პატარა დიდები
დაფიქრდით, როგორ გადააქციოთ დალაგების პროცესი ან სხვა საოჯახო საქმიანობა შემოქმედებად. "შენი არეული კუთხე დაალაგე, ეს საუკეთესო დახმარება იქნება!" - ხშირად მოვუწოდებთ ჩვენს პატარებს და გვგონია, რომ მათ ჩვენი არ ესმით. ბავშვისთვის "დახმარება" ნიშნავს რაღაც მნიშვნელოვანს, რაც მან სხვისთვის ან სხვასთან ერთად უნდა აკეთოს. ორი-სამი წლის პატარა მიისწრაფვის, საკუთარი წვლილი შეიტანოს "დიდების" საქმეში იმ იმედით, რომ თავისი საქციელით მოწონებას დაიმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ამიტომ დაიხმარეთ ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია. ბავშვს საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდება: "მე ამას შევძლებ", "მე ამას თავს გავართმევ", "დედას შეუძლია, ჩემი იმედი ჰქონდეს", "ის მე მენდობა"... მას გაუჩნდება სურვილი, გააკეთოს რაღაც უფრო მეტი: "მე ეს უკვე ვიცი, უფრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებასაც შევძლებ..."
სათამაშოების ძილის დროა
ორი-სამი წლის პატარას ჯერ არ ესმის, რომ რამე უნდა აკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს "საჭიროა". ეცადეთ, მიაჩვიოთ წესრიგს: ჯერ საქმე, შემდეგ გართობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასეირნოდ წახვალთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიალაგებთ იატაკზე მიმოფანტულ რვეულებსა და ფლომასტერებს და სათამაშოებსაც თავ-თავის ადგილს მიუჩენთ.
ვინ უფრო სწრაფად?
ოთხი-ხუთი წლის პატარას უკვე შესწევს უნარი, აკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ისიც, რაც აუცილებელია, თუმცა მისი ძალისხმევა განმტკიცებული უნდა იყოს ინტერესით: ვინ ჩაალაგებს სათამაშოებს ყუთში ყველაზე სწრაფად? როგორ სჯობს კიტრის დაჭრა - მრგვლად, ოთხკუთხედად თუ სხვაგვარად? ეს დავალება-თამაშები დაგეხმარებათ, უბრალო მოვალეობები საინტერესო საქმიანობად გადააქციოთ. ექვსი-შვიდი წლის ბავშვი სიამოვნებით ერთვება ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხაზს უსვამს მის "სიდიდეს". მიეცით საშუალება, თავისი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს: მიეცით გოგონას ცალკე ხის დაფა და ცომის ნაჭერი, სთხოვეთ ბიჭუნას, კვირაში ერთხელ საყიდლებზე წამოგყვეთ, გამოსაჩენ ადგილას დაალაგეთ პატარას ხელით ნაკეთები ნივთები... ეს შესანიშნავი სტიმული იქნება მომავალი "შრომითი მიღწევებისათვის". ნუ გააკრიტიკებთ ბავშვის ნახელავს, ნურც დემონსტრაციულად მოჰყვებით მის არცთუ ხარისხიანი ნამუშევრის ხელახლა კეთებას: ცოდნას დროთა განმავლობაში შეიძენს, დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ კი შესაძლოა სულმთლად დაუკარგოს თქვენს შვილს უფროსების დახმარების სურვილი.
განსაკუთრებული ტერიტორია
წესრიგი ბავშვის ოთახში განსაკუთრებული თემაა. ბავშვი თანდათანობით მიაჩვიეთ, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. დაიწყეთ სათამაშოებიდან. მიაწებეთ თაროებს ან უჯრებს ფერადი სურათები: თოჯინა, კუბები, მანქანა... ისინი მიუთითებენ პატარას, რომელი ნივთი რომელ ყუთში უნდა მოთავსდეს. თავის ოთახში წესრიგის დამყარებაზე პასუხისმგებლობა თვითონ ბავშვს უნდა დააკისროთ. მოზარდები განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან საკუთარ ტერიტორიაზე მშობლების "შეჭრას", ამიტომ უნდა შეთანხმდეთ იმ წესებზე, რომლებიც ორივე მხარისათვის თანაბრად მისაღები იქნება.
რაც შეეხება ნივთების თაროებზე განაწილებას და სამუშაო კუთხის გაფორმებას, ეს ოთახის პატრონის სურვილისა და შეხედულებისამებრ უნდა მოხდეს.
ქაოსი - პროგრესის მამოძრავებელი ძალა
ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ბავშვებს წესრიგი არ უნდა მოვთხოვოთ - ეს მათ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების საშუალებას ართმევს. პატარა ვითარდება სამყაროს კანონებით: თავდაპირველად მის ირგვლივ პირველყოფილი ქაოსია, შემდეგ თანდათან ჩნდება წესრიგი... სამყარო, სადაც ყველაფერი თაროებზეა დალაგებული, პატარას ინტერესს არ იწვევს. როგორ შევუხამოთ ქაოსის მოთხოვნილება წესრიგის აუცილებლობას? ვიპოვოთ კომპრომისი: შპალერზე ხატვა არ შეიძლება, მაგრამ კედელზე საგანგებოდ გაკრულ ქაღალდზე - შეიძლება; სათამაშოები იატაკიდან უნდა აიკრიფოს, მაგრამ მაგიდის ქვეშ მოწყობილი "სახლიდან" შეუძლია აალაგოს მხოლოდ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.
თუ გადაწყვეტთ, ბავშვს წესრიგის ჩვევა გამოუმუშაოთ, მოთმინება მოიკრიბეთ და არამც და არამც არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას.