სიტყვა და საქმე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიტყვა და საქმე

ნაბიჯ-ნაბიჯ

რა ხდება სინამდვილეში, მართლა არ შეუძლია ბავშვს საჭირო წინადადების აგება? თუ პასუხისთვის აუცილებელი ინფორმაციის შერჩევა უჭირს? ასეა თუ ისე, მშობლებმა უნდა ასწავლონ პატარას პასუხის აგების ზოგიერთი მარტივი ხერხი. ამით ეყრება საფუძველი იმ თავდაჯერებას, რომელიც მას მომავალში გამოცდაზე თუ დაფასთან დგომისას თავისი ცოდნისა და უნარების წარმოჩენაში დაეხმარება. როგორ მივიღოთ ასეთი შედეგი? შეიძლება გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, ვინც უკვე მიაღწია მიზანს. ნიმუშად გთავაზობთ საუბარს 4-5 წლის ბავშვთან, თუმცა აქვე დავძენთ, რომ მნიშვნელოვანია არა ბავშვის ასაკი, არამედ მისი ცოდნა. წარმოვიდგინოთ, რომ საუბრის თემაა ხეები. რასაკვირველია, თავდაპირველად პასუხი მარტივი იქნება, დაახლოებით ასეთი:

- ხე ხეა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

მისგან ფიცრებს აკეთებენ, ზამთარში ბუხარში წვავენ. ხე ეზოში დგას. ამ მარტივი პასუხების შემდეგ იწყება მიზანმიმართული შეკითხვები:

- ჩვენ გაშემო არის ქვები, ჰაერი, წყალი, ნივთები... რას ეძახიან ბალახს, ბუჩქს, ხეს?

მცენარეებს.

- სკამს აქვს ზურგი, ფეხები, ხეს რა აქვს?

თანდათან ბავშვი ამ ყველაფერს თამაშად აღიქვამს და იხსენებს, რომ ხეს აქვს ფესვები, ტოტები, ფოთლები, ფოთლები ტოტებზეა განლაგებული. ზოგიერთ ხეს კი ფოთლების ნაცვლად წიწვოვანი ეკლები აქვს. ზამთარში ფოთლები ცვივა, ხოლო წიწვები - არა. ხეზე იზრდება ვაშლი, მსხალი. არსებობს სხვადასხვა ხე - ალვა, ცაცხვი, წაბლი და ასე შემდეგ. თანდათან ირკვევა, რომ ბავშვებმა საკმაოდ ბევრი რამ იციან. შეიძლება, ლექსები და სიმღერებიც გავიხსენოთ და ბოლოს ისევ საწყის შეკითხვას დავუბრუნდეთ - ვისაუბროთ ხეზე. დავინახავთ, რომ ბავშვები საკმაოდ ბევრ რამეს მოგვიყვებიან. მომდევნო შეხვედრისას შეიძლება ვისაუბროთ ყვავილებზე. თავდაპირველად პატარები ჩამოთვლიან მათთვის ცნობილ ყვავილებს, შემდეგ მათ დაყოფენ მინდვრისა და ბაღის ყვავილებად, გამოყოფენ სამკურნალო და სარეველა მცენარეებს. მერე იმასაც გაიხსენებენ, რომ ზოგიერთი ყვავილი ყვავილად რჩება, ზოგი კი ვაშლად და ატმად გარდაიქმნება.

როცა შენი ესმით

რასაკვირველია, ასეთი თამაშ-საუბრების მიზანი არ არის მხოლოდ ლექსიკური მარაგის შევსება და ბავშვის ერუდიციის გაფართოება - პატარა ბავშვის ცოდნა უმეტესად საკმარისია კარგი (რასაკვირველია, ასაკისთვის შესაფერისი) პასუხისთვის. მთავარი ის არის, რომ ამგვარი თამაში ბავშვს (და არამარტო მას) ასწავლის კონკრეტულ მომენტში მეხსიერებიდან ცოდნის გამოხმობას და მის სათანადოდ გადმოცემას. ასეთი საუბრების წყალობით ადამიანს შეუძლია, რაიმე ფაქტზე მთელი მოთხრობა ააგოს. თუ ვიცით, რომ ფრინველები ფრენენ, ამავე დროს შეიძლება გავიხსენოთ, რომ არსებობენ ქათმები, სირაქლემები და პინგვინები, რომლებიც არ ფრენენ, მათი დასახელებისას გაგვახსენდება, რომ არსებობს შინაური და გარეული ფრინველები. იხვი ცურავს. ამის გახსენებისას შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომელი ფრინველი სად ცხოვრობს. ასეთი მსჯელობისას ბავშვი თავისდა უნებურად ეკითხვება საკუთარ თავს: “კიდევ რა გამოიყურება ასე?”, “ვინ იქცევა ასე?” გონება მუშაობს პრინციპით “პლუსი-მინუსი”. ბავშვები ნებისმიერ ასაკში დიდი სიამოვნებით სწავლობენ საკუთარი აზრების გადმოცემას. მართლაც, ძალიან კარგია, როცა ხვდები, რას გეუბნებიან და ძალიან საწყენია, როცა არ შეგიძლია გარშემო მყოფებს შენი აზრი გააგებინო. ალბათ ყველა მშობელი გაიხსენებს საკუთარი ცხოვრებიდან მომენტს, როცა მის წინ მდგარი ნაწყენი ბავშვი ხმამაღლა ატირდა, ხოლო თავად ვერც კი მიხვდა, რა მოხდა ასეთი. საკუთარი აზრების გასაგებად გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ძველ საბერძნეთსა და რომში რიტორიკის ხელოვნება სახელმწიფო მოღვაწის მთავარ თვისებად ითვლებოდა. ცხადია, იმპროვიზაციებზე მეცადინეობის აგება ადვილი არ არის - მოზრდილ ადამიანს მიმანიშნებელი კითხვების წინასწარ მომზადება მოუწევს.

ფერთა პალიტრა

გარდა ასეთი საუბრებისა, რეკომენდებულია თამაში, რომელიც ხელს უწყობს გემოვნების დახვეწას და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. მაგალითად, შეიძლება ვითამაშოთ სიტყვობანა - ბავშვს შევთავაზოთ, “შეამკოს” რომელიმე სიტყვა (არსებითი სახელი). დამარცხებული ის იქნება, ვინც ვეღარაფერს მოიგონებს. ამ თამაშს ერთადერთი წესი აქვს - სიტყვა არ უნდა გამეორდეს. საინტერესოა თამაში “გამოიცანი ზღაპრის გმირი”: ბავშვმა კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით უნდა გამოიცნოს მისთვის კარგად ნაცნობი ზღაპრის გმირი. მაგალითად:

  • ის ზარმაცი იყო, მთელი დღე ბუხართან იჯდა;
  • ძმამ და რძალმა ის შინიდან გააგდეს;
  • მან დევი შეაშინა.

გამარჯვებულია ის, ვინც ზღაპრის გმირს პირველი გამოიცნობს. მალე ბავშვი თვითონვე ისწავლის კითხვების დასმას. ამგვარი ერთობლივი მეცადინეობების ღირსება ისიც არის, რომ ერთობლივად ნებისმიერი საქმე უფრო კარგად სრულდება.

გამოიცანი

კიდევ ერთი თამაში, რომელიც ბავშვის აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, სიმღერის ან ლექსის გამოცნობაა. თამაშის ერთ-ერთი მონაწილე ოთახიდან გადის, დანარჩენები კი თანხმდებიან, რომელი სიმღერა ან ლექსი უნდა გამოიცნოს მან. ოთახში დაბრუნების შემდეგ ერთი მოთამაშე კითხვებს სვამს, ხოლო დანარჩენები პასუხობენ. პასუხების მიხედვით ვადგენთ ტექსტს. ამ თამაშსაც აქვს თავისი წესები:

  • ყოველ მონაწილეს შეიძლება დავუსვათ მხოლოდ ერთი შეკითხვა.
  • ყველა შეკითხვა განსხვავებული უნდა იყოს.
  • პასუხი მხოლოდ ერთი წინადადებისგან უნდა შედგებოდეს.
  • პასუხში აუცილებლად უნდა იყოს ფრაზა გამოსაცნობი ტექსტიდან.

ასე ბავშვები ეჩვევიან კითხვის დასმას და პასუხის ჩამოყალიბებას. უფროსი ამ დროს გამომცდელი კი არა, მეგობარი უნდა იყოს, რომელიც მზადაა დახმარებისთვის, ახსნისთვის, მხარდაჭერისთვის. გვახსოვდეს, ბავშვისთვის სასარგებლო მხოლოდ ემოციურად სასიამოვნო, საინტერესო საქმიანობაა.