წონა და ფსიქონევროლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონა და ფსიქონევროლოგიური პრობლემები

ზედმეტი წონა, გაცხიმოვნება, პრობლემებს იწვევს საზოგადოდ ორგანიზმში, ამიტომ ხშირად ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანის ფსიქიკაც. ჭარბ წონასა თუ სიმსუქნესთან გასამკლავებლად მიმართავენ დიეტებს, შიმშილს, ვარჯიშობენ, ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულ აკრძალვებს უკავშირდება და მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ვითარდება ნევროტული მდგომარეობა, არასრულფასოვნების კომპლექსები და სტრესები, ეს კი უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა.

ზედმეტი წონა ქალებსაც აწუხებს და მამაკაცებსაც, მაგრამ ქალები მეტად განიცდიან ამ მდგომარეობას და ყოველგვარ დიეტას თანხმდებიან. ამ დროს არასრულფასოვნების კომპლექსს შიმშილით გამოწვეული სტრესიც ემატება.

შიმშილობა რომ ადამიანისთვის სტრესია, დიდი ხანია დამტკიცებულია. ამ დროს ოჯახის წევრებს მოთმინება, თანადგომა, ყურადღება და ტაქტი მართებთ. ზოგჯერ ისინი მართლაც ზედმეტად გულმოდგინედ „ეხმარებიან“ დიეტაზე მყოფს:

განუწყვეტელი შენიშვნებითა და მუდმივი მითითებებით თავს აბეზრებენ, სამზარეულოს კარადებსა და მაცივრებს უკეტავენ, რომ გახდომის მსურველი ცდუნებას არ აჰყვეს და დიეტა არ დაარღვიოს, ამით კი ისედაც დათრგუნულსა და გაღიზიანებულს უფრო მეტად აღიზიანებენ.

  • დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მრავალნაირ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია. ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტა, მით ძლიერია სტრესი.

დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებზე სიარულს, ვერ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესიც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ, დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს, ამიტომ დიეტა ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.

  • დიეტის დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას – როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს.

შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობის) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობას იწვევს. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, ზოგჯერ აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების დაქვეითება. საღამოობით ბევრს ძალიან უჭირს საკვებზე უარის თქმა, ზოგიერთს შიმშილი არ აძინებს, ამიტომ შესაძლოა, ნებისყოფამ უღალატოს და ფუნთუშას ან ბუტერბროდს წაატანოს ხელი, მერე კი საკუთარ თავზე ბრაზობს, რაც ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

თუ შეამჩნევთ, რომ დაკლებული კილოგრამები უნებისყოფობის გამო ისევ აკრიფეთ, ნერვიულობას კი ნუ მოჰყვებით, მაშინვე დაიწყეთ ვარჯიში და შიმშილის შეტევისას მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ – 5 წუთიც არ გავა, რომ ჭამა დაგავიწყდებათ. გარდა ამისა, ვარჯიში მოდუნებასა და კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ.

წონის დაკლება ფიზიკურად და ემოციურად რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თვითდისციპლინას და მუდმივ სწრაფვას მიზნის მისაღწევად. თუმცა, დიეტა და ვარჯიში ყოველთვის არ არის საკმარისი წონის წარმატებული კლებისთვის.

წონის დაკლება ბევრ ადამიანს უჭირს სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების გამო. დღეს ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ამ პრობლემას და შემოგთავაზებთ მათი დაძლევის გზებს.

  • დაბალი და უარყოფითი თვითშეფასება

ხშირად ადამიანები წონაში დაკლებას დაბალი თვითშეფასებითა და სხეულის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით იწყებენ. ამან შეიძლება აიძულოს ისინი, დაინახონ თავიანთი თავი წარმატებისთვის უღირსად.

ასეთმა ნეგატიურმა აზროვნებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლების მცდელობების საბოტაჟი, გაღრმავდეს რწმენა, რომ ისინი წარუმატებელნი იქნებიან.

ამ პრობლემის დასაძლევად თქვენ უნდა დაიწყოთ პოზიტიურ აზროვნებაზე მუშაობა. ეს შეიძლება გაკეთდეს ინტროსპექციისა და თავისი ღირსებებისა და თვისებების აღიარებით. ასევე ღირს გარშემორტყმული იყოთ მხარდამჭერი ადამიანებით, რომლებიც შთაგაგონებენ და დაგეხმარებიან მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

  • ემოციური გადაჭარბებული კვება

ბევრ ადამიანს აქვს მიდრეკილება, ჭამოს სტრესულ სიტუაციებში და გაათავისუფლოს უარყოფითი ემოციები. ეს ქცევა შეიძლება იყოს სერიოზული დაბრკოლება წონის დაკლებისთვის. როდესაც ვჭამთ არა შიმშილის, არამედ ემოციური დისკომფორტის გამო, მიდრეკილი ვართ, მივიღოთ მაღალკალორიული საკვები, რაც იწვევს ჭარბ წონას.

ემოციური გადაჭარბებული ჭამის დასაძლევად მნიშვნელოვანია ისწავლოთ, როგორ მართოთ თქვენი ემოციები და იპოვოთ სხვა გზები სტრესთან გამკლავებისთვის. ეს შეიძლება იყოს სპორტი, მედიტაცია, ღრმა სუნთქვა ან ჰობი. ასევე სასარგებლოა კვების დღიურის წარმოება, რათა იცოდეთ თქვენი ემოციის გამომწვევი მიზეზების შესახებ და გამოიყენოთ მათზე ალტერნატიული პასუხები.

  • მუდმივი შედარება სხვებთან

თავის სხვებთან შედარება კიდევ ერთი გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს წონის დაკლებას. სოციალური მედიის ეპოქაში ადამიანები ექვემდებარებიან თავიანთი სხეულის მუდმივ შედარებას სხვა ადამიანების „სრულყოფილ“ ფოტოებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი სხეულისადმი უკმაყოფილების განცდა და სასოწარკვეთა.

ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და წონის დაკლების თითოეული გზა ინდივიდუალურია. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიღწევებზე და პროგრესზე მხოლოდ თავისი თავის შედარებით. ჩაწერეთ თქვენი პროგრესი, თუნდაც ის მცირე იყოს და დააჯილდოვეთ თქვენი თავი ყოველი გადადგმული ნაბიჯისთვის.

დიეტის დროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება ხდება კვების ახალ პრინციპებთან. მაგალითად, ნახშირწყლებზე დიდი ხნით უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე, ზოგჯერ იბლოკება სეროტონინის – განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების – გამომუშავება, ამიტომ კვების რაციონიდან ნახშირწყლების დიდი ხნით ამოღება იწვევს გაღიზიანებას, განწყობილების სწრაფცვალებადობას, სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას.

სტრესის დასაძლევად შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, რომელშიც აღნუსხავთ, როდის რამდენი ჭამეთ. თავს ნუ მოიტყუებთ, დღიურში ყველა დარღვევა შეიტანეთ. თქვენი დამარცხების ამსახველ ქრონიკას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რატომ მოხდა ასე, რაც სიტუაციის შეცვლაში დაგეხმარებათ.

თუ ინერვიულებთ და სტრესის გადასალახავად შოკოლადის ფილას ან ტორტის ნაჭერს შეჭამთ, აუცილებლად აღნიშნეთ ეს დღიურში, მომავლისთვის კი ანტიდეპრესანტად რაიმე ნაკლებკალორიული სასუსნავი, მაგალითად, მოხალული თხილი ან ჩირი შეარჩიეთ. მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად კი თქვენი თავი წაახალისეთ – გაისეირნეთ ქალაქში, წადით თეატრში, დაესწარით კონცერტს, გაიარეთ მაღაზიებში, შეგიძლიათ, თავს საჩუქარიც გაუკეთოთ. ეს სტიმული იქნება მომავლისთვის.

ეცადეთ, გახალისდეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ესაუბრეთ (ოღონდ არა დიეტის შესახებ), ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ.

თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს – თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა, ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ და მეტ წარმატებასაც მიაღწევთ.

ცნობილია, რომ ჭარბი წონა იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს. მსუქნების მიმართ ხშირად საზოგადოებასაც ირონიული დამოკიდებულება აქვს, უტაქტოთაგან დაცინვა და აბუჩად აგდებაც მოსალოდნელია. გონიერი ადამიანები კი, პირიქით, განსაკუთრებით თბილად არიან განწყობილნი მსუქნებისადმი. მსუქნების უმრავლესობა კეთილი, საყვარელი, ალერსიანი, მზრუნველი და იოლად მოწყვლადია, ამიტომ მათ თანადგომა სჭირდებათ, რათა არაორდინარული გარეგნობის გამო დეპრესია არ დაეუფლოთ.

დღეს მედიცინას უამრავი საშუალება აქვს სიმსუქნის დასაძლევად. დიეტოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების, ფსიქოლოგების დახმარებით ასეთი ადამიანები შეძლებენ სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებას.