პირველი ვიზიტი ექიმთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი ვიზიტი ექიმთან

- დისპანსერიზაცია აუცილებელია, რადგან: ბავშვს სიცოცხლის პირველ წელს სჭირდება რეგულარული გასინჯვა-შემოწმება, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი ნორმალური განვითარებიდან გადახრა. მრავალი პათოლოგიის შეუიარაღებელი თვალით შემჩნევა შეუძლებელია. ყველა ქვეყანაში არსებობს პროფილაქტიკური აცრების კალენდარი. ვაქცინაციამდე ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯონ პედიატრმა და ნევროლოგმა. საჭიროებისას მას დამატებით კონსულტაციას უწევს ალერგოლოგი. წლამდე ასაკის ბავშვებს საკმაოდ ხშირად აღენიშნებათ ისეთი არასასიამოვნო მოვლენები, როგორიცაა ნაწლავთა კოლიკა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი), ალერგიული რეაქციები, რაქიტის პირველი ნიშნები. ექიმი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ ასეთ დროს.

- რომელ პოლიკლინიკაში უნდა წავიყვანოთ პატარა პირველ ვიზიტზე?

- უმჯობესია, ბავშვი აღრიცხვაზე აიყვანოთ თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე პოლიკლინიკაში, მაგრამ აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, სურვილის მიხედვით შეარჩიოთ პოლიკლინიკაც და პირადი ექიმიც.

- როგორ მოვემზადოთ ექიმთან შესახვედრად?

- პოლიკლინიკაში გამოყოფილია სპეციალური "ახალშობილთა დღე" (დილის საათებში), რომლის დროსაც ხდება ბავშვის გასინჯვა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პაწიები მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ, ვინაიდან პრაქტიკულად ჯერჯერობით ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული თავდაცვითი სისტემა - იმუნიტეტი, ხოლო დედისგან მიღებულს მხოლოდ პირველი სამი თვე ინარჩუნებენ. რა თქმა უნდა, თუ ექიმის მოსაცდელში გვერდით გიზით ბავშვი, რომელიც ახველებს, თქვენი პატარაც ავად გახდება. უმჯობესია, ჩვილი ვიზიტზე ნასაუზმევს წაიყვანოთ, რათა დანაყრებული პატარა მშვიდად შეხვდეს ექიმს. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შიმშილის პრობლემა ადვილი მოსაგვარებელია, თუ ხელოვნურ კვებაზეა - საჭიროა, თან იქონიოთ მზა საკვები ბოთლით ან თერმოსით. დაგჭირდებათ ორი ფანელის საფენი. ისინი უნდა გადააფაროთ ბავშვის გასასინჯ მაგიდას. დაგჭირდებათ ასევე ერთი ცალი წყალგაუმტარი საფენი იმ შემთხვევისთვის, თუ გასინჯვისას პატარამ ჩაისველა. გამოუვალ სიტუაციაში შეიძლება გამოიყენოთ ერთჯერადი ცელოფნის პარკიც. ვიზიტის დროს თან უნდა იქონიოთ ერთი დამატებითი გამოსაცვლელი პამპერსი და სველი ხელსახოცები. თუ პატარა გასინჯვისას წამოაქაფებს, ასეთი შემთხვევისთვის თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანისამოსიც. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომელი ტრანსპორტით იმგზავრებთ. თუ პოლიკლინიკა ახლოსაა და ფეხით გირჩევნიათ გასეირნება, უმჯობესია თანმხლები პირიც წაიყვანოთ. იგი დაგეხმარებათ ბავშვის ტარებაში ან სამგზავრო ჩანთის დაჭერაში. თუ დამხმარე არ გყავთ, მაშინ პატარა საბავშვო ეტლით უნდა წაიყვანოთ, სამგზავრო ჩანთასაც ეტლით წაიღებთ. კენგურუ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, რადგან ერთი თვის ბავშვისთვის კენგურუთი სარგებლობა ნაადრევია. დედამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ექიმთან ვიზიტის დრო შეზღუდულია. მან წინასწარ უნდა მოამზადოს ექიმისთვის დასასმელი შეკითხვები და ჩაიწეროს. იდეალური ვარიანტია, თუ პოლიკლინიკაში თქვენთან ერთად წამოვა ოჯახის რომელიმე წევრი. იგი დაგეხმარებათ ბავშვის ჩაცმასა და გამოცვლაში, როცა თქვენ ექიმთან ისაუბრებთ. არ დაგავიწყდეთ პოლიკლინიკაში საჭირო საბუთების, პირველ რიგში, სამედიცინო დაზღვევის პოლისის წაღება.

- რაზე გაამახვილებს ყურადღებას პედიატრი პირველი ვიზიტისას?

- პედიატრს შეუძლია გირჩიოთ, როგორ აიცილოთ თავიდან გავრცელებული პრობლემები, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომლის მკურნალობა უფრო რთულია, ვიდრე პროფილაქტიკა; როგორ კვებოთ სწორად პატარა; როდის რა აცრები უნდა ჩაუტაროთ; როგორ აიცილოთ თავიდან წამოქაფება და სხვა. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციებს რეჟიმის, მასაჟის, გამკაჟებელი და ჰიგიენური პროცედურების თაობაზე. თუ პატარას არაფერი აწუხებს, წლამდე სამ თვეში ერთხელ უნდა იაროთ კონსულტაციაზე პედიატრთან. გასინჯვისას ექიმი ყურადღებას აქცევს ბავშვის სახეს, - იგი უნდა იყოს მშვიდი, - მის პოზას, მდგომარეობას. ექიმს ტირილის მიხედვით შეუძლია განსაზღვროს, ჰქონდა თუ არა ადგილი თავის ტვინში მიკროსისხლჩაქცევებს - მშობიარობის ყველაზე ხშირ გართულებას - ან ეჭვი მიიტანოს ქალასშიდა წნევის მომატებაზე და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა შესაძლო გართულებებზე. პირველი ვიზიტის დროს ექიმი ყურადღებას მიაქცევს კუნთოვან ტონუსს. დედამ უნდა მიუთითოს, თუ ბავშვს აღენიშნება სხვადასხვა სახის კრიომა, ხანგრძლივი ტრემორი - კიდურების, ნიკაპის, ენის. აღნიშნული გამოვლინებები ნევროლოგიური გადახრის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს და მოითხოვს ნევროლოგ-სპეციალისტის ჩართვას მკურნალობის პროცესში. პირველი ვიზიტის დროს ხდება ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარების შეფასება, რასაც დედა დიდ ყურადღებას აქცევს. ექიმი თავდაპირველად აწონის ბავშვს. სხეულის მასის ნამატი დიდხანს იქნება მთავარი და დასაყრდენი კრიტერიუმი ბავშვის ნორმალური ფიზიკური განვითარებისა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ჩვილი მიღებული საკვებით კმაყოფილდება და მთელი მისი ორგანიზმი შეთანხმებულად მუშაობს. საშუალოდ ჯანმრთელი დროული ახალშობილი ვაჟი დაბადებისას 3500-3600 გრამს იწონის, გოგონა - 3200-3300-ს. მთელი წლის განმავლობაში მშობელი ექიმთან ერთად წონის ჩვილს და ადარებს წონას ნორმის მაჩვენებელს. ნამატი ყოველ თვე საშუალოდ 800 გრამს უნდა შეადგენდეს. დედამ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ მასის ნამატის გასაგებად ბავშვი აუცილებლად ერთსა და იმავე სასწორზე უნდა იწონებოდეს, ანუ იმაზე, რომელზეც პირველად აიწონა ექიმთან ვიზიტის დროს, რადგან ყველა სასწორი სხვადასხვა მაჩვენებელს აფიქსირებს და ამის შედეგად ნამატზე საუბარი ძნელდება. მასის მაჩვენებელში გადახრამ შესაძლოა 100 გრამი და მეტიც შეადგინოს. იზომება სხეულის სიგრძეც. დაბადებისას იგი 46-56 სმ-ია, პირველ თვეს იმატებს საშუალოდ 3 სმ-ით. ექიმი გაზომავს თავის გარშემოწერილობას, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ზრდისა და განვითარების აუცილებელ პარამეტრს. პირველ თვეში თავის გარშემოწერილობა საშუალოდ 1,5სმ-ით იმატებს. თავის ქალას ძვლების ზრდის დარღვევა ჰიდროცეფალიაზე (თავის ტვინის შიდა სისტემებში ზედმეტი სითხის დაგროვებაზე) მეტყველებს. იგი ნევროლოგის კონსულტაციასა და მკურნალობას მოითხოვს. გულმკერდის გარშემოწერილობა პირველ თვეს საშუალოდ 2 სმ-ით იმატებს. ექიმი შეამოწმებს ჭიპლარის ტაკვს და ყიფლიბანდებს (თავის ქალაზე არსებულ რბილ უბნებს). დიდი ყიფლიბანდის ზომა 1-3სმ-ია, ფორმა - რომბისებური. დროულ ახალშობილს მცირე და გვერდითი ყიფლიბანდები დაბადებისას უკვე დახურული აქვს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალშობილის უპირობო რეფლექსებს, რადგან ეს რეფლექსები უმეტესად მისი დამცველობითი და შეგუებითი შესაძლებლობებისა და ნერვულ-ფსიქიკური განვითარების მაჩვენებელია.

- რომელი რეფლექსები უნდა ჰქონდეს ამ დროს პატარას?

- ჩვილს უპირობო რეფლექსების ნაწილი მუცლადყოფნის პერიოდიდან აქვს შემორჩენილი და, რა თქმა უნდა, თანდათან უქრება. გარემო პირობებთან შესაგუებლად მას ეხმარება ძებნის რეფლექსი (პირის კუთხესთან თითის დადებისას თავის მიბრუნება იმ მხარეს და ტუჩის ჩამოშვება). ეს რეფლექსი განსაკუთრებით არის გამოხატული კვების წინ. იგი ქრება მხოლოდ პირველი წლის ბოლოს. ასევე აუცილებელია წოვის რეფლექსი, რადგან უამისოდ პაწიას კვება გაჭირდებოდა. პირში ძუძუს, მატყუარას თუ საწოვარას ჩადებისას იგი აქტიურად იწყებს წოვას. ეს რეფლექსიც ერთი წლისთვის ქრება. ტაცების რეფლექსი საგნისთვის ხელის ტაცებით და მაგრად ჩაჭიდებით გამოვლინდება. თუ ბავშვს ხელისგულში თითს ჩავუდებთ, იგი საკმაოდ ძლიერად ჩაეჭიდება მას. ეს რეფლექსი ქრება მეორე-მეოთხე თვეზე. ეს მხოლოდ ნაწილია იმ რეფლექსებისა, რომლებიც აქვს ჩვილს და ეხმარება გარემოს ცვლილებასთან ადაპტაციაში. მათი უმრავლესობა ერთი წლისთვის საჭირო აღარ არის და ქრება.

- რომელი სპეციალისტების კონსულტაციაა საჭირო პირველი ვიზიტის დროს?

- თუ დედას აღელვებს, რომ ბავშვს მოუსვენრად სძინავს, ოფლიანობს, აქვს უმიზეზო წამოყვირება, ცუდი მადა, მუდმივი წამოქაფება, კრთომები და სხვა სიმპტომები, პედიატრი გასინჯვის შემდეგ საჭიროდ მიიჩნევს ნევროლოგის კონსულტაციას. სამი თვის ასაკში ნებისმიერი ბავშვი უნდა გასინჯოს ორთოპედმა. თუ შეინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის (განუვითარებლობის) ნიშნები, ორთოპედის კონსულტაცია უფრო ადრეც - 2 თვის ასაკშიც შეიძლება გახდეს საჭირო. პირველი ვიზიტის დროს საჭიროა ოფთალმოლოგის - თვალის ექიმის მონახულებაც, რათა შემოწმდეს ჩვილის მხედველობა, ოტოლარინგოლოგისა - სმენის შესამოწმებლად, ქირურგ-ორთოპედის, ნევროლოგისა და ფიზიოთერაპევტის კონსულტაციები. ლაბორატორიული გამოკვლევებიდან უნდა გაკეთდეს სისხლის, შარდისა და განავლის საერთო ანალიზი. 3 კვირიდან, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიდოში, შესაძლოა პედიატრმა დანიშნოს რაქიტის პროფილაქტიკური მკურნალობა - დ ვიტამინი წვეთების სახით. თვითნებურად მისი მიღება დაუშვებელია ზედოზირების რისკის გამო. ქალაქში მცხოვრებ თითქმის ყველა ჩვილს ენიშნება დ ვიტამინი და მასთან ერთად მასაჟი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს მომატებული აქვს კუნთოვანი ტონუსი.


- რა რჩევებს აძლევს მშობელს პედიატრი?

- ჩვილს სიცოცხლის მეორე კვირიდან შეიძლება ჩაუტარდეს გამაკაჟებელი პროცედურები:

ა) სუფთა ჰაერზე ძილი (15-დან 30 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში);

ბ) ჰაერის 5-6-წუთიანი აბაზანები გამოცვლისა და მასაჟის დროს, 22 გრადუსი ტემპერატურის პირობებში;

გ) 5-6-წუთიანი ზოგადი აბაზანები 36,5 გრადუსი ტემპერატურის წყლით.

პოლიკლინიკაში პირველი ვიზიტის დროს ბავშვს უკეთებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მეორე აცრას. პირველი უტარდება სამშობიარო სახლში, დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში. ექიმი აცრამდე გასინჯავს მას და თუ აქვს სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის გამოვლინება (ცხვირიდან გამონადენი, უხასიათობა, დაბალი ტემპერატურა), ვაქცინაციაზე არ დაუშვებს.

- რამდენი ვიზიტი სჭირდება ბავშვს წლამდე?

- 2 თვის ასაკში ჩვილს უტარდება მეორე დისპანსერიზაცია პოლიკლინიკაში. ნახულობენ იგივე სპეციალისტები, უკეთდება იგივე ანალიზები და ყველაზე მთავარი - პირველი ვაქცინაცია: დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსი და პოლიომიელიტი. წლამდე ჩვილს სამ თვეში ერთხელ სჭირდება დისპანსერიზაცია, ერთიდან სამ წლამდე - ექვს თვეში ერთხელ, სკოლამდე - წელიწადში ერთხელ.

- აცრების მიმართ მშობლებს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ეს დაკავშირებულია აცრის შემდგომ ბავშვის მდგომარეობაზე. როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი აცრამდე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო გართულებების რისკი?

- ყველა მშობელმა იცის, რომ აცრის ჩატარებისას ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი, არ უნდა ჰქონდეს ნაწლავთა მწვავე აშლილობის ნიშნები, გამონაყარი კანზე, სურდო, მაღალი ტემპერატურა. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აცრის შემდეგ ორგანიზმი დაკავებული იქნება გარკვეულ ინფექციაზე საპასუხო რეაქციით, ამდენად, არ არის სასურველი, იგი სხვა "საქმეებით" დავტვირთოთ. არსებობს გარკვეული წესები, როგორ, როდის და რით ავცრათ ამა თუ იმ დაავადების მქონე ბავშვი. ალერგიული ბავშვი უნდა აიცრას მშვიდ პერიოდში, საჭიროებისამებრ, ანტიჰისტამინური საშუალებების ფონზე, რომლებსაც ვაძლევთ 1-2 დღე აცრამდე და 3-5 დღე აცრის შემდეგ. პრეპარატსა და მიცემის ხანგრძლივობას პირადი პედიატრი განსაზღვრავს. ასთმით დაავადებულ ბავშვს ვაქცინაციის პერიოდში დროებით უნდა მოუმატოთ ძირითადი თერაპიული მედიკამენტის დოზა. ფებრილური გულყრის მქონე ბავშვებს ენიშნებათ პარაცეტამოლი აცრიდან 1-2 დღის განმავლობაში. იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებისთვის ინაქტივირებული ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა არ მოგვცეს სასურველი ეფექტი, ხოლო ცოცხალი ვაქცინა არ შეჰყავთ. ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებში ვაქცინაციის მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძირითადი დაავადების გამწვავება. აცრა მის ნევროლოგთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს. პროფილაქტიკური აცრა დღესდღეობით ინფექციური დაავადებისგან ბავშვის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. აცრის შემდგომი რეაქციების არსებობა ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დედებს ეშინიათ, რომ ბავშვმა შესაძლოა ცუდად გადაიტანოს აცრის შემდგომი პერიოდი. დაიმახსოვრეთ: როდესაც დედა ცდილობს, ბავშვი ჰყავდეს ბუნებრივ კვებაზე, გააკაჟოს, პოსტვაქცინური გართულებების რისკი ნულს უტოლდება. აცრის დროებით უკუჩვენებას წარმოადგენს მაღალი სიცხით მიმდინარე დაავადებები მწვავე პერიოდში ან ქრონიკულად მიმდინარე გამწვავებისას. აცრის აბსოლუტურ უკუჩვენებად ითვლება:

  • კონკრეტულ პრეპარატზე არსებული მძიმე რეაქცია (კვინკე, ჭინჭრის ცხელება...);
  • ავთვისებიანი დაავადება;
  • შიდსი.

თუ აცრის შემდეგ ბავშვს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკი ან ენცეფალოპათია, შემდგომი აცრა (ან რევაქცინაცია) უკუნაჩვენებია.

- როგორ მოვემზადოთ აცრისთვის?

- მშობელი განიცდის და ღელავს, როცა ბავშვი აცრაზე მიჰყავს. ნუ გადააქცევთ აცრის დღეს "ბრძოლის ველზე საომრად" წასვლის დღედ. დამშვიდდით, სიტუაციას ნუ დაძაბავთ. ვაქცინაციამდე შეიარეთ თქვენს პედიატრთან, ნევროლოგთან, რათა მათ შეაფასონ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაითვალისწინონ წინა აცრის დროს მიღებული რეაქციები. დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის აცრამდე უნდა გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, რათა მისი შედეგების მიხედვით მიიღოთ აცრის ჩატარების ნებართვა. წინასწარ ნუ შეაშინებთ ბავშვს აცრით, თუ იგი კითხულობს, ეტკინება თუ არა ნემსი, ნუ მოატყუებთ - აუხსენით, რომ უსიამოვნო შეგრძნება, რაც ვაქცინაციას მოჰყვება, დროებითია და სულ მალე ნანემსარი ადგილი აღარ ეტკინება. აცრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუზღუდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, რათა თავიდან აიცილოთ ინფექცია. უშუალოდ აცრის დღეს:

  • ნუ მისცემთ რაიმე ახალ პროდუქტს, ნუ დაიწყებთ დამატებითი საკვების მიცემას;
  • თუ ძუძუთი კვებავთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს, არ გადატვირთოთ ზედმეტი საკვებით;
  • აცრამდე მიეცით პატარას ანტიჰისტამინური პრეპარატი (შესაძლო ალერგიული რეაქციებისგან თავდასაცავად), რომელსაც დაგინიშნავთ თქვენი პედიატრი;
  • წინასწარ შეამოწმეთ საოჯახო აფთიაქი, დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი გაქვთ;
  • პოლიკლინიკაში წაიყოლეთ თქვენი პატარას საყვარელი სათამაშო.

ექიმის კაბინეტში

ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას ექიმს დედა უნდა დაეხმაროს. გაეცანით ასაცრელი მასალის სერტიფიკატს - ვადას, ინსტრუქციას... ინექციის დროს მოეფერეთ და გაუღიმეთ პატარას. შეგიძლიათ, ბავშვი გადაიწვინოთ მუხლებზე ან ხელზე, თუ ასე უფრო გაგიადვილდებათ მისი მოძრაობების კონტროლირება. მისი ყურადღება აცრიდან რამე სასიამოვნო საგანზე გადაიტანეთ, შეგიძლიათ უმღეროთ ან მოუყვეთ ზღაპარს, ათამაშოთ სათამაშოთი... აცრის შემდეგ მიეცით ტირილის საშუალება, ნუ შეარცხვენთ და დატუქსავთ ცრემლებისთვის.

- როგორ მივხვდეთ, შინ დაბრუნების შემდეგ ბავშვის უგუნებობა რეაქციაა თუ აცრის გართულება?

- ამა თუ იმ ვაქცინაზე ყოველი ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. როგორ გადაიტანს ბავშვი ვაქცინაციას, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ:

  • რამდენად სწორად შეაფასა ექიმმა ვაქცინაციამდე ბავშვის მდგომარეობა.
  • ვაქცინის ხარისხსა და თვისებებზე. როგორც წესი, რეაქცია უფრო ხშირად წარმოიშობა იმ პრეპარატზე, რომელიც შეიცავს ცოცხალ, მაგრამ დასუსტებულ მიკროორგანიზმებს (მაგალითად, დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინაში ყივანახველას კომპონენტი).
  • როგორ ჩატარდა ვაქცინაცია, დაცული იყო თუ არა ტექნიკური მხარე, აუცილებელი პირობები, მიეცა თუ არა მშობელს რეკომენდაცია ბავშვის მოვლის თაობაზე აცრამდე და აცრის შემდეგ, დაენიშნა თუ არა საჭირო პრეპარატები...

რეაქცია ვაქცინაციაზე - ნორმალური მოვლენაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმი კეთილსინდისიერად ირჯება და გამოიმუშავებს იმუნიტეტს. განასხვავებენ ზოგად და ადგილობრივ აცრის შემდგომ რეაქციებს. ზოგადი გამოიხატება ტემპერატურის ზომიერი მომატებით, არა უმეტეს 37,5 გრადუსისა, მსუბუქი მოუსვენრობით, მადის დაქვეითებით; ადგილობრივი შეიძლება გამოვლინდეს ზომიერი ტკივილით, სიწითლით ან ნანემსარი ადგილის შესივებით. ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვის მდგომარეობას. მიეცით ექიმის მიერ დანიშნული სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური პრეპარატები. თვალყური ადევნეთ ტემპერატურის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომაროების ცვლილებებს, ეცადეთ, არ გაგექცეთ ტემპერატურა 38,5 გრადუსის ზევით. უხვად ასვით სითხე. მაღალი სიცხის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური საშუალება - დაზელა გრილი წყლით. თუ შეინიშნება ადგილობრივი რეაქცია, მტკივან ადგილას დაადეთ გრილი სველი საფენი. არ შეიძლება ნანემსარზე მალამოს ან კომპრესის დადება. თუ 24 საათის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ პედიატრს. თუ ბავშვს ნორმალური ტემპერატურა და კარგი განწყობა აქვს, შეგიძლიათ აცრის შემდგომ დღეებში სუფთა ჰაერზე ასეირნოთ. მენიუ ახალი პროდუქტებით შეგიძლიათ გაამდიდროთ მესამე დღიდან. ეს ეხება დედის მენიუსაც, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა. როგორც ზოგად, ასევე ადგილობრივ რეაქციებს ბავშვი სწრაფად ერევა, ისინი გრძელდება არა უმეტეს 3 დღისა. 5-12 დღის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს რეაქცია ცოცხალი ვაქცინით აცრისას. თუ რეაქცია განვითარდა არაცოცხალი ვაქცინაციის შემდეგ, მიზეზი სხვა იქნება და არა აცრა. აცრის შემდგომ გართულებად უნდა შეფასდეს - ნებისმიერი უჩვეულო ან მძიმე რეაქცია: მძიმე ზოგადი ინტოქსიკაცია, სხეულის ტემპერატურის მომატება 40 გრადუსამდე და მეტად, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, გამონაყარი, ნანემსარის დაჩირქება. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა ბავშვი დროულად გადაიყვანონ შესაბამის სტაციონარში.