რა იწვევს ბავშვებში ორგანოთა გახეთქვას
რაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია ამ ასაკში. გვესაუბრება პედიატრი ნინო ყურაშვილი.
- ბავშვები ხშირად შავდებიან. ზოგჯერ ტრავმა ძალზე სერიოზულია. რას უნდა ვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ამ დროს?
- ჩვენი ეპოქა ჰიპერაქტიური ბავშვების ეპოქაა და, აქედან გამომდინარე, ტრავმებიც ხშირია. თუ ბავშვი დაეცა ლითონის საგანზე ან საგნის გამოშვერილ კუთხეს დაეჯახა მარცხენა გვერდით, შესაძლოა, ელენთა დაუზიანდეს. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და თვალყური ადევნონ ბავშვს ტრავმის შემდეგ სამი დღის განმავლობაში.
- თუ ბავშვი უჩივის დისკომფორტს მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში;
- თუ უჭირს ღრმად ჩასუნთქვა;
- თუ მივარდნილია, პასიური და გამუდმებით ეძინება;
- თუ დაეკარგა მადა და უარს ამბობს ჭამაზე, - ეს ელენთის კაფსულის ქვეშ სისხლდენაზე მიუთითებს. ბავშვი სასწრაფოდ უნდა აჩვენოთ ტრავმატოლოგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დატოვოთ სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ და შემდგომი გამოკვლევებისთვის.
- რა საფრთხეა მოსალოდნელი ასეთ დროს?
- ელენთის კაფსულისქვეშა დაზიანების დროს უსიმპტომო, ნათელი პერიოდი შესაძლოა ორი დღიდან ორ კვირამდე გაგრძელდეს. დედას ჰგონია, რომ ყველაფერმა გაიარა, საშიში აღარაფერია, სინამდვილეში კი ამ ხნის განმავლობაში კაფსულის ქვეშ გროვდება სისხლი; დაგროვილი სისხლი იწვევს კაფსულის გადაჭიმვას, ელენთაზე ზეწოლას და საბოლოოდ - მის გახეთქვას.
- რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ ელენთის გახეთქვა?
- ელენთის გახეთქვაზე მიუთითებს:
- უეცარი, მძაფრი ტკივილი;
- ძლიერი სიფითრე;
- პირღებინება;
- თავბრუხვევა;
- გონების დაკარგვა;
- წნევის დაქვეითება;
- ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი.
ასეთ დროს უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, მის მოსვლამდე კი ბავშვს მარცხენა ფერდქვეშ ყინულიანი სათბური დაადოთ. არაფრით არ შეიძლება ამ დროს საკვების, თუნდაც წყლის მიცემა. თუ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და თქვენ თვითონ მოგიხდათ საავადმყოფოში ბავშვის წაყვანა, აუცილებლად მწოლიარე უნდა წაიყვანოთ და არა მჯდომარე.
- კიდევ როდის არის მოსალოდნელი ელენთის გახეთქვა?
- ელენთის გახეთქვის ალბათობა არსებობს ინფექციური მონონუკლეოზის, ლეიშმანიოზის დროს. ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურით, პერიფერიული (განსაკუთრებით - კისრის) ლიმფური კვანძების გადიდებით, პირხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი), ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, პერიფერიულ სისხლში ატიპური უჯრედების - მონონუკლეარების გაჩენით. მონონუკლეოზისმაგვარი სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციებმაც, მათ შორის - ციტომეგალოვირუსმა, ადენოვირუსმა, ჰეპატიტის ვირუსმა, ლისტერიამ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა, წითურას ვირუსმა. დაავადების გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი ინფექციის წყაროდ მიიჩნევა როგორც ავადმყოფი ნებისმიერი კლინიკური გამოვლინებით, ასევე ჯანმრთელი ვირუსმატარებელი. ვირუსით ინფიცირებულია მსოფლიოს მოსახლეობის 95%. ინფექცია გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის დროს ნერწყვით, ასევე - კონტაქტური გზითაც: ინფიცირებული საკვებისა და წყლის, სათამაშოების, დაბინძურებული საგნების მეშვეობით. ვირუსი გამოიყოფა ნერწყვით და ცხვირიდან გამონადენით როგორც დაავადების დროს, ასევე გამოჯანმრთელების შემდეგ - 6 თვის განმავლობაში და უფრო მეტხანსაც. ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმი იძენს მყარ იმუნიტეტს. დაავადება უმეტესად იწყება მწვავედ - ტემპერატურის მომატებით 38-39 გრადუსამდე, საერთო მდგომარეობის დარღვევით, ყლაპვისას ყელის ტკივილით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, რაც განპირობებულია ლორწოვანი გარსებისა და ლიმფური კვანძების შეშუპებით. გადიდებულია კისრის ლიმფური კვანძები. მე-3-4 დღეს მაქსიმალურად დიდდება ლიმფური კვანძები კისრის, იღლიისქვეშა, იდაყვის, საზარდულის მიდამოებსა და სხვა ადგილებში. ჰეპატოკლინიკური სინდრომი ინფექციური მონონუკლეოზის დროს თითქმის ყოველთვის (ასიდან 97-98 შემთხვევაში) აღინიშნება. ღვიძლი ისინჯება დაავადების პირველსავე დღეებში, ხოლო მაქსიმალურად დიდდება მე-5 დღეს. იგი მომკვრივო და ოდნავ მტკივნეულია. ღვიძლის საზღვრები ნორმას უახლოვდება თვის ბოლოს ან მეორე თვის დასაწყისში, ხანდახან კი ეს პროცესი გრძელდება 3 თვეს. ელენთა დიდდება ღვიძლის გადიდების პარალელურად. მისი ზომები ნორმას უფრო ადრე - 3 კვირაში უბრუნდება. ელენთის მეტისმეტ გადიდებას შესაძლოა მისი გახეთქვა მოჰყვეს. ელენთის გახეთქვა საშიში გართულებაა, რომელიც ვითარდება დაავადების პირველი ორი კვირის განმავლობაში და რომლის პროვოცირება მცირე ტრავმასაც კი შეუძლია, - თქვენ წარმოიდგინეთ, პალპაციასაც კი, - ამიტომ ინფექციური მონონუკლეოზის დროს, ასევე - გაუმჯობესების პერიოდში ბავშვს უნიშნავენ წოლით რეჟიმს, სთხოვენ ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვას. პირველი სამი კვირა, მოსალოდნელ გართულებათა თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დამზოგველი რეჟიმის დაცვა. ლეიშმანიოზები ადამიანისა და ცხოველების სისხლის გზით გადამდებ პარაზიტულ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც მოსკიტებს გადააქვთ. დაავადებას ახასიათებს შინაგანი ორგანოების დაზიანება, ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანემია, სისხლში ლეიკოციტების დაქვეითება (ვისცერული ლეიშმანიოზი), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანება, ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანემია, სისხლში ლეიკოციტების დაქვეითება (ვისცერული ლეიშმანიოზი), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანება, მათი დაწყლულება და ნაწიბურების გაჩენა (კანის, ლორწოვანის ლეიშმანიოზი). ჩვენში უმთავრესად ვისცერული ლეიშმანიოზია გავრცელებული. მისი წყარო და რეზერვუარი გახლავთ ძაღლები და მათი მსგავსი გარეული ცხოველები - ტურა, მელა, ზოგჯერ - ავადმყოფი ადამიანიც. დაავადებული ადამიანისგან ან ცხოველისგან ჯანმრთელ ორგანიზმში ლეიშმანიოზი კბენისას გადააქვს მოსკიტს. ნაკბენ ადგილას რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ყალიბდება პირველადი აფექტი - უმნიშვნელო პაპულა ან წყლული ქავილის შეგრძნებით. მოგვიანებით (ეს პერიოდი 20 დღიდან წლამდე და მეტხანსაც შეიძლება გაგრძელდეს, უმეტესად კი 3-6 თვეა) დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები თანდათან ვითარდება. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, უმადობას, აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა. ამ პერიოდში ზოგჯერ გადიდებულია ელენთა. მერე და მერე სიმპტომები ძლიერდება, ტემპერატურა ტალღისებური ხდება. როდესაც კლინიკური სურათი ბოლომდე იშლება, ტემპერატურა მაღალია, ხანგრძლივი, დღე-ღამეში მოსალოდნელია 2-3 პიკი (39-40 გრადუსამდე), რომელსაც თან ახლავს ძლიერი შემცივნება და ოფლიანობა, თუმცა ეს არ არის საყრდენი სადიაგნოზო ნიშანი. ცხელების პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 1-2 თვემდე და ენაცვლება უსიცხო პერიოდებს, რომელთა დროსაც ძლიერდება საერთო სისუსტე, ჩნდება ელენთის გადიდებით გამოწვეული სიმპტომები - დისკომფორტი მუცელში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება. ხელით გასინჯვისას ღვიძლისა და ელენთის გადიდებას, განსაკუთრებით - ელენთისას, რომელიც აღწევს მცირე მენჯს და იკავებს მუცლის ღრუს დიდ ნაწილს. გადიდებული ღვიძლი და ელენთა მკვრივია, სადაზედაპირიანი. ლიმფური კვანძები ნაკლებად დიდდება. თმა თანდათან თხელდება და მსხვრევადი ხდება. ვითარდება ანემია. ძლიერ გადიდებული ელენთის გახეთქვა უმნიშვნელო ტრავმამაც კი შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ სიფრთხილე და წოლითი რეჟიმია საჭირო.
- ბავშვებში გვხვდება დაფის აპკის გახეთქვის შემთხვევებიც. როდის არის მოსალოდნელი მისი გახეთქვა?
- დაფის აპკი გარეთა ყურს შუა ყურისგან ყოფს. ჩვილ ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციას ხშირად ერთვის შუა ყურის ანთებაც, რაც მათი სასუნთქი გზების ანატომიური თავისებურებით აიხსნება: ცხვირის ღრუს ყურთან აკავშირებს ევსტაქის მილი, რომელიც ჩვილებს მოკლე აქვთ, რის გამოც ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ადვილად გადადის ყურისკენ, იწვევს მის ინფიცირებასა და ანთებას. დაფის აპკის გახეთქვა შუა ყურის ანთების გართულებაა. მას წინ უძღვის ძლიერი ტკივილი, ჭირვეულობა, მოუსვენრობა, ტემპერატურის მომატება, უმადობა და ჭამაზე უარის თქმა. თუ ამ ნიშნებს დაერთო ყურიდან გამონადენიც, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. არის შემთხვევები, როდესაც ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების დროს დედა ზედმეტ გულმოდგინებას იჩენს და ბამბადახვეულ წკირს ყურში ღრმად ყოფს, ამან კი შესაძლოა დაფის აპკის გახეთქვა გამოიწვიოს. ასეთ დროს ყურიდან მოედინება სისხლიანი, გამჭვირვალე სითხე. ასეთი გამონადენის გაჩენისას გართულებათა თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ყურის ექიმს.