დედა და მამა ჩხუბობენ...
ფსიქოლოგები და მედიკოსები ხშირად წერენ იმის შესახებ, თუ რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის ხასიათის ფორმირებაზე მშობლების კონფლიქტს. უმეტესად კონფლიქტი ასეთია: მამას, ტრადიციულად, თავი ოჯახის უფროსად მიაჩნია, თუმცა ფაქტობრივად ოჯახს დედა მართავს. ბავშვი ხედავს, რომ მამა სულაც არ არის ოჯახის უფროსი, უბრალოდ, თავი მოაქვს ასეთად და კარგავს მამის პატივისცემას. მასში თავს იჩენს პროტესტის განცდა მამის სუსტი ნებისყოფის მიმართ. ასეთივე რეაქცია უჩნდება მას დედის დესპოტიზმზეც.
კონფლიქტი დედ-მამის სოციალურ-ფსიქოლოგიურ როლებს შორის არ არის უხეში. ამ ოჯახში არ ლანძღავენ ერთმანეთს, ორივეს თავისებურად უყვარს შვილი. კონფლიქტი აქ უფრო ფარულია და შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურად არსებობს. ბავშვი ხვდება მშობლების ურთიერთწინააღმდეგობრიობას, რაც ზიანს აყენებს მის სწორ განვითარებას, სქესობრივ იდენტიფიკაციას, ავტორიტეტის შექმნას, მიბაძვის მოდელებს.
ამგვარად, მივედით პრობლემამდე, რომელიც საკმაოდ ხშირია. შევეცადოთ და შევხედოთ მას სხვადასხვა მხრიდან, ერთი შეხედვით მშობლიური სიყვარულის პრობლემისგან ერთობ დაცილებული, სინამდვილეში კი მასთან მჭიდროდ დაკავშირებული პოზიციებიდან. ჯერ კიდევ 40-50 წლის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ქალთა ემანსიპაციას, სქესთა თანასწორობას შეეძლო ახალი პრობლემების წარმოქმნა, რომელთა გადაწყვეტა არც ისე იოლია.
მხატვრულ ლიტერატურასა თუ მხატვრულ ფილმებში უკვე დიდი ხანია დაიწყო ვაჟკაცური, ასე ვთქვათ, მამაკაცური ქალთა სახეების შექმნა. გასაგებია, რომ მსგავსი ქალები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არა ისე ბევრი, როგორც ახლა. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები წერდნენ, რომ გარდასულ ეპოქებშიც გვხვდებოდა ოჯახები, რომლებშიც იყვნენ სუსტი მამა და ძლიერი დედა, თუმცა მათ როლს ოჯახში განსაზღვრავდა არა მარტო ხასიათის თავისებურებები, არამედ სხვა ფაქტორებიც: თავისუფალი დროის რაოდენობა, ოჯახში საკუთარი როლის შეგნებული იგნორირება და უარყოფა, ოჯახის სხვა წევრთა დამოკიდებულება ამ ხასიათისადმი. მაგალითად, მტკიცე და გაბედული დედა იძულებულია ოჯახში ითამაშოს უაღრესად პასიური, დამოკიდებული როლი, რომელიც დესპოტმა ბებომ მოახვია თავს. ასეთ ოჯახებში მამას ხშირად ეძლევა საშუალება, ბებიის ან დედის გაუგონრობის გამო ბავშვისადმი "ყურადღება" გამოავლინოს ანუ დასაჯოს იგი. დედისა და მამის როლი ამ შემთხვევაში განპირობებულია არა მარტო ხასიათის სისუსტით ან სურვილის უქონლობით, არამედ ოჯახში შექმნილი სოციალურ-ფსიქოლოგიური სიტუაციითაც და, აქედან გამომდინარე, მის შედეგადაც გვევლინება.
ამგვარად, მამაკაცის "ფემინიზაციისა" და ქალის "მასკულინიზაციის" ერთმნიშვნელოვანი ახსნა შეუძლებელია, მაგრამ თუ ამ რთული პროცესის სიუჟეტურ ხაზს გავშლით, მაშინ ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რაც ადრე გამონაკლისი იყო, ახლა წესად იქცევა, რომ ცვლილებები მამაკაცისა და ქალის სოციალურ-ფსიქოლოგიურ როლებში არის ობიექტური რეალობა, რომლის ხვედრითი წონა, როგორც ჩანს, განუწყვეტლივ გაიზრდება. და ყველაფერი ხომ ბავშვობიდან, ოჯახიდან იწყება...
საქმიანმა ქალებმა - ჭკვიანებმა, გაბედულებმა, მიზანდასახულებმა, მატერიალურად კარგად უზრუნველყოფილებმა, პრესტიჟული თანამდებობები რომ უჭირავთ, მაგრამ ამავე დროს ხშირად მარტოხელები არიან, პირთამდე აავსეს დღევანდელი ლიტერატურა, კინემატოგრაფი, ტელევიზია. ხელოვნება სულ უფრო და უფრო მეტად უჩვენებს საზოგადოებას ცალკეული გაუბედავი, ქალური მიდრეკილებების მქონე, არავაჟკაცური, უსაქმური მამაკაცების ტიპებსაც, რომლებიც ადვილად თმობენ თავიანთ პოზიციებს და უსიტყვოდ ექცევიან ძალაუფლების მოყვარული ქალების მორჩილებაში. როლები თითქოს შეიცვალა. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას აბსოლუტიზება და დრამატიზება არ სჭირდება, მაგრამ ისიც შეუძლებელია, რომ არ შევამჩნიოთ ეს მოვლენები და იგნორირება გავუკეთოთ მათ.
ის, რაც დღეს ლიტერატურამ, ხელოვნებამ ან მეცნიერებამ ჯერ კიდევ ჩანასახში განჭვრიტა, ხვალ შეიძლება სრულიად გაუთვალისწინებელ მოვლენად იქცეს. ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობას. მეცნიერთა ვალია ფაქტების კონსტატაცია და არა მსჯელობა, მოვლენათა გადმოცემა და არა შეფასება. მეცნიერთა ვალია პრობლემების უარყოფით მხარეზე ყურადღების გამახვილება, მკითხველთა სტიმულირება ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლის მეთოდების გამოსამუშავებლად, რათა ამით დაიცვან ერთგვარი "ოქროს შუალედი" საზოგადოებრივი ორგანიზმის ფუნქციონირებაში, თუმცა ზოგჯერ უკიდურესი ზომების მიღებაც საჭირო ხდება, მით უმეტეს, როცა საკითხი ბავშვის მომავალს, მის ფაქიზ სულიერ სამყაროს, მისი ფსიქიკის სწორ განვითარებას ეხება.
ბავშვის გონება, მისი სული და ფსიქიკა ხომ სარკეა, რომელშიც პირდაპირ აირეკლება ის სიტუაცია, ის გარემო, ის ურთიერთობები, რომელშიც იგი იზრდება და ყალიბდება.