რატომ შეიცვალა პატარა?
მოდი, ერთი ამბავი მოვისმინოთ...ოჯახში ორი ბავშვია. უფროსი 7 წლისაა. მას თეო ჰქვია. წლინახევრის წინ მისი ქცევა რადიკალურად შეიცვალა. მართალია, პატარა თეო მოუთმენლად ელოდა ძმის დაბადებას, მაგრამ ოჯახში მისი მობრძანების შემდეგ ძალიან აგრესიული გახდა. დედის ყველა წინადადებას "არათი" პასუხობს, თავის ნივთებს მთელ სახლში ფანტავს...
აშკარაა, რომ ბავშვი ამას მშობლების ჯიბრზე აკეთებს. ძმა თეოს ძალიან უყვარს, ეთამაშება კიდეც. პრობლემა მხოლოდ მშობლებთან ურთიერთობაა.
არის წუთები, როცა გოგონა კარგად იქცევა, მაგრამ ეს ცოტა ხანს გრძელდება. ისეც ხდება, რომ ბავშვს მრისხანება იპყრობს და ნივთებს აფუჭებს. ერთხელ ფარდები დაჭრა და შამპუნი უნიტაზში ჩაასხა... დედ-მამას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ შვილს ვეღარ ცნობენ. ადრე თეო იდეალური ბავშვი იყო. პედაგოგები ბაღში სამაგალითოდ თვლიდნენ, ამბობდნენ, რა წყნარი და ჭკვიანიაო. როგორ იქნება საქმე ახლა? როგორ დავაწყნაროთ ბავშვი?
სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, გოგონას უბრალოდ მობეზრდა იდეალური ბავშვის იმიჯი და "აჯანყდა", რათა საკუთარი ემოციების თავისუფლად გამოხატვის და, უბრალოდ, ბავშვად ყოფნის უფლება მიიღოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძმის დაბადებამაც. ეს ყოველივე უკეთ გასაგები რომ გახდეს, ვცადოთ, ნაამბობი ისტორია ზღაპრად გადავაკეთოთ და ისე მოვყვეთ.
იყო და არა იყო რა, იყო იდეალური გოგონა. დედ-მამას მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ერთ დღეს ამბავი მოვიდა, რომ გოგონას მალე ძმა შეეძინებოდა. რა თქმა უნდა, გოგონას ძალიან უხაროდა, - აბა, როგორ შეიძლებოდა, იდეალურ გოგონას ძმის გაჩენა არ გახარებოდა, - მაგრამ როცა ძმა დაიბადა, აღმოჩნდა, რომ გოგონა სამყაროს ცენტრი აღარ იყო. ცენტრალური ადგილი მტირალა პატარამ დაიჭირა. გოგონას სთხოვდნენ, დედისთვის შეკითხვები აღარ დაეყარა, მისთვის ყურადღება არ გაეფანტა, ხმამაღლა აღარ ელაპარაკა, აღარ ეთამაშა... მას მხოლოდ ძმით აღფრთოვანება და მისდამი სიყვარულის გამოჩენა ევალებოდა. ერთი სიტყვით, პრინცესა "გადააყენეს". ის დაღონდა. თავდაპირველად სცადა, უფრო უკეთესად მოქცეულიყო, მაგრამ მშობლებმა ეს საერთოდ ვერ შეამჩნიეს. "ნუთუ დედ-მამას აღარ ვუყვარვარ? ალბათ ძალიან ცოტათი... ჩემი ძმის ყოველ გაღიმებაზე გიჟდებიან. მე?!. ის რომ რამეს ძირს დააგდებს, დედა სიყვარულით უღიმის... არა, რამე უნდა ვიღონო! დღეიდან მეც პატარასავით მოვიქცევი, იქნებ მაშინ მაინც შემამჩნიოს დედამ", - გადაწყვიტა გოგონამ. ასე გადაიქცა იდეალური ბავშვი პატარა ყაჩაღანად. პატარა პრინცესას სულაც არ ადარდებდა, რომ უწინდებურად აღარ აქებდნენ. სამაგიეროდ, მან მშობლების ყურადღება დაიბრუნა.
როგორ ვიპოვოთ გამოსავალი
ადრე ბავშვი იდეალური ქცევით მოიპოვებდა მშობლების ყურადღებასა და სიყვარულს. დღეს ეს ხერხი აღარ ჭრის, ამიტომ ბავშვმა სხვა მეთოდი მოძებნა, რომელიც ყოველთვის ქმედითია. ეს მეთოდი ქცევის მიღებული წესების უარყოფა და დარღვევაა. პატარებმა იციან, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ ცდილობენ, აკრძალული ხერხებით მიიპყრონ უფროსების ყურადღება.
მთავარია, მშობლები მიხვდნენ, რომ პატარა ჯიბრზე ან შურისძიების გამო არ იქცევა ცუდად; მას პრაგმატული მიზანი აქვს - მშობლებმა შეამჩნიონ, დაინახონ.
ნუ განსჯით ასეთი ქცევისთვის - ის დამნაშავე არ არის. ყველა ბავშვს სურს, დედასა და მამასთან ერთად იყოს, ხოლო როდესაც ეს ერთიანობა ირღვევა, პატარაც სხვანაირად იქცევა. რა უნდა იღონონ მშობლებმა ასეთ დროს? უპირველეს ყოვლისა, თავის თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ყველაფრის გამო. ამ შემთხვევაში მიხვდებიან, რომ ყველაფრის დაძლევა შეიძლება.
მიეცით შვილს საშუალება, იყოს ჩვეულებრივი და არა იდეალური ბავშვი. ითამაშეთ ერთად, თამაშის დროს იხმაურეთ, იყვირეთ, იცელქეთ, - ბავშვებს ასეთი გართობა ძალიან მოსწონთ. ხატეთ და ძერწეთ ერთად, - პატარებს ესეც იტაცებთ.
დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახეთ დრო, რომელსაც მთლიანად შვილს დაუთმობთ. ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშეუხებელი უნდა იყოს, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ტელეფონის ზარებსაც კი არ უნდა უპასუხოთ, ან, თუ უპასუხებთ, ყველას უნდა აუხსნათ, რომ არ გცალიათ, რადგან შვილს ეთამაშებით. ეს სიტყვები ბავშვის გულს სიამაყით აავსებს.
თამაშის დროს არც ტელევიზორს უნდა უყურებდეთ და არც სამზარეულოში გარბოდეთ. აკეთეთ, რაც გაგიხარდებათ - ძერწეთ, ხატეთ, რაიმე სათამაშო გააკეთეთ, ისაუბრეთ, ისეირნეთ... მთავარია, შვილის გვერდით იყოთ და პატარა გრძნობდეს, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მას ეკუთვნით. ეს თქვენი სიყვარულის საუკეთესო საბუთია. ხშირად შეაქეთ ბავშვი. თუ საჭიროა, შენიშვნაც მიეცით, ოღონდ ზომიერად. თუ ამ რჩევებს შეასრულებთ, პრობლემა მალე მოგვარდება და ზღაპარსაც ბედნიერი დასასრული ექნება.