მარტო ცუდია, ერთად უარესი
ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი, პატარას გამუდმებით ვაგრძნობინებდეთ, რომ ის ნამდვილად საყვარელია. გარდა ამისა, სასურველია, ბავშვმა გაიგონოს არა მარტო სიტყვა "საყვარელი", არამედ ისიც, რა მოგწონთ მასში. საზოგადოდ, დადებითი მომენტების განმტკიცებით სასწაულების მოხდენაა შესაძლებელი. ხშირად აღნიშნეთ, რას აკეთებენ კარგს თქვენი შვილები. ეს ხელს შეუწყობს საჭირო ქცევების განმტკიცებას, ჩამოუყალიბებს პატარებს საკუთარი თავისა და მათდამი თქვენი კეთილგანწყობის რწმენას, ასეთ დროს კი ბრძოლა დედის სიყვარულისთვის აზრს კარგავს. სასარგებლოა აგრეთვე თითოეულ პატარასთან გარკვეული ხნის გატარება. ამ დროს ბავშვი იგრძნობს, რომ თქვენთვის მართლაც განუმეორებელია.
პირადი საკუთრება
ყველა ჩვენგანს, როგორც არ უნდა უყვარდეს ოჯახის წევრები, აქვს პირადი ნივთები, პირადი საიდუმლოები, რომელთა სხვისთვის გაზიარებაც არ სურს. რა პატარაც არ უნდა იყოს ბავშვი, პირადი სივრცე მასაც სჭირდება. თუ ამას დროულად გააცნობიერებთ, მრავალ კონფლიქტს აიცილებთ თავიდან. კარგია, თუ გაქვთ საშუალება, ბავშვს ცალკე ოთახი გამოუყოთ. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, იმაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვს საკუთარი სივრცე ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ტუმბა, მაგიდის უჯრა ან სულაც ლამაზად გაფორმებული უბრალო ყუთი, სადაც ბავშვი თავის "საიდუმლოებს" ან სათამაშოებს შეინახავს. ლამაზი კონტეინერის შეძენა ნებისმიერ საბავშვო მაღაზიაში შეიძლება, ჟურნალებიდან ამოჭრილი ნახატების მეშვეობით კი ყუთს საოცარ სკივრად გადავაქცევთ. დაამკვიდრეთ ოჯახში პირადი საკუთრების პატივისცემის ტრადიცია. ვიდრე სხვის კუთვნილ ნივთს აიღებდეთ, აუცილებლად ითხოვეთ ნებართვა. ეს წესი მხოლოდ პატარებისათვის კი არ უნდა იყოს სავალდებულო, არამედ განუხრელად იცავდნენ უფროსებიც. რაც უფრო ნაკლებია პირად სივრცეში შეჭრის საფრთხე, მით უფრო გაწონასწორებული და მშვიდი იქნება ბავშვების ურთიერთობა.
მოჩხუბართა სკოლა
აუცილებლად უნდა აუხსნათ ბავშვებს, რა შეიძლება და რა - არა. ხშირად პატარები იმიტომ იქცევიან ცუდად, რომ არ იციან, როგორ გამოხატონ უარყოფითი ემოციები და როგორ მოელაპარაკონ და-ძმას. ამ დროს თქვენ დაუხმარებლად არაფერი გამოვა. ჩხუბის თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი მკაცრი საზღვრების დაწესებაა. მაგალითად, "კამათი შეიძლება, ჩხუბი და ერთმანეთის ლანძღვა - არა"; "შეგიძლია, გაბრაზდე შენი დის საქციელზე, მაგრამ ერთმანეთის ცემას გიკრძალავთ!" ეცადეთ, პატარები კარგად მიახვედროთ, რას მოითხოვთ მათგან. მოაწყვეთ ოჯახური შეკრება, განიხილეთ პრობლემები, შეიმუშავეთ ერთობლივი წესები, შექმენით ბავშვისთვის გასაგები ნიშნები და თვალსაჩინო ადგილებზე გააკარით. პატარები დიდი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ასეთი "კონსტიტუციის" შექმნაში და ზედ თავიანთ "ხელმოწერასაც" - ხელის ანაბეჭდს - დასვამენ. რაც მთავარია, ეცდებიან მის შესრულებას - როცა გადაწყვეტილების მიღებაში თვითონვე მონაწილეობ, მას უფრო ადვილად ემორჩილები. ერთობლივად შეიძლება შევიმუშაოთ სასჯელიც წესების დარღვევის გამო. ის პატარებისთვის ისეთი საწყენი აღარ იქნება - მის მიღებაში ხომ თავადაც მონაწილეობდნენ. მაგალითად, ჩხუბისთვის შესაფერისი სასჯელია თამაშის დროებით შეწყვეტა და ბავშვების 5 წუთით განცალკევება. პატარები დაწყნარდებიან, მერე კი მომხდარი ერთად განვიხილოთ.
ერთად უკეთესია
პატარები დიდი სიამოვნებით თამაშობენ ერთად, როცა... ერთად თამაში იციან. უფროსებს გაუკვირდებათ: რა ცოდნა უნდა თამაშს? მაგრამ პატარები ხშირად სწორედ იმიტომ ჩხუბობენ და კამათობენ, რომ არ იციან, როგორ ააწყონ ურთიერთობა. ორივე პატარას უნდა ჰქონდეს ცალკე, თავისთვის თამაშის საშუალება, მაგრამ აუცილებელია, ერთად თამაშიც ვისწავლოთ. თავდაპირველად აუცილებელია თქვენი მონაწილეობა - გაანაწილეთ როლები, მოიფიქრეთ სიუჟეტი, რომელიც ორივე პატარას მიიზიდავს. შეაქეთ ორივე ბავშვი თამაშის დროს. ეს მათ საკუთარი თავის რწმენას შესძენს. თანდათან შეამცირეთ თქვენი მონაწილეობის დრო და მნიშვნელობა და სულ მალე პატარები თავს უთქვენოდაც კარგად იგრძნობენ.