პატარა ხელებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა ხელებით

დაიცავით საზღვარი

მოგეხსენებათ, რომ მართლწერის უმნიშვნელოვანესი წესია ნაწერის გარკვეულ საზღვრებში მოქცევა, საზღვრების გადალახვა დაუშვებელია. მარტივი თამაშების მეშვეობით შეიძლება პატარას ეს უნარი გამოვუმუშაოთ. არსებობს მოსაზრება, რომ პაწაწინა მტევანი წერისთვის სიცოცხლის პირველი წლიდანვე უნდა მოვამზადოთ. სუფთა ფურცელზე პატარას ხელი დავადებინოთ, კონტური შემოვხაზოთ და შემდეგ ვავარჯიშოთ, რომ გაშლილი მტევანი კონტურზე მოათავსოს. ეს ხელს უწყობს მხედველობით-მოტორული კოორდინაციის გამომუშავებას. "სად არის ხელი?" აიღეთ დიდი ფურცელი და მასზე დახატეთ პატარას ორივე ხელის კონტური ისე, რომ თითები სხვადასხვა მხარეს იყოს მიმართული. ახლა მოიმარჯვეთ სპეციალური საღებავები, რომლებიც პატარას კანისათვის მავნებელი არ არის, აირჩიეთ ერთი ლამაზი ფერი, შვილს პაწაწინა ხელი შიგ ჩააყოფინეთ და შემდეგ ფორმატზე კონტურის შესაბამისად დაადებინეთ ისე, რომ ხელი კონტურის საზღვრებს გარეთ არ გამოდიოდეს. ამ თამაშისთვის მხოლოდ ერთი ფერის საღებავი უნდა გამოიყენოთ, რათა ბავშვის ყურადღება ხელის სილუეტმა მიიქციოს და არა ფერების მრავალფეროვნებამ. თუ ამ თამაშს კვირაში ერთხელ მაინც გაიმეორებთ, მალე დაინახავთ, რომ პატარა ხელს თავად გასწევს კონტურისკენ და შეუცდომლადაც მოათავსებს შიგ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ამოცანა გაართულოთ და ბავშვს ორივე ხელი მოათავსებინოთ კონტურებში. ასე შეიძლება შევასწავლოთ პატარას წერის კულტურის უმთავრესი ელემენტი - მინდვრის დაცვა. ორი-სამი წლის ბავშვებისთვის არსებობს უფრო რთული თამაშები. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს. "შეავსე ფიგურები". ქაღალდზე შავი მარკერით დახატეთ დაახლოებით 15-სანტიმეტრიანი დიამეტრის წრე, შიგ ჩახატეთ მეორე წრე, რომლის დიამეტრიც 13 სანტიმეტრი იქნება. ორსანტიმეტრიანი სხვაობა წრეებს შორის არის ის არე, სადაც პატარას "მუშაობის" უფლება ექნება. ისევ უვნებელი საღებავები გამოიყენეთ და ბავშვს შესთავაზეთ, საღებავში დასველებული თითით ამ არეში წერტილები დასვას. როცა წრეში მუშაობას კარგად აითვისებთ, შეგიძლიათ დახატოთ ანალოგიური ოვალი, კვადრატი და ტრაპეციაც კი. თუ ბავშვი სამი წლისაა, შეგიძლიათ საღებავების ნაცვლად ფანქარი, პასტა ან ფლომასტერი შესთავაზოთ.

 

ნაბიჯ-ნაბიჯ

მართლწერის მეორე წესია, არ ვიჩქაროთ, ვიყოთ თანამიმდევრულნი, არ გადავხტეთ ხაზის ერთი ბოლოდან მეორისკენ ან ერთი ხაზიდან მეორეზე. ამ ჩვევის შეძენაში დაგვეხმარება თამაში "რკინიგზა": აიღეთ ძველი შპალერი და ზედ რკინიგზა დახატეთ ისე, რომ ხის ძელებს შორის მანძილი ბავშვის მტევნის სიგრძეს არ აღემატებოდეს. ახლა პატარას შესთავაზეთ, ძელები ერთმანეთს ისე დაუკავშიროს, რომ არც ერთი არ გამოტოვოს. "მინდორი". ეს თამაში 2 წლის ბავშვისთვის არის შესაფერისი. ყოველი თამაშისთვის ფურცელზე სხვადასხვა ტიპის "მინდორი" დახატეთ - ხაზოვანი, ზიგზაგისებრი, ტალღოვანი და ასე შემდეგ, ოღონდ მათ შორის მანძილი 2 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ახლა პატარას თითი საღებავში დაასველებინეთ და მინდორზე წერტილები დაასმევინეთ, ოღონდ აუცილებლად მარცხნიდან მარჯვნივ, თანაც ისე, რომ არც ერთი შუალედი არ გამოტოვოს.

 

მარცხნიდან მარჯვნივ

მართლწერის მესამე წესის თანახმად, ფურცელს მარცხნიდან მარჯვნივ ვავსებთ. ამ ჩვევის ათვისებაში დაგვეხმარება თამაში "მუშტობანა": აიღეთ თაბახის ფურცელი, პატარას მუშტი დაასველებინეთ უვნებელ საღებავში და შესთავაზეთ, ფურცელზე მარცხნიდან მარჯვნივ "ბეჭდები" დასვას ისე, რომ ადგილი არ გამოტოვოს. თამაში "გზა". შავი ქაღალდისგან გამოჭერით ზოლები, რომელთა სიგანეც 2 სანტიმეტრი იქნება და ერთმანეთის პარალელურად თაბახის ქაღალდს დააკარით, მათ შორის კი პატარას მარცხნიდან მარჯვნივ წერტილები დაასმევინეთ. თუ ბავშვი უკვე სამი წლისაა, შეგიძლიათ წერტილების დასასმელად ფლომასტერი ან მარკერი შესთავაზოთ.

 

არ მოვწყდეთ ფურცელს

ეს არის ყველაზე რთული ჩვევა, რომელიც პატარამ უნდა აითვისოს წერისას. მან ისე უნდა გამოიყვანოს ჯერ ხაზები, შემდგომ კი ასოები, რომ ხელი ფურცლიდან არ აიღოს. ეს უნარი სრულად მხოლოდ სასკოლო ასაკში ფორმირდება, მაგრამ ვარჯიში ადრევეა საჭირო. თამაში "მზის სხივები". ეს თამაში მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა პატარა ისწავლის, სავსებით შეუსაბამოს თავისი ხელის ანაბეჭდი ქაღალდზე არსებულ კონტურს. თავდაპირველად დახატეთ 20-სანტიმეტრიანი დიამეტრის წრე. ჯერ სთხოვეთ პატარას, საღებავში დასველებული გაშლილი მტევნით წრის საზღვრები დაფაროს, შემდეგ კი მისი ცენტრისაკენ გადაინაცვლეთ. ახლა პატარას ერთ წერტილში მოთავსებული მაჯა ისე ამოძრავებინეთ, რომ მზის სხივების მსგავსი გამოსახულება მიიღოს, თანაც ამ დროს მაჯა ფურცელს არ მოაცილოს. თამაში "ლაბირინთი". აიღეთ მკვეთრი და მხიარული ფერის მსხვილი ძაფი და ქაღალდს ისე დააწებეთ, რომ ლაბირინთი მიიღოთ. ახლა ბავშვს თითი საღებავში ჩააწობინეთ და სთხოვეთ, ძაფის გასწვრივ ისე ამოძრაოს, რომ ფურცელს არ ააცილოს. თუ ბავშვის ასაკი 3 წელს აღემატება, შესთავაზეთ, ხაზი ფლომასტერით გაავლოს.