვებთან მუშაობისას ხშირად ვხედავთ, რომ მათ განსაკუთრებით აშინებთ არა თავად სირთულე, არამედ დასკვნა, რომელსაც ამ სირთულიდან საკუთარ თავზე აკეთებენ: „თუ არ მახსოვს, ე.ი. არ შემიძლია“. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვმა ერთმანეთისგან განასხვაოს „ჯერ არ მახსოვს“ და „ვერასოდეს შევძლებ“. ეს მცირე ლექსიკური ცვლილება ეხმარება, დროებითი დაბრკოლება საკუთარი შესაძლებლობების საბოლოო შეფასებად არ აღიქვას.
მშობლის გზავნილი უნდა იყოს: „ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი ძალისხმევა, ინტერესი და პროგრესი და არა მხოლოდ მიღებული ნიშანი“. როდესაც შეცდომა სწავლის ნაწილად აღიქმება და არა პირად მარცხად, აკადემიური შფოთვაც მცირდება.
- ხშირად მშობლები თავად უფრო მეტად ნერვიულობენ, ვიდრე ბავშვები. როგორ გადაეცემა ეს შფოთვა შვილს და როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები?
- ბავშვი მშობლის ემოციურ რეაქციას იყენებს იმის გასაგებად, უსაფრთხოა თუ არა ახალი გარემო. ის აკვირდება არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, აჩქარებას, მუდმივ შეხსენებებსა და გადაჭარბებულ კონტროლს.
მშობელმა შეიძლება თქვას: „ნუ ნერვიულობ“, მაგრამ საკუთარი ქცევით სრულიად სხვა გზავნილი გადასცეს: „ძალიან საშიში და მნიშვნელოვანი რამ ხდება“. ასეთ დროს ბავშვი საკუთარ შფოთვასთან ერთად მშობლის დამშვიდების პასუხისმგებლობასაც იღებს.
პირველი ნაბიჯია, მშობელმა საკუთარ თავს ჰკითხოს: „ეს ბავშვის რეალურ მდგომარეობაზე რეაგირებაა თუ ჩემი პირადი სასკოლო გამოცდილება, მოლოდინი და შიში?“ ზოგჯერ მშობელი ცდილობს, შვილი იმ სირთულეებისგან დაიცვას, რომლებიც წარსულში თავად გადაიტანა, მაგრამ ამით ბავშვის გამოცდილებას საკუთარი ისტორიის გაგრძელებად აქცევს.

ემოციის დამალვა საჭირო არ არის. ბავშვისთვის უფრო სასარგებლოა ჯანსაღი თვითრეგულაციის მაგალითის დანახვა: „მეც ცოტა ვღელავ, რადგან ახალი ეტაპი იწყება, ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ დავგეგმო“.
ბავშვს სრულყოფილად მშვიდი მშობელი კი არა, ისეთი ზრდასრული სჭირდება, რომელიც საკუთარ ემოციას ამჩნევს, მართავს და შვილის ემოციასაც იტევს.
- სექტემბერში მშობლებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, ყველაფერი იდეალურად დაგეგმონ - წრეები, მეცადინეობა, რეჟიმი. როგორ ავირიდოთ თავიდან გადაწვა?
- სასწავლო წლის დასაწყისი ეტაპობრივი ადაპტაციის პერიოდია და არა მომენტი, როდესაც ყველა შესაძლო აქტივობა ერთდროულად უნდა დაიწყოს. ბავშვს ხელახლა უწევს ადრეულ გაღვიძებასთან, ხანგრძლივ კონცენტრაციასთან, დავალებებსა და სოციალურ დატვირთვასთან შეგუება. ამ ფონზე ბევრი წრისა და დამატებითი მეცადინეობის ერთბაშად დამატება გადაწვის რისკს ზრდის.
პირველ კვირებში სასურველია დავტოვოთ მხოლოდ არსებითი აქტივობები, შემდეგ კი ახალი დატვირთვა თანდათან დავამატოთ და ბავშვის რეაქციას დავაკვირდეთ. გეგმა ბავშვს უნდა მოერგოს და არა ბავშვი - გეგმას.
მნიშვნელოვანია, ბავშვი გადაწყვეტილების მიღებაშიც მონაწილეობდეს: რომელი აქტივობა აინტერესებს, რის გაგრძელება სურს და რა აღარ ანიჭებს სიამოვნებას. არჩევანის განცდა პასუხისმგებლობასა და მოტივაციას ზრდის.
განრიგში აუცილებლად უნდა დარჩეს არასტრუქტურირებული დროც - თავისუფალი თამაში, მეგობრებთან ურთიერთობა და უბრალოდ დასვენება. ეს დრო დაკარგული არ არის; ის ნერვული სისტემის აღდგენის, შემოქმედებითობისა და ემოციური გადამუშავებისთვის აუცილებელია.
გადატვირთვის ნიშნებია მუდმივი დაღლილობა, გაღიზიანება, ძილის გაუარესება, მოტივაციის დაკარგვა და ადრე საყვარელი საქმიანობების მიმართ ინტერესის შემცირება.
- როგორ უნდა ააგოს მშობელმა ჯანსაღი კომუნიკაცია მასწავლებელთან ისე, რომ ბავშვი ზედმეტი კონტროლის ქვეშ არ მოექცეს?
- მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ერთმანეთის ან ბავშვის მუდმივ კონტროლს. სასურველია თავიდანვე შეთანხმდნენ, რომელ საკითხებზე და რა სიხშირით დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
მნიშვნელოვანია განვასხვაოთ სიტუაციები, რომლებიც ზრდასრულის ჩარევას მოითხოვს - მაგალითად, უსაფრთხოების, ძალადობის, ბულინგის ან ბავშვის კეთილდღეობის საკითხები - და ყოველდღიური სირთულეები, რომლებთან გამკლავების შესაძლებლობაც ბავშვს თავად უნდა მივცეთ.
მასწავლებელთან საუბრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტულ ქცევასა და გარემოებაზე და არა ბავშვის პიროვნების შეფასებაზე. „ბოლო კვირაში სამჯერ არ შეასრულა დავალება“ ფაქტია, ხოლო „ზარმაცი და უპასუხისმგებლოა“ - იარლიყი.
მშობელი ბავშვის მოკავშირე უნდა იყოს და არა მისი პროკურორი. თუმცა მოკავშირეობა ბავშვის ყველა ქცევის გამართლებას არ ნიშნავს - ის გულისხმობს მიზეზის გაგებას, შესაბამისი საზღვრების შენარჩუნებას და პასუხისმგებლობის ასაკის შესაბამისად გადაცემას.
სასურველია ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რაზე ესაუბრება მშობელი მასწავლებელს და რატომ. ეს ინარჩუნებს გამჭვირვალობას და მას არ უტოვებს განცდას, რომ მის ზურგს უკან წყდება მისი ცხოვრების საკითხები.
მთავარი კითხვა უნდა იყოს არა „როგორ ვაკონტროლოთ ბავშვი?“, არამედ „როგორ დავეხმაროთ, რომ მან თანდათან თავად შეძლოს პასუხისმგებლობის აღება?“
- სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე რეჟიმის ცვლილება ხშირად ომს ემსგავსება. რა არის ყველაზე უმტკივნეულო გზა ბიოლოგიური საათის გასასწორებლად?
ბიოლოგიური საათის ერთ ღამეში შეცვლა რთულია. ყველაზე უმტკივნეულოა თანდათანობითი ცვლილება: სასწავლო წლის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაძინებისა და გაღვიძების დრო ყოველდღიურად 15–20 წუთით გადავწიოთ.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადრე დაწოლა, არამედ დილით დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გაღვიძება. გაღვიძების შემდეგ ბუნებრივ სინათლეზე ყოფნა, დღის განმავლობაში მოძრაობა და საღამოს გარემოს თანდათან დამშვიდება ორგანიზმს ახალი რეჟიმის ათვისებაში ეხმარება.

ძილის წინ დაახლოებით ერთი საათით ადრე სასურველია ეკრანების, კაშკაშა განათებისა და ზედმეტად აქტიური თამაშების შემცირება. პატარა ბავშვებთან კარგად მუშაობს ყოველდღიურად განმეორებადი თანმიმდევრობა: დაბანა, მომდევნო დღის ტანსაცმლის მომზადება, წიგნის კითხვა და ძილი.
მოზარდთან რეჟიმი შეთანხმების გზით უნდა შეიცვალოს. ბრძანება - „ახლავე დაიძინე“ - იშვიათად მუშაობს, თუ მას ჯერ არ ეძინება და ცვლილების მიზეზიც არ ესმის. მიზანი ბავშვის ძალით დაძინება კი არა, ისეთი პირობების შექმნაა, რომლებშიც მისი ორგანიზმი ახალ განრიგს თანდათან მოერგება.
- ზაფხულის შემდეგ ეკრანებთან გატარებული დროის შემცირება ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთულია. როგორ გავაკეთოთ ეს პროტესტისა და აგრესიის გარეშე?
- ეკრანის უეცარი და მკვეთრი შეზღუდვა ხშირად ძლიერ პროტესტს იწვევს, რადგან ბავშვისთვის ტელეფონი მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის. ის შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობის, ემოციური განტვირთვისა და მოწყენილობის თავიდან აცილების ფუნქციასაც ასრულებდეს.
პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა ფუნქცია აქვს ეკრანს კონკრეტული ბავშვის ცხოვრებაში. შემდეგ წესები წინასწარ, მშვიდ ვითარებაში და ბავშვის მონაწილეობით უნდა შევათანხმოთ. მაგალითად, შეიძლება განვსაზღვროთ ეკრანისგან თავისუფალი დრო და სივრცეები: ჭამის დრო, მეცადინეობა, ოჯახური საუბარი და ძილის წინა პერიოდი.
მცირე ასაკში სასარგებლოა ვიზუალური ტაიმერი ან წინასწარი გაფრთხილება: „ათი წუთი დაგრჩა“, შემდეგ - „ხუთი წუთი“. ასე ეკრანის გათიშვა მოულოდნელ დანაკარგად აღარ აღიქმება.
მნიშვნელოვანია ჩანაცვლებაც. თუ ტელეფონს წავართმევთ და მის ადგილას სიცარიელეს დავტოვებთ, კონფლიქტი თითქმის გარდაუვალია. ბავშვს უნდა ჰქონდეს მოძრაობის, თამაშის, მეგობრებთან ურთიერთობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და მშობელთან ხარისხიანი დროის შესაძლებლობა.
წესები უფროსებზეც უნდა ვრცელდებოდეს. ბავშვი რთულად მიიღებს მოთხოვნას - „ტელეფონი გადადე“, თუ ოჯახური ვახშმის დროს მშობლები თავად ეკრანებში არიან.
ბავშვებთან ციფრულ ქცევაზე მუშაობისას მხოლოდ ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაზე არ ვსაუბრობთ. მათ ვეხმარებით გააანალიზონ, რას უყურებენ, რატომ უჭირთ გაჩერება და როგორ მოქმედებს კონკრეტული კონტენტი მათ ყურადღებასა და ემოციებზე. მხოლოდ აკრძალვა თვითრეგულაციას ვერ ასწავლის — ამისთვის ბავშვს საკუთარი ციფრული ქცევის გაცნობიერება და მის მართვაში ეტაპობრივი მონაწილეობა სჭირდება.
- როგორ ვაქციოთ სკოლისთვის მზადება პოზიტიურ რიტუალად და არა ვალდებულებად?
სკოლისთვის მზადება პოზიტიურ გამოცდილებად მაშინ იქცევა, როდესაც ბავშვი პროცესის მონაწილეა და არა მხოლოდ უფროსების გადაწყვეტილებების შემსრულებელი.
შეგვიძლია არჩევანი მივცეთ მისაღებ საზღვრებში: თავად შეარჩიოს რამდენიმე საკანცელარიო ნივთი, გადაწყვიტოს, როგორ მოაწყობს სამუშაო კუთხეს ან რომელი ტანსაცმელი მოამზადოს პირველი დღისთვის. მცირე არჩევანიც კი ბავშვს კონტროლისა და ჩართულობის განცდას აძლევს, რაც ცვლილებასთან დაკავშირებულ შფოთვას ამცირებს.
ოჯახს შეუძლია შექმნას პატარა ტრადიციაც: ერთად მოამზადოს სამუშაო სივრცე, შეადგინოს ახალი სასწავლო წლის სურვილების სია, გადაიღოს ყოველწლიური ფოტო ან პირველი დღისთვის საყვარელი საუზმე დაგეგმოს.
სასურველია ბავშვს ვკითხოთ არა მხოლოდ „რა ნიშნები გინდა მიიღო?“, არამედ: „რისი სწავლა გინდა წელს?“ ან „რომელ კითხვაზე გინდა პასუხის პოვნა?“ ამგვარი ფორმულირება სკოლას მხოლოდ ვალდებულებებისა და შეფასებების სივრცედ აღარ წარმოაჩენს.
მთავარია, სამზადისი არ გადაიქცეს სრულყოფილი ფოტოს, ძვირადღირებული ნივთებისა და სხვებთან შედარების პროექტად. ეს ბავშვის გამოცდილებაა და არა მშობლის სოციალური პრეზენტაცია.

- რა არის ის მთავარი რჩევა, რაც ოჯახებს სასწავლო წლის პირველი 7–10 დღის განმავლობაში მშვიდი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად დაეხმარებათ?
პირველი 7–10 დღე ადაპტაციის პერიოდად უნდა აღვიქვათ და არა ბავშვის შესაძლებლობების საბოლოო გამოცდად. ამ დროს დაღლილობა, გაღიზიანება, წინააღმდეგობა ან დროებითი ემოციური უკუსვლა მოსალოდნელია და ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს.
სასურველია დროებით შევამციროთ მოლოდინები და დამატებითი დატვირთვა. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ძილს, კვებას, პროგნოზირებად რეჟიმსა და დასვენებას.
სკოლიდან დაბრუნებისთანავე კითხვების სერია - „რა ნიშანი მიიღე?“, „რა დაგავალეს?“, „ვინ რა თქვა?“ - ბავშვმა შეიძლება დაკითხვად აღიქვას. უფრო ღია და ნაკლებად შემფასებელი კითხვებია: „დღეს რამ გაგახარა?“, „რა გაგიჭირდა?“, „რამ გაგაკვირვა?“ ან „გინდა, რამე მომიყვე თუ ჯერ დასვენება გირჩევნია?“
პირველ დღეებში მშობლის მთავარი ფუნქცია ბავშვის დღის დეტალური კონტროლი კი არა, მისთვის ემოციური თავშესაფრის შექმნაა - სივრცის, სადაც წარმატების შესახებ ანგარიშს არ სთხოვენ, სირთულის აღიარების არ ეშინია და იცის, რომ შეცდომის შემთხვევაშიც მის გვერდით არიან.
ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მათ ყველაზე მეტად არა პრობლემის სრული არარსებობა, არამედ განცდა ამშვიდებთ, რომ მათი მღელვარება ვიღაცამ მოისმინა, გაიგო და მისი გამოხატვა დასაშვებია.
ოჯახებისთვის ჩემი მთავარი რჩევა იქნება: პირველ დღეებში სრულყოფილებას კი ნუ ეცდებით - სტაბილურობა შექმენით. ბავშვისთვის მთავარი გზავნილი უნდა იყოს: „შენ მარტო არ ხარ, სირთულეებზე საუბარი შეგიძლია და ყველაფრის ერთ დღეში მოგვარება არ არის საჭირო“.
სასწავლო წლის მშვიდად დაწყების 10 წესი
- შფოთვა არ გააუფასუროთ. ფრაზის - „რა გაქვს სანერვიულო?“ - ნაცვლად ჰკითხეთ: „კონკრეტულად რა გაწუხებს?“
- ცვლილებები ეტაპობრივად დაიწყეთ. ძილის რეჟიმი, ეკრანის დრო და დამატებითი აქტივობები ერთ დღეში არ შეცვალოთ.
- შედეგზე მეტად ძალისხმევა და პროგრესი შეაფასეთ. ნიშანი ბავშვის ღირებულებისა და შესაძლებლობების საბოლოო საზომი არ არის.
- მთელი განრიგი არ შეავსოთ. ბავშვს ყოველდღიურად სჭირდება თავისუფალი დრო, თამაში და დასვენება.
- ბავშვი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართეთ. ასაკის შესაბამისი არჩევანი ავტონომიასა და პასუხისმგებლობას აძლიერებს.
- ეკრანი მხოლოდ არ აუკრძალოთ - ალტერნატივაც შესთავაზეთ. ახალი წესები უფროსებზეც უნდა ვრცელდებოდეს.
- მასწავლებელთან ითანამშრომლეთ და ბავშვს ზურგს უკან ნუ განიხილავთ. უსაფრთხოება ზრდასრულის პასუხისმგებლობაა, ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება კი ბავშვს თანდათან უნდა ვასწავლოთ.
- სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი დაუყოვნებლივ არ დაკითხოთ. ჯერ მიეცით დასვენების დრო და შემდეგ შესთავაზეთ საუბარი.
- საკუთარი შფოთვა ბავშვის შფოთვისგან განასხვავეთ. თქვენი წარსული გამოცდილება ყოველთვის ბავშვის მომავლის პროგნოზი არ არის.
- პირველ დღეებში სრულყოფილებას ნუ მოითხოვთ. მშვიდი, თბილი და პროგნოზირებადი ოჯახური გარემო საუკეთესო მხარდაჭერაა.