შთაგონების წყარო
როგორ უნდა აღვზარდოთ შვილი ისე, რომ ეს ძვირფასი თვისება გამოვუმუშაოთ?"ათ წლამდე ყველანი გენიოსები ვართ", - ამბობდა ცნობილი ინგლისელი მწერალი ჩესტერტონი. მართლაც, სიახლისადმი დაუოკებელი სწრაფვა, გარესამყაროს არასტანდარტული აღქმა, მდიდარი წარმოსახვა და, რაც მთავარია, შემოქმედების მოთხოვნილება სწორედ ის თვისებებია, რომლებიც ახასიათებთ გენიოსებს და - ბავშვებს.
რა არის ბავშვის შემოქმედებითი ნიჭის წყარო?
ეს არის წარმოსახვისა და არასტანდარტული აზროვნების განვითარება. სწორედ მათი დაუღალავი მუშაობაა ერთ-ერთი გზა, რომელსაც ბავშვის მიერ გარესამყაროს შემეცნებისა და აღქმისკენ, საკუთარი გზის ძიებისკენ მივყავართ. შემოქმედებითობა მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება გრძნობების, ემოციების, სამყაროზე საკუთარი წარმოდგენების გამოხატვის უნარით, ამისთვის კი ბავშვს უნდა ვასწავლოთ ყოველ საგანში სხვადასხვა მხარის დანახვა, ხატის შექმნა, ერთი ნიშნიდან მეორეზე ყურადღების გადატანა, ფანტაზიის გამოყენება სხვადასხვა ამოცანის ამოსახსნელად.
თამაში სულისა და გონებისთვის
სწორედ თამაშში ვლინდება და ვითარდება ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობები. ასწავლეთ შვილს, დაგეგმოს თავისი საქმიანობა შემოქმედებით, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებთან შერწყმით. როცა პატარა დაიწყებს სულიერი თამაშების ათვისებას, აქტიურად ჩართეთ ამ პროცესში - გაამდიდრეთ სიუჟეტი, მრავალფეროვანი გახადეთ მოქმედება.
ჩართეთ პატარა თამაშის სიტუაციაში, სტიმული მიეცით მის ახალ ქმედებებს, ახალ იდეებს, რაც ნამდვილად გაამდიდრებს თამაშის შინაარსს. ამისთვის სულ ცოტა რამ არის საკმარისი: გადაიქეცით ჭირვეულ მყიდველად ან დაბნეულ გამყიდველად. საყვარელი ზღაპრების მოყოლისას შეგიძლიათ სამაგიდო თოჯინების თეატრიც შექმნათ.
ერთობლივი საქმიანობა ორიგინალური თოჯინების, დეკორაციების, კოსტიუმების შექმნისას ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ფანტაზიის გაღვივებას და ბავშვის თვითგამოხატვას. ეცადეთ, პატარამ მხოლოდ ზღაპრის ტექსტი კი არ დაიმახსოვროს, არამედ მოიგონოს კიდეც სიუჟეტის სხვადასხვა ვარიანტი, გამოიჩინოს იმპროვიზაციის უნარი. მიეცით საშუალება, თავისი ფანტაზის დახმარებით შეცვალოს ზღაპრის სიუჟეტი და პერსონაჟების ხასიათი.
ჩართეთ ბავშვი პროდუქტიულ საქმიანობაში. ამის მაგალითია ხატვა, ძერწვა, აპლიკაციების შექმნა, კონსტრუირება. ეს შესანიშნავი საშუალებაა, რათა პატარამ შემოქმედებითი უნარი და დამოუკიდებლობა გამოავლინოს. რაც მთავარია, შვილს უნდა დაეხმაროთ, რომ დაწყებული საქმიანობა არ მიატოვოს და ბოლომდე მიიყვანოს. უნდა დავაფასოთ არა მარტო საქმიანობის შედეგი და პროდუქტის ხარისხი, არამედ თავად პროცესი და შემოქმედებითი აქტიურობა. როცა აპლიკაციის ან ფიგურის ხარიხს ვაფასებთ, ის აუცილებლად უნდა შევადაროთ წინა დღეების შედეგებს და ხაზი გავუსვათ მიღწევებს. ეს ბავშვს თავდაჯერებას და სითამამეს შემატებს. შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის თავად ცხოვრებაც უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს:
- პარკში სეირნობისას სთხოვეთ ბავშვს, რომ სამყარო ჭიანჭველას თვალით დაინახოს.
- დააკვირდით ღრუბლებს, აღნიშნეთ მათი მსგავსება სხვადასხვა საგანთან.
- გამოძერწეთ სხვადასხვა საგანი.
- ერთად გააფორმეთ კერძი.
- მოიგონეთ მხიარული ვარჯიშები.
უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ყურადღება მიაქციეთ შემდეგ თვისებებს აზროვნების პროცესში:
- სისწრაფეს - იდეათა მაქსიმალური რაოდენობის გამოთქმის უნარს;
- მრავალფეროვნებას - იდეათა სხვადასხვაგვარობას;
- არასტანდარტულობას - მიხვედრილობას, ალღოიანობას, იუმორის გრძნობას;
- ორიგინალურობას - ახალი უჩვეულო იდეების გაჩენას;
- სიზუსტეს - უნარს, სრულყოს და ბოლომდე მიიყვანოს თავისი სამუშაო.
მოდი, ვივარჯიშოთ
ჯადოსნური ლაქები. სახატავი ფურცლის ცენტრში დაასხით ცოტაოდენი საღებავი ან მელანი და ფურცელი შუაზე გაკეცეთ, შემდეგ ისევ გაშალეთ, დააკვირდით და ბავშვს სთხოვეთ, დაასახელოს ის საგნები, რომლებსაც ლაქები მოაგონებს. დაამთავრე ნახატი. შესთავაზეთ ბავშვს, დაასრულოს დაუმთავრებელი გამოსახულებები (ხაზები, წერტილები, კონტურები, მრუდები) და მათ სხვადასხვა საგნის ფორმა მისცეს. რას ჰგავს ეს? სთხოვეთ ბავშვს, დაასახელოს რაც შეიძლება მეტი საგანი, რომელთაც ჰგავს ესა თუ ის გამოსახულება. მაგალითად, ხაზით შეერთებული ორი წრე სათვალეს, ჰანტელს ან ველოსიპედის ბორბლებს მოგვაგონებს, ტალღოვანი მრუდი - მთას, მდინარეს, ზღვის ტალღას... მიეცი ფორმა ფიგურას. სთხოვეთ ბავშვს, ამა თუ იმ გეომეტრიულ ფიგურას მისცეს რაც შეიძლება მეტი საგნის სახე, მაგალითად, წრე ადვილად შეიძლება გადავაქციოთ ბურთად, მზედ, საზამთროდ, ვაშლად, საათად, ბორბლად და ასე შემდეგ, სამკუთხედი გახდება პირამიდა, დროშა, ნაძვი, ოთხკუთხედი - სახლი, წიგნი, ყუთი... წარმოიდგინე. სთხოვეთ ბავშვს, დახატოს ან სიტყვებით აგიწეროთ სხვადასხვა ემოცია - ბედნიერება, მოწყენილობა, სევდა, სიხარული. ფანტასტიკა და ჰიპოთეზები.
აიღეთ ქაღალდის 10 პატარა ნაჭერი, ხუთს დააწერეთ სხვადასხვა არსებითი სახელი, ხუთს კი ზმნა. ბავშვს სთხოვეთ, სათითაოდ აიღოს ისინი და ხელთ მოხვედრილი სიტყვებისგან მოთხრობა შეადგინოს. შეარჩიე სიტყვები. სთხოვეთ პატარას იპოვოს:
- რაც შეიძლება მეტი რითმა;
- ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვა;
- სიტყვები, რომლებიც შეესაბამება რომელიმე თვისებას (მაგალითად, ტკბილი - შაქარი, ნამცხვარი, ვაშლი, სუნი, ცხოვრება);
- სიტყვები, რომელთაც ერთნაირი ჟღერადობა და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ.
შედარება. ივარჯიშეთ შვილთან ერთად სხვადასხვა ობიექტის თვისებების შედარებაში. მაგალითად, ცა ცისფერია, უძიროა, უსაზღვროა, ლამაზია, მიუწვდომელია, სახლი უზარმაზარია, ლამაზია, თანამედროვეა, უცნაურია...
ახსენი აზრი. შვილთან ერთად იმსჯელეთ იმაზე, რას ნიშნავს, მაგალითად, "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" ან "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს". ინტონაცია. შეარჩიეთ რამდენიმე მოკლე ისტორია და სთხოვეთ შვილს, ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა ინტონაციით მოგიყვეთ - ალერსიანად, მხიარულად, მკაცრად... საგანთა ფუნქციები. ბავშვმა უნდა დაასახელოს საგნის რაც შეიძლება მეტი ფუნქცია. მაგალითად, ფანქრით შეიძლება ხატო, გამოიყენო ის საჩვენებელ ჯოხად, ყვავილის საყრდენად, მიწის გასაფხვიერებლად... ზღაპრული გარდაქმნები. შესთავაზეთ ბავშვს, თავად მოიგონოს ზღაპარი. პანტომიმა. სთხოვეთ ბავშვს, მიმიკის მეშვეობით გადმოსცეს სხვადასხვა ემოცია.
რა საჭიროა ასეთი გართობა?
სრულფასოვანი ექსპრესია შემოქმედებაში ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვის ირგვლივ შემოქმედებითი ატმოსფერო შევქმნათ, დავეხმაროთ მას, შევაქოთ და წავახალისოთ მისი აქტიურობა, რათა მისი ქმედებები საფუძვლად დაედოს დადებით ემოციებსა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას. ყურადღება და ტაქტიანი დამოკიდებულება შვილის შემოქმედების მიმართ მისდამი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც არ უნდა დავიშუროთ დრო ერთობლივი საქმიანობისთვის. სწორედ ამ დროს იღვიძებს ბავშვში შემოქმედებითი პიროვნება და მშობლის ვალია, ყველაფერი იღონოს შვილის პიროვნების სრულყოფისთვის.