შებოჭილობა ბავშვებში
მაგრამ მათ არ იციან, როგორ ართულებს ცხოვრებას პათოლოგიური მორიდებულობა და სიმორცხვე. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ გოგონები გაცილებით მორცხვები არიან, ვიდრე ბიჭუნები. მშობლებს ეს იშვიათად აშფოთებთ - ჩვენში ხომ მიღებულია, რომ გოგონა წყნარი და მორიდებული უნდა იყოს. არადა, მომავალში ეს შესაძლოა პრობლემად იქცეს და ბავშვს საკმაოდ გაურთულოს ცხოვრება. შებოჭილ, დაკომპლექსებულ ბავშვებთან საქმე შესაძლოა ენაბლუობამდე და სხვა სახის ნევროზულ აშლილობამდე მივიდეს. ამასთანავე, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს მოვლენა მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას მალავს, რომლებთანაც უხდება შეჯახება პატარა მშიშარას. რომ დავეხმაროთ, მისი შებოჭილობის მიზეზი უნდა გავიგოთ.
რატომ ვართ ჩუმად?
- ლიდერის არარეალიზებული წანამძღვრები. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს მართვის, ხელმძღვანელობის დაუოკებელი წყურვილი, მაგრამ ერთხელ განცდილი მარცხის, წარუმატებლობის შემდეგ გაურბოდეს კონტაქტს, იკეტებოდეს საკუთარ თავში. აქ საჭიროა არა იმდენად სიმორცხვესთან ბრძოლა, რამდენადაც იმის განსაზღვრა, სად შეიძლება გამოავლინოს ბავშვმა საკუთარი თავი დამარცხების საფრთხის გარეშე.
- მეტისმეტი მგრძნობიარობა. ფაქიზი სულიერი წყობის გამო ბავშვი მტკივნეულად განიცდის მისი მისამართით გაუფრთხილებლად წამოსროლილ სიტყვას. ასეთ ბავშვთან ურთიერთობისას ძალიან დელიკატური უნდა იყოთ.
- შეზღუდული ფანტაზია. ბავშვმა არ იცის, რა თქვას, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, ამიტომაც შებოჭილია. გახსნაში რომ დაეხმაროთ, იზრუნეთ მის ინტელექტუალურ განვითარებაზე, შესთავაზეთ განმავითარებელი თამაშები, უბიძგეთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ და წაახალისეთ. მდიდარი ფანტაზიის მქონე ბავშვს გაცილებით უადვილდება გარშემო მყოფებთან კონტაქტი.
მკაცრი შერჩევა
არსებობენ ბავშვები, რომლებიც საგანგებოდ ირჩევენ წრეს. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს ზოგიერთი ადამიანის გარემოცვაში, ხოლო ზოგიერთის გვერდით საკუთარ თავში იკეტებიან. შესაძლოა, გამოაცხადონ კიდეც: "არ მინდა ლაპარაკი და არ ვილაპარაკებ!" ისინი ამგვარად ცდილობენ საკუთარი "მეს" განმტკიცებას. მშობლებს დიდი ტაქტი მოეთხოვებათ, რათა მისი სიჯიუტე დაძლიონ.
დაეხმარეთ ბავშვს ჩრდილიდან გამოსვლაში!
- ნუ გაკიცხავთ და ნუ გაუბრაზდებით ბავშვს ყოველგვარი დანაშაულისთვის. ყოველ სიტუაციაში ეძებეთ ისეთი მხარე, რისთვისაც შესაძლებელი იქნება მისი შექება. ბავშვისთვის ასეთი წახალისება აუცილებელია!
- ნუ დაუჭერთ მხარს მის მისწრაფებას, ყოველგვარი წარუმატებლობა საკუთარ თავს დააბრალოს.
- ნურასოდეს შეადარებთ სხვა ბავშვებს. ალბათ არსებობს ისეთი სფეროც, რაშიც თქვენი შვილი სჯობნის თანატოლებს. იპოვეთ ის, რითაც ბავშვი საკუთარ თავს წარმოაჩენს და გამორჩეული იქნება.
- ნუ მისცემთ დავალებას, რომელსაც ვერ დაძლევს. თავდაპირველად დაავალეთ ყველაზე მარტივი საქმე. როდესაც მას შეასრულებს და საკუთარი თავის რწმენა გაუმყარდება, შემდგომ უფრო რთულ დავალებებსაც გაართმევს თავს.
- ნუ გაამახვილებთ ყურადღებას გარეგნობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. წაიყვანეთ სპეციალისტთან, რათა გამოასწოროთ არასწორი მეტყველება ან ენაბორძიკობა.
- ნუ შეშფოთდებით ტყუილუბრალოდ, უსაფუძვლოდ. "ვაითუ არ გამოგვივიდეს?!" - ეს ფრაზა სამუდამოდ ამოიღეთ ლექსიკონიდან! ნურასოდეს შეგეპარებათ ეჭვი, რომ ბავშვი წარმატებას მიაღწევს და მასაც აგრძნობინეთ, რომ მისი გჯერათ.
- ნუ გექნებათ იმის შიში, რომ შვილი ზედმეტად შეაქეთ. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის ზედმეტი ქება არ არსებობს! ყოველთვის აღნიშნეთ მისი წარმატებები, მიღწევები, ხშირად უთხარით, რომ ის გმირია.