ბავშვი და მშობელი - ურთიერთაღზრდა
რისი გადალახვა გიხდებათ?! პატარას გაჩენის მომენტისთვის ყველა მშობელს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი და განსაზღვრული ჩვევები აქვს. გავარკვიოთ, რომელი საჭიროებს კორექტირებას.
1. ეგოცენტრიზმი
ახალგაზრდა მშობლებს ყოველდღიურად უწევთ ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, მასზე ზრუნვა და თავიანთი ეგოიზმის დათრგუნვა.
- შესაძლოა დედას ძალიან უნდა საღამოს მეგობრებთან შეხვედრა - პატარა კი დედის გარეშე ტირის;
- სურთ გართობა, კინოში წასვლა - მაგრამ ძუძუთი კვების ინტერვალები არ იძლევა ბავშვის დატოვების საშუალებას;
- სურთ დასვენება და დაძინება, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ, დედის ძილი მხოლოდ პატარას დაძინების შემდეგაა შესაძლებელი.
2. ინტუიცია
პატარას აღზრდა ინტუიციის განვითარების საუკეთესო გზაა. ახალშობილის ყოველდღიური ქცევა მშობლებს უამრავ უპასუხო კითხვას უჩენს. ნებსით თუ უნებლიეთ, ირთვება ინტუიცია და მშობლებიც თავიანთი გულის კარნახს ენდობიან.
3. ინფანტილიზმი
ბევრს ძალიან თრგუნავს სხვაზე დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური იქნება თუ ფინანსური. თუ ბავშვზე მზრუნველობას სრულყოფილად ვიტვირთავთ, მშობლების როლი პიროვნული ზრდის უნიკალურ საშუალებას მოგვცემს.
4. მავნე ჩვევები
ბავშვის სიყვარული აიძულებს მშობლებს უარი თქვან მოწევასა და ალკოჰოლზე. ბევრი ამის გადალახვას ორსულობის პერიოდში ახერხებს.
5. უპასუხისმგებლობა
ახალგაზრდა მშობლებმა ხშირად არ იციან, რა არის პასუხისმგებლობა. ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრს და ამ პრობლემას ბავშვზე ზრუნვით ფარავენ. თუმცა, მონდომების შემთხვევაში, კარგი სამსახურის მოძიებაც შეიძლება, თავისუფალი დროის სწორად გამოყენების სწავლაც, სახსრების გონივრული განაწილებაც და ზოგიერთი ცხოვრებისეული ფუჭი ჩვევის გადახედვაც.
რას ვიძენთ
დაუცველი არსების სიყვარული ახალგაზრდა მშობლებს უპირველესად პასუხისმგებლობას უღვივებს და ცხოვრების ჭეშმარიტ არსს შეაცნობინებს.
ბავშვების წყალობით უფროსებს ყოველთვის უჩნდებათ განვითარების სტიმული!
მცნებები მშობელთათვის - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
1. ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
2. ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
3. თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
4. მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა თავისი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.
5. არ დაამციროთ!
6. ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.
7. თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.
8. შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
9. უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.10. გიყვარდეთ თქვენი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი - უნიჭო, უიღბლო, ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.
გასათვალისწინებელი რჩევები
1. მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის.
2. არასოდეს უბრძანოთ ბავშვს ახირების გამო. დაუშვებელია უაზრო ბრძანებები, მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში ჩაურევლობაც ისეთივე დანაშაულია, როგორც მუდმივი კონტროლი.
3. არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად. ოჯახური ცხოვრების ოქროს წესია დიარქია (ორხელისუფლებიანობა). როცა დედ-მამას უთანხმოება აქვს მოზარდთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე - მოზარდისათვის ეს გასართობ სანახაობად იქცევა.
4. შეინარჩუნეთ ნდობა იმის მიმართ, ვინც გეწინააღმდეგებათ.
5. საჩუქრები ნაწილობრივ - არავითარი ზედმეტი. ჩვენ გადავეჩვიეთ შვილისათვის რაიმეზე უარის თქმას. უარს უფრო მეტი დადებითი მოაქვს, ვიდრე ყველა სურვილის შესრულებას. ან, უარეს შემთხვევაში, ვისწავლოთ განსხვავება აუცილებელსა და ზედმეტს შორის.
6. ყველაფერში იმოქმედეთ თქვენი მაგალითით. ბავშვი გააკეთებს იმას, რასაც დაინახავს თქვენგან.
7. ყველაფერზე შიშის გარეშე ილაპარაკეთ. სიტყვა ოქროა, ხოლო დუმილი ეჭვს აღძრავს.
8. გაერთიანდით ახლობლებთან ერთად. ოჯახი კერძო რესპუბლიკაა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობლივად: ჭურჭლის რეცხვა, საყიდლებზე სიარული, სახლის დასუფთავება, გართობის სახეობის არჩევა, სამოგზაურო მარშუტების განსაზღვრა და სხვა.
9. დატოვეთ კარი ღია. ადრე თუ გვიან, თქვენ ვეღარ დააკავებთ შვილებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს სახლში. არასდროს არის გვიან თავისუფლების სწავლა.
10. შეემზადეთ შესაბამისი დროისათვის! ამ შეგონებას მუდმივად მოაქვს ნაღველი. ადრე თუ გვიან, მშობლები რჩებიან მარტო. ვერაფერს იზამთ, ნებისმიერი მშობლიური კარიერა ითვალისწინებს ამ მსხვერპლს.