ბულინგის მავნე ზემოქმედება ბავშვებზე
ბულინგი ერთგვარი სოციალური მოვლენაა. სპეციალისტების მტკიცებით, ის ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სკოლაში გვხვდება. მას ყოველთვის ჰყავს სამიზნე, რომელზეც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ.
როგორც წესი, ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ, არიან ნარცისები და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. სხვა მოსაზრებების მიხედვით, ისინი თვითონვე არიან ძალადობის მსხვერპლნი, მათი თვითშეფასება მყიფეა და მერყევი, ამიტომ „სამართლიანობის აღდგენას“ ისინი აღწევენ მათზე სუსტების დაჩაგვრაში. ბულინგის მსხვერპლი კი არის სხვებისგან რაიმე ნიშნით განსხვავებული, უფრო პატარა და სუსტი.
გამოჰყოფენ ბულინგის რამდენიმე სახეს, ესენია:
ფიზიკური ბულინგი – ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და ა.შ.;
ვერბალური ბულინგი – არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები, დაშინება;
ფარული/შენიღბული ბულინგი – ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა,რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. რთული მისახვედრია, როდის ხდება ის; მოძალადე ჩაგრული პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე. მისი ფორმებია: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.
კიბერბულინგი – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება. „კიბერბულინგში“ მოიაზრება:
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
„ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ბულინგის შედეგები უშუალოდ შეიძლება დავუკავშიროთ თვითშეფასებას, უფრო მეტად კი – დაბალ თვითშეფასებას, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს პიროვნების განვითარებაზე.
ჩაგვრა/აბუჩად აგდება შეიძლება იყოს ვერბალური (მაგალითად, ნეგატიური, დამამცირებელი კომენტარები, ყვირილი, ჭორების გავრცელება) ან ფიზიკური (მაგალითად, დარტყმა, ნივთების სროლა). ხშირად ჩაგვრას ემოციური ძალადობის ხასიათი აქვს, მიმართულია რა დამცირების, დამუქრების, გამოძალვისა თუ გაღიზიანებისაკენ. შესაძლოა, ჩაგვრა მოხდეს დისტანციური გზითაც – სატელეფონო ზარით, მესიჯებით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ელექტრონული საშუალებებით (ჩყბერ Bულლყინგ). შეუძლებელია გამოვყოთ ერთი მიმართულება, რომელიც უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე, ნებისმიერი სახის ჩაგვრამ შეიძლება მიგვიყვანოს თვითშეფასების დაცემამდე.
სამწუხაროდ, ბულინგის მსხვერპლს საზოგადოება ყოველთვის არ თანაუგრძნობს. ბავშვის სისუსტე და მისი ჩაგვრა, ზოგიერთ შემთხვევაში, გარშემომყოფთა ზიზღსა და მისი გარიყვის სურვილს იწვევს. მოზარდთა გარემოში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება სასკოლო ძალადობის მსხვერპლის მიმართ იმ პრინციპით, რომ „ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რადგან წინააღმდეგობას ვერავის უწევს“. თავად ჩაგრული კი ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან გრძნობს სრულ უიმედობას, სიტუაციის გამოუვალობასა და სრულ უმწეობას, რადგან განიცდის დაუძლეველ შიშს მჩაგვრელისა და იმ ახალი დამცირებების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელის, ის გრძნობს სირცხვილს საკუთარი უმწეობის გამო. ხშირად მოზარდი-მსხვერპლი ამ მდგომარეობაში საკუთარ თავსაც კი იდანაშაულებს, ფიქრობს, რომ არაფერი შეუძლია, ამიტომ, რაც მოხდა, ამას ნამდვილად იმსახურებს.
ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. რისკჯგუფში ხვდებიან განსხვავებული ფიზიკური მონაცემების მქონე, თავისებური ხასიათისა და ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ. ბავშვები. ბულინგის მოტივაცია კი მრავალფეროვანია – შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის თავისებურებები.
რა აქცევს ბავშვს მოძალადედ?
ძალადობრივი ქცევის გამომწვევი ფაქტორებიდან ყველაზე ახლოა ოჯახის თემა, ბავშვის არაჯანსაღი სოციალური გარემო (განსაკუთრებით თანატოლები), მოძალადე მშობლები ან ნათესავები. ძალადობის შემცველ ფილმებსა და ვიდეოთამაშებს ამ მხრივ გაცილებით ნაკლები დატვირთვა აქვთ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, მიზეზი მაინც პრობლემის კომპლექსურობაში უნდა ვეძებოთ.
არსებობს განსხვავება ორ მოვლენას – ბულინგსა და შევიწროებას შორის: Bულლყინგ ვს. ჰარასსმენტ:
ბულინგი – ეს არის პირდაპირი ძალადობა, საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი, რაც კი შეიძლება მოხდეს სკოლის არეალში. რაც შეეხება შევიწროებას, ეს ჩნდება მაშინ, როდესაც მოსწავლე განიცდის ბულინგს მისი პიროვნული მახასიათებლების გამო. ანუ განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება მოსწავლის გენდერი, წარმომავლობა ან ქმედუუნარობა.
ბულინგისთვის, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია შემდეგი გარემოებები:
ეს არის აგრესიული სახის ქცევა, რომელსაც განმეორებადი ხასიათი აქვს;
მჩაგვრელს აქვს მეტი ძალაუფლება, ვიდრე დაჩაგრულს (უფრო ძლიერია ფიზიკურად ან სტატუსით უფრო მაღლა დგას);
მჩაგვრელის ქმედება არის წინასწარ განზრახული;
მჩაგვრელი არ იღებს პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე და ხშირად აღნიშნავს, რომ მსხვერპლმა „დაიმსახურა“ ასეთი მოპყრობა.
ხშირ შემთხვევაში ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვი არ საუბრობს საკუთარ პრობლემებზე მშობლებთან. თუმცა შეიძლება არსებობდეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ჩაგრავენ და სჭირდება უფროსების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ნიშნების დროულად იდენტიფიცირებისთვის მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, ხომ არ შეიცვალა შვილის ქცევები.
ხანგრძლივი დროის მანძილზე განმეორებადმა ჩაგვრამ შეიძლება ბავშვს მიაყენოს ძლიერი ემოციური ზიანი. შედეგი შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვლინდეს ან გარკვეული დრო დასჭირდეს. შეუძლებელია ზემოქმედების ხარისხის განსაზღვრაც, შეიძლება ერთ ადამიანზე ბულინგის გარკვეულმა სახემ უფრო ნაკლებად იმოქმედოს, მეორეზე კი ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. თვითშეფასება კი რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების შენების პროცესში, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.
ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას სხვისი ჩაგვრის ხარჯზე.
ბულინგის გამომწვევი ფაქტორები:
რა შეიძლება იყოს ბულინგის წარმოშობის წინაპირობა? ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხშირად მოზარდთა დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც კი ხდება. ყველაფერი ეს სათავეს მაინც არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება, თუმცა გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გამოირკვა, რომ ბულინგის გახშირების ხელისშემწყობი ფაქტი კომპიუტერული თამაშებიც არის. განსაკუთრებით პრობლემური ასაკი 10-დან 18 წლამდეა. არცთუ იშვიათად ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი, იმავეს იმეორებს სხვა სივრცეში. ამიტომ ბულინგის პრევენციისთვის დასჯა გამოსავალი არ არის. საჭიროა ისეთი პოლიტიკა ოჯახებშიც და სკოლებშიც, რომელიც კონფლიქტს არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის.
ზოგჯერ თავად მშობელს ჰგონია, რომ ბულინგი სასკოლო ოინია, არადა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტესობა, ვინც მოზარდობაში ჩაგვრა განიცადა, შემდეგში თავადაც კრიმინალურ გზას ირჩევს, რადგანაც მასში დალექილი აგრესია უკვალოდ არ ქრება.
ბულინგის მოტივები განსხვავებულია, ეს შეიძლება იყოს: შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ. მისი შედეგები სავალალოა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაზიანებისაგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიას და რაც ყველაზე მთავარია, თვითშეფასების დაქვეითებას, ეს კი ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს. ბულინგის გავლენას თვითშეფასებაზე აქტიურად შეისწავლიან.
თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას. იგი პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნია და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება – საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, არაადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალია. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი გაზვიადებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რის გამოც სისტემატურად განიცდის მარცხს; არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისათვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.
ბულინგის ეფექტები თვითშეფასებაზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახით:
თავდაჯერებულობის დაკარგვა – არის ბულინგის ერთ-ერთი პირველი ეფექტი. ბავშვი ფიქრობს, რომ ის არ არის ისეთივე კარგი რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში (მაგ: სპორტში), როგორც „მოძალადე“, ე.წ. ბულერი. სამწუხარო ფაქტი კი ისაა, რომ რეალურად, დაჩაგრული/მსხვერპლი ბავშვი სჯობს ამ აქტივობაში „მოძალადეს“და ბულინგი მის წინააღმდეგ შურის ნიადაგზე ხორციელდება.
თვითკრიტიკა ან უარყოფა – როდესაც ბავშვს ხშირად დასცინიან და ამცირებენ რაიმეს გამო, ის საბოლოოდ იჯერებს, რომ ეს სიმართლეა და იწყებს იმ ფაქტის აღიარებას, რომ პრობლემა მართლაც მასშია. განსაკუთრებით დამანგრეველია თვითშეფასებისათვის ისეთ ფიზიკურ ნიშნებზე დაცინვა, რისი შეცვლაც შეუძლებელია, მაგ: სიმაღლე, კანის ფერი და ა.შ. ეს ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ სხვებზე ცუდები არიან, ამიტომაც დასცინიან მას განსხვავებულობის გამო.
საწოლის დასველება (ენურეზი) – ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ეფექტია, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვები, რომლებიც განიცდიან ჩაგვრას/ძალადობას, აქვთ მიდრეკილება ბავშვობის პერიოდში ენურეზისაკენ, რაც თვითშეფასებას აზიანებს და უქმნის პრობლემას, რადგან მათ არ შეუძლიათ სირცხვილის გამო სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა, მაგ: ბანაკში წასვლა ან ღამით მეგობართან დარჩენა.
იზოლაცია – როცა ბავშვის თვითშეფასება საკმაოდ დაზიანებულია, მას ურჩევნია, რომ თავიდან აირიდოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ბავშვი ხდება დეპრესიული ან აგრესიული. იზოლაციამ კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეიძლება შექმნას, თუ ბავშვი მთელ თავისუფალ დროს ოთახში მარტო ატარებს, ამან შეიძლება ასოციალურობა გამოიწვიოს.
აშშ-ში კიბერბულინგის საკვლევი ცენტრის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა კიბერბულინგსა და თვითშეფასებას შორის კავშირის დადგენას. კვლევაში მონაწილეობდა 30 საშუალო სკოლიდან შემთხვევითად შერჩეული დაახლოებით 2 ათასი მოსწავლე (მე-6, მე-8 კლასები). კვლევამ აჩვენა, რომ კიბერბულინგის მსხვერპლსაც და დამნაშავესაც – ორივეს ჰქონდა მნიშვნელოვნად დაბალი თვითშეფასება, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც არ იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი ან მოძალადეები. ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად შენარჩუნდა ასაკის, სქესისა და რასის შემთხვევაში, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, არათეთრკანიანებს და უფროსი საშუალო სკოლის მოსწავლეებს (მე-8 კლასი) უფრო დაბალი თვითშეფასება ჰქონდათ (Patchin, J. W. & Hinduja, S.; 2010).
ბულინგის გავლენა თვითშეფასებაზე ვლინდება სუიციდის მცდელობებითა თუ მისი რეალური განხორციელებით. ბავშვი გრძნობს, რომ არასრულფასოვანია, ის ვერასოდეს იქნება ისეთივე კარგი, როგორიც სხვები არიან, მან მუდმივად უნდა იცხოვროს იზოლაციაში, სხვებისგან დაჩაგრულმა და გარიყულმა და იღებს გადაწყვეტილებას, რომ სუიციდით დაასრულოს სიცოცხლე. შესაბამისად, სუიციდის რისკი 14 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის ბოლო 30 წლის განმავლობაში 50%-მდე გაიზარდა.