ვისწავლოთ უცხო ენა
"ბავშვი, რომელიც პატარაობიდანვე იწყებს ორი ენის შესწავლას და გარდატეხის ასაკისთვის კარგად ფლობს მათ", - ასეთია თანამედროვე მშობლების ოცნება. ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ ეს ოცნება ილუზიებსა და მცდარ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული.
შეცდომა #1. რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი ენის შესწავლას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი
სამწუხაროდ, ეს აზრი მცდარია. შესაძლოა, ის მართებული იყო საუკუნის წინათ, როცა შეძლებული ოჯახების შვილებს უცხოელი აღმზრდელები ჰყავდათ და ძალაუნებურად უცხოენოვან გარემოში იზრდებოდნენ. დღეს უცხო ენის შესწავლა კვირაში რამდენიმე გაკვეთილით შემოიფარგლება, ამიტომ გვირჩევენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და ლოგოპედები, არ ვიჩქაროთ. ბავშვმა ჯერ უნდა შეძლოს ყველა ბგერის თავისუფლად და გამართულად წარმოთქმა მშობლიურ ენაზე, შეიძინოს ასაკის შესაბამისი სიტყვათა მარაგი, ფრაზის აგების უნარი. ამ უნარების ფორმირების ასაკი კი ინდივიდუალურია. ზოგი ამას 5 წლის ასაკში ახერხებს, ზოგი კი მხოლოდ 7-8 წლისთვის.
თუ უცხო ენის სწავლებას მეტისმეტად ადრე დავუწყებთ, მცდელობა შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ პატარამ ვერც უცხო ენა შეისწავლოს და ვერც მშობლიური.
შეცდომა #2. ბავშვს წერა და მეტყველება ერთდროულად უნდა ვასწავლოთ
როცა საუბარია სკოლამდელ ასაკში უცხო ენის შესწავლაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწავლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერად შეიძლება, თანაც მხიარულად, თამაშის ფორმით. ამისთვის გამოდგება სიმღერები, პატარა ლექსები, სიტუაციური თამაშები (მაღაზიაში, ექიმთან), თამაში "უცხოელ" თოჯინასთან. ვიდრე უცხო ენაზე წერას დაიწყებდეს, ბავშვმა მშობლიურ ენაზე წერა უნდა იცოდეს.
შეცდომა #3. სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები ენას ერთნაირად სწავლობენ
სინამდვილეში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ ყურადღების კონცენტრირების უნარი. ამიტომაც არის, რომ მათ ენის შესასწავლად სხვადასხვაგვარ თამაშებსა და სიტუაციებს სთავაზობენ.
5 წლის პატარებისთვის მეცადინეობა 30 წუთი უნდა გაგრძელდეს, 6 წლის პატარებისთვის - 40 წუთი. დაუშვებელია, ამ ასაკის ბავშვებს ხანგრძლივი და მოსაწყენი ახსნა-განმარტებები მივცეთ, ვაიძულოთ წესების დაზუთხვა და თეორიული მსჯელობა.
სწავლის მთავარი მიზანია, პატარას ჩამოუყალიბდეს პოზიტიური დამოკიდებულება ენის მიმართ და მისი შესწავლის სურვილი.
შეცდომა #4. თუ მასწავლებელი კარგია, პატარა ბავშვი მალე დაიწყებს უცხო ენაზე ლაპარაკს
ამ აზრმა მეტისმეტად არ უნდა გაგვიტაცოს. ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ თუ პატარა ბავშვი საზღვარგარეთ იცხოვრებს, ენას ძალიან მალე დაეუფლება, მაგრამ არც ეს არის მთავარი. მართალია, ენასთან ინტენსიური ურთიერთობა დადებით როლს ასრულებს, ის ქმნის საფუძველს, ბაზისს, რომელსაც შემდგომში ეფუძნება ენობრივი ჩვევები, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ ასრულებს.
შეცდომა #5. უცხო ენის შესასწავლად ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს რაც შეიძლება მეტი სიტყვა
სინამდვილეში მთავარია არა სიტყვები, არამედ ფრაზები. ამიტომაც არის, რომ მეცადინეობის დროს პედაგოგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ არა სიტყვებს, არამედ კონტექსტში მათ გამოყენებას. ამაში სიტუაციური თამაშები გვეხმარება.
შეცდომა #6. რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი უცხო ენის შესწავლას, მით უფრო ადვილად ისწავლის სკოლაში
ეს აზრი მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. თუ ბავშვი სკოლაში შესვლამდე ისწავლის ენას, დაწყებით კლასებში კი არა, რამდენიმე წელიწადში მას ყველაფერი დაავიწყდება. ამიტომ, თუ ბავშვი ენას სკოლამდელ ასაკში სწავლობდა, მშობლებმა ის ისეთ სკოლაში უნდა მიიყვანონ, სადაც უცხო ენა დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლება.
შეცდომა #7. ბავშვმა ენა კარგად რომ ისწავლოს, ის პედაგოგმაც კარგად უნდა იცოდეს
სინამდვილეში ეს არ არის საკმარისი. პატარა ბავშვის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს არა მარტო ენის ცოდნა, არამედ პატარებთან მუშაობის ჩვევა და გამოცდილებაც. ეცადეთ, პირველ მეცადინეობას მაინც დაესწროთ, რათა თვალნათლივ დაინახოთ, როგორ რეაგირებს ბავშვი მიღებულ ინფორმაციაზე, როგორ აღიქვამს მას, მეტისმეტად ხომ არ ღლის პედაგოგთან ურთიერთობა.