საკვები ენერგიაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები ენერგიაა

- ვცდილობ, ბავშვს ყოველდღე ვაჭამო ვაშლი ან ბანანი. დღის რომელ მონაკვეთში ჯობს ხილის მიცემა? ხომ არ შეებერება მუცელი, თუ საღამოს მიიღო?

- ხილის მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, ოღონდ ძირითადი საკვებისგან დამოუკიდებლად, კვებათა შუალედში და არა დესერტად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწლავებში დაიწყება დუღილი, დაგროვდება აირები, პატარას მუცელი შეებერება და ასტკივდება. თუ ბავშვი უმი ხილის ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობამ შეაწუხა, ვაშლი ან მსხალი ჩაუთუთქეთ, რა თქმა უნდა, უშაქროდ, და ისე მიეცით. აირების დაგროვების შემთხვევაში კარგია გახეხილი სტაფილოს პიურეც.

- ჩემი წლინახევრის შვილი არ ჭამს თევზს. ათი თვისას პირველად გავასინჯე თევზის პიურე. ერთი-ორჯერ ძალდატანებით შეჭამა, მერე კი სასტიკად იუარა. თევზზე ალერგია არ აქვს. მირჩიეთ, როგორ შევაჩვიო თევზის ჭამას - ის ხომ აუცილებელია ორგანიზმისთვის.

- ალბათ, თქვენს შვილს თევზის მძაფრი, დამახასიათებელი სუნი არ მოეწონა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, თევზი არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს. დარწმუნებული ვართ, იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ბავშვს უნდა აჭამოთ არა გაყინული და შებოლილი, არამედ ცოცხალი თევზი. მომზადება კი ამგვარად ჯობს: კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით, გადაავლეთ ძმარი (ან ჩადეთ ძმარში 2-3 წუთით) და კიდევ ერთხელ გაავლეთ ცივ წყალში. ხარშვისას წყალში ჩააყოლეთ კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი - თევზი დამახასიათებელ გემოს დაკარგავს. არ დაივიწყოთ წყალში წინასწარ მარილის ჩაყრა, უკვე მოხარშულ თევზს კი მარილს ნუღარ დაამატებთ. თუ კატლეტის მომზადებას აპირებთ, თევზი მწვანილსა და ხახვთან ერთად გაატარეთ, მოგუნდავებისას გულში კარაქის პატარა ნაჭერი ჩაუდეთ, სიმინდის ან პურის ფქვილში ამოავლეთ და ისე შეწვით.

- ჩემს 8 თვის შვილს არ უყვარს ბოსტნეულის პიურე. სამაგიეროდ სიამოვნებით მიირთვა ავოკადო. რამდენი შეიძლება მივცეთ და როგორ შევინახოთ გაჭრილი ნაყოფი?

- ავოკადო შეიცავს მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის, თანაც მას კარგად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ ჩვილისთვის ამ ხილის მიცემა სულაც არ არის ცუდი. პირველი, საცდელი ულუფის შემდეგ შეიძლება, ბავშვს თითო ჯერზე მივცეთ ნაყოფის მეექვსედი. დანარჩენი ჩადეთ მინის ქილაში, დაასხით ლიმონის წვენი, თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით. მომდევნო ჯერზე ლიმონის წვენმოსხმული ნაწილი თხლად ჩამოაჭერით და ისე მიეცით პატარას. რასაკვირველია, გახეხილი. საზოგადოდ კი გირჩევთ, ჩვილს არა ტროპიკული, არამედ ისეთი ხილი აჭამოთ, რომელიც საქართველოში მოდის. ეგზოტიკური ნაყოფის დაგემოვნებას მერეც მოასწრებს.

- რამდენი ხორცი და თევზი შეიძლება ვაჭამოთ ჩვილს?

- წლამდე ასაკის ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 50 გ გუფთა ან კატლეტი, რომლის მოსამზადებლადაც საჭიროა 80 გ უმი ხორცი. თევზი შეიძლება მივცეთ კვირაში ორჯერ, ასევე 50 გრამი, პიურეს ან კატლეტის სახით. თუ პატარას უყვარს ხორცი, შეგიძლიათ, დღეში ორჯერაც აჭამოთ ხორციანი კერძი.

ხორცი ცილისა და ცხიმის მდიდარი წყაროა. ხორცის ცილა შეიცავს თავის ტვინის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელ ამინმჟავებს, ხოლო ცხიმი ხელს უწყობს ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვედრილი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ათვისებას. გარდა ამისა, იგი მდიდარია რკინითა და B ჯგუფის ვიტამინებით. ბავშვისთვის უკეთესია ნაკლებცხიმიანი ხორცი, ისეთი, როგორიც აქვს ქათამს, ინდაურს, კურდღელს, ხბოს. 1-1,5 წლამდე ბევრი ბავშვის კვებისთვის განკუთვნილ ხორცის მზა კერძებს ამჯობინებს. როდესაც ბავშვს მოზრდილთათვის განკუთვნილ კვებაზე გადაიყვანთ, გირჩევთ, თავად მოუმზადოთ ხორციანი კერძები.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.


სუპი ხორცის ბურთულებით

დაგჭირდებათ:

  • 2 ლ ბულიონი;
  • 300 გ ხორცის ფარში;
  • 1 თავი ხახვი;
  • 3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 1 ცალი სტაფილო;
  • 1 სუფის კოვზი მანანის ბურღული;
  • 70 გ საბავშვო ვერმიშელი.
  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა;
  • ოხრახუში და კამა;
  • მარილი.

ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მანანის ბურღული, მარილი, კარგად აურიეთ და პატარ-პატარა ბურთულებად მოაგუნდავეთ. დაჭერით ხახვი, კარტოფილი, გახეხეთ სტაფილო და ეს ყველაფერი ჩაყარეთ მდუღარე ბულიონში, ხარშეთ 15 წუთი, ჩაამატეთ ხორცის ბურთულები, 15 წუთის შემდეგ კი - ვერმიშელი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ხარშეთ კიდევ 15 წუთი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, ქურიდან გადმოდგით და თავზე დაახურეთ. სუპი მზადაა. 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიართვათ ბავშვს.

მობრაწულა “საბავშვო”

დაგჭირდებათ:

5 ცალი კარტოფილი;

300 გ ხორცის ფარში;

1 თავი ხახვი;

100 მლ რძე;

50 გ ნაღების კარაქი;

1 კვერცხი;

1 ჩაის კოვზი ზეთი;

მარილი.

კარტოფილი მოხარშეთ, დაჭყლიტეთ, დაამატეთ რძე, ნაღების კარაქი, მარილი, ბოლოს - ათქვეფილი კვერცხი და აურიეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა, მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ ხორცის ფარში და ნელ ცეცხლზე შუშეთ. ზეთწასმულ ფორმაში გადაიღეთ კარტოფილის ნახევარი, დააყარეთ მოშუშული ფარში და დარჩენილი კარტოფილით დაფარეთ. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე და დატოვეთ, სანამ კარგად არ შეწითლდება.

ქათმის ხორცის სუფლე

დაგჭირდებათ:

  • 100 გ ქათმის ფილე;
  • 1 ჩაის კოვზი მანანის ბურღული;
  • 1 კვერცხი;
  • 50მლ რძე;
  • 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • მარილი.

წვრილად დაჭრილი უმი ქათმის ფილე დააბლენდერეთ, დაუმატეთ მანანის ბურღული, კვერცხი, რძე, მარილი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ბლენდერში. გადაიღეთ ზეთწასმულ ფორმაში და აცხვეთ ღუმელში, 150-180 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, ფორმაშივე დაჭერით და მიართვით ბავშვს კომპოტთან ერთად. გახსოვდეთ, საკვები ენერგიაა. მიაჩვიეთ პატარა ლამაზად მორთულ კერძებს და ის არასოდეს იტყვის უარს თქვენს ნახელავ, მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ საკვებზე.