ბავშვის ფსიქოლოგია

ბავშვი, მამა და დედინაცვალი

ბავშვი, მამა და დედინაცვალი
სიტუაცია განსჯისათვის: მოზრდილმა გოგონამ მამასა და დედინაცვალთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. მამობრივი გრძნობა, ისევე როგორც იშვიათი ჯიშის ყვავილი, ყურადღების მოკლებისთანავე ჭკნება. განქორწინების შემდეგ მამების მცირე ნაწილი თუ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში. სამაგიეროდ, უკვე მოზრდილი შვილები თვითონვე დგამენ ნაბიჯს მამასთან ურთიერთობის აღსადგენად. მათ სულში ჩაკირულია უმამობის სევდა, ისინი გრძნობენ, რომ მამის გარეშე მათი ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება.

რა ქნას მამის მეორე ცოლმა, თუ მისი ქმრის მო­ზრდილმა ქალიშვილმა უეცრად ჩემოდნით ხელში გადააბიჯა მათი სახლის ზღურბლს? რა მნიშვნელობა აქვს, რატომ? შესაძლოა, ის ამ ქალაქში სწავლის გასაგრძელებლად
ჩამოვიდა და წასასვლელი არსად აქვს ან მამინაცვალთან ვერ აეწყო ურთიერთობა და გადაწყვიტა, ბედნიერება მამის ოჯახში ეპოვა...

რა თქმა უნდა, მეუღლისა და სხვა ქალის შვილთან ურთიერთობის გაბმა მარტივი არ არის, მოთმინება, ნებისყოფის დაძაბვა სჭირდება, მაგრამ რა სირთულეც უნდა ახლდეს ოჯახში გერის გამოჩენას, თუ დედინაცვალი მას მტრად
არ აღიქვამს, ყოველგვარი უთანხმოება იოლად მოგვარდება. გერის დანახვისას დედინაცვლის პირველი რეაქცია, წესისამებრ, ასეთია: „ფული მოუნდა!“ გოგონა აღიქმება ავაზაკად, რომელმაც თათი ოჯახის ბიუჯეტისკენ გაიწოდა. მაგრამ თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედავთ, შესაძლოა დავინახოთ ბავშვი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ეღირსა მამის ყურადღებასა და საჩუქრებს.

მის მოქმედებაში ანგარებაც რომ გამოსჭვიოდეს, დედინაცვალი უნდა ეცადოს, წინასწარ განჭვრიტოს მოვლენათა განვითარება, თავის მხრივ, გამოიჩინოს სათანადო ყურადღება, თვითონაც მიუძღვნას საჩუქარი, გამოხატოს სიხარული ოჯახის წევრთა კვლავ შეერთების გამო – სხვა თუ არაფერი, ამგვარად ის ოჯახის ბიუჯეტს უფრო დიდი ხარჯისგან გადაარჩენს. სხვაა მამის „წველა“ მისი საძაგელი ცოლის გასაღიზიანებლად და სხვა – მოკრძალებული თანხის თხოვნა მისი მომხიბვლელი მეუღლის ინტერესთა გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში არც ქმარს გაუჩნდება სურვილი, ბოროტად ისარგებლოს ცოლის სულგრძელობით. როგორც კი ქალიშვილი „მამიკოს გოგოს“ როლის თამაშს დაასრულებს, თანხების ხარჯვაც იკლებს.


მოვალეობათა განაწილება

დედინაცვალმა გერს სტუმრის სტატუსი არ უნდა მიანიჭოს. უმჯობესია, გოგონამ იმთავითვე ოჯახის წევრად იგრძნოს თავი. ამასთანავე, მკვეთრად უნდა განისაზღვროს მისი მოვალეობები ოჯახში. თუ მამას მეორე ცოლთანაც ჰყავს შვილი, შესაძლოა, უფროს გოგონას მისი ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანა დაევალოს. ასევე შეიძლება, მას დაეკისროს განსაზღვრულ დღეებში სადილის მომზადება, დალაგება, სურსათისთვის მაღაზიაში წასვლა. ასეთ შემთხვევაში დედინაცვალი უფრო ოპტიმისტურად შეხედავს მათი ერთობლივი ცხოვრების პერსპექტივას. ოღონდ, ცხადია, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, რათა ქმარს არ მიეცეს საბაბი „კონკიას“ დასაცავად.

ამასთანავე, მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ შვილების დაახლოებას. ამით ოჯახის თითოეული წევრი უნდა იყოს დაინტერესებული. მტრობა, ქიშპი, ეჭვიანობა ყოველგვარ ურთიერთობას დაანგრევს. საჭიროა დიდი სიფრთხილე, ტაქტი, ურთიერთგაგება. დედინაცვლისა და გერის ურთიერთობა მარტივი არასოდეს ყოფილა. საწყის ეტაპზე მათი მთავარი ამოცანაა, მტრებად არ იქცნენ. განქორწინებული მშობლების შვილს ფსიქიკა ტრავმირებული აქვს, ამიტომ მასთან ურთიერთობის დამყარება არც ისე ადვილია, მაგრამ, ნორმალური მოპყრობის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ის დედინაცვალს ნამდვილად დაუახლოვდეს.

რაკი გოგონამ მამასთან ცხოვრება ამჯობინა, ჩანს, დედასთან მისი ურთიერთობა იდეალური არ არის. ასე რომ, შესაძლოა, დედინაცვალში მან უფროსი მეგობარი, უფროსი დაც კი დაინახოს, რომელსაც თამამად გაანდობს თავის პრობლემებს. გარდა ამისა, მისი შვილისადმი კეთილგანწყობა და მოთმინება ქალის მხრივ ქმრისადმი გულწრფელი სიყვარულის თავისებური დასტური იქნება, რაც მას ცოლის პატივისცემას გაუათკეცებს.